Monday, November 12, 2012

გოგონა 34–ე სართულიდან


  ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ როცა თომების ოჯახი გადმოსახლდა, დედამ ეზოში ბროწეული დარგო. სულ სამნი იყვნენ: დედა, მამა და ნორ თომი.
  ჩვენს სოფელში სიცოცხლე კი არ ჩქეფდა, არამედ მდორედ მიედინებოდა. აქ არ აღიარებდნენ დროს, არასდროს დგებოდა გაზაფხული. ადამიანები კი, ერთი–მეორის მიყოლებით იხოცებოდნენ. დრო ყველას ცვლიდა. დრო, რომლის უხეში ცვლილება მათ თვალებსა და დაკოჟრილ ხელებში იკითხებოდა. ამიტომ ვერ ვიტანდი აქაურობას. სოფელს წყლის კანალი ყოფდა ორ ნაწილად. მეორე მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევები შემორჩენოდა. ნანგრევებთან სამი შინდი იდგა. ამბობდნენ ერთ–ერთი მათგანის ქვეშ 18 კილო ოქრო იყო დამარხული. ვერავინ ბედავდა თქმულების გადამოწმებას. სიწმინდის შებღალვას ერიდებოდნენ.
   ჩვენი მამები მწყემსები იყვნენ. დედები – მეფარდულეები. ნორის მამა არ იყო მწყემსი. ის არ გავდა სხვა მამებს. არც ცხვრები ყავდა. მიკარგული სოფლის ექიმი იყო. დიდი ქალაქიდან გამოგზავნეს ჩვენთან. ნორი ხშირად მიყვებოდა ისტორიებს დიდ ქალაქზე. ამბობდა, რომ იქ შემზარავი შენობებია. რითმი – ჩქარი. ცხოვრება – ძვირი. მიყვებოდა როგორ ცხოვრობდა 34ე სართულზე. როგორ ზანტად აღწევდა მის ოთახში ქალაქის ჭუჭყი და მზის ნედლი სხივები.
  სოფლის ბოლოს დიდი ხევი იყო. ბავშვები ხშირად ვთამაშობდით იქ ნაპოვნი გირჩებით, დაგრეხილი ფესვებით. ხევის წინ ეკლესია იდგა. მის ეზოში დიდი, ტოტებგაშლილი ჭადარი. ვიჯექი ხოლმე ხის ქვეშ და პატარა მუხლებზე სამედიცინო ლექსიკონი მედო. მოთმინებით ვიზეპირებდი ყველა ავადმყოფობის სახელს, რადგან მაინტერესებდა მომავალში რომელი მომიღებდა ბოლოს. ნორი შორი–ახლოს დადიოდა. ტყის მარწყვს და ყვითელგულა გვირილებს აგროვებდა. მხრებში გაიშლებოდა, ხელით მოიჩრდილავდა ხოლმე (არადა მზე თვალებს არ ჭრიდა) და მეტყოდა:
  –კარგი გოგო ხარ შენ. – მერე ცალყბად გამიღიმებდა. ასეთი ღიმილების პატიება არ შემეძლო. სოფელში ნორის შეყვარება ვერ შესძლეს. მასზე ამბობდნენ ეშმაკის დანარჩენიაო. ჩემს თვალში პატარა ციცინათელას უფრო ჰგავდა. ღამ–ღამობით რომ დაძრწის და თან ეშინია. შენც უკან აგიდევნებს, სანამ ღონიერ ხელის გულს არ ჩასცხებ და არ დაანარცხებ მიწაზე.
  დაღამებისას, როცა დედას სახლში მივყავდი, ნორი ქერა თმას უკან იკრავდა და ეზოში ჯარად ჩამწკრივებულ კატებს არიგებდა ჭკუას. ჭრელ თვალებში ღრმა სევდა ჰქონდა ჩაგუბებული. თითქოს უკვე გრძნობდა სამყაროს ამაოებს. ის ისეთივე შემდგარი და სრულყოფილი იყო, როგორც უბედურება. მე ის მიყვარდა, სულ ერთი იყო როგორ.
  სოფლის თავკაცი ტიმოთეი იყო. ყველაზე სქელწარბებიანი, დონდლო მზერიანი კაცი. არავინ უყვარდა თავისი ცხვრების გარდა. არავის ელაპარაკებოდა, რაღაც საბუთებს აწერდა ხოლმე ხელს. ხშირად გვჩუქნიდა ყვითელ მსხლებს.
  მე ყოველ დღე, სისხამ დილით ვიღვიძებდი. გავყურებდი მწვანედ შეფერილ მთებს და ცხვრებს ვაცილებდი. ისინი საღამომდე არ ბრუნდებოდნენ. არც ნორი ბრუნდებოდა, რომელიც ღონივრად მიაპობდა ბილიკს ბატკნებში. დიდჩანთაგადაკიდებული, გრძელი ჯოხით და ბოტებით. მიყვებოდა ტიმოთეის ცხვრებს და მეგონა აღარასდროს დაბრუნდებოდა. არ ვიცი იქ რას აკეთებდა. წარმოვიდგენდი როგორ იჯდა ხის კენწეროში, როგორ ჩიჩქნიდა მიწას და როგორ აწვალებდა მამების პურებს.
  კვირაობით, როცა მთელი სოფელი ეკლესიაში იკრიბებოდა, მე და ნორი წისქვილში ვიპარებოდით. ვუსმენდით თეთრ ხმაურს. ვუცქერდით ერთადერთი სარკმლიდან შემოჭრილ მზის სხივებზე როგორ დაცურავდნენ მტვრის ბურთულები. ის უცნაურად ბუტბუტებდა და ზოგჯერ ვნატრობდი ყოფილიყო მუნჯი. მის უსუსურ ფიზიონომიას ძლიერ უნდოდა ვეღარდასაბრუნებელში წასვლა. მე ეს ვიცოდი, რადგან როცა საუბრობდა, მხოლოდ ამ თემაზე.
  შემდეგ, პირველად შეგვიყვარდა ერთი ბიჭი. მე თოთხმეტის ვიყავი მაშინ, ი – თექვსმეტის. მას სახელად სუხო ერქვა. ჩვენი სოფლის ფოსტალიონი იყო. კვირაობით იკარგებოდა. ჩამოსვლისთანავე მოგვისვამდა ყველას გვერდით და გვიყვებოდა დიადი და ბუმბერაზი ქალაქების შესახებ. ასეთებზე მე მხოლოდ გახუნებული გაზეთის ფურცლებზე თუ წამეკითხა ან ტელევიზორში მენახა. ნორის მზერა ჰორიზონტს იქით გაექცეოდა. მე ღიმილი მიკრთებოდა სახეზე, მოტყუებულივით.
  ერთ დღეს ბროწეულის ხეებს შორის გაკეთებულ სამალავში დამიბარა და მშვიდი ტონით მითხრა:
  –აქედან მივდივარ. უკან ვბრუნდებით. მამას ახალი სამსახური შესთავაზეს.
  –უკან?! ეს ხომ ძალიან შორსაა?
  –ჰო. რამდენიმე დღის სავალია. – არ მიყურებდა.
  –მერე რა იქნება?
  –არ ვიცი. ისევ 34ე სართულზე ვიცხოვრებ. დილაობით ფანჯრებს გავხსნი და მიჩვეულ თვალს მოვანატრებ აქაურ ცხვრებს.
  –მომწერ ხოლმე? (პაუზა) წერილებს მომწერ ხოლმე 34ე სართულიდან?
  –ჰო. – ისევ მშვიდად თქვა.
  –შენც მომწერე. სოფლის კანალს გამოაყოლე ფურცლები. იემანჟა ამაზეც იზრუნებს. – სულ არ ვიცოდი ვინ იყო იემანჟა, ან რატომ უნდა ეზრუნა ჩემს გაგზავნილ წერილებზე. ეს შეთანხმება ყველაზე ძლიერი იყო. სიმშვიდის საშუალებას მაძლევდა.
  ღამეც შეთქმულივით შევძვერი საბნის ქვეშ. გათენებას ველოდებოდი, მაგრამ ჩამეძინა. დილით ნორიი წასული დამიხვდა. ექიმის კაბინეტი – გამოფატრული მუცელივით ცარიელი და მე ცრემლები დამცვივდა, როგორც დამპალი ვაშლი.
  დრო გადიოდა. მე ცხოვრებას ვაგრძელებდი. დავდიოდი სკოლაში, როგორც ყველა ჩემი ტოლი. ვსწავლობდი ღვთისმეტყველებას, გეოგრაფიას, ხატვას. ვებრძვოდი დაუმთავრებელ ზამთარს, რომელიც სიცოცხლეს მართმევდა. ვეხმარებოდი დედას ბროწეულის და ყურძნის კრეფაში. ყოველ ხუთშაბათს, როცა სოფლის მამები ნარდის სათამაშოდ იკრიბებოდნენ ხოლმე, მე სახლიდან ვიპარებოდი. მივდიოდი წისქვილში. ფქვილის ნარჩენებში წვრილი ჯოხით ვხაზავდი ფიგურებს. მერე მეწისქვილის კატა გამოძვრებოდა სამალავიდან და მარტოობა მთავრდებოდა. ჩემი შინაგანი ყვირილი ხევდა სრულყოფილ ცას და წვიმა მოდიოდა.
  ასე გავიდა 5 წელი. ნორი დაპირებულ წერილებს მწერდა. მე – არა. ალბათ იმიტომ, რომ ვუბრაზდებოდი წასვლის გამო. ეგოიზმისთვის, მაინც რომ აისრულა აქედან უკანმოუხედავად გაქცევის სურვილი. წერილები სუხოს მოჰქონდა და ჩვენს კართან ტოვებდა. დედა მათ ბალიშის ქვეშ მიტოვებდა. კონვერტს ჭრელი მარკები ეკრა. ფურცლები გახუნებული იყო, მაგრამ მთელი. მე მათ დიდი ჭადრის ქვეშ მორიგეობით ვწვავდი. ნორი მხოლოდ ჩემს მოგონებებში ცოცხლობდა და ასეთი მომენტებისთვის არსებობდა სწორედ ცეცხლი. დრო კვლავ გადიოდა.
  წმინდა კვირის ხუთშაბათს ქუჩის ხმაურმა გამაღვიძა. ასეთი ალიაქოთი მაშინ ეწყობოდა, როცა ვიღაც მომდევნო ესალმებოდა სიცოცხლეს. ღია კარში გამოვედი ძველმანებისგან შეკერილი პიჟამათი და იქვე მოფუსფუსე დედას ვკითხე:
  –რა ხდება?
  –ექიმის ოჯახი დაბრუნდა. სოფელი მათ შესახვედრად შეიკრიბა.
  –დაბრუნდა. – გავიმეორე.
  –ჰო. ყველანი დაბრუნდნენ. სამივე. – დედამ გამიღიმა. ფანჯარაში გზას გავხედე. შავი ჩრდილი ეკლესიას უახლოვდებოდა. მე კარის წინ დაყრილ მამას დიდ ჩექმებში ფეხი ჩავყავი და მისკენ გავიქეცი. არაფერს ვგრძნობდი, უბრალოდ სუნთქვა მიხშირდებოდა. სად იყო და სად არა, ჩემი და მისი ატომები კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მინდოდა გავქცეოდი კედლებს. მაინტერესებდა თუ მოვენატრებოდი ვინმეს. მე –არა.
  ჩავურბინე სასაფლაოს, ჩემს სახლს. ზოგჯერ მინდებოდა იქაურობას კი არა, იმ დამკარგავ ქალაქებს მივკუთვნებოდი, სადაც არავინ იცის ჩემი სახელი. ღამისთვისაც კი შეუმჩნეველი გავმხდარიყავი. შემდეგ, უხამს პოეზიებს წავუკითხავდი ქვებს. შესაძლოა ერთ დღეს მეც და ნორიც მათთაგანი გავმხდარიყავით, ბრძენი და ჩუმი. ჩვეულებრივი მოჩვენება ქუჩებში კიოდა ჩემს სახელს. მინდოდა შორს დარჩენილიყო მთელი სოფელი, რადგან არანაირი ხელ–ბორკილ–დადებული მოგონება არ გამაჩნდა. მინდოდა შორს დარჩენილიყო წარსული, რადგან თავად გავდა საშიშ მოჩვენებას. დრო გარბოდა. წყალგამყოფივით გვშლიდა. ყველაფერი დაღუპული და ნაცრისფერი მოსჩანდა. ვაკვირდებოდი ნორ თომის შორ სახეს და ვცდილობდი იმ ცარიელ სივრცეში მიმეწვდინა ხმა. მინდოდა მიმეტანა ოცნებები, სადაც არავინაა. შევერთებოდი ცრემლების მოქცევას. აქ არ იყო დასასრული, აქ არავინ ამბობდა „ნახვამდის“. უბრალოდ ვუჩინარდებოდით.
  ველოდებოდი ვინმეს, რომ ვყვარებოდი. ველოდებოდი, რომ იქნებოდა პირველი კოცნაც. ვიყავი და მეგონა, უკვე გვიან იყო ცხოვრებისათვის. შენ არა?! ერთი სული მქონდა როდის ჩავხედავდი ჭრელ თვალებში გოგონას 34ე სართულიდან და ვეტყოდი როგორ მომენატრა.

Wednesday, November 7, 2012

ამბავი 1


  როცა ერთმანეთისგან შორს ვართ, ვგრძნობ როგორ ვენატრები. როგორ ვეღარ ეტევა საკუთარ კანში და როგორ ენატრება ჩემი წლობით მაკრატელმიუკარებელი თმა. უბრალოდ ვუღიმი, როცა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამალებული ეძებს ჩემს ნომერს ცნობიერების მენიუში და ღამეული მესიჯებით მიცხრილავს ცას.
  როცა ერთად ვართ, მაიგნორებს. მე ამას სიყვარულის გამოვლინების ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ ფორმად ვთვლი. თუმცა, ორ მეტრშიც იგრძნობა ის დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმის.
  ამას წინათ ყავა გადავასხი ქათქათა პერანგზე. გინებით ამიკლო, მაგრამ მისი განრისხებული სახე სულაც არ ჰგავდა შეჩვეულს. პერანგი გაიხადა და იქვე სკამზე მიაგდო. მას მერე ერთიც აღარ შემოუხედავს ჩემთვის.
  გადავწყვიტე რაიმე მეღონა. დღის ბოლომდე, სრულიად დაუკითხავად, სრულიად შეუმჩნევლად ავაცალე ჩემი გაფუჭებულ–ნამოქმედარი სკამიდან და სახლში გულის ფანცქალით წავიღე. თითქოს რაიმე წმინდა ნივთი მივაბრძანე ბინაში და იქაურობას წამში ეკურთხა მადლი. საკუთარი ხელით გავრეცხე, გავაშრე და გავაუთოვე.
  მეორე დღეს ადრე მივედი სამსახურში და იმავე სკამზე ისე შემოვკიდე პერანგი, თითქოს არავის ეხლო ხელი. დროის არაღიარების გამო, ვერ მოვახერხე მისი პირველი რეაქციებისთვის თვალის შევლება.
  სადღაც შუაში, როცა მეგონა ყველაფერი განელდა, თანამშრომელმა მითხრა, რომ „ის თავისთან“ მიხმობდა. არა სამუშაო მაგიდასთან, არამედ – ტუალეტში.
  წავედი და თან გავიფიქრე: „ტუალეტში?! კი მაგრამ იქ რა გვინდა?! იქ რა მინდა მასთან ერთად?! სიყვარულის ახსნის რაიმე ახალი მეთოდია და მე ტენდეციებს ჩამოვრჩი?!“  შევედი თუ არა, სარკის წინ მოფუსფუსე მისი სილუეტი დავინახე. პერანგი ეცვა, შემობრუნდა და მკითხა:
  –მიხდება?
  –კი, ძალიან. – გავუღიმე.
  –მოდი, გაკოცო. – მე ლოყა მიმუშვირე. მან სახე სულ სხვა რაკურსით მომართა და შუბლზე გაბედულად მაკოცა.
  –ოღონდ ეს არა. – ჩავილაპარაკე. – შუბლზე დებილებს კოცნიან.
  –სამაგიეროდ, ბევრ სხვა პირველ კოცნას სჯობს. – გამიღიმა და თავდაჯერებული წავიდა.

Wednesday, October 10, 2012

ანნა


  ღამეა. ვზივარ როიალთან. მუსიკალური სკოლის საუკეთესო ოთახში და ჩემს შოპენს ვუკრავ. აქ არ არიან მომღიმარი ხეები, არც სახლები, არც ადამიანები. შვიდად ვარ, რადგან მარტო ვარ. მესმის მუსიკასთან ერთად როგორ ჩქარდება ჩემი სუნთქვა. თითქოს სხვის არსებობასაც ვგრძნობ.
  კარის სახელურს ვიღაც აწვალებს. ვნელდები, ვიშლები, სახე მერევა. ისევ მომაგნეს. კარს აღებს უბრალო, სადა გოგო. მიღიმის მოუსალმებლად. არც რამეს ამბობს, არც ვინაობას ადგენს. კარში დგას და მიღიმის. დაკვრას ვწყვეტ და ღამეში მთვარისფრად ანთებულ ლურჯ თვალებში ვაშტერდები. ვხედავ როგორ ტოვებს ღიას ყველა სარკმელს. მიახლოვდება და მშვიდად მთხოვს:
  –როიალს დამითმობ?
  –არა! – ერთიანად გავბრაზდი.
  –ხვალ ღია კონცერტი მაქვს. ძალიან მჭირდება.
  –აქ ათასობით ინსტრუმენტია. –ოთახს თვალს ვავლებ. ის ისევ მშვიდად დგას.
  –მაგრამ არცერთი არაა ასეთი. – მუშტებს ვკარავ. არაფერს ვამბობ. ის კიდევ უფრო ახლოს მოდის. კიდევ უფრო იღიმის. ჩემს ხელს იღებს და თითებზე მკოცის. მერე მაკვირდება და სიცილით მეუბნება:
  –ისეთივე ფერმკრთალი, პატარა და თხელი თითები  გაქვს, როგორც მოხუც ქალს. – ხელიდან ხელს ვტაცებ. ნოტებს ვიღებ და გარეთ გამოვდივარ. თან მომყვება მისი თვალების შუქი. თავს შეურაცყოფილად ვგრძნობ. ვიღაც უცნობმა დაარღვია ჩემი სამარისებური სიმშვიდე. მერე მახსენდება, რომ მეც მასავით ხვალ მაქვს კონცერტი და კიდევ უფრო ვბრაზდები საკუთარ თავზე.

  ფარდის უკან მხოლოდ თვალს ვაპარებ. დარბაზში არც თუ ისე ბევრი ხალხია. მინდა მალე დამთავრდეს ეს ამბავი. მინდა ვუყურო სეირს, როგორ დაუკრავს ის უცნობი თავის კომპოზიციას. ჩემს სახელს და გვარს აცხადებენ. კიდევ უფრო ვიბნევი. ეს შეგრძნება წააგავს საუბრის მანერას, რომლითაც ცდილობ იპოვნო გზა. თუნდაც იმისთვის, რომ რამე თქვა, მაგრამ უსიტყვოდ. გინდა ვინმემ დახმარების ხელივით გამოგიწოდოს სიტყვები, რომლებიც არაფერს ამბობენ და თვალები, რომლებიც მზერით გაგცემენ. ალბათ, ვიქნები ოდესმე ყველაზე ნამდვილი და შემოქმედი. არა, როგორც პროფესიონალი მატყუარა. ჩემი ქმედება დაემსგავსება უბრალო ბაქანზე მდგომ მამაკაცს. მერე შიშის ნარჩენებიც გაიფანტება და ვინმე დამამარცხებს თანმდევი გულწრფელობით. ვიცი, არასწორია ახლა შუა სცენაზე სიკვდილი, მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც შევინარჩუნო. არადა როგორი დიდი და ბუმბერაზი სიამოვნებით ვიქნებოდი სადღაც სამხრეთში. ვიქნებოდი ცარიელი, ლურჯი ყუთი. გული უცნაურად მიცემს. ეს ნაცნობი და შეჩვეული ფეთქვაა, მაგრამ მანამდე...
  იმ უცნობის მზერას ვგრძნობ. ის ყველგანაა, სუყველაფერში. ვხედავ. ძალით ვეძებ. მასთან ვაკავშირებ მოძრაობებს, მას ვაბრალებ სულის ფორიაქს. ვაყოვნებ დროებს. ის კი, უფრო და უფრო მესისხლხორცება.
   ...და სულ ფეხზე მკიდია, თუკი ეს წამი ხდება ჩემი ყველაფერი. ფეხზე მკიდია, თუკი მტკივა ის, რაც მახარებს. ვიცი, რომ მან იცის. როიალთან ვჯდები. თითებს ვახებ მის ყველა კლავიშს. მხრებში უჩვეულოდ ვიშლები და იწყება:
  –მე ანა ვარ.
  –სასიამოვნოა.
  –კარგად უკრავ.
  –შენც. – ვუღიმი და მიკვირს. თმა ბალერინასავით აქვს კეფაზე აკრული. ერთად გავდივართ მაისის მზეში. რატომღაც მგონია, რომ ყველა ვალი გასტუმრებული მაქვს. რატომღაც მგონია, რომ მან იცის ჩემზე ყველაფერი. მიყურებს ისევ ლურჯი თვალებით და ჰგონია ვერ ვამჩნევ.
  იმ წუთიდან გადავწყვიტე ცხოვრება რეალობად მექცია და არა ტყუილ ოცნებად. ჩავლილი ქუჩის ბოლოს ბრუნდება და ხელს მიწვდის. დავყურებ.
  –ნუ გეშინია. მე ძალიან მომწონს შენი თითები. – თბილი და მზრუნველი ხმით ამობობს.
 „–თავხედი. თავი ჩემი ახლობელი ჰგონია უკვე.“ – ვფიქრობ და ხელს ვართმევ. ერთმანეთს ვშორდებით, მაგრამ არა დიდი ხნით. ყველას ცხოვრებაში მოდის ადამიანი, რომელიც ბოლომდე გვცვლის. არ აქვს მნიშვნელობა გაგვახარა, თუ ტკივილი მოგვაყენა. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ისეთები აღარასდროს აღარ ვიქნებით. მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩემთან ასეთი ბევრი მოსულა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჯერ არავის არ შევხვედრივარ ასე განსაკუთრებულს.

  –უკაცრავად, როიალს დამითმობთ, თუ არა?! – მაფხიზლებს ხმა, რომელსაც არ აქვს სუნი. ყველაფერი წარმოდგენა იყო.
  –დიახ. დაბრძანდით. – ვპასუხობ ჩემს მირაჟებს და შენობას ვტოვებ. დრო სადღაც ჩვენს შორის მიედინება და შუაზე გვყოფს. ვიცი, რომ მხედავს. ყველაფერი იღუპება და ნაცრისფრდება. უფრო და უფრო ვახდენ ფოკუსირებას მის სახეზე. ამხელა სიცარიელეში მხოლოდ მისი ხმა მესმის. მე ერთადერთი ვარ, რომელიც ებრძვის დროს, რომ „ის“ დაიბრუნოს.

  აქ ყველა ასეა!  ჩვენც ორნი ვართ. როცა ღამით სიზმრის ზღვაში გავდივართ, მე მის ნავს ყელზე თოკით ვიბამ, რომ არსად დამეკარგოს. თვალებს ვიხვევ მისი გრძელი თმით. ის მუჭით წყალს ტუჩზე ისხამს.
  როცა ვიღვიძებ, მე მას ხვედავ. ორი ზღვა თვალებს უფარავს. მგონია, ვიძირებით.
  - რატომ ვიძირებით? - მეკითხება ანა. სინამდვილეში ნაპირისაკენ მივცურავთ. შუბლზე ხელებს მისვამს, რომ დავიძინო. მანამდე, მის სახეს ავყურებ და ვფიქრობ, რა არის მაინც ასეთი მასში.
  უპროპორციო ტუჩები, პატარა ცხვირი, ძალიან კაცური თითები.
  არ უხდება ანას ფერადი ფრჩხილები.
  არ თენდება. საცოდავი, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ღამეა. მაკლია იაფფასიანი ვარდის სურნელი, გლასგოვური მუსიკის დისკები, ანას ფათური ჩემს სახეზე. ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემი თავი. როგორ ვზივარ, როგორია ჩემი თეთრი სიშიშვლეები. მიხდება თუ არა ჩვეულებრივი 9 სართულიანი კორპუსის სევდა..
  ერთი გაფიქრება და თითქოს თავში ქარბორბალა ტრიალებს.
  ვუყურებ ჩემი ერთადერთი ნამდვილი ადამიანის ახელილ თვალებს და ვტირი. ვტირი არა  მის გამო, არამედ ჩემ გამო. მეცოდება ის, ვინც გამოკეტილია ჩემს შიგნით, ვისაც მუდამ ცალი ფრთა აქვს გაშლილი გასაფრენად.

Wednesday, August 22, 2012

ინსომნია – უძილობის ზღაპარი


  ღამე ყველაზე ცუდი დროა, რომ ვიყო ცოცხალი. ღამის ოთხმა საათმა ყველა ჩემი საიდუმლო იცის.
  ზოგჯერ, დილით ფეხის ხმა ჩამესმის. ეს უძილობის ამოძახილია, რომელიც მაწუხებს და ამას ხელოვნების გუშაგად ყოფნას ვაბრალებ. ოდესღაც ნიცშემ თქვა: „ძილი არ ნიშნავს ხელოვნებას: მისი გულისთვის ვიღაც მუდამ უნდა ფხიზლობდეს“. ინსომნია ყველაზე კარგი შთაგონებაა, მისით დაღლა კი, – საუკეთესო ბალიში.
  უძილობის ზღაპრის საიდუმლო ფანჯრიდან ვხედავ მეზობელ გოგოს გრძელი ყავისფერი თმით. უკანასკნელი 3 თვეა, რაც ტაისია ჩემი ღამეული კოშმარების სამფლობელოში გადმოვიდა და ცხოვრობს მეტისმეტი ხმაურით. მისი ცხოვრება სრულიად უკომპლექსო, მაგრამ ხელოვნურია.
  ვხედავ როგორ მიდის დიდი ჩანთით და საღამოს ისევ იმავე ფანჯარაში ველოდები. ტაისია სახეზე უზადოდ ეღებეჭდება დღის ემოციები: დაღლა, ჩამოშლილი თმები მხრებზე, ფეხების ტკივილი, მაგრამ ჭრელი ყვავილები, ოვაციები და ნახევრად მოუშორებელი გრიმი. ის ვერც მამჩნევს ჩაკეტილს, რადგან სულ თავდახრილი დადის. თუმცა არასდროს არის ჩემსავით ღმერთო–შენ–მიშველემდე მარტო.
  აქ მხოლოდ ორნი ვცხოვრობთ, ერთმანეთის პირდაპირ, მაგრამ მე ტაისიაზე ბევრი არაფერი ვიცი. ის დაახლოებით ბათუმში დაიბადა. 5 წლის უკვე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მდიდარი მამის დახმარებით აიწყო მომავალი. ის იმ სოფისტების უმცირესობას განეკუთვნება, რომლებიც სიტყვაძუნწები არიან. მაგრამ ჯერაც, ძალიან უყვართ სიტყვებით თამაში.
  ყოველ დღე, როცა მეზობლის ხმაურიანი სახლიდან გასვლა იწყება, მე აბაზანას პირამდე ვავსებ. მერე ფრთხილად ვწვები შიგნით. ასეთ რამეს აქამდე არასდროს ვაკეთებდი. მხოლოდ ფილმებში თუ მენახა.
  ნელა ვიძირები წყალში. ვირინდები და კარგად ვიგებ საკუთარ გულის ცემას. ის ძალიან რითმული და სასიამოვნოა. წამით მგონია კიდეც, რომ მთელი ჩემი სხეული უცნობი მონსტრის მოლოდინშია, რომელიც ორგანიზმში უნდა შემიძვრეს.
  ღამ–ღამობით ხშირად ვგრძნობ უცნაურ შეხებებს. თითქოს თეძოზე ვიღაც ხელს მკრავს და მიბიძგებს. ჩემს გვერდით კი, სიცარიელეს სძინავს. მე – არა.
  უკანასკნელი 3 თვეა უძილობას ვებრძვი და ჩემი აზრით, ინსომნია ნიშანია. ვიცი, არც ტაისიას სძინავს. ხშირად მგონია კიდეც, ჩვენს საერთო კედელს ეხება ხელის გულებით. მაგრად აწვება, თითქოს შემოაღწევს.
  ... და როცა კიბეზე ნაცნობ ფეხის ხმას ვისმენ, წყლიდან გიჟივით წამოვვარდები. არადა ვიცი, თავს არავინ წამადგება აჩრდილივით. ხელებს შევათამაშებ, წყალი ახმაურდება. ღიად დატოვებულ კარში ივლისის ჩიტების ჟღურტულიც მესმის. თვალები მიციმციმებს გაურკვეველი ბედნიერებისაგან.
  აბაზანის კუთხეში დადებულ სიგარეტსა და სანთებელას დავწვდები. ერთსაც ვუკიდებ. წყალი ზედმეტად ცხელიც მეჩვენება. თითქოს ვიხარშები. სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები ენერგო–ვამპირივით მართმევენ უკანასკნელ ძალებს. ეს გამოწვევაა.
ყურთან ვიღაცის სუნთქვასაც ვგრძნობ. რაღაც ჩურჩულიც მოჰყვება თან. სიგიჟე მიდგას თვალებში. აბაზანიდან ნელა გადმოვდივარ. გონებაში ვანელებ კადრებს. პირსახოცს მაგიდიდან მივათრევ და მკვრივ სხეულზე ვიხვევ. ეს უქონელის შემოსვას გავს.
  ოთახებსაც დავივლი თვალდაშტერებული. რაღაცას ვეძებ თითქოს. მარტოობა სულ უფრო მეტმასნება მხრებზე. ბოლოს სავარძელში ვეშვები და ვტირი. საკუთარ ცრემლებს ვერც ახლა ვიტან, რადგან ისინი მუდამ დაუპატიჟებელი სტუმრებია.
  ყურთან ისევ ჩამესმის ჩურჩული, ვიღაც ჩემს სველ სხულს ეხება კიდეც. მთელი ხმით ამოვთქვამ. ვგრძნობ როგორ ცდილობს უხილავი არსება ტანზე მოხვეული პირსახოცის მოგლეჯას.
  –ღმერთო ჩემო, რა მატირებს?! –სივრცეს ვავსებ არაადამიანური ღრიალით. –საკუთარ თავს აღარ ვგავარ!
  თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ჩასაცმელად გამზადებულ ჭრელ კაბას წავადგები თავს. ჩიტების ხმა არ წყდება. ეს უკეთესია, ვიდრე უხილავი მონსტრის გაცხადებები.
არც ის ვიცი, რომ სწორედ ის და არავითარ შემთხვევაში სხვა, წიგნის დიდ–პატარა კოშკებივით აკიდებულ ოცნებებს მიკიდებს  საძინებელში. კედლებზე ჩამომხრჩვალი კატებივით. ესაა ოცნებების მთელი სამყარო.
  ... და მინდება ლურჯ ზღვად ყოფნა, ან ოკეანედ. მინდება ადამიანებს უყვარდებოდეთ და ისვენებდნენ ჩემში, როგორც დაბადების დღის დავიწყებული ნატვრები.
მინდება ვიცოდე ფრენა. ნამდვილი ფრენა. ანგელოზობაც მინდება, თეთრი ან ღია მწვანე.
  
  ერთი კვირის თავზე ტაისია ცხინვალში გაუშვეს გასტროლებზე. მერე ომი დაიწყო და გზები ჩაიკეტა. ტაისიას დასიც ჩარჩა. მე გული შემეკუმშა, ჩემი წარმოების დაუსრულებლობის შიშმა გამტანჯა. დიდხანს მივაწყდი კედლებს და მივხვდი, ინსომნია ბევრად სჯობია ანესთეზიას.
  სამი თვე უშედეგოდ ვეცადე მოვლენებისათვის ნამდვილი სახელის დარქმევას. ტაისია არ ბრუნდებოდა. არც დაბრუნდებოდა.
...
  20 ივლისის ღამე რომ მიიწურა, დღე, როცა პირველად აღმოვაჩენე მაჯებზე გაჩენილი უცნაური ნაკვალევი, თავი ხან სტიგმატად შევირაცხე, ხან უცნობი მოჩვენების მიერ დასმულ ნაკაწრებად მივიჩნიე. ქვეცნობიერში იმგვარი ფიქრიც დავუშვი, რომ უცნაური არსება შეყვარებულია ჩემში და მთელი შავ–ბნელი არსებით სურს დაუფლება.
  ისინი სწრაფად გამრავლდნენ, გაიზარდნენ და თვალში საცემნი გახდნენ. ზოგი უვნებელი პარაზიტის ნაკბენს დაემგვანა, ზოგიც დიადი ჭრილობისგან დარჩენილ ნაწიბურს. ზოგი ადამიანი ხომ სიყვარულს აგრესიასა და მოჭარბებულ ვნებაში გამოხატავს?! ეს კი, შესაძლოა არც ყოფილიყო ცოცხალი.
  ღია ფანჯრებიდან შემოსული ქუჩის უცნაური გუგუნი შეწყდა. კლასიკური დალენჩების ნიშნებმა იჩინეს თავი.
  წარმოვიდგინე როგორ იცხოვრა ტაისიამ მიწის თხრილში. როგორ ესროლეს ფრონტის წინა ხაზზე გასულებს და როგორ ათრია თავისი რეჟისორის, ისააკის გვამი მტრის ღრმა ზურგამდე. მერე ისიც მოკლეს.
  მოკლეს პეპლებით, დაკიდებული ოცნებებით. სადღაციდან დონდლო სახიანი კატაც გამოტყვრა და უძრავ სხეულზე შეაჯდა. დაკრძალეს ისევ თხრილში. აწოწილ მუხის ხეებთან მიაყარეს მიწა. შორიახლოს ერთადერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაუნათა ძვლები. დახუჭულ თვალებს კი, ჩემმა ცრემლებმა ჩამობანეს ქვიშა.
  არაფერი კურნავს უძილობას ისე, როგორც იმ აზრთან შეგუება, რომ დროა ფეხზე წამოდგე. მეც ნელ–ნელა მოვშორდი სამყაროს. გადავინაცვლე მაღლა, მწვანეში, სადაც ვეწევი და მხოლოდ სიზმრებზე ვფიქრობ. ვზივარ ღრუბლებზე. სიზმრისმაგვარი სიჩუმე ისადგურებს. ფეხები ცაში მაქვს გადმოკიდული მზის სხივებად. ყველაზე წითური თმა მიფარავს დამწვარ მხრებს.
  ყურთან, უცნობი ჩურჩული არ წყვეტს ოცნებას. ყველა ისინი, კი სახლის მარტოსულ სარეცელზე ეკიდებიან დამხრჩვალ კატებად.
  არსად მეჩქარება, აღარ ვარ დილით „ადრე ასადგომი“.
  –ესეც ჰომ ცუდია?! –ვეკითხები ჩემს თავს. ქვევით ვიხედები და ვაანალიზებ რამხელაზე დავკარგე ადგილი სამყაროში. უძილობა ერთადერთი ოაზისია ამხელა უდაბნოში.
  მერე უცებ, ვიღაც მომაკითხა. ანგელოზი მეგონა, თან ნაცნობი ჩურჩული ახლდა. მაჯაზე უცნაურმა ნაკვალევმა თავი შემახსენა ჩუმი გაქრობით და ყველაფერს მივხვდი.
სხივებად ჩაკიდული ფეხები ავწიე. წითური თმა წელამდე დავიფინე. იმ ანგელოზად ქცეულ მონსტრს ხელს ჩავკიდე და უკანმოუხედავად გავყევი სადღაც.

Friday, August 17, 2012

დაბადების დღე და კიდევ რაღაც


  მას შემდეგ რაც ჩემთვის ახლად აღმოჩენილმა მეგობრებმა, ჩემთვის ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ დღეს სამუდამოდ დაამჩნიეს თავიანთი კვალი, მე დავრწმუნდი, რომ დახურულ კარს მიღმა ისევ იღება სხვა კარი და თუ სწორად მოიქცევი, შესაძლოა ისეთ კარგ მეგობრებს გამოკრა ხელი, რომლებიც ათასი მზერით და სიტყვით დაგაბამენ ერთ ადგილზე.
  მას შემდეგ, რაც ელენემ და კატომ ჩემს 21 წლის დაბადების დღეს გრანდიოზული სახე მისცეს, მე მივხვდი, რომ მათ სამუდამოდ დატოვეს გარკვეული კვალი ჩემში. მე შეყვარებული ვიყავი მათში და ეს სრულიად ნორმაი იყო.
  მას შემდეგ, 10 წელი გავიდა. ახლა ზუსტად ის დროა. 16 აგვისტო.
  დილა: სამსახურში ვარ. მე ქალაქში ყველაზე დიდი გამომცემლობებიდან ერთ-ერთის დამფუძნებელი დ მთავარი რედაქტორი ვარ. ვწერ და ვბეჭდავ რომანებს პოსტმოდერნიზებულ სამყაროზე და მეცინება სხვა დანარჩენზე. მირეკავს კატო და მეუბნება, რომ ხვალ უნდა მნახოს და სხვა ყველაფერს ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, რომ კიდია ჩემი ვერმოცლა და რომ მოვენატრე და თითქოს 100 წელი გავიდა მას შემდეგ და ბოლოსდაბოლოს, ჩემი ნათლული მაინც უნდა მომნატრებოდა ამდენი ხანი. გაღიმებული ვუთიშავ.
  შუადღე: სახლში მივდივარ. ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ. ძალიან მაგრად ვარ. დღეს ბოლო დღეა ჩემი გაოცდაათების. ზუსტად ისე, როგორც 10 წლის წინ იყო ბოლო დღე გაოცებების. ახლა აღარაფერი მაოცებს. ყველაფერი ისეა ახლართული საკუთარ არსში. შუადღე მითრევს. გიჟია და ახალგაზრდა. 31 ძალიან გავს 21-ს. ვგრძნობ, პირადი ფსიქოლოგი მესაჭიროება.
სახლში ყველაფერი არეულია. იატაკზე ყრია ურითმო  მუსიკის დისკები. ჭაღზე ჩამოკიდულ დიდ ვარსკვლავს ასტრალური მტვერი ადევს. მეზარება, ყველაფერი მეზარება, თითქოს ისევ პატარა გოგო ვიყო. ვოცნებობ, ნეტავ, ვინმე ჩამიძვრენდეს სულში და აღარასდროს ამომიშვებდეს ჰაერზე. ტელეფონს დავყურებ. ვიხსენებ, როგორ გაჩნდა ელენეს პირველი ინიციალებიანი მესიჯი ჩემს მობილურში და არაამქვეყნიური ღიმილი მიფარავს სახეს.
ერთი გაფიქრება და უკვე შთაინთქა ცაზე მზის სხივები.
  საღამო: ისევ ვერ გადამიწყვეტია დავრჩე თუ წავიდე. მერე მახსენდება, როგორ ვუთხარი გოგონებს - არას გამო ფიქრი არასდროს ღირს-თქო და წავედი.
აგვისტოს ბუღი სიცოცხლეს მართმევს. მაღაზიაში შევდივარ.
დაღამება: ღამის 11 საათია. სამჯერ დავარტყი ელენეს სახლს კრუგი. ფანჯარაში ვიღაცის სილუეტს ვხედავ. გვერდით ნამცხვრებიანი პარკი მიდევს. დავყურებ. ხელს ვკიდებ და მანქანიდან გადმოვდივარ.
  კიბეზე ავდივარ და დიდი, თეთრი კარის წინ ვჩერდები. ერთხელ ვრეკავ ზარს. ასე მხოლოდ მე მჩვევია. ვიცი, რომ ის გრძნობს, კარს მიღმა ჩემს არსებობას.
მიღებს. მარცხენა მხარით ეყრდნობა სახელურს და მიღიმის. სამყაროს ცენტრი ჩემში ინაცვლებს. შიგნიდან მუქი იასამნისფერი შუქი და ბავშვების ხმა გამოდის. ოდნავ გვერდით იწევა და სახლში მიშვებს. ეს ის ადამიანია, რომელიც წესით ამსიგრძე სიყვარულისგან უნდა მომბეზრებოდა, მაგრამ არ მბეზრდება.
-1, 2, 3, 4. - ბავშვებს ვთვლი. მერე ვტრიალდები და სიცილით ვამბობ. - არ დამვიწყნია მათი რაოდენობა. ისეთები არიან, როგორებიც მახსოვდნენ.
-კიდევ კარგი. - პაუზა. - მიხარია, რომ მოხვედი. - მიახლოვდება და მეხუტება. სამზარეულოში გავდივართ. ნამცხვრებს ვაძლევ. ყავისფერ, მრგვალ მაგიდასთან ვჯდები და საფერფლეს ახლოს მოვაჩოჩებ.
-კატო არ მოვა?
-მოვა. გზაშია.
  ელენეს სახლი ძალიან დიდია. დამკარგავი. თეთრი კედლებით, ცოტა ავეჯით. მისაღებში გავდივარ და თაროზე დახვავებულ სურათებს ვაკვირდები. მწვანე ჩარჩოში ჩვენს სურათს ვპოულობ და ჩემს თავზე ვბრაზდები. 9 თვეა არც ერთი არ მინახავს და ახლა ჩემი სტუმრობა გამოცხადებას გავს. სამზარეულოში ვბრუნდები და სიგარეტს ვუკიდებ. ყავა მოდუღებულია, ბანანების მთელი კოლექცია - საჭმელად გამზადებული. მიკვირს, აქამდე რომ არ დაავიწყდა რა მიყვარს და რა არა. არც კი მეკითხება შევეჩვიე თუ გადავეჩვიე უმისობას.
-რამეა? - ელენე მეკითხება. ისევ ისეთი გრძელი, ქერა თმა აქვს.
-რა რამე?
-რა ხდება, მითხარი.
-ერაყშია ომი. - თავს ვისულელებ.
-შენს თავს რა ხდება?
-არაფერი.
-მართლა.
-გეფიცები.
-ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შეიცვალე.
-შენთვითონ შეიცვალე, თუ კარგია. - სიგარეტის კვამლში ვარ გახვეული.
-მე შევიცვალე? მე, ჩემო კარგო, ისევ ის ქვაბიან-ტაფიან-ქმარ-შვილიანი გოგო ვარ. - პაუზა.- ეგ რა არის? - და ჩანთაში თავამოყოფილ სქელ რვეულზე მითითებს.
-ეს ყველაფერია, ელე. მთელი კაიფი.
-რამეს წერ?
-ჰო.
-მაჩვენე. - ხელით ეტნება.
-არა, არა. საიდუმლოა მეგობარო.
- გარეკავ შენ, ნინა. - მე მხრებს ვიჩეჩავ. ბავშვები უფრო ხმაურობენ. ელენე მათთან გადის, დასაძინებლად.
  ალბათ, 5 წუთი ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ჩემს მუხლებს ვაშტერდებოდი. გამახსენდა, ზუსტად ასე, 10 წლის წინ, საღამოს როგორ მომიწყო ჩვენი პირველი „მეგობრული სპეკტაკლი“ ელენემ.
  ბავშვების ოთახისკენ მივდივარ. კარის ღრიჭოში ვხედავ, როგორ უკითხავს ელენე ბავშვებს ჩემს ზღაპრებს და გულზე სევდა მაწვება. სიხარულის სევდა. ვუსმენ დ ვუყურებ მათ ჩაძინებამდე.
  კარზე ისევ ზარია. ვაღებ. კატო შემორბის აჩქარებული სუნთქვით. ვერ მამჩნევს. მერე აღმიქვამს და გაფართოებული თვალებით მიყურებს.
-შენ ცოცხალი ხარ?
-ჰო.
-სად იყავი აქამდე?
-სახლში, სამსახურში, სახლში, კაფეში, რავიცი. ამ პლანეტაზე.
-კაფეში? ვითან?
-ხან ვისთან, ხან ვისთან.
-ჩვენ?
-თქვენთანაც ვარ ახლა.
-სადაა ელენე?
-ბავშვებს აძინებს. - სამზარეულოში გავდივართ. კატო მიჩვეულია აქაურობას. ხშირად არიან ის და ელენე ერთად ხან აქ, ხან იქ. ყავას იკეთებს და ნამცხვრებს ეტანება. მე ისევ ვუკიდებ სიგარეტს. საათს დავყურებ. 11:28 ...
  ელენე შემოდის. მისი და კატოს თვალები ერთმანეთს ხვდება. მე მიყვარს მათი ყურება და დაკვირვება, როგორც მაშინ. რაღაცას გაუჩერებლად ლაპარაკობენ. აღარ მესმის, წამიღო ფიქრმა.
  უცებ ჩემს წინ პატარა, ლურჯი ნამცხვარი ჩნდება, ზემოდან ერთი, ფოსფორისფერის სანთლით. კატო სანთელს უკიდებს და ორივე ერთად, ანგელოზებივით მიმღერიან Happy Birthday-ს.
  საათს ავყურებ ისევ. თორმეტის ნახევარია. მე 31-ედ დავიბადე. გავინაბე. თითქოს ზღვად გადავიქეცი. ერთმანეთს შევყურებთ მადლიერების გრძნობით აღვსილები და უხმოდ ვსწავლობთ მიმიკებს.
  სიგარეტის კოლოფს მოვაჩოჩებ და გაკვირვებების გარეშე ვკითხულობ ფრაზას:
„მოწევა კლავს“.
„მე უკვდავი ვარ“. - მე
„მეც“. - ელენე.
Yes, of course. - კატო.

Monday, August 13, 2012

ცრურწმენები


ყველაფერი ტყუილია. ტყუილია ის, რომ ადამიანზე პირველივე დანახვისთანავე გექმნება წარმოდგენა, რომელიც მასთან ურთიერთობის ბოლომდე მიგყვება.
ტყუილია, რომ ადამიანს აქვს გარკვეული აურა, რომელიც იმაზე მძაფრად შესაგრძნებია, ვიდრე მისი მზერები. ხმამაღალი ტემბრი ან ხმა. ზოგჯერ მისი ასტრალური სხეული სასტიკად მოტყუებულს გტოვებს. სხვისი რჩევები და გამოცდილება ვერაფერს გიშველის, თუ თავად არ იქნები კრახგანცდილი, თუ თავად არ ისწავლე შეცდომებზე.

მონე:  პირველი, რაც აქ მოსვლისთანავე გავაკეთე, ეს გადაფასება იყო. არავინაა ჩემზე უფრო მკვეთრი და ხმამაღალი. არ ვიცი რა ძალის დამსახურებით აღმოჩნდა ჩემი სტაფილოსფერი ბაფთები აქ, მაგრამ ეს შინ მაბრუნებს. ძალას მმატებს, რომ ვიყო ყველაზე გამორჩეული და დასრულებული.
შეხედეთ იმ გოგოს, როგორ ეწევა. მთელს სახეს სიამოვნება უფარავს. ლამისაა სრულყოფილებისაგან გასკდეს. არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარ თავს არ მიხედო. როგორ შეიძლება ასე ავნო შენს ქათქათა კანს, რძიფერ ფრჩხილებს. გაოგნებული ვარ!
ერთი კი უდავოა: ისეთი თვალები აქვს თითქოს რაღაც თამაშებით გითრევს ჭაობში. დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერავინ გააღწევს აქედან. ვერავინ ვუშველით სულს. მთავარი ჩემი თავის თვითრეალიზაცია და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ანდაც, ის?! აი, გაუჩერებლად რომ იცინის. უკვე ამოუხსნელი სიცანცარე ეუფლება. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. ცოტა სარგებელი თუ არ ვნახეთ ერთმანეთისგან, ისე არაფერს აქვს აზრი. ამათგან რა უნდა ისწავლო? არც ერთი წუთი არ შეგერგბა.
ალბათ, აქ ყველაზე მეტად ჩემი გაზეპირებული ტექსტები, გამტკიცებული აღტაცება და უაზრო ფუსფუსი გაჭრის. თუ არ ვცადე, ვერც ვერასდროს შევიტყობ.
ნიკი:  ერთი ჩვევა მაქვს: ცას ავყურებ იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა. ახლაც ავხედე, მაგრამ მოთეთრო-მოოქროსფრო სინათლის მეტი ვერაფერი დავინახე. სასოწარკვეთილმა შევანთე თვალები ჩემს პირდაპირ მჯდომ გოგოს, მაგრამ იმან ხელების უაზრო მოძრაობით მომიშორა თავიდან. ალბათ, აქ ამგვარი საქციელი არასერიოზულია. დაწმუნებული ვარ ჩემზე ფიქრობენ, რომ ცანცარა ვარ, მაგრამ ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. მე აქ სიკეთის საკეთებლად მოვედი. ყველა რაღაც კუთხით განსაკუთრებულია, ამიტომ ვცდილობ ყველას საუკეთესო გამოვძალო.
პირველად რომ მოვედით, ის ლურჯთვალება პანიკაში ჩავარდა. რაღაცას ყვიროდა, მეჩქარებაო. აქ ყველა დროებით ვართ.
ალბათ სიზმარში ვართ ყელამდე ჩაფლულნი. იქნებ სულაც, ლეთარგიაა. ეს მაშინებს. არ ვიცი სად ვმთავრდები და სად იწყება სხვა.
ვიღაცის გულის ცემა აღწევს აქამდე. თქვენც გესმით?! ძალიან რითმულია. აუღელვებელი. მე ასეთ დროს უცნაურ ჩხვლეტას ვგრძნობ მუცელში. ბუნებრივია, სამყაროს აკვნიდან ისე მომიტაცეს, არავინ მაცადა მეგრძნო ცხელი აგვისტოს უკვდავება.
... და მე ვნანობ.
კეთილი სამარიტელი:  ძალიანაც ბედნიერი ვარ. სხვების სახეზე ვერ ვატყობ კმაყოფილებას. ეს ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. აქ უკეთესია, ვიდრე სხვაგან, სადაც კი ვყოფილვარ. ყველა პირობას უსიტყვოდ უნდა შეეგუო. არაფერს მოგცემს ტყუილი ბრძოლა და ბევრი წუწუნი. ჩემი ღრმად პაციფისტური წარსული მეუბნება, რომ მალე გავალთ ფონს. ეს უფრო დიადი რამ იქნება, ვიდრე ლამაზი ცრემლები, აი, ჰოლივუდიც რომ ინატრებს, ისეთი.
უფროსობას ვესაუბრე. მითხრეს, მალე გაგვიშვებენ. შეიძლება იმაზე ნაკლები დროც დასჭირდეს ორგანიზებას, ვიდრე მგონია.
ისე, იმ გოგოს რაღაც აუცილებლად უნდა სჭირდეს. საუბრისას სახე ემანჭება. თითქოს ახლახანს გაკერილი ჭრილობა ქაჩავსო. ალბათ მოჭრილი კიდურის სინდრომის მაგვარია რამე. აი, სულ რომ გგონია გაქვს და შენ გეკუთვნის.
ხმასაც არ ამოვიღებ. ხელებს ოდნავ შევარხევ ჰაერში და მისახვედრად ვაგრძნობინებ ყველას ჩემს უპირატესობას. წადით თქვენი დედაც, მე გადავრჩები.
ევა:  სადაც მივდივარ, ყველგან თან დამაქვს პატარა მედალიონი, რომელშიც ჩემი გარდაცვლილი, პატარა დის სურათს ვინახავ. მეშინია, არ დამავიწყდეს ჩემი წართმეული „მილიონები“.
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგერობაში. ეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ჩემი პოზიტიური განწყობა და მოლოდინები საცეცებივით წინდაწინ მოსინჯულმა თვალებმა იმსხვერპლა. ზურგს უკან რაღაც დამნათის. ჩავთვალოთ, რომ ეს ანტიბის მზეა.
იდუმალ, ცოტაც ჯადოქრულ მზერას ვგრძნობ. ანა ჰქვია მგონი. აი, ის გოგო, ყავისფერი თმა რომ აქვს. ჩემს პირდაპირ ზის. რაც მოგვიყვანეს ასეა, რაღაცაზე ოცნებას ვერ წყდება. თვალები ზღვასავით ლურჯი აქვს და მე ის უფრო მომწონს.
თავიდან ძალიან მარტოსულ ადამიანს მივამგვანე. შემეშინდა, ასეთ ადამიანს არასდროს შევხვდრივარ. რენტგენულად შემომხედა. ერთ ხანს მაკვირდებოდა. მერე ფარისევლური ღიმილით მოუკიდა სიგარეტს და ცოტა იქით გავიდა. ვიფიქრე კიდეც, რომ ჩემი ყურადღების ერთ მტკაველსაც არ იმსახურებდა და არც დამიწყია იმაზე ღელვა, რა იქნებოდა.
საკუთარ თავს ვატყობ, აქამდე ადამიანებზე ამგვარი დაკვირვებები არ მჩვეოდა. დეტალურად აღვიქვამ მათ იმპულსებს. ზოგის აურა ზედმეტად დაუკითხავად და ზეგავლენით იჭრება ჩემში. არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან უბრალო ადამიანებს ჰგვანან და ყურადღება არც მიმიქცევია.
ნერვებს მიშლის, რომ უაზროდ ვკარგავ ძვირფას დროს, რომელსაც მე არ ვაღიარებ. მთელი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე ვთვლი, რომ დრო არ არსებობს და ციფრების ერთიდან სამოცამდე ათვლა მარტივი თეორიაა დაბერებისთვის.
აქაური ბიჭები არაფრით ჩამოუვარდებიან ზებრებს.
მოსაწევად რომ გავედი, ანას შევეჩეხე. ისევ ისე მიყურებდა. მე ჩემი უსუსური ფიზიონომია ღიმილით გავამართლე. ძალიან მინდა აქ მყავდეს პირადი ფსიქოლოგი, რომელსაც წვრილ-წვრილ ამბებად მოვუყვები ჩემს შეგრძნებებს. მინდა ვესაუბრო ზოგად-საკაცობრიო თემებზე და ასე გადავარჩინო საკუთარი თავი.
სემი:  აქ ცივა. სხვები არ იმჩნევენ. მახსოვს, ბოლოს ლოგინში ვიწექი. დასაძინებლად ვემზადებოდი. მერე არ ვიცი. მგონი ვიღაცამ მომაკითხა. უცნაურ მუსიკას ღიღინებდა. ზუსტად იმას, ახლა მე რომ ვღიღინებ. თავიდან არ ამომდის. უცნობს სწორი ცხვირი ჰქონდა და რაღაცით სლავური წარმოშობისას ჩამოჰგავდა. არ მეცნო, არადა სახეებს ადვილად ვიმახსოვრებ. მერე აქ ამოვყავი თავი. ალბათ ეს ეტაპიც გასავლელია. მე ჩემს სათქმელს ვიტყვი. არამგონია ამით ვინმე გავაოცო.
სამწუხაროა, რომ არავისში არ დავტოვებ ღრმა ნაკვლევს, არადა ისეთი კარგი საყურებლები არიან ყველანი. დაფანტული წიწილებივით. ერთმანეთისთვის უცნობები. მომწონს ასე ჯდომა და მათი ყურება. არც ერთმა არ იცის რა მოხდა სინამდვილეში. შავი დღისთვის გადანახული ძალისხმევებით ინარჩუნებენ სიმშვიდეს.
ეს სულაც არაა უსაქმურობის გამოძახილი. სულ ერთია, სულ ერთია რა მომკლავს. უკვე შევკავშირდით ჩვენ ყველანი. ერთ თამაშში ვართ. ერთი წესები მოქმედებს ჩვენზე. ერთი მექანიზმი გვმართავს.
დარწმუნებული ვარ შინაგანი თავისუფლებით ამართლებენ აქ ყოფნას. ჩემთვის ყველა ერთია. კარგია ვინმეს თუ შერჩა იუმორის გრძნობა. მის გარეშე მთელი სამყარო ერთი „ეჰ“ იქნებოდა.
ანა:  პირველად აქ რომ მომიყვანეს, წარმოუდგენელი ისტერიკა მოვაწყვე ყველას თვალწინ. მათ ისე შემომხედეს, როგორც ამ დროს უყურებენ ხოლმე ჩემნაირებს. თუმცა, აი იმ ერთს თითქოს არ გაჰკვირვებია. თითქოს სრულიად ადეკვატური ვიყავი იმ მომენტში. საერთოდ არ შემოუხედავს.
აზრზეც არ ვარ აქ რას ვაკეთებ. ვიცი, სადღაც შორეთში ზღვა მელის. უჩემოდ იშლის ქალღმერთულ თმებს. ტალღებს ახეთქებს ნაპირებს. ბორგავს. როგორც მისი ერთადერთი ოქროს მაძიებელი, მე უნდა ვუთარგმნო მშვიდი ღელვები. აი, გესმით?! გესმით ზღვის ხმა? მიხმობს. დაუყოვნებლივ მოითხოვს მასთან გამოვცხადდე. მე მისი მესაიდუმლე ვარ. არავისში არ ვკარგავ იმდენს, რამდენსაც ზღვაში. სულაც, თვითონ ვარ ზღვა.
სულ ფეხზე მკიდია ვინ რას იფიქრებს ჩემზე. აქ ყოფნას არანაირი ღირებულება არ აქვს. აქაურობას არ ვეკუთვნი. რაღაც ხარვეზია, რომელიც დარწმუნებული ვარ მალე გამოსწორდება. მიზნები კი ყოველთვის არ ამართლებენ საშუალებებს. რა ვიცი. ამას ჯობდა მთვარის ანარეკლები მეთვალა გუბეში.
ვიცი, ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი შეცდომა დავუშვი. ყველაფერს ვანიჭებდი გარკვეულ მნიშვნელობას. ჩემზე იძახდნენ კიდეც, რომ ვარ ვარსკვლავთმრიცხველი. ახლა ამან  ბევრი რამ გააადვილა. გართულდა მხოლოდ გამოღვიძება.
დარწმუნებული ვარ უკან რომ მოვიხედავ, ვეღარავის ვეღარ დავინახავ. აი, ხედავთ, ხედავთ როგორ მიბყრობს მოუსვენრობა?! ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები.
ჰო, კიდევ ის ვიღაც მაფორიაქებს. ძირს რომ ზის და თავის ხელებს დაჰყურებს. ერთხელაც რომ არ გამოუხედავს აქეთ, არადა მგონია კარგი დუეტი გამოვიდოდა ჩვენგან. შესაძლოა ის ყოფილიყო ჩემი ზღვა, მე კი - მისი გემი, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.
იქნებ მოვლენები დააჩქარონ, მელოდებიან. ბევრი მაქვს მოსასწრები.
ფისო:  აქ ყველას ისე გავეცანი, როგორც მერსედესი. არამგონია მათი ნაცნობობა მომავალში გამომადგეს. საერთოდ, ვერ ვხვდები რატომ არსებობენ ასეთი ადამიანების სახად. სახეზე აწერიათ, რომ რაღაც ძალიან სევდიანი გადახდათ თავს. მე პირიქით, ვცილობ სულ გავერთო. ახლა ასეთი დრო მიდგას. უკვე შეგნებული მაქვს ჩემი შესაძლებლობები.
ყველამ თავის თავს მიხედოს თუ შეიძლება. არ მახარებს ტრაგიზმში ცხოვრება. ყოველი წამი ძვირფასია და არ ვიცი რას გვიპირებენ, მაგრამ გამოცანები მხიბლავს. არ მინდა ამ ერთი შეხედვით ავადმყოფ ხალხში ვხარჯავდე. სამაგიეროდ, მე ყველაზე ჯანმრთელი ვარ. ჩემი შესხმული სისხლ-ხორცი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე აქ მყოფების ერთად აღებული. მთელი ცხოვრების მანძილზე ათას ავადმყოფობაზე გავიმარჯვე. რაღა ახლა მიმუხთლებს ბედი?!
გაოცება მხოლოდ იმ სტაფილოსფერ ბაფთებიანი გოგოთი მოვახერხე. ის უფრო ცოცხალია, ვიდრე სხვა ყველა.
ყველაფერში დადებითი უნდა დაინახო. აბა, იმის გამოციებულ თვალებს შეხედე! ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. ან ის, მეორე. პირდაპირ რომ ზის და ღერს ღერზე ეწევა. მისგან დიდი ინდიფერენტულობა მოდის. ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთები - არა.
ხომ გაგიგიათ ფრაზა: „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად აფერისტობა!“ ჩემი მოგონილია. (ისტერიული სიცილით).
აფერისტობა ჩემი მოგონილია. ყველგან ჭრის. აქაც გაჭრის, რაღა ესენი იქნებიან დიადი მისიონერები?! მათი სიახლოვე დამეხმარება თავის დაღწევაში და როცა აქედან გაგვიშვებენ, სადმე ძალიან მაღლა წავალ. მწვანეში. ყველაზე გემრიელ ტკბილეულს შევჭამ და მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას მივხედავ.
ძვირფასი რამეები ასე იოლად არ ავიწყდებათ. პირიქით, მისით ამაყობენ.

Wednesday, August 8, 2012

Ave Eva


                                                                                სადღაც ამოვიკითხე, რომ მდინარემ თქვა:
 „-არ ვარ დარწმუნებული
რა ხდება
ჩვენს შორის,
აღარ ვიცი
„რა“ ვართ
მაგრამ მე მომწონს „ჩვენ“
და შემიძლია ამასთან შეგუება.“
მინდა შემდეგ ცხოვრებაშიც ისეთები ვიყოთ, როგორებიც ახლა ვართ
და ერთად მივუყვებოდეთ „კარისაკენ“ გზას.
ზრდილობიანად ვჩხუბობდეთ.
შენი მეგობარი მინდა ვიყო.
მინდა შენ გრძელი, ქერა თმა გქონდეს, მე კი – მომწვანო თვალები.
მინდა ყოველ დღე მეუბნებოდე კომპლიმენტებად რა ჭკვიანი და უცნაური ვარ.
მე ამ ყველაფერს განსხვავებულობასთან ვაკავშირებდე და შემდეგ, უფრო ვხვდებოდე რა ხელ–ფეხ მოცარული ტიპი ვარ.
ყველაფერი ოქროსფერი მინდა იყოს.
 შენ – ძალიან ლამაზი კრიმინალი, მე – პროფესიონალი მატყუარა.
მინდა ძალიან ცხელოდეს, ცვილი დნებოდეს ხეებზე. მე მოვცოცავდე შენს აივნებზე და თან მომქონდეს ათასი ჩიტის გალობა.
მინდა შემთხვევით დაგეწვას საწოლი
და მას შემდეგ ღია ცის ქვეშ გვეძინოს.
მინდა წვიმა ერთნაირად გვაწვიმდეს თავზე და შოკოლადის ფილებით ვკვებავდეთ ერთმანეთს.
ერთად მინდა ვეწეოდეთ: ჯერ შენ და ბოლოს მე.
ერთი მიზანი მინდა გვქონდეს და ამ მიზანში სულ ვეცილებოდეთ ერთმანეთს.
წერილებს მინდა ღებულობდე ჩემგან და ვერც კი ხვდებოდე.
ყოველ ღამე აღტაცებით მიკითხავდე ყურით მოთრეულ ფრაზებს და მერე წარმოსახვებში ხაზავდე უცნობ კონტურებს.
16 წლის რომ გავხდებით, მინდა აქამდე უჩვეულოდ გადაგარჩინო ბუმბერაზი ეშმაკის ბორბლისგან და ასე გამოვისყიდო ცოდვები.
მერე მშვიდად დაგითმო გზა „კარისაკენ“ და გავუჩინარდე.
მინდა შენს წარმოსახვაში ნელა და მტკივნეულად გარდავიქმნა უსქესო, უსახო ადამიანად, რომელიც არაფრით განსხვავდება უცხოპლანეტელისაგან.
ეს კი, ექსტრავაგანტულ განცხრომას განიჭებდეს.
მინდა ცოცხალი დარჩე კიდევ დიდ ხანს და გრძნობდე, როგორი უსუნო ხდება უჩემოდ ქალაქი.
შემდეგ, უბრალო ფიქრმა შეგაწუხოს და „კაცურად“ მომიარო, სინამდვილეში შენს უპასუხოდ დარჩენილ წერილებს მიხედო.
ჩემი არყოფნის სიმშვიდე და სითბო მინდა იგრძნო.
არ დაგესიზმრები და არც თავს წაგადგები ხელშესახები მონსტრივით.
...
რატომ ვერ „დამაბი“ სამუდამოდ შენთან სუნთქვებით?!
რავიცი, ალბათ ყოველ დღე ვუსვამდი ჩვენს არსებობას იმაზე მკვეთრ ხაზებს, ვიდრე შეგეძლო.

Tuesday, August 7, 2012

შეგონებები




 
   აგვისტოს სიცხე დგას ქუჩებში. ჩაგუბებული და დაგროვილი ჰაერი ნელ-ნელა გაცლის იმის შეგრძნებას, რომ სისხლი კიდევ გიჩქეფს ძარღვებში.
   ღამის სამი საათია. აეროპორტში ვართ მე და დედა. ვდგავართ ურიგოდ, ერთი ჩემოდნით, ჩემი პასპორტითა და ბილეთით. მივდივარ. სადაცაა, მივფრინავ. აქ ვტოვებ ყველას ჩემი შეუმდგარი შეყვარებული, რომელიც წასვლის წინაც არ დამემშვიდობა.
  ახლა ეს ძალიან სულ ერთია, რადგან წინ გამიწევია.  ეს ქალაქი მიყვარს, პლატონურად, ხელშეუვლებლად.
  დედა მარიგებს:
  - რაც არ უნდა მოხდეს სიმშვიდე შეინარჩუნე, ნიი. - მიღიმის. ცისფერი თვალები უელავს, კიდევ უფრო უბრჭყვრინავს აცრემლებულზე.
  - კარგი რა. პირველად ხომ არ მივდივარ დეე?! ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ! - ლოყაზე ვკოცნი.
  ჰო! პირველად არ მივდივარ. შარშანაც ამ დროს ვიყავი, მაგრამ არა ამდენი ხნით, როგორც ახლა ვეპირები. 2 თვე და ნახევარი. თითქმის სამი.
  ბევრია თუ ცოტა?! ნუ, ვისთვის როგორ ალბათ. ზოგი სულ ვერ იგებს ჩემს წასვლა-ჩამოსვლას.
  დარბაზებში რაღაცას აცხადებენ. ხალხი ფორიაქობს. ჩვენც დავიძარით. ჯერ ექსკავატორს ავყევით მეორე სართულზე. თავს მსუბუქად ვგრძნობ. არ მიჭირს წასვლა, პირიქით. არც დედ-მამის, არც სამშობლოს, არაფრის და არავის დატოვება არ მიჭირს და ეს სულაც არ მიკვირს.
  რიგში ჩავდექი. მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომ ვტოვებ საქართველოს და ეგაა. დაცვის ბიჭი გვიახლოვდება.
  - ძალიან გთხოვთ, ვინც არ ელოდებით, დატოვოთ სართული. -  არავინ უსმენს, არც არავინ იძვრის. - უკაცრავად, ხალხო, ვინც მგზავრები არ ხართ! დაემშვიდობეთ ერთმანეთს და ქვევით ჩაბრძანდით! - იმეორებს, უფრო ხმამაღლა და მკაცრი ტონით.
  - დეე, წადი. არც თვითმფრინავის აფრენას დაელოდო. სახლში წადი პირდაპირ და მაკოს დაელაპარაკე, ისიც როგორ მელოდება. - დედას ვეხუტები. მაგრად. ეს ჩახუტება სრულყოფილად უნდა გავიყოლო ბოლომდე. მერე ვტრიალდები და აღარ ვუყურებ. არ მიყვარს დამშვიდობებები!!!
  ...
თვითმფრინავი ასაფრენად ემზადება. ვტოვებ ქალაქს, სადაც ყველაზე რომენტიკოსები მარწყვიან შოკოლადს ჭამენ. ძლიერები - ალუბლისას. მორცხვები - თხილისას, ხოლო შემოქმედები - ქოქოსისას. ეს იდეოლოგია ჩემი მეგობრისგან ავითვისე.
  თენდება. შავიდან განაცრისფერებულ ცაში მზისფერი იღვრება. საოცრად ატმისფერი დილა თენდება. უცნაური მხიარულება მიპყრობს. ქალაქში შუქებს აქრობენ. ჯერ კიდევ სიმშვიდეა. ცა მტრედისფერდება.
  1... 2... 3... შემიძლია სურვილიც ჩავიფიქრო. უკვე ჰაერში ვართ. წასვლა ჩამოსვლას არასდროს ემსგავსება. ჩემს გვერდით ადგილები თავისუფალია. შემიძლია დავწვე და დავიძინო. წინ 4 საათიანი გზა მიდევს, მაგრამ ასე ჯდომა მირჩევნია. სადღაც გამქრალა აგრესია, გამქრალა ყველანაირი სევდა..
  ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა წყლები ჩამოატარა. გამახსენდა, რომ წელს ვერ დავისვენე ჩვენებურ ზღვაზე და ძალიან დამაკლდა ქართული შეძახილები: ”ცივი წყლებიიიი!!... ცხელი სიმინდიიიი!!!!”
  მეღიმება. ბედნიერიც ვარ.
...
  ჰამბურგის აეროპორტი.
ბილეთს ვუყურებ. გარკვევით ვკითხულობ, რომ ბარგის მიღება მხოლოდ ტერმინალ 1-ზე შემიძლია. წინ მთელი დერეფანია გაწოლილი. მივდივარ. ჩქარა მივაბიჯებ. ჩემების ნახვა მეჩქარება და იმის თქმა როგორ მენატრებოდნენ ამ დრომდე და ვადამდე.
  უცებ, მარჯვნიდან რაღაც სინათლემ მიიპყრო ჩემი  ყურადღება. ვუყურებ. ვხედავ დიდ სურათს, რომელიც მთელს კედელს იკავებს. მასზე იღბეჭდება ლურჯი ბოთლები, ბოთლებში - ლურჯი ყვავილები, უსწორმასწოროდ ჩაყრილი. ვდნები! ლურჯი! მახსენდება და ვფიქრობ ჩემს ორ, ძველ მეგობარზე, რადგან მხოლოდ მათ იციან სინამდვილეში, როგორ ძალიან მიყვარს ეს ფერი.
  გვანცა და ანა... ანა და გვანცა...
  თავში ნავებივით მოცურავენ  მოგონებები და განძივით ნაპირზე გამოაქვთ სიტყვები, როგორც მარგალიტები. ვიხსენებ მათ სიტყვებს..
   გვანცა: ”პირველად, მეორე კლასში ვიყავით. მახსოვს, რაღაც კარნავალისთვის ვემზადებოდით. შენ ლურჯი ბუშტი გაბერე და ხელს აღარ უშვებდი. მაშინ პირველად თქვი, ლურჯი მიყვარსო. მეც იქიდან მოყოლებული მახსოვს.
მეორედ, სახლში ვიყავით შენთან. შენი დღიური მაჩვენე. ქალი და ძაღლი ეხატა. ბედნიერი სახე გქონდა. ოთახიდან რომ გახვედი, მე დღიურში ჩუმად ჩაგიწერე რაღაცეები. ისეთი ლურჯი ფურცლები ჰქონდა, თვალი გავუშტერე.
ეჰ, მე ისე ადვილად და ხშირად ვარღვევ შეპირებებს. ვივიწყებ მიცემულ სიტყვებს. თითქოს ეს ჩემი ჩვეულებაა....”
  ანა: ”ორი წელი გავატარეთ გვერი-გვერდ. მე და შენ. მეგონა კიდეც, შენზე ახლო აღარავინ მყავდა. შენ ჩემს თვალებში ყურება გიყვარდა. მზერა გქონდა სხვანაირი. რომ გკითხე ამის მიზეზი, შენ მითხარი, შენს თვალებში ვარ შეყვარებული, რადგან ლურჯია ჩემი ბედნიერების ფერიო. ალბათ, იმ ბედნიერების რაღაც ნაწილი ჩემს თვალებშიც იყო დამალული.
მეორედ, ზღვაზე დაწერე მოთხრობა. შემდეგ, ძალიან ხმამაღლა წამიკითხე. ეს იყო ყველაზე ლურჯი ზღვა მომწვანო ტალღებით. მზის ჩასვლისას ცეცხლოვან სტაფილოსფერს იღებდა. მაშინ კიდევ უფრო შემიყვარდი!...”
  მინდოდა ეს ამბავი ვინმესთვის მეთქვა. მერე ალბათ გულიც ამიჩუყდებოდა და ავტირდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. თანაც რამდენიმე მეტრში მე მელოდნენ.



P.S.: თვითონ ხვდებიან, რომ ეძღვნებათ.  :)

Monday, August 6, 2012

Happy end



                                                                                  თბილისში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე.
  
  
    თუ ვიმსჯელებთ აქსიომიდან გამომდინარე, რომ ლამაზი ადამიანები ადვილად არ უყვარდებათ და თუ ეს ყოველივე აქსიომაა (რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება), მაშინ ყველაფერი ისე უნდა მოვყვე, როგორც იყო და არა ისე, როგორც ასეთი ამბები უნდა სრულდებოდეს.
  

   იმ დღეს სიყვარულზე აიტეხა ფიქრები და დაასკვნა, რომ ამდენი ხანი თუ ვერ ივიწყებს მის სახეს, თვალებს, გამოხედვას, ესე იგი, უყვარს. სიგიჟეა. წამიერი გატაცება, შებყრობა. აბა, როგორ უნდა გამოიტანო მსგავსი დასკვნები სრულიად უცნობ ადამიანზე, რომელიც ამდენი ხანია არ უნახავს?! არც იცნობს და საერთოდაც!!!
   დილიდან წავიდნენ ოლიკო და მართა ქუჩის გამოფენა-გაყიდვაზე გვერდით  უბანში. დადიოდნენ რიგებს შორის და უხალისოდ ათვალიერებდნენ დახლებზე დახვავებულ ნივთებს. ოლიკო ფიქრებით ვერ წყდებოდა ”მას”, სამუელს. აინტერესებდა, კიდევ ნახავდა თუ არა, თუნდაც შემდეგ ცხოვრებაში, სადაც ორივე კატებად გადაიქცეოდნენ.
   სად იყო და სად არა, ერთ კაცს გადაეყარნენ, რომელიც ასანთებს აგროვდებდა. ალბათ ეს იყო მისი ძირითადი საქმიანობა, რადგან იმდენი ასანთი ეწყო მაგიდაზე და სხვა მყიდველებს ისე გულიანად უხსნიდა თითოეულის ისტორიას, რომ გაბრუებულებს (საუბრითაც და გოგირდის სუნითაც) ერთი სული ჰქონდათ გასცლოდნენ კოლექციონერს. ქართულ-კომუნისტური ასანთიც იქ იყო. ყვითელ ფონზე მოხტუნავე, კოხტა ზებრა. ოლიკომ სიცილი ვერ შეიკავა. კაცმა ახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შერცხვა, ალბათ ეგონა მის ახირებას დასცინა. სადღაც ესეც იყო.
  თავი რომ ასწია, მარტო იჯდა. მისი მეგობარი ვერ იპოვნა. ალბათ ეგონა შორიახლოს მიყვებოდა. ძებნა დაუწყო, მაგრამ უფრო დაიკარგა.
  ბოლოს ფერად სკამებთან ამოყო თავი. იმდენად წუხდა, რომ სამუელიც გადაამავიწყდა. ტრიალებდა, მაგრამ ნაცნობს ვერაფერს ამჩნევდა. ახლა ისე იყო, როგორც საერთოდ, ცხოვრების გზაზე. თითქოს მარტო, თითქოს მიტოვებული, (განგებ) დატოვებული.
  უცებ, უკნიდან წელზე ვიღაცის ხელი იგრძენო. გვირაბისბოლო სინათლეც გამოჩნდა. როგორც იქნა იპოვეს. ბედნიერი სახით შებრუნდა, მაგრამ უფრო სახტად დარჩა. მის უკან სამუელი იდგა და უცინოდა. ისევ ისე, როგორც პირველად.
  - გამარჯობა.
  - აქ რას აკეთებ? - აზრზე ძლივს მოვიდა.
  - აქ ვმუშაობ. შენ რას აკეთებ აქ მარტო?
  - მე... დავიკარგე. - გაინაზა და დაიმორცხვა. სასაცილო სათქმელია.
  - მე რით შემიძლია დაგეხმარო? – ”აი, ისევ ისე მიყურებს”, უთხრა საკუთარ თავს. ”რა იყო, მაბამს?” გაუღიმა და უარი უთხრა ყველანაირი სახის დახმარებაზე. არადა სულაც არ იცოდა სამუელმა როგორ სხვანაირი სახის დახმარება ესაჭიროებოდა მისგან, თავადაც რომ ვერ გაეუგო.
  - ოლიკოო!!! - მოესმა უკნიდან. მიტრიალდა. მართა ეძახდა, ხელებს უქნევდა. ოლიკომაც ხელი დაუქნია. „როგორც იქნა“, - გაიფიქრა. გარედან სულ ხურდა და დარწმუნებულიც იყო სახეზე წითელი ფერი ედო, მაგრამ შიგნით, თითქოს თავიდან ფეხებამდე ძალიან, ძალიან ცივი წყალი გადმოაღვარეს.
  - აი, როგორც იქნა. - გაუღიმა და ტუჩებზე შეხედა.
  - ჰო, როგორც იქნა. - უკან მართას გახედა.
  - ეს ვინაა?
  - ჩემი მეგობარი. ახლა უნდა წავიდე. - შებრუნება სცადა.
  - გინდა ხვალ შევხვდეთ? დრო თუ გექნება და სურვილიც, რა საკვირველია! - თავისკენ მიაბრუნა. ოლიკოს ენა დაება.
  - რატომაც არა?!
  - მაშინ, ხვალ, 4ზე. ლიტერატურულ კაფეში. ჰომ იცი სადაცაა?
  - რა თქმა უნდა.
  - ხვალამდე. - ისევ „ისე“ გაუღიმა.
  - ხვალამდე. - გაეკრიჭე ოლიკოც და გამობრუნდა. ნაბიჯებს ადგამდა, მაგრამ თვალებს უკანაც კი გრძნობდა სამუელს. უკან მოუხედავად მივიდა მართასთან.
   - ვინ იყო?
   - სამუელი.
  - შენი სამუელი? ძაან სიმპატიურია. - ხელი გადახვია მართამ და ნელა წაიყვანა.
  - მგონი პაემანი დამინიშნა. - შოკში იყო ოლიკო.
  - ეგ როგორ კაცო?! მგონი? - გაეცინათ.
  - ხვალ ოთხზეო, ლიტერატურულში.
  - აააააა.... - შეჰკივლა. - ხვალ დიდი დღეა ანუ!

...
  დიდი დღე არა, ეს ისეთი დღეა რომელსაც ყველა ელოდება. ოდესმე რომ მოვა, აუცილებლად. ზუსტად იცი რას ითხოვ, ზუსტად იცი რას ელოდები, მაგრამ არასდროს იცი, მიიღებ თუ არა.
   ოლიკო დათქმულ კაფეში შევიდა და მაგიდებს თვალი შეავლო. იქ არ იყო.
  კუთხის №9 მაგიდა აარჩია და დაჯდა. მიმტანმა პორტუგალიური აქცენტით ჰკითხა რაღაც. არ უსმენდა. უბრალოდ უთხრა, მეგობარს ველოდებიო და მაშინვე გაეცალა. იმდენი სუნამო ესხა, რომ ირგვლივ მხოლოდ მისი სუნი იდგა. გული უფეთქავდა საშინლად ჩქარა. ფიქრობდა: ”ის მოვა, ის მოვა. სასაცილოა. ეშმაკმა დალახვროს!!!” (და ეღიმებოდა). ისე ერეოდა შემოდგომის ფრთხილი სუნთქვები, გრძნობდა ახლა ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა. ისე მართლა, ისე ნამდვილად. სამუელი რომ მოვიდოდა შეეძლო პირდაპირ, მოურიდებლად ეთქვა: ”I want you. I want you so bad.”
   აი, კარგი გაიღო და ის შემოვიდა. დაინახა. ოლიკოსკენ წავიდა. მოსვენება სულ მთლად დაეკარგა ყველაფერს. ისეთი ძაბვით მოდიოდა სასიცოცხლო ძალა, ლამის გაეთიშა.  
  - როგორ ხარ? - პირდაპირ ჰკითხა სამუელმა.
  - კარგად, შენ?
  - მე, რავიცი. რაღაც პრობლემები მაქვს შეყვარებულთან.
  - შეყვარებულთან ?! - ერთიანად ჩამოცხა ოლიკოში. იმდენად გაუქრა ყოველგვარი მოლოდინის იმედები.
  - ჰო. თავს დავდებ, შენც გყავს ვინმე თბილისში. - რატომღაც არ გაუკვირდა კითხვა. მშვიდად იყო.
  - ჰო. - თვალები დახარა. იხტიბარს არ იტეხდა.
  - რა ჰქვია? - ძალიან უსინდისოდ ჰკითხა.
  - გიორგი. - ოლიკომაც თავხედურად უპასუხა.
  - გიორგი?! გიორგი!!! - გაიმეორა. ტუჩებზე შეხედა.მზერამ დასწვა. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებას. წინ მთელი საღამო იყო.
  - მითხარი, აქ რატომ ვართ? - სულსწრაფობა მოერია ოლიკოს.
  - უბრალოდ, გუშინ ისე გამიხარდა შენი სახის დანახვა... - მოეჩვენა, რომ სიტყვა აღარ დაამთავრა. ოლიკომ არაფერი უპასუხა. გაუღიმა.
  ცოტა ხნით აღარფერი უითქვამთ.
  - შენს შეყვარებულს მოუყვები ჩემზე? - ამ კითხვამ ერთიანად დააბნია კიდეც და გააბრაზა ოლიკო. ამიტომაც შეუბრუნა.
  - შენ მოუყვები ჩემზე?
  - არ ვიცი. - გამოხედვა ეშმაკური ჰქონდა.
  - რატომ? - გაჯიუტდა.
  - ხომ გითხარი. ახლა პრობლემები გვაქვს. დილით თავის ნივთებს ალაგებდა სახლიდან რომ გამოვდიოდი. - გაეცინა სამუელს.
  - მე რაც შემეხება, ჯერ კიდევ 3 დღე მაქვს გაფრენამდე. რამეს მოვიფიქრებ. - ოლიკომაც გაუცინა.
ამ დროს იგივე მიმტანი მიუახლოვდათ და იგივე კითხვა დაუსვა. სამუელმა ყავა და პორტუგალიური ანანასის ეკლერი შეუკვეთა. მიმტანი წავიდა თუ არა, ოლიკოს ჰკითხა:
  - არ გინდა შენს ენაზე რამე მითხრა? მნიშვნელობა არ აქვს. მაინტერესებს როგორ ჟღერს.
  - ჰო, ნება მომეცი დავფიქრდე.. - დროს სპეციალურად წელავდა. ის ისევ ტუჩებზე ურებდა და ისეთი, ისეთი შავი და ბრჭყვრიალა თვალები ჰქონდა. შეიჭრა მასში. ოლიკოს შეეძლო ნებისმიერი რამ ეთქვა და შემდეგ სულ სხვანაირად გადაეთარგმნა. მაინც ვერაფერს გაიგებდა. არც კი იცოდა როგორ ჩაეტია სიტყვებში ის ყველაფერი, რასაც გრძნობდა, ოლიკოს წუთიერი ყოფნა. წამი საუკუნედ მოეჩვენა. სამყაროს ცენტრი სამუელში იყო გადასული, რომლის სადავეებიც ეპყრა.
  - ერმ.. ასე არასდროს მდომებია შენი დაკარგვა, როგორც ამ ადრიანი გაზაფხულის მსგავს შემოდგომას.. - ფრთხილად შეწყვიტა ბგერები და შეხედა. რეაქციას ელოდებოდა.
  - ლამაზია. რას ნიშნავს?
  - ვერ გეტყვი. – სულაც არ იყო დაბნეული, მშვენივრადაც იცოდა რას უპასუხებდა.
  - რატომ? სიყვარულს შეეხება? - სამუელი შემპარავი იყო ხმაშიც და მზერებშიც.
  - არა, არა, სულაც არა. ღმერთო ჩემო! - თავის ქნევას მოჰყვა.
  - ვხუმრობ. - გაიცინა.
  - რა თქმა უნდა. - ოლიკოსაც გაეცინა. გაუხარდა, ბედნიერი იყო, მის ყველა ნაწილს უხაროდა აქ, მასთან ყოფნა. თვალები დაიწვრილა და ისე შეხედა. მერე არ უპასუხია. თავი ჩაიღო და შეკვეთილის ჭამას შეუდგა. ოლიკომ ცხელი ყავის ყლუპი მოსვა და თან ჩააყოლა დროის დაკვირვებები, სხეულისა და სულის ანატომიები. აცოცხლებდა თუ კლავდა?! მისი ყურება ავსებდა, ისიც ისეთი სრულყოფილი იყო, ასაფრენად მზა. ოლიკო თავის თავს უმეორებდა: ”შენ ბედნიერი ხარ. ბედ-ნი-ერ- ხარ ...”
  უბრალოდ სიამოვნებდა სიახლოვე და გრძნობდა რამდენად აუცილებელი იყო ეს მითვის. ასეთი რამ ხომ ჯერ არც დამართნოდა?! არც უფიქრია მსგავს რამეზე და ალბათ სინანულის გრძნობაც არასდროს დასტანჯავდა.
  სამუელიც ბედნიერი იყო აქ, მის წინ რომ იჯდა. ხოლო იქ, თბილისში, ერთი ბიჭი, გიორგი, ყველაზე მეტად ელოდებოდა ოლიკოს დაბრუნებას:
 ” - მომეწყინა, მაგრად თან. უშენოდ.
  - მალე ჩემოვალ. - ამშვიდებდა და თავს ზედაპირულობას ატყობდა.
  - მომენატრე.
  - მეც.
  - სულ ჩვენ შეხვედრაზე ვფიქრობ, როგორ იქნება.
  - აეროპორტში არ დამხვდე.
  - კარგი. - ძალიან თბილი და მზრუნველი იყო. - რამე გჭირს? რაღაც ისე ვერ მელაპარაკები.
  - ხო, დავიღალე. თან მგონი ცოტა მეც მოვიწყინე. - ატყუებდა. უსინდისოდ კარგად ატყუებდა.
  - მოგენატრე?
  - ხო. - და სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი. ”
სამუელი კი, ისეთი რეალური იყო იმ მომენტში. ახსენდებოდა ჰელენ კელერის სიტყვები, რომ ის რაც ძლიერ გიყვარს და გე-ლამაზ-ება, კი არ უნდა დაინახო, არამედ შეეხო და მთელი გულით შეიგრძნო. ჰოდა, ოლიკოსაც რაღაც უსახელო უნდოდა. ხედავდა როგორ ხარბად იჭერდა სამუელი მის ღიმილებს, მზერებს. არ იცოდა საით მიდიოდა, ან სად მიექანებოდა ყველაფერი.
მხრებში გაიშალა და მოდუნდა. ოლიკო დაწყნარდა და პულსიც ჩადგა. ელოდებოდა, რამე სერიოზულ თემაზე ისაუბრებდნენ, თუმცა ესეც ეკიდა, მთავარი იყო - ერთად იყვნენ. სამუელმა არაუხერხული სიჩუმე დაარღვია და ოლიკოს უთხრა :
  - დღეს დედაჩემი ჩამოდის ესპანეთიდან.
  - ძალიან კარგი.
  - აეროპორტში უნდა დავხვდე. ჯობია ახლავე გავიდეთ. - თავი გაუქნია. გამოვიდნენ. გაცილებაზე უარი უთხრა, რადგან მარტო გავლა და ფიქრით ტკბობა ერჩევნა. სამუელი უხმოდ და უძრავად იდგა ოლიკოს წინ. უბრალოდ უყურებდა თვალებში. ცდილობდა ამ ბრჭყვრიალა თვალების ”გეგმები” ამოეკითხა და გაეშიფრა. არცერთმა არ იცოდა რა უნდა ექნათ. არც მომენტის გაფუჭება უნდოდა რომელიმეს.
  - მადლობა, ყველაფრისთვის. – ოლიკომ ამოღერღა.
  - არაფერს. - მშრალად უპასუხა სამუელმაც.
ოლიკო ფეხის წვერზე აიწია და მარცხენა ლოყაზე აკოცა. სანამ უკან ჩამოიწეოდა და ისევ მიწას დაეყრდნობოდა, ბიჭმა ხელები ასწია და ლოყებზე მოხვია. თავი ოდნავ მარჯვნივ მიაბრუნებინა და ტუჩებში  აკოცა. მისი ხელები ოლიკომ რომ იგრძნო პირველად, მუცელში პეპლებმა ახალი სიცოცხლე მიიღეს და წამოიშალნენ, აფართქუნდნენ. უკვე იცოდა, წინ დიდი ზღვა ელოდა.. როცა აკოცა, არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ გრძნობდა. პეპლები კი, გაჩნდნენ ყველგან.
  კოცნის მომენტი ზუსტად 20 წამი გრძელდებოდა. ოლიკომ იგრძენო სამუელის რძისფერი ტუჩები და პირი, რომელსაც ანანასისა და პიტნის გემო ჰქონდა. თითქოს მთელი განვლილი 20 წელი ამ 20 წამს ელოდა, ამ 20 წამისათვის იცხოვრა. თითო წელი - თითო წამისთვის. სხვას ვეღარაფერს ატყობდა, ის აღარ იყო. რაღაც არარეალური ხდებოდა მის თავს. ხელები არ გაუშვია, ასე ყავდა ახლოს. ინსტიქტურად ხელი მხარზე დაადო.
   ბოლოს, როცა მათი ტუჩები ერთმანეთს მოშორდა, მის თვალებს შეხედა. სამუელმა მზერა ჯერ ისევ ტუჩებისკენ მიმართა, შემდეგ მანაც შეხედა. უფრო ამჩატებული ჩანდა. ოდნავ ხმამაღლა გაუცინეს ერთმანეთს და თვალები დახარეს. გრძნობდნენ როგორ ტივტივებდნენ ერთმანეთში. შემდეგ სამუელმა ამოთქვა:
  - მშვიდობით. - ერთმანეთს გასცდნენ. უკან შიშით ვერცერთი იხედებოდა.  ოლიკოს ეღიმებოდა, ეფიქრებოდა, ეგრძნობინებოდა. ისეთი ნამდვილი და მართალი იყო. ისევ იმ ანანასისა და პიტნის გემოს გრძნობდა. გრილ და მსუბუქ სურნელს, რომელიც მის თმას ჰქონდა.
  ოლიკო - ჩაფიქრებული იდიოტი, მიუყვებოდა განათებულ ქუჩას შეუმჩნეველივით. ისეთი დასრულებული იყო, რადგან მიიღო რასაც ელოდა, რაც უნდოდა და არაფერი ზედმეტი. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა. ამის მეტი ვეღარაფერი იქნებოდა. სწორედ ფიქრთა და მოვლენათა საოცარ ჰარმონიას გრძნობდა და ეს ისე ამჩატებდა, ისე ალაღებდა... ახლა ყველაზე ახლოს იყო მისი სახე და ნაკვთები. ისე მკვეთრი და ხელშესახები. იცოდა,  ის იყო ერთადერთი , რომელსაც არასდროს არ დაკარგავდა.
  იმ ღამეს კი, ყველაზე მისტიკური, ყველაზე ასტრალური და ნათელი მთვარე ამოვიდა ცაზე. სავსე, უცნაურად მოთეთრო-მოცისფრო შუქებით.


                                                                                           თბილისში ჩამოსვლიდან მე-3 დღე.


     ყველაფერი ან ასე მთავრდება, ან არანაირად სხვაგვარად. სიყვარულიც ხომ ერთგვარი დასასრულია, როცა იპოვნი შენს ადგილს.
  ზის ქართულ, მუქი ფერის კაფეში ოლიკო გიორგის გვერდით.
  გიორგი კი, ისევ ისეთია. მარცხნივ უზის, მარცხენა ხელში სიგარეტი უჭირავს და ბოლო ღერს გარეთ აბოლებს. ოლიკო ცდილობს არსად „გაფრინდეს“. ბიჭი ნელა დააცურებს მარჯვენა ხელს სახის წინ:
  - ჰეი, ოლიკო, სად დაფრინავ? აქ მოდი... - უცინის. - ისე შენ ჰაერში ერთი ოროთახიანი ბინა გეყიდა, ცუდი არ იქნებოდა. - იცინის, ისე და გულში იხუტებს. გაბუტული ბავშვის სახეს იღებს. სიამოვნებს ეს ზრუნვა.
  - ასე მგონია უდროობის დრო დაგვიდგა, გიო. - თვალებით ახედა ოლიკომ გიორგის. - ჩვენ ორივეს. ნელ-ნელა ფეხს ვადგმევინებთ ამ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მერე უაზრო „ორსტროფიანი ლექსებით“ ვუტენით თავს, პირს, მოქცევებს. ხომ გესმის?
  - აი, მე კიდევ რომ გიყურებ, მგონია სადმე ხარ წასული და ეს მბოჭავს, მაკომპლექსებს, რადგან არ ვიცი, რა დროს მჭირდები. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? - და მარცხენა ლოყაზე კოცნის. ოლიკო თავს უქნევს უხმოდ.
  გარეთ დიდი ოკეანე იწყებს ღელვას. ერთ-ერთ ტალღას მართა და ლუკაც მოყვნენ. სიტუაცია უფრო თბება, მრავალფეროვნდება. ოლიკო მართასთან აბამს საუბარს, მაგრამ ფიქრით ჩარჩენილია ლიტერატურული კაფის №9 მაგიდასთან.
  ბიჭები ზოგად თემებზე მსჯელობენ, მერე ტექნიკის ნორმებსაც შეეხნენ. ოლიკომ დაინახა, როგორ დაწვდა გიორგი მის მობილურს. ჯერ მესიჯებში შევიდა და დარწმუნებული იყო გრძელ და უცნაურ ნომერთან გაგზავნილი და მისგან შემოსული უამრავი შეტყობინება ნახა. ღიმილი გაუკრთა ტუჩზე, როგორც მოტყუებულ ბავშვს. შემდეგ კონტაქტებში მისი სახელი მოძებნა, ხელი მოაბრუნა და ჰკითხა:
  - ეს ვინაა? - ოლიკო არ დაბნეულა, მძიმედ და ზლაზვნით გადაატრიალა თვალები. პასუხი ზუსტად იცოდა. აღარაფერს მალავდა.
  - არც არავინ. - ტელეფონი გამოართვა და „ის“ წაშალა.
  მერე ღიმილით ისევ მართას მიუბრუნდა. ფიქრში გართულმა უცებ ჰკითხა:
  - მართა, რა უნდა ქნა, თუ ორი ადამიანი ერთდროულად გიყვარს? - სერიოზული იყო, ისიც.
  - მეორესთან უნდა დარჩე. ჯონი დეპმა თქვა ასე. - მართამ წვენი მოსვა და ერთი შეხედვით გაშიფრა.
  - ვითომ რატომ?
  - იმიტომ, რომ პირველი რომ საკმარისად გყვარებოდა, მეორე არ შეგიყვარდებოდა. - ორაზროვნად გაუიღიმა. ოლიკოც დაცხრა. კარგად იცოდა რა მართალი იყო. ის ხომ ყველაზე ჭკვიანი, ქერა მართა იყო, რომელმაც ოდესღაც თქვა:
„I do not understand how fine people alive in this planet.“
...
თითქოს იქიდან ჩამოვარდა, რომლისკენაც ამდენი ხანი ისწრაფვოდა და ახლა დგას მათი მარტოობის მეასე წელი.
  რა მარტივია არა?! ცვალოს ცხოვრება. წაერთვა თითქმის საკუთარი თავი. ბოლოს იმდენი იძახა, სანამ ვარსკვლავები არ დაცვივდნენ. ოლიკომ კი ყველაფერი ფიქრად აქცია. გამოკეტა ქვეცნობიერის ციხეში!
  ვერავინ მოყვება ასეთ შეგრძნებებს უბრალო ამბებად...