Tuesday, August 7, 2012

შეგონებები




 
   აგვისტოს სიცხე დგას ქუჩებში. ჩაგუბებული და დაგროვილი ჰაერი ნელ-ნელა გაცლის იმის შეგრძნებას, რომ სისხლი კიდევ გიჩქეფს ძარღვებში.
   ღამის სამი საათია. აეროპორტში ვართ მე და დედა. ვდგავართ ურიგოდ, ერთი ჩემოდნით, ჩემი პასპორტითა და ბილეთით. მივდივარ. სადაცაა, მივფრინავ. აქ ვტოვებ ყველას ჩემი შეუმდგარი შეყვარებული, რომელიც წასვლის წინაც არ დამემშვიდობა.
  ახლა ეს ძალიან სულ ერთია, რადგან წინ გამიწევია.  ეს ქალაქი მიყვარს, პლატონურად, ხელშეუვლებლად.
  დედა მარიგებს:
  - რაც არ უნდა მოხდეს სიმშვიდე შეინარჩუნე, ნიი. - მიღიმის. ცისფერი თვალები უელავს, კიდევ უფრო უბრჭყვრინავს აცრემლებულზე.
  - კარგი რა. პირველად ხომ არ მივდივარ დეე?! ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ! - ლოყაზე ვკოცნი.
  ჰო! პირველად არ მივდივარ. შარშანაც ამ დროს ვიყავი, მაგრამ არა ამდენი ხნით, როგორც ახლა ვეპირები. 2 თვე და ნახევარი. თითქმის სამი.
  ბევრია თუ ცოტა?! ნუ, ვისთვის როგორ ალბათ. ზოგი სულ ვერ იგებს ჩემს წასვლა-ჩამოსვლას.
  დარბაზებში რაღაცას აცხადებენ. ხალხი ფორიაქობს. ჩვენც დავიძარით. ჯერ ექსკავატორს ავყევით მეორე სართულზე. თავს მსუბუქად ვგრძნობ. არ მიჭირს წასვლა, პირიქით. არც დედ-მამის, არც სამშობლოს, არაფრის და არავის დატოვება არ მიჭირს და ეს სულაც არ მიკვირს.
  რიგში ჩავდექი. მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომ ვტოვებ საქართველოს და ეგაა. დაცვის ბიჭი გვიახლოვდება.
  - ძალიან გთხოვთ, ვინც არ ელოდებით, დატოვოთ სართული. -  არავინ უსმენს, არც არავინ იძვრის. - უკაცრავად, ხალხო, ვინც მგზავრები არ ხართ! დაემშვიდობეთ ერთმანეთს და ქვევით ჩაბრძანდით! - იმეორებს, უფრო ხმამაღლა და მკაცრი ტონით.
  - დეე, წადი. არც თვითმფრინავის აფრენას დაელოდო. სახლში წადი პირდაპირ და მაკოს დაელაპარაკე, ისიც როგორ მელოდება. - დედას ვეხუტები. მაგრად. ეს ჩახუტება სრულყოფილად უნდა გავიყოლო ბოლომდე. მერე ვტრიალდები და აღარ ვუყურებ. არ მიყვარს დამშვიდობებები!!!
  ...
თვითმფრინავი ასაფრენად ემზადება. ვტოვებ ქალაქს, სადაც ყველაზე რომენტიკოსები მარწყვიან შოკოლადს ჭამენ. ძლიერები - ალუბლისას. მორცხვები - თხილისას, ხოლო შემოქმედები - ქოქოსისას. ეს იდეოლოგია ჩემი მეგობრისგან ავითვისე.
  თენდება. შავიდან განაცრისფერებულ ცაში მზისფერი იღვრება. საოცრად ატმისფერი დილა თენდება. უცნაური მხიარულება მიპყრობს. ქალაქში შუქებს აქრობენ. ჯერ კიდევ სიმშვიდეა. ცა მტრედისფერდება.
  1... 2... 3... შემიძლია სურვილიც ჩავიფიქრო. უკვე ჰაერში ვართ. წასვლა ჩამოსვლას არასდროს ემსგავსება. ჩემს გვერდით ადგილები თავისუფალია. შემიძლია დავწვე და დავიძინო. წინ 4 საათიანი გზა მიდევს, მაგრამ ასე ჯდომა მირჩევნია. სადღაც გამქრალა აგრესია, გამქრალა ყველანაირი სევდა..
  ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა წყლები ჩამოატარა. გამახსენდა, რომ წელს ვერ დავისვენე ჩვენებურ ზღვაზე და ძალიან დამაკლდა ქართული შეძახილები: ”ცივი წყლებიიიი!!... ცხელი სიმინდიიიი!!!!”
  მეღიმება. ბედნიერიც ვარ.
...
  ჰამბურგის აეროპორტი.
ბილეთს ვუყურებ. გარკვევით ვკითხულობ, რომ ბარგის მიღება მხოლოდ ტერმინალ 1-ზე შემიძლია. წინ მთელი დერეფანია გაწოლილი. მივდივარ. ჩქარა მივაბიჯებ. ჩემების ნახვა მეჩქარება და იმის თქმა როგორ მენატრებოდნენ ამ დრომდე და ვადამდე.
  უცებ, მარჯვნიდან რაღაც სინათლემ მიიპყრო ჩემი  ყურადღება. ვუყურებ. ვხედავ დიდ სურათს, რომელიც მთელს კედელს იკავებს. მასზე იღბეჭდება ლურჯი ბოთლები, ბოთლებში - ლურჯი ყვავილები, უსწორმასწოროდ ჩაყრილი. ვდნები! ლურჯი! მახსენდება და ვფიქრობ ჩემს ორ, ძველ მეგობარზე, რადგან მხოლოდ მათ იციან სინამდვილეში, როგორ ძალიან მიყვარს ეს ფერი.
  გვანცა და ანა... ანა და გვანცა...
  თავში ნავებივით მოცურავენ  მოგონებები და განძივით ნაპირზე გამოაქვთ სიტყვები, როგორც მარგალიტები. ვიხსენებ მათ სიტყვებს..
   გვანცა: ”პირველად, მეორე კლასში ვიყავით. მახსოვს, რაღაც კარნავალისთვის ვემზადებოდით. შენ ლურჯი ბუშტი გაბერე და ხელს აღარ უშვებდი. მაშინ პირველად თქვი, ლურჯი მიყვარსო. მეც იქიდან მოყოლებული მახსოვს.
მეორედ, სახლში ვიყავით შენთან. შენი დღიური მაჩვენე. ქალი და ძაღლი ეხატა. ბედნიერი სახე გქონდა. ოთახიდან რომ გახვედი, მე დღიურში ჩუმად ჩაგიწერე რაღაცეები. ისეთი ლურჯი ფურცლები ჰქონდა, თვალი გავუშტერე.
ეჰ, მე ისე ადვილად და ხშირად ვარღვევ შეპირებებს. ვივიწყებ მიცემულ სიტყვებს. თითქოს ეს ჩემი ჩვეულებაა....”
  ანა: ”ორი წელი გავატარეთ გვერი-გვერდ. მე და შენ. მეგონა კიდეც, შენზე ახლო აღარავინ მყავდა. შენ ჩემს თვალებში ყურება გიყვარდა. მზერა გქონდა სხვანაირი. რომ გკითხე ამის მიზეზი, შენ მითხარი, შენს თვალებში ვარ შეყვარებული, რადგან ლურჯია ჩემი ბედნიერების ფერიო. ალბათ, იმ ბედნიერების რაღაც ნაწილი ჩემს თვალებშიც იყო დამალული.
მეორედ, ზღვაზე დაწერე მოთხრობა. შემდეგ, ძალიან ხმამაღლა წამიკითხე. ეს იყო ყველაზე ლურჯი ზღვა მომწვანო ტალღებით. მზის ჩასვლისას ცეცხლოვან სტაფილოსფერს იღებდა. მაშინ კიდევ უფრო შემიყვარდი!...”
  მინდოდა ეს ამბავი ვინმესთვის მეთქვა. მერე ალბათ გულიც ამიჩუყდებოდა და ავტირდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. თანაც რამდენიმე მეტრში მე მელოდნენ.



P.S.: თვითონ ხვდებიან, რომ ეძღვნებათ.  :)