Monday, March 27, 2017

სოლარიან

  ნოო . ნაწილი I

  სიტე და ვაკი სიამის ტყუპებივით იყვნენ, სანამ ერთი სინამდვილე არ გახდა, ხოლო მეორე - პარტნიორი. სიტეს უამრავი სახე ჰქონდა: თოვლის ქალის, მელიის, ენოტი ძაღლის, ზოგჯერ საოჯახო ნივთისაც. ზუსტად ისე, როგორც ნიღაბი. ის ძალიან ლამაზი იყო. მთელი სხეული ოქროსფერი მინდვრით ჰქონდა დაფარული. მის ფონზე ვაკი მწვანე ფიჭვის ხეს ჰგავდა, რომელიც სამოთხის ნიმფებმა საკუთარი ხელით აღმოაცენეს. მათი ყოფა ოთხ ბოძზე იდგა. უფარდოდ, უდეკორაციოდ. გაქვავებული სახეებით შესცქეროდნენ ერთმანეთს და ყოველდღიურად ინიშნავდნენ საერთო ჭიპლარის სანტიმეტრებს. 
ვაკი ხშირად ტიროდა. ძმობილი კი, ანუგეშებდა, რომ „აუმ, დიდება იემანჟას! ყველაფერი გაივლის!“ 
სიტე კალიგრაფიის ოსტატი იყო. ნარინჯისფერ კარავში ჯდებოდა ხოლმე და წიგნის თვეებს ხატავდა. ამ დროს ვაკი უფრო მეტად ეხვეოდა დიდების მახეში და ფლეიტისა და დოლის შეუწყობელ ხმაურს წარმოიდგენდა.
  ერთ ღამეს, როცა ცაზე განსაკუთრებულად მისტიკური მთვარე ამოვიდა, სიტე და ვაკი სიბნელეში თავიანთ შემქმნელებს შეხვდნენ. დასაწყისში, აბსურდულ სიშავეში ამოყვეს თავი. თითქოს ღიმილნარევი კლოუნის მოწყობილ ცოფში შეცურეს. ყორნისფერი არარაობა გრძელი, ტალღოვანი და სქელი აღმოჩნდა. შემდეგ, სიტემ იმარჯვა და კანისფერ ვიწრო ბილიკზე გავიდნენ. მოშიშვლებულ სუფთა დაფაზე იდგნენ. ირგვლივ კარგა ხანს აღარაფერი ჩანდა. სივრცე საკუთარ სინათლეს ირეკლავდა. ასე მიადგნენ სწორ წყალგამყოფ ქედს. მის მარჯვნივ ადამიანური ნაღვლისაგან გამწვანებული ტბა დახვდათ. უეცრად მოვარდნილი, მომეტებული წვიმისაგან კალაპოტს გადაცდენილი. გამჭვირვალე გველივით მიიკვლევდა გზას ქვედა ხრამისკენ. სიტეს მოეჩვენა, რომ წყლის ზოლი მის ყოფიერებასაც სერავდა. მარცხნივ - უშველებელი სიღრმის ქარვისფერი ვულკანი ელავდა. ვაკი ნელა მიხოხდა ღრმულთან და თავი შიგნით ჩაჰკიდა. სიცხეს კარგა ხანს გაუძლო. შემდეგ, ძმობილის ხმა მოესმა: „აუმ, არ აფეთქდეს. რა იცი რა გადმოხეთქავს შიგნიდან?!“ ხელის უაზრო ფათურით ჩაუყვნენ უსწორმასწორო კიბეს და გამხმარ ლავებს შორის აღმოცენებულ ბაღნარზე გავიდნენ. აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ყვავილები მათ სიცრუეზე მრავლდებოდნენ?! სიტე დაიხარა და ხაოიანი ენით ფრთხილად ალოკა ჟოლოსფერი ყვავილის ფურცლები. ფაფუკი თაფლის წვენი ჩაეღვარა პირში. სიტემ ვაკის მოხედა და მტკიცედ განუცხადა, რომ „აუმ, მსგავსად გაშლილი კონსტრუქცია და მასშტაბი აოცებს და აუთვალავებს. აქ მალე სივრცისა და ფუნქციის ტრანსფორმაციის კანონები გადაკვეთენ ერთმანეთს და საერთოდ, რა რიტორიკა და ავანგარდია ეს ზღვაში მოცურავე ქალაქი?!“ ვაკიმ სიბნელეს ისე შეხედა, თითქოს არქიტექტორთა და ურბანისტთა გაერთიანებული სული წამოადგათ თავს მთავარი ღმერთკაცივით.
  ამ დროს ბაღნარს მშვიდმა ნიავმა სუნთქვასავით გადაუარა და ყვავილები მლოცველის ხელებივით გადაიხარნენ მარჯვნიდან მარცხნივ. სიტემ და ვაკიმ გასავლელი გზის გაგრძელებას დაუწყეს ძებნა. ამ ყველაფერს ცუდი პირი უჩანდა. გადაწყვიტეს, რომ სიბნელის იქით პირდაპირ ნემსას მთა დაუხვდებოდათ. პარტნიორის ხელებში გაუგებრად აფრთხიალდა პატარა, ლურჯზოლა ჩიტი. მიტყუპებული მაჯები სიტეს გაუწოდა და თვალებიდან ცრემლები წასკდა. სიტემ ჩიტი ხელში აიყვანა და მის მკერდზე მიმაგრებული მეტალის მონეტა გადაატრიალა. მერცხალი დაჭრილივით ფრთხიალებდა და მოუხერხებელი მოძრაობით უსერავდა ხელისგულებს. სიბნელიდან ხმა მოისმა. სიტყვებს მათი შემქმნელები ამბობდნენ, თუმცა ამის შესახებ არც ერთმა არაფერი იცოდა. დაკარგულ დროში სულელი და მყიფე ხერხემალი გამოჩნდა. სამყარო იმ ატლასად იქცა, რომელიც სიტესა და ვაკის არასდროს ეკუთვნოდათ. ლუსკუმში ჩასხმულებივით შეეხუთათ სული. მიხვდნენ, ეს რბოლა ისევ მათი ძვლების სიმშვიდეს თუ მოემსახურებოდა. მხოლოდ ასე მიაგნებდნენ ადგილს, რომელიც თავშესაფარსა და სიმშვიდეს აჩუქებდა. საერთო ფენები გადაიქცეოდნენ შაქრის ლერწმებად. ყოველი შტოდან ახალი ხე აღმოცენდებოდა. მათი შვილები კი, მათივე განსახიერებები იქნებოდნენ. ეს იყო არეულობა, რომელიც მათ გავლილ გზაზე რჩებოდა.
  სიტე (სიახლოვე): „სრული სიბნელისა და სინათლის გავლით ვუახლოვდებით დანიშნულების ადგილს. ვაკის აჩრდილებისა და ტყუილების ნიღაბი ჩამოუფხატავს. შინაგანი სიბნელე ჩემს კანს ცხელი შხაპივით უხდება. ჩვენი სიცოცხლის ომს კი, ვერც ერთი ვერ ვიგებთ. დაკარგული ნაწილების ბრძოლაში გამოვიმუშავე გამოუთქმელი ტანჯვისაგან გამორეცხილი გონება. თუმცა, როგორც კი ვაკის სიმართლე გამოაშკარავდება, ვინატრებ, ეს მომენტი არასდროს მეცხოვრა.“
  ვაკი (სიშორე): „დისტანციები საყვარელ ადამიანთან, ნამდვილ მესთან. ოცნების მნიშვნელობების სიშორე. ჩვენი სახლი სადღაც სამხრეთში დარჩა. სიტეს წინ ვდგავარ, მაგრამ მგონია სულაც მარტო ვარ. ნუთუ ბევრს ვითხოვ?! თავისუფლებაც ისე შორსაა. თითქოს წარსულის ხშირი სტუმარი ვიყო. მომავალი კი, - მიუწვდომელი და ბუნდოვანია. ვინმე ხელს მაგრად რომ ჩაგვჭიდებდეს, ამ სიბნელიდანაც გამოვალთ და ახალ იმედსაც ვიპოვნით. ძველებურად ვივლით გვერდიგვერდ. აღარც საიდუმლო სამარხები იარსებებს. ალბათ, მხოლოდ ასე თუ ვიპოვნით ტკივილისაგან თავშესაფარს.“
  თუკი ადამიანები დაბადებამდე არ იყოფიან და ერთი მთლიანები არიან. თუკი არ არსებობს სქესი და არსებობს მხოლოდ უსასრულობა (წრე). თუკი დაბადებაა მიზეზი, რატომაც სული ორ არათანაბარ ნაწილად ტყდება და შემდეგ მოუშუშებელ იარად გარდაიქმნება, მაშინ სწორედ ასე დაიბადა ერთი სული ორ სხეულში. სიმძიმემ საერთო ჭიპლარი ორ არათანაბარ ნაწილად გაწყვიტა. სიტეს დაუსრულებელი ღამეები ერგო წილად, ვაკის - საცოდავი დილები. დაივიწყეს ნარინჯისფერი კარავი და ისლანდიური მუსიკის ჰანგები.
  სიტემ ოქროს მინდვრები ფეხით გადასერა. რამდენიმე მეტრის დისტანციებში შესაძლო ბომბები ფეთქდებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ქარვის ღრმულში. თავისუფალი და ლაღი მირბოდა. სახეს სინათლის დინებას უშვერდა  და ალუბლის ხეებში იკვლევდა გზას. თითქოს სამყაროს ემალებოდა და არ სწამდა ოქროს ხანის დასასრულის. ვაკი თოვლში ცეკვავდა. ხელებგაშლილი, თვალდახუჭული. გაყინული წყლის წვეთებს, ქარის ქროლვას გრძნობდა. არა, არ სჯეროდა, რომ ეს სინათლე ოდესმე დატოვებდა. არც მას სურდა ოქროს ხანის დასასრული. ზარის ხმას უგდებდა ყურს. ის განუწყვეტლივ რეკავდა, როგორც გადაჭრილი კარების ზღურბლის ჭრიალი. ოცნებობდა დილით მონატრებულ მზეზე, ქუჩაში მოწყობილ სათამაშო მოედნებზე. ძილის კუნძულის ნეტარება ეზმანებოდა და ავიწყდებოდა ამდენი „ომი“. აღარავის სიტყვებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, გარდა თავისუფლებისა.
  როცა ოქროს ხანა მართლა დასრულდა, თითქოს ენერგიის წყარო შეივსო და საყვირების ხმა გაისმა. ყველაფერი ამაღლდა, გაორმაგდა. სიტე ნავში ჩაჯდა და სანამ ნიჩბებს მოიმარჯვებდა, ვიღაცამ დასარტყამ საკრავს შემოჰკრა. მის ნავში სადღაციდან ვაკი გაჩნდა. საერთო ჭიპლარის ხვეულა აზიდეს და შუაში ისე ჩაჩურთეს, როგორც სამყაროს თვალ-ყურისაგან გადასამალი სამხილი. ერთმანეთის სიმძიმე მხრებზე დააწვათ. წყალი ძალიან სუფთა და მომწვანო იყო. ნავმა გაცურა და ნელი ტალღები გააჩინა. უხმოდ უსვამდა სიტე ნიჩბებს. ვაკიც უხმოდ უყურებდა დაკუნთული მკლავების მუშაობას. თეთრ ფარდებიან ქოხს ჩაუარეს. ქოხის სახურავი მლოცველის ხელებივით გადახრილიყო მარჯვნიდან მარცხნივ. როიალის ხმა მოისმა. ისეთი მსუბუქი, როგორც სურნელოვანი სპირტის ანაქროლი. ამასობაში ჩიტებიც ამღერდნენ. ერთისთვის ზაფხული იყო, მეორისათვის - ზამთარი. ქოხის თავზე დამაგრებულ მიმართულების ისარს სიო აქანავებდა. მისი ჭრიალი ადამიანობასავით იჭრებოდა სივცეში. სათამაშო მოედანს მიუახლოვდნენ, სადაც ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ეს ხმები მხოლოდ დამატება იყო, კლავიშები; ვიოლინო. დანარჩენი ყველაფერი ერთობაში შთაინთქა. სიტეც ამ ერთობას მიაშტერდა გაუგებარი მზერით, უფიქრო თავით. აზრზე საბეჭდი მანქანის ხმამ მოიყვანა. წარმოიდგინა, როგორ უზის მაგიდას ვინმე მწერალი. პირში სიგარეტგარჭობილი და როგორ ეყრება ფერფლი ახლად გამოყვანილ ასოებს. მწერალს მარჯვენა მხარზე თეთრი მაისური აქვს გადაღეღილი და დროდადრო, შუბლზე ჩამოყრილ თმას ნერვიული ხელით უკან იწევს. წყლის ხმა იკარგება. ვიოლინო ზოგჯერ პოზიციებს თმობს. ვაკი წმინდა ნერვებს უკან იყრის. მისი რხევა ზანზალაკებს ჰგავს. სიტესათვის ეს ნამდვილი ჯადოსნობაა. უნდა, რომ მუსიკამ მოუმატოს. სიცხესავით ავარდეს ბოლო გრადუსზე. ან დაბმული ძაღლები გამოცვივდნენ და ნაპირიდან ყეფა დაიყწონ. ის კი, მაინც მშვიდად გააგრძელებს ნიჩბების სმას. მუსიკა და ძაღლების ყეფა ყურებზე საცობებივით გადაეკვრებიან და ვაკის წკრიალი უყურადღებოდ დარჩება. ქარი უმატებს, რადგან ოქროს ხანის დასასრულია და ციცინათელები იწყებენ გამოჩენას. სიტე თვალებს ხუჭავს. ახსენდება, რომ შესაძლოა ახლა ვაკის წინ მჯდარიყო ნარინჯისფერ კარავში. ვაკი ისლანდიურ, ურითმო მუსიკას დაუკრავდა ცრემლიანი თვალებით. ერთმანეთს სიცოცხლეს უსაჩუქრებდნენ. ახლა კი, ვაკი ჯიუტად არ აშორებს დაკუნთული მკლავების მუშაობას თვალს. ამას თან ერთვება ჯოხების წკაპუნი, რომელიც პინცეტები ხმას უფრო ჰგავს. თითქოს მზე ახლოვდება. სულ ცოტაც და მთლად დაადნობს მათ შორის არსებულ ხილულ ძაფს. სინათლე აბრმავებთ. ქარვისფერი შუქი აქრობს ყორნისფერ ნერვებს. დასარტყამი საკრავების ხმა მონოტონური და ხანგრძლივი ხდება. ეს აღარაა მათი სამყარო. შორს კრუიზში წასული გემების სიგნალი ისმის. ხიფათისა და ხაფანგის სუნი ტრიალებს ჰაერში. აღარაფრის ფონზე, პირველი შემთხვევაა, როცა ორივეს უნდა, მათ შორის არსებული ყოველი ხიდი გადაუწველი დარჩეს. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ასე იყო შემქმნელის აპარტამენტებში შეცურვის ბოლო მომენტამდე, სანამ ნემსას მთა გამოჩნდებოდა.
  ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა მიხვდნენ - მოგონებები უფრო ძვირფასია, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმები. სინათლეში სიტე და ვაკი შემქმნელებს შეხვდნენ. ირგვლივ სრული დაბრმავების წამი იდგა. ეგონათ, სადაცაა ფეხი დაუცდებოდათ და უფსკრულში გადაეშვებოდნენ. არადა, კიდევ უფრო სწვავდათ სითეთრე. საერთო შინაგანი ხმა ანცად ხტოდა და ბრმის როლის სათამაშოდ იწვევდათ. ნამდვილ დაბნელებამდე ორი გამოსახულება დაინახეს. 
  ხელში მონეტაჩაბღუჯული ბიჭი, რომელიც სარეველებში იპოვნეს. ბოლო სიჩქარეზე დაყენებულმა მექანიზმმა გაუბედავ მოსახვევში წკიპურტი ჰკრა და იმ წამს შემქმნელებმა სამყაროს წრე დატოვეს. წამყვანი ჟურნალების გვერდებსა და ტყვიებზე დაბეჭდეს დაბადების ამბები.
  ჩიტიანი გოგონას თოვლში პოვნისას, აფრიალდა მისი თეთრი კაბა. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ შემქმნელებმა მისი თვალები მხოლოდ დაბადების ტირილისათვის შექმნეს. ბიჭი ფეხზე წამოდგა და მონეტა ჯიბეში ჩაიტენა. მბორგავ ზღვას შეჰფიცა, რომ შემოივლიდა მთელ სამყაროს, გაივლიდა ყოველი ადამიანის გატკეპნილ გზას. მაგრამ იმ თვალებს მაინც იპოვნის, რომელშიც მასში დაწყებული მთელი ეს ამბავი მთავრდება.

Monday, June 30, 2014

განცხადება #911.0

  გაზეთი XX
  რუბრიკა : დაკარგულები
  რედაქტორი და რუბრიკის ხელმძღვანელი: გ.ს.ტ
  
  გაზეთში პირველად ვწერ და ვღელავ. ხელები მიკანკალებს. თუმცა დარწმუნებული არც ვარ რომ ეს ჩემი პირველი განცხადებაა. იქნებ აქამდეც არაერთხელ მიმიმართავს ვინმესთვის, ანონიმურად მაინც. სამწუხაროდ არ ვიცი, არ მახსოვს. ახლაც ამიტომ ვწერ. ჩემს დაკარგულ მეხსიერებას ვეძებ. ნახევარ წელზე მეტია უშედეგოდ ვწვალობ, წელებზე ფეხს ვიდგამ. თავს ვაძალებ. მაინც იძულებული გავხდი, საჯაროდ განვაცხადო.
  ვიცი, რომ ძალიან გასაკვირია. ფაქტი პირდაპირ მიუნიშნებს ჩემს წინდაუხედაობას, მაგრამ ჩვენს დროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია?! ტვინის უკანასკნელი კუნჭულით მახსოვს, რომ გუშინ ჩემმა მეზობელმა საკუთარი ნერვები გამოსდო ქუჩის კუთხესთან მდგომი საკიდის ხვეულას. ერთ წამში დაცვივდა თმა. რავიცი, იქნებ მეზობელი არც იყო.
  ჩემი მეხსიერება, სავარაუდოდ, ჭრელი უნდა იყოს. პირველი დანახვისთანავე მიხვდება კაცი, რომ მონატრება და სევდა სჭარბობს. ექიმები ამბობენ, არც ამნეზიაა და არც სკლეროზი. სავარაუდოდ, გადატვირთვაა. ან - არა. ზუსტად არ მახსოვს სად გამომეყო და დამშორდა, მაგრამ თვალებით მახსოვს სიმწვანე, სიმაღლე და ეშმაკის ბორბალი. სხვებისთვის ალბათ უცნობი და საშიში ფენომენია. არავისთვის მოუტანია სიკეთე. არც ჩემთვის. ამიტომაც ვჩქარობ, ვიპოვნო. მაინც მიჩვეული და შეგუებული მყავს. ნანახი და ღრმად ჩაბეჭდილი აქვს მკვდარი კატა და მთელი მუჭა დამწვარი ჭიამაიები. მუდამ მოლოდინის რეჟიმშია. ბოლო სიჩქარეზე დაყენებული მექანიზმივით ელის რაღაცას. თან რომ არც იღლება?! - სასაცილოა პირდაპირ. ოთხივე კუთხით კედლები აქვს შემოსაზღვრული. ეს ზუსტად მახსოვს, მე და მან ერთად შევქმენით. ჩვენი ერთგვარი გარიგებაა. მე მას (მოგონებებს) ვიცავ, ის - აღარ მრავლდება.
 მინასავითაა. სწრაფად იმსხვრევა, მაგრამ მისი ნამსხვრევები ბასრია და ღრმად შიგნით ჭრის. დამიჯერეთ, ვერაფერში წაგადგებათ მისი თქვენთან დატოვება. ზოგადსაკაცობრიო, მეცნიერულ ან ტექნოლოგიურ ცოდნას სულაც არ შეიცავს საკმარის დონეზე. პიროვნულია. მით უმეტეს, არც ჩემი პერსონაა დიდად საინტერესო. მხოლოდ ბლომად მხატვრული პროზის წიგნების, ამოჩემებული სიმღერის ტექსტების მარაგს ინახავს. (სულაც არ მინდა ყოველმა მეორე მპოვნელმა გამშიფროს).
  მასში ყველაზე მეტი, დავიწყების შიშია. ალბათ ეს ლოგიკურიცაა. ეშინია, რომ დაივიწყებს და ვეღარასდროს დაიბრუნებს ბავშვობის შავ-ნათელ ანარეკლებს. დაივიწყებს ყველა ამხდარ წინასწარმეტყველებას და ნაჭუჭივით ცარიელი გახდება. ბევრჯერ დაუმალავს (როცა საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი), რომ გასული დღეების, თვეების, წლების სანაცვლოდ გრანდიოზული შურისძიება სწყუროდა. არა, ასეთი ბოროტიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური შესაძლებლობა ჰქონდა დაეკმაყოფილებინა სურვილები. ჩემს მეხსიერებას საოცრებათა ქვეყანაც შეიძლება ეწოდოს. ერთი შეხედვით, რომ გიზიდავს. ჰიპნოზით გაბამს. სინამდვილეში, ტყუილების, იმედგაცრუებების, დამსხვრეული პირობების, მონატრებების, უპასუხო სიყვარულის და დაკლებული სითბოს მორიგი სერიაა. ჰო, ცოტა მოსაბეზრებელიც. ამდენი გადატანილის შემდეგ დეფორმაციას კიდევ განიცდის.
  ადრე რომ დამეკარგა სასწრაფო წესით მოვძებნიდი სხვა ადამიანებისა და მის გამო. ჩვევა ჰქონდა: როგორც კი ახალ ორგანიზმს იგრძნობდა, წამში შემოახვევდა მარწუხებს. ისე ეკვროდა, როგორც ტკიპა და კარგად დამუშავებული ხრიკებით იმორჩილებდა. ცბიერიც იყო. ათგზის ნაცადი ფოლადივით ტყუილები ჰქონდა გამზადებული. სწორედ ჩვენმა შეცდომებმა დაგვიტოვეს საუკეთესო მოგონებებიც. მე რომ მეტი სიფრთხილე და გონიერება გამომეჩინა, სულ არ დავკარგავდი „თავს“, „მეორე მეს“, „მრავალგზის ეგოს“, „პარტნიორს კრიმინალში“. ახლა გახურებულ მუშაობაში ვიქნებოდით. არც თქვენ მოგაწყენდით თავს ამდენი ვედრებით და წუწუნით.
  ...მაგრამ ახლა მის გამო აღარ ვეძებ ასე გამწარებული. აღარ აქვს იმდენი ბრძოლის ძალა. ახლა ჩემს გამო ვეძებ. მის გარეშე არაფერი ვარ. ფუტურო, როგორც უბავშვო სახლი. უკაცო სოფელი. უყვავილო მდელო. უმზეო ცა და უვარსკვლავო ღამე. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი ჩვენს ადამიანურ დამოკიდებულებას მეხსიერებისადმი. იქნებ ამასობაში ჩემი სიტყვათა მარაგიც იკლებს?! დრო გადის და უფრო მშორდება. აი, რაღაც ისე რომ არა გაქვს. მოგონებები ამქვეყნად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ ისინი არ გაქვს, - არაფერი გაქვს, არავინ ხარ.
...
  გთხოვთ, სადმე მსგავსი აღწერილობისა და ნიშნების უცნაურ სხეულს თუ წააწყდებით, შემატყობინოთ. მწვანე სახლში ვცხოვრობ რკინიგზასთან. თუმცა სადგურის სახელი და ნომერი არ მახსოვს. ისევ ამავე გაზეთის რედაქციით მოძებნა სჯობს. გახსოვდეთ, რომ მეჩქარება და ყოველი წამი გადამწყვეტია ჩემთვის. იმისათვის, რომ ჩემი ინდივიდი (იდენტობა) სულ არ წაიშალოს.

დიდი მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
ა.რ.ა

ვ.ი.ნ

Monday, April 21, 2014

მაგრად მოხარშული საოცრებათა ქვეყანა

  ასე მგონია ათასწლოვანი ვარ.
  X-Y თაობა. დაბადებული მიღების და გაცემის საუკუნეში, სადაც ჯერ კიდევ ვერ შველიან კიბოს. ჩვენ ყველა გლობალურ თაობას გვეძახის. ცნობილი ვართ განსაკუთრებული უფლებებით და ნარცისიზმით. ზოგი ამბობს ამის მიზეზი, ჩვენი პირველობაა, სადაც ყველა ბავშვი იღებს თავის ნადავლს მხოლოდ იმიტომ, რომ მაგარი გამოჩნდეს. დანარჩენები ფიქრობენ, ამის მიზეზი სოციალური მედიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ აზრი უახლოეს მომავალზე, ან მთელი ქვეყნის დასანახად გამოვფინოთ ყოველი სენდვიჩის სურათი, რომელსაც ვჭამთ. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ცალმხრივი საზღვრის შტრიხია. გაშეშება და გაშიშვლება სამყაროს წინაშე. გულგრილი ტანჯვა.
  ვიცი. ყველა გზა ვცადე, რომ არაფერი მეგრძნო. წამლები, სასმელი. ტკივილის გასაქრობად. მინდოდა წამეშალა ყველა კვალი, რომელიც ჩემში ოდესმე დატოვეს. მინდოდა გამექრო ყველა, ვინც მიყვარდა და მივიღე მეგობრად, მათ კი არაფრად ჩამთვალეს. ჯანდაბა!!! მახსოვს როგორ გავხდი სკოლაში ჯგუფური დაცინვის, შეურაცხყოფის მსხვერპლი. ორი დღის შემდეგ კი, უკან დავბრუნდი. ისევ იმ კლასში, იმ ხალხთან, თითქოს არასდროს არაფერი მომხდარა. წესით, ჯოჯოხეთურად უნდა მტკენოდა, არა?! ხალხის უმეტესობა ვერ ეგუება ასეთ რაღაცებს. მე ჩემს თავს ვუთხარი: „მიდი, ცოტა ცივი ლიმონათი დალიე!!!“
  ყველაფერს დავთმობ რაც მაქვს, ან რაც შესაძლოა მქონდეს, რომ ისევ ვიგრძნო ტკივილი. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს შედარებები. სიკვდილის უპირატესობა იმაშია, რომ აღარ გჭირდება გამაფრთხილებელი იარლიყებისთვის ოფლის ღვრა. მერე სადღაც იმ ყავისფერ სითხეს მივაგენი, რომელსაც წამით მაინც უნდა შეეწყვიტა ყურში განუწყვეტელი ხმაური. ვფიქრობ, ეს ფსიქოსომატურია, რადგან ჩამომეწმინდა შერჩენილი ნაწილები. თავსაც აღარ ვგრძნობდი ისე საზიზღრად. ყველაფერი ვცადე: თვალები, ფრთები, სანამ ისეთ რაღაცას არ მივაგენი, რამაც მერლინ მენსონის შესახედაობა გამიქრო. ასე გაიწმინდა ყველაფერი. თავს ცუდად აღარ ვგრძნობ. საერთოდ აღარაფერს აღარ ვგრძნობ.
  ჩვენ გვგონია ტკივილი ყველაზე საშინელი შეგრძნებაა. პირიქით. რა შეიძლება იყოს იმაზე ცუდი ვიდრე ეს დაუსრულებელი სიჩუმე ჩემში. კვირეების მანძილზე არ ვჭამდი, ან ვჭამდი გიჟივით. მერე პერიოდული ბულიმიკივით დავრბოდი წინ და უკან. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა დღე-ღამეში რამდენჯერ ვქეიფობ. მაინც ვეღარაფრით ვავსებ ამ ორმოს ჩემში. ყოველგვარი განსხვავებულობაც ხომ საერთო ძმობისათვის სახეში შეფურთხების ტოლფასია. აქ ასეა. ჩემთვისაც და ყველა ჩემნაირისთვისაც. მეტი აღარ შემიძლია. მგონი ვგიჟდები. რამე უნდა ვიღონო.
***
  მამა პატარა დრაკონს მეძახდა, რადგან ენერგიების უწყვეტი წყარო მქონდა. ძალიან მოძრავი ვიყავი. ჩვილის ჩვრების შემდეგ, ნამდვილი ტანსაცმელი მან ჩამაცვა. 3 წლამდე ჭერში ვყავდი გამოკიდებული პირსახოცით. საშინელი ტირილები მქონდა. უმიზეზო და ხმამაღალი. 3 წლის რომ გავხდი, ტირილი და მაგიდის გარშემო უაზრო სიარული შევწყვიტე და ხატვა დავიწყე. ამას მივუძღვენი მთელი ცხოვრებაც.
  13 წლის დაბადების დღეზე, როცა მე და მამა სამზარეულოში ვისხედით თეთრ სკამებზე, ის ეწეოდა და მე მაცივარზე აყუდებულ მესხურ ლავაშებს მივშტერებოდი, უცებ მითხრა, რომ თუკი ოდესმე საყვარელი საქმით ფულის შოვნას დავიწყებ, ის აღარასდროს იქნება საყვარელი საქმე. მერე თავზე ხელი გადამისვა და დამტოვა გაუგებრობით სავსე ოთახში. იმ წამს ვიფიქრე, რომ ძალით ვუყვარდი და არ უნდოდა ჩემი ბედნიერება. იმ კონკრეტულ წამამდე მეგონა, ოცნებები ხდება და გონებაზე ყოველთვის იმარჯვებს გული.
  6 თვის შემდეგ, მამამ მიგვატოვა. ვინ ტოვებს შვილებს 13 წლის ასაკში?! როცა თითქმის უკვე „გაზრდილი და ჩამოყალიბებული ხარ“. (არადა, მომდევნო პერიოდები უფრო გჭრდება). მატარებელში ავიდა. უკანაც გამოგვხედა მე და დედას რომ ვაცილებდით და ვსო. თვალით აღარ მინახავს. გვიან, როცა დედამ ეს ამბავი გააანალიზა, პანიკური შოკი დაეწყო. რატომღაც შეუყვარდა სმა, ყვირილი. თვალებში სიგიჟის სინათლე ჩაუდგა. აღარავინ და არაფერი უნდოდა. იმ პერიოდში მეც დედასავით მარტოდ დავრჩი. არ ვიცი, არაფერს ვგრძნობდი. ჩემს უფროს ძმას ოჯახი ყავდა და შედარებით ნაკლებად შეეხო ამ თემას. მან იდეალურ ოჯახში გამოილია 13 და მომდევნო წლებიც. გადმოცემებით ვიცი, როგორ დაჰყავდა მამას მთებში ექსკურსიებზე და უკან დაბრუნებულებს როგორ ახვედრებდა დედა თავისი ხელით გამომცხვარ ჩიტის რძეებს.
  წლები გავიდა. თავისით და ერთფეროვნად. მივეჩვიე ყველაფრის იდეალურად კეთებას, იდეალურად ფიქრს და საუბარს. გრძნობით - არაფერს. არ ვიცი რატომ. 16 წლის ვიყავი, როცა პირველად და რეალურად აღვიქვი - გოგო ვარ. გრძელი თმით, ცისფერი თვალებით და მოკლე თითებით. უკანასკნელ 1 წელში ორი სკოლა გამოვიცვალე. რამდენი შემოთავაზებაც მივიღე გადასვლაზე, იმდენს დავთანხმდი. არსად ყოფილა ადვილი. არსად შემმსუბუქებია ყოფნა. 17 წლისამ უნივერსიტეტში ჩავაბარე და შედარებით მეტი თავისუფლება ვიგრძენი. გარკვეულ ჩარჩოებს გავცდი და უმრავლესობა კომპლექსი დავძლიე. სხვა ყველაფერი იგივე დარჩა.
  წასვლიდან 7 წლის შემდეგ მამაც დაბრუნდა. ყველას გაუხარდა. იგივე მატარებლის სადგურში დავხვდით. დედა სიხარულისაგან პირს ვერ ხურავდა. მარტო მე ვიყავი გაუგებრობაში. ვიცოდი, რომ მისი ყოფნა არაფერს შემიცვლიდა. მივეჩვიე უმისობას. დროთა განმავლობაში ამაშიც დავრწმუნდი. გამუდმებით ვჩხუბობდით, ვკამათობდით. სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი , რომ მისი უსიყვარულობა ცალმხრივი სულაც არ იყო.
  ამ გამორკვევებმა საბოლოოდ მაქცია იმ ორგანიზმად, რომელიც სინამდვილეში მექანიზმი უფროა. შეგრძნების ნული დონე, მეტი ირონია და სითავხედე. სხვაგვარი ყოფა არც ისე კარგია. უფრო მეტიც. ეს ერთგვარი შიშის, ამბიციების, ღალატის, სისუსტის და ცბიერების კისტაა, რომელიც იწვევს ძრწოლას. ეს უკანასკნელი ყველაზე ცუდია. ძრწოლა - შოკია. სრული დაბრმავების წამი. მას სილამაზის ნატამალიც არ ახლავს. ასეთ დროს მოსალოდნელი უცნობი მოვლენისგან მომდინარე მკვეთრი განათების გარდა არაფერი ჩანს. ნაღველი პირიქით, - მოსალოდნელის ცოდნას გულისხმობს. ძრწოლის სინათლეც კარგავს სიმკვეთრეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ არა ვარ ვალდებული გავმრავლდე. ეს ერთპიროვნული მთავარი რწმენის გადამღერებაა და არ გულისხმობს ყოფის უპირობოდ მიღებას. (ყველა გაგებით!!!)

  ერთადერთი, რაც ჩემში ემოციას იწვევს, ჩემი სიზმარია. როცა მომავალ ცხოვრებაში ატამი ვიქნები. ასეთი რამეების მჯერა. მჯერა, რომ ყველაზე მწიფე და წვნიანი ატამი ვიქნები. ხის კენწეროში, მოსაწყვეტად ძნელი. ვიბზრიალებ ჩემს ყუნწზე, სანამ ზედმეტი სიმწიფისგან არ დავლპები. ცაში ვარსკვლავებს დავთვლი და მეზობელი სახლიდან გამომავალ ბლუზს მოვუსმენ.

Thursday, April 18, 2013

Toodaloo


  ასე იყო ეს ამბავი: პირველ დღეს ყვითელი ფურცელი მეკავა ხელში, რომელზეც ეწერა რიგითი კერძო არქიტექტურული ფირმის მისამართი, დამკვეთი – საქართველოში არსებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  გერმანული ფილიალი, WWF და გაბედულად მივუყვებოდი კიბეს. იმ მომენტში მარტო ის აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი ჰონორარის სისქე. ამ თანხით შემეძლო მეყიდა პლეხანოვზე, მაღაზიაში ნანახი „ოქროს ქოშები“, თეთრი iPhone, თუ ჭკუა მეყოფოდა – გადამეხადა სწავლის საფასური და წვრილ–წვრილი ქველმოქმედებაც ჩამეტარებინა. მომემადლიერებინა გარშემომყოფთა უმანკო გულები.
  მოკლედ, „LD Union”–ის კართან შევჩერდი და ზარი ორჯერ დავრეკე. კარი მაშინვე გამიღეს და მეც სახე გამინათდა. უბადრუკებს რომ განეღებათ ხოლმე.
  შევედი ყოვლად ჩვეულებრივ 3–ოთახიან ბინაში. საძინებლებში მოწყობილი კაბინეტებიდან ჩამქვრალი მონიტორები მიმზერდნენ. თითქოს ყბა დაეღოთ. მისაღებში, გრძელ მაგიდასთან, გაბურძგნული და მსუქანი კაცი, კონსერვატიულ ქალთან ერთად იქექებოდა ფურცლებში. არც ერთს არ შემოუხედავს.
–ჩემზე დარეკეს. – დავიწყე გაბედულად. კაცმა სიგარეტს გაუკიდა და წამოიწია. ღიპმა ხელი რომ შეუშალა, გადაწყვიტა აღარ მომახლოვებოდა და ხელი შორიდან გამომიწოდა.
–დიახ, დიახ. ნიკამ დარეკა. – მითხრა შემდგომში ალეკოდ გაცნობილმა სანტამ. ნიკა ჩემი შეყვარებული იყო, მე კი – მისი წარგზავნილი მისიონერი, თუმცა ამის შესახებ (ჯერ ) არავინ იცოდა.
 –გთხოვთ დაბრძანდით. – ჩანთა იატაკზე დავდე და თეთრ ტილოებში გახვეულ სავარძელში მოვკალათდი.
–მე თარჯიმანი ვარ. ინგლისურად უნდა ვთარგმნო თქვენი სპეციფიკაციები. – და მომენტალურად წარმოვიდგინე შენობების საძირკველი, შავ–თეთრი კარკასები, კორპუსების ჩონჩხები, ელექტრო და წყლის გაყვანილობები.
–დიახ, დიახ. საქმის კურსში ვარ. როდიდან შეძლებთ დაწყებას? – მსუქან ალეკოს ფარულად შევცქეროდი დამტვერილ თმებზე, გაუპარსავ წვერზე და მეგონა ჩემს წინ ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა იჯდა, რომელიც ყველაფრის ბოლოს სოლიდური ჰონორარით დამასაჩუქრებდა. დანარჩენი თანამშრომლები, მის ფონზე, ელფებსა და ირმებს უფრო წააგავდნენ.
–იქნებ ჯერ ქართული ვარიანტი მაჩვენოთ. მაინც რომ ვიცოდე რა სახის ტექსტებია. წინასწარ იცოდეთ, არქიტექტურულ ტერმინოლოგიაში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. – ცოტაც და ჩემი თავი ყველაფრის ბატონ–პატრონი მეგონა. ჩემს დაკრულზე აცეკვდებოდა მთელი საპროექტო ჯგუფი.
–არც ისე რთულია. – ბოტოტა თითებით მომიჩოჩა ფურცლები, რომელიც ნაირფრად იყო აჭრელებული ნახაზებით. – ჩვენც დაგეხმარებით, რუსული ხომ იცით?! რუსულად შემიძლია ყველა ტერმინი განგიმარტოთ, არა ლალ?! – და გვერდით მჯდომ ქალს გახედა.      რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ეს კლასიკური, ჩარჩოებში მოქცეული ქალბატონი  ლალი ჩემი ახლადაღმოჩენილი თოვლის ბაბუის საყვარელი იყო. ქალმა ცხვირის წვერზე ჩამოსრიალებული სათვალის შიგნიდან გადმომხედა. აი, აქ ცოტა დავიბენი. მის მზერაში ვგრძნობდი ჩემს უსუსურობას. ალბათ გაიფიქრა: „ვინაა ეს თავში ავარდნილი, თვითდაჯერებული პატარა ბავშვი. ამან რა უნდა ქნას ჩვენი კომპანიისთვის?!“
სასწრაფოდ დავიწყე ჩემი თავის შინაგანად შესწავლა. არადა ცუდადაც არ გამოვიყურებოდი. მეცვა ჯინსის შარვალი, წითელი დუტის ქურთუკი, თმა უკან მქონდა აკრული და სრულიადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
–ჰო, რა თქმა უნდა. – ნელა ჩაილაპარაკა ქალბატონმა ლალიმ და ამით თითქოს ჩემი ფიქრები დაადასტურა. ნახაზებს შორის გაკეთებულ წარწერებს შევავლე თვალი. მივხვდი უკვე საქმე რაშიც იყო.
–კი ბატონო. არანაირი პრობლემა არაა. ხვალიდან შემიძლია შევუდგე. – თავი არ ამიწევია. სახის იქით ვიგრძენი ალეკოს ქშენა და დროის ცვლილება. წამოვდექი და ჩანთას დავწვდი. ჯგუფის უფროსი ოთახში შემიძღვა და ჩემი ადგილი მაჩვენა. თეთრი ოთახი, რომელიც საავადმყოფოს მიმღებს უფრო გავდა.
  ჩემი გამოცილება არავის მოსვლია აზრად. კიბეზე გიჟივით დავეშვი. თავდაპირველი გამარჯვების ნაცვლად, შეთქმულების თანამონაწილედ გადაქცევის შეგრძნებას უფრო ვყავდი ატაცებული.

  მეორე დღეს, 11–ის ნახევარზე ოფისში გამოვცხადდი. კარი ვოვიკამ გამიღო, რომელსაც ჩემზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, რომ პროექტები ჰქონდათ სათარგმნი, არადა ერთ ოთახში ვისხედით. მივუახლოვდი იმ სამუშაო მაგიდას, რომელზეც „ვადაგასული“ და ჩამოწერილი კომპიუტერი ძლივსღა იმაგრებდა თავს. ვოვიკამ სიცილით მითხრა:
–მანდ ბავშვი ჯდება ხოლმე. თამაშებით აქვს გამოტენილი კომპიუტერი. იმიტომაც ჭედავს. – მერე ჩემი ფაილები მაჩვენა და ვიღაც სოფიასთან განაგრძო სტომატოლოგებისა და კბილის დაბჟენის შესახებ სატელეფონო განხილვა. გავუღიმე. შევიქმენი სამუშაო გარემო და განუცალკევებლად ყოფნის უსიამოვნება ვიგრძენი.
მას შემდეგ თავი აღარც ამიწევია. მთლად ჩავიძირე ელექრო გეგმებში, ძალოვანი გენერატორების კვების ბლოკებში, წყლის მომმარაგებელ ავზებსა და ფიქალისებული ქვებით მოკირწყლულ ფილებში. კარს იქით ყრუდ მოისმოდა ტელევიზორიდან მომკივანი რომელიღაც სერიალის გმირის მოურიდებელი აღიარება, რომ მამამისს მანქანების მთელი კოლექცია აქვს და თვითონ მაინც ტაქსით დადის. ამის გაფიქრებაზე კეფა რენტგენულმა მზერამ ამიწვა. მივხვდი, ქალბატონი ლალი მიახლოვდებოდა. რაღაც საშინელ მელოდიას ღიღინებდა. თითქოს ამით მაგრძნობინებდა, რომ ჩემი უფრო იყო. ამას ფონად დაერთო კარს იქით, ჩემი უფროსის უფროსის, ანუ ალეკოს ხველება ქრონიკული ჭლექიანივით. ალბათ ღერს ღერზე უკიდებდა.
–აბა, როგორ მიდის საქმე? – მკითხა რაღაცით გაბედნიერებულმა.
–ყველაფერი რიგზეა. – გავუღიმე და მაშინღა შევნიშნე, რომ ლალი სრულიადაც ლამაზი ქალი იყო. მაღალი, ტანადი, თეთრი და სიფრიფანა კანით, დიდი მწვანე თვალებით. მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა – გაუთხოვარი ქალის კომპლექსი. ჩემს უკან მაგიდას მიუჯდა და გაცხარებულ კაკუნს მოჰყვა კლავიატურაზე.
  დრო სასტიკად გარბოდა. მე ჯერ ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუკირკიტებდი და იმედს არ ვკარგავდი. ამასობაში კარი გაიღო და მკვეთრი მოძრაობით შემოქანდა ოთახში ვიღაც. ზედმეტი კითხვების გარეშე დაიწყო ანგარიშის ჩამბარებლური ქაქანი:
–ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანე, დავაბინავე, თაფლიანი პურები და ხელსაქმე დავუტოვე და მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. – თავი გაოგნებულმა ავწიე და თვალები შევაფეთე საოცრად გამხდარ, ირმისთვალება გოგოს.
–ლოლა, გაიცანი, ეს ევიტაა. – ლალიმ ჩემზე მოუთითა. – ჩვენი ახალი გოგოა. ინგლისურად გვითარგმნის პროექტებს. – ლალის ეღიმებოდა. მე კი ახალმა ფიქრმა გამიტაცა – „ჩვენი გოგო“.
–სასიამოვნოა. – მითხრა ლოლამ და მოწყვეტით დაეცა სკამზე. მე გავუღიმე. ერთხანს თვალგაშტერებული ვიყავი. მერე, მეც არ ვიცი საიდან მოსული გამბედაობით ვკითხე:
–უკაცრავად ლოლა, თქვენ სომეხი ხართ?
–არა. ბებიაჩემი იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი პორნო–ვარსკვლავი. –  მივხვდი, რომ მთელს ოფისს ვეჯავრებოდი.
–არ გაგიმართლათ.
–უარესებიც ხდება. – სადაც იყო ქალბატონი ლალი მწვდებოდა ყელში და ვერანაირი ჰუმანური კანონი ვერ გადაარჩენდა ჩემს წმინდა კარმას.
  ლალიმ ჩანთიდან კონტეინერში კოხტად ჩაწყობილი კრეკერები ამოიღო და ლოლა მბრძანებლური კილოთი დაპატიჟა ჩაიზე. სინამდვილეში ეს ჩემს მიმართ გამოხატული პროტესტი იყო. მე ვაჭუჭყიანებდი მათ ჰარმონიულ გარემოს და შემქონდა ქუჩიდან ახვეტილი მტვერი. კარს უკან ატეხილ ალიაქოთს ვიღაც შემოყვა ოთახში. ეს ნიკა იყო. 26 წლის ახლად გამომცხვარი არქიტექტორი, რომელმაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა დააარსა. მან ჩვენი თეთრი ოფისი ერთიანი ფერებით აავსო. კარში გაჩერდა და ჩემი მისამართით, ჩემსავით „უტიფრად“ მკითხა:
– აქ  ხარ, ფერიავ? – გამეცინა და თავი დავუქნიე. ძალიან კარგიო მითხრა და სავარძელში მოკალათდა. იმედი გამიჩნდა, მარტო აღარ ვიყავი. წამში გავარდა ხმა ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე და აი, იქმნა ნათელი და მოეფინა იდუმალებით მოცულ ჩემს არსაიდან გამოჩენას. სულაც ფეხზე მეკიდა, თუკი იმ დღიდან ათასი ზედმეტი თვალი მიყურებდა და აფასებდა ჩემს ტანს, სიარულის მანერას, აღნაგობას. სამაგიეროდ, ჩემი კავშირები „საკაიფოდ“ მაწყობდნენ ფირმაში.
  მშვიდი საღამო ალეკოს ქრონიკულმა ხველამ დაარღვია.
–ღმერთო, როგორ გახველებს, ალიკ. გინდა ჩაი?
–არა ლალ. ყავა თუ გვაქვს იმას დავლევ.
–აი, ბოლო საარმატურე ბადეს მივაბამ და გაგიკეთებ.
–ჰო, მართლა. არ დაგავიწყდეს მანდ 0,8–იანი დასვი, თორემ გავიჭედებით.
–სუსტი დენებიც შესასწორებელია.
–სუსტი დენები რატომ?
–სატელევიზიო ქსელის მონაცემებშია ცდომილება.
–ოხ, ლალიკო, ლალიკო.
  კომპიუტერის ეკრანს მიშტერებული ლალიკოს კისკისს ალეკოს ბლაგვი ხველა ფარავდა მორიგეობით. „ოჰ, რა გენაღვლებათ, იცინეთ.“ – ვფიქრობდი და ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუსინჯავდი გვერდებს. ძალა მეცლებოდა. არადა პირველი დავალებაც არ მქონდა ბოლოში გაყვანილი. ასე უთუოდ დავიღუპებოდი. ისედაც ზედ არავინ მიყურებდა.
  სასწრაფოდ გადავწყვიტე რაიმე მეღონა.

  მესამე დილას ლალი ქუდით მოვიდა სამსახურში. თვალში მომხვდა და გავიფიქრე, ალბათ თმა აქვს დასაბანი–მეთქი.
  ისევ მომკითხა საქმეები. მე შევჩივლე, რამდენიმე ჭრილში საერთოდ ვერ შევდივარ–მეთქი. ამოიოხრა. თითქოს ელოდა კიდეც ამას და კიდურის მსუბუქი მოძრაობით გამიხსნა სექციები.
  ასე გაგრძელდა რამდენიმე საათს. ჩემი მიმართვა ჯერ „უკაცრავად“–ით იწყებოდა და „მადლობა“–თი მთავრდებოდა.
ეტყობა ნერვები მოეშალა. მომიბრუნდა და:
–ევიტა, ჭკუასუსტს არ ჰგავხართ.
–ეს იმიტომ, რომ ჭკუასუსტი არ ვარ.
–ეს საკითხი ჯერ კიდევ დასადგენია.
–ეჭვი გეპარებათ?
–უთუოდ. ნუთუ ძნელია ამდენჯერ ნაჩვენები ერთი მოძრაობის დამახსოვრება და თავად ცდა?
–ნუ გავიწყდებათ ქალბატონო ლალი, მე პირველად ვმუშაობ ამ პროგრამაში.
–ნუ გავიწყდებათ, ეს პროგრამები ინგლისურადაა შექმნილი, ხოლო თქვენ ინგლისურის სპეციალისტი ხართ. – პასუხი აღარ მქონდა და შევბრუნდი, ზურგი ვაქციე. როგორც გენებოსო, ჩაილაპარაკა და ისევ დაუწყო კაკუნი კლავიშებს. ამ მომენტში რაღაც გაწყდა ჩემში. არ ვიცი მოთმინების ძაფი იყო, პატივისცემის შეგრძნება თუ სხვა რამ. გულმა რაღაცნაირად ვეღარ გამიძლო და ვუთხარი:
–იცით, ეს შეუვალობა ჩემი ირლანდიური სისხლის ბრალია. – ლალიმ ქორივით გადმომხედა და ძალიან მინდოდა მთელი ქუჩის გასაგონად მეყვირა: „მე მოვკალი ძერა!!!!“
–ირლანდიური სისხლი რა შუაშია?
–წინაპარი მყავდა ახლანდელი ირლანდიის ტერიტორიიდან. როგორც იცით, მაშინდელ დროში სულ კუდიანები და ალქაჯები იყვნენ.
–ალბათ ამიტომაცაა თქვენი მზერა მშვილდოსნურად ამორძალური. – ეს ფრაზა ცოტა მეუცნაურა. ვერ გავიგე რაზე მიმანიშნებდა.
–არა ქალბატონო ლალი, მე ლომი ვარ. – ამ დროს ოთახში კატასავით შემოპარულ ლოლიტას ჩაეცინა. ორივე მას მივაშტერდით. ლოლამ სიტუაციის განსამუხტად კითხვა შემომიბრუნა:
–ლომი რა შუაშია?
–ლომი ცხოველთა მეფეა. მეც ღმერთი ვარ. აი, ქალბატონ ლალის კი ჩემზე მბრძანებლობა სწყურია. – ლალის თვალი თვალში გავუყარე. – მე ღმერთი ვარ, ქალბატონო ლალი. გინდაც არ მიწამოთ, მაინც ღმერთი ვარ და ვსუფევ. თქვენთვის ეს ალბათ ნეტარი დამაჩლუნგებლობა უფროა, მაგრამ სუფევა ბევრად უკეთესია. თქვენ აზრზეც არ ხართ ჩემს განსადიდებლად რომ ირჯებით.
–ყველაფერთან ერთად თავხედიც ყოფილხართ. – ყველანაირი ხიდი დაიწვა. საბოლოოდ შევუქმენი ჩემს თავს არანორმალურის შთაბეჭდილება.
  შუა დღეს ჩემი „გმირიც“ გამოჩნდა. წინა დღესთან შედარებით, უკეთ ემოსა. პირდაპირ მოვიდა ჩემთან. ჩვეულზე ახლოს და ყავაზე დამპატიჟა.
–დიდი სიამოვნებით, თუკი როგორმე გავიყვანე ბოლოში ეს სანტექნიკური სუსტი დენები.
–მაშინ ახლავე წავიდეთ და დღის ბოლომდე აღარ შეგიშლი ხელს, გპირდეპი. – პაუზა. –ჩვენს ბარში წავიდეთ, ყავაზე. – რაღაც ძალით ვიგრძენი როგორი შურით, ინტერესით და ცრუმობილიზაციით გვიგდებდა ყურს ლალი. ამან უფრო გამათამამა და მაშინვე დავწვდი ჩემს ნივთებს.
  ბარში შევედით. კუთხის #9 მაგიდასთან დავსხედით. ნიკამ ყავა შეუკვეთა.
–ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? – მკითხა.
–ალბათ ძალიანაც მჭირდება. ვერაფერი გავუგე ამ ავტოკადებს. – ჩაიცინა. – რა არის ფანქოილი? ან დასელვა? ან ანკერი? ან შვერილი?!
–ასეც ვიცოდი. – მერე ფურცელზე თავისი მეილი დამიწერა და მომცა. – დღეიდან ჩემი იმედი გქონდეს. ეს ჩვენი საიდუმლო იქნება!


  მომდევნო დღეებში ოფისის კარზე განუწყვეტლად ვრეკდი ზარს. ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ახალ ფაილებს მიგზავნიდნენ, მე მათ ნიკას მეილზე ვგზავნიდი. ის ჩემს მაგივრად თარგმნიდა. შემდეგ უკან მიგზავნიდა. თან აყოლებდა ტექსტებს: „დღეს კარგად გამოიყურები. გიხდება კაბა. რა წვრილი წელი გქონია.“
 საქმე კარგად აეწყო. ლალიც ქუდს ქუდზე იცვლიდა და მეც მონაცვლეობით ვფიქრობდი: ცუდად აქვს თმა, ვაჟაზე წყლის მილი გასკდა, ღამის 4 საათამდე მუშაობდა და ვეღარ მოასწრო შხაპის მიღება.
  ჩვენი ფარული კამათებისა და ჩემი ნიკასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამოაშკარავების შემდეგ, ლალი სანთელივით მოიღვენთა, მუშაობის სურვილი წაერთვა (ნიკა ხომ ყველას უფროსიც იყო, მთლად). მხოლოდ ალეკოს ქრონიკული ხველა შეაფხიზლებდა და ჩაის მოსამზადებლად გაიქცეოდა.  აი,სწორედ მაშინ გაიღვიძა ჩემში უდიდესმა მატყუარამ და ჩემი ცნობისმოყვარეობის ველები გასცდა მთელს ქუჩას.
  ერთი კვირის თავზე, ნიკას ყურადღებით და ალეკოს მამა–შვილური თავაზიანობით გათამამებულმა, ლალის ანგარიშმიუცემლად ვუთხარი:
–მე შემიძლია დაგეხმაროთ! – ოთახში მხოლოდ მე და ის ვისხედით. კლავიატურაზე კაკუნი შეწყვიტა და მკითხა:
–როგორ? შენ რა შეგიძლია. საქმესაც ვერ ართმევ თავს.
–თქვენნაირებისთვის მიშველია. შემიძლია ვუდუს ფიგურა დაგიმზადოთ. ხომ იცით ვუდუ რაცაა?!  თქვენ შეულიცავთ იმ კონკრეტული ადამიანის სახელზე (თავი ზევით ავიქნიე), მის სურათს დააკრავთ ფიგურას და სულ ესაა პრინციპში. შეგიძლიათ მართოთ მთელი ცხოვრება. – არ დავთმე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამეების არაფერი გამეგებოდა. მერე მისკენ მივბრუნდი და ვანიშნე – „თუ არ გინდა, შენი საქმეა. როგორც გენებოთ!“
–ამას როგორ მოახერხებ?
–სათანადო კავშირები მაქვს. – სათვალის ქვემოდან ისე ჩამომხედა, როგორც პირველად. ისევ ვიგრძენი ჩემი 165 სანტიმატრიანი სიმაღლის უსუსურობა.
–სულ მთლად გაგიჟდით? ეს ხომ ცოდვაა?
–ტყუილში ცხოვრებაც ცოდვაა. ეს კი ჩემი მეთოდია. ერთგვარი გამოსავალი.
–და ამართლებს?
–100%–ით. – სიჩუმე ჩამოვარდა. – თქვენი საქმეა ქალბატონო ლალი. შეგიძლიათ სცადოთ. არაფერია დასაკარგი. – შინაგანი კარმით ვიგრძენი როგორ წამოეგო ჩემს ანკესზე. დიდმა ჟრუანტელმა დაუარა მის წუთებს, წამებს.
–არაფერი მაქვს დასაკარგი. – ყრუდ გაიმეორა. მერე ისევ ჩამომხედა. – როდის შეძლებთ იმ ფიგურის დამზადებას?
–ხვალისთვის.
–ასე მალე?
–ხომ გითხარით, მე ჩემი კავშირები მაქვს. შეგიძლიათ მენდოთ.
ამ დროს კარი ნიკამ შემოაღო და პირდაპირ დაიძახა:
–ცოლი უნდა მოვიყვანო ! – ერთიანად დავუბრუნდით რეალობას.
–ცოლი? კი მაგრამ ვინ ნიკა? ვინმე გყავს? – ისე კითხა ლალიმ ვითომ არც მე და არც ჩვენი დიალოგი არც არსებულიყო. პასუხს მეც დაველოდე. ნიკას არაფერი უთქვამს. მორცხვად შემომხედა.
–ცოლი თუ  მომვლელი? – სიცილით ჩავრთე.
–ცოლი. ცოლი! სიყვარული მინდა. მსურს. მთელი არსებით. – ამან ყველა ერთიანად გაგვამხიარულა. ნიკა კარგი ტიპი იყო. საყვარელი. სიმპათიური. ვეღარც ვმალავდი ალბათ, რომ ძალიან მომწონდა.
–ევიტა, იქით არ გავიდეთ?
–ხომ იცი, ჩაი არ მიყვარს. ოფისში მარტო ჩაის სვამენ.
–დღეს მენიუში ყავა გვაქვს. –თვალი ჩამიკრა.
  რამდენიმე წუთში ბარში ვისხედით, რომელშიც უკვე კარგად გვცნობდნენ. ბინდდებოდა და ასეთი დრო უფრო მეტად აღმიძრავდა ფიქრებს. ან საფიქრალსაც რა გამომილევდა, ის–ის იყო ისეთი რამ ჩავიდინე, რომელზეც ვერც პასუხს ვაგებდი, ვერც რაიმეს მოვიმოქმედებდი. მოკლედ, ნიკას სიტყვები ყრუ მძიმეებად აღწევდა ჩემს გონებაში.
–არ მისმენ?
–არა.
–რატომ? არაა საინტერესო შენთვის რასაც გეუბნები?
–არ ვიცი. არ მომისმენია.
–მე შენ მიყვარხარ. თანაც ძალიან. თუნდაც ამ შენი გულახდილობისთვის.
–მადლობთ. შენ ერთადერთი ხარ სამსახურში, ვისშიც მოწონება გამოვიწვიე.
–იქნებ შენ ხარ ჩემი მომავალი ცოლი?! – უფრო გამხიარულდა და საზურგეზე გადაწვა.
–რომელი ცოლი, ცოტა ხნის წინ რომ ყვებოდი? – მეც ავყევი.
–ჰო! წარმოიდგინე. ერთად ვივლით ოფისში. მე ჩუმად გითარგმნი ანოტაციებად ქცეულ სპეციფიკაციებს. შენი და ჩემი რამ გაყო.
–იდეა მომწონს. ვერ გეწინააღმდეგები. – ფიქრი მაინც ლალის, ვუდუს ფიგურას და საცოდავ ალეკოს დასტრიალებდა თავს. აზრზეც არ ვიყავი რა შედეგს გამოიღებდა ჩემი „მრავალჯერ ნაცადი მეთოდი“.

***
  „კლაპშტროსში“ რაც შეიძლება გვიან უნდა მივსულიყავი. დღის განმავლობაში ჭიშკარს კეტავდნენ და ძაღლებს უშვებდნენ. გვიანი 11 საათი იქნებოდა, რომ შევედი. შუქები ჩამქვრალი იყო. დამლაგებელი იატაკს წმენდდა და მე გულწრფელად შემშურდა მისი ნებისყოფის. უკანა კარიდან შემოსული ღამის ხმა აფრთხობდა ჩემს შიშს და მეგონა მარტოობით მიიღწევა სიმშვიდე, რომელიც უკანასკნელი 2 კვირა სანატრელი გამიხდა.
  უეჭველი იყო, ვიღაც შეეწირებოდა ამ საქმეს. შიდა კიბეს ავუყევი და კარზე ფორიაქით დავაკაკუნე. კარი იუნონამ გამიღო. ეს ჩემი ერთადერთი ავბედითი მეგობარი იყო, რომელსაც 3 კატა და ჭერში ჩამოკიდებული იისფერი ვარსკვლავი ჰქონდა.
  იუნონა ალქაჯს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. თხელი, გამჭვირვალე. წლობით მაკრატელმიუკარებელი თმა და ნესტიანი ხელები ჰქონდა. შევედი. უხმოდ გავიხადე და ვკითხე:
–სანთლები გაქვს?
–ჰო, რად გინდა?
–მიდი, წყალი დაადგი და დაადნე. ვუდუს ფიგურა უნდა დავამზადოთ.
–ხომ იცი, ამ სისულელის არ მჯერა.
–არც მე, მაგრამ მჭირდება.
–რა ჩაიდინე?
–სარეველა დავრგე ჩემს ბაღნარში. ახლა სასუქი უნდა ვუყარო და წყალი ვასხა. სხვანაირად აღარ გამომდის. – და სიგარეტს გავუკიდე.
–შენ რა, ეწევი?
–დღეიდან!
–მაშინ დავლიოთ. – თქვა აღტაცებულმა და ყავის ჩვეულებრივ ჭიქაში სკოჩი ჩამომისხა. ჭიქას ჩავხედე.
–შენ რა, სპირტიან სასმელებს ამით სვამ?
–სხვა არ მაქვს. თუ გინდა ქვემოდან ამოგიტან.
–არა, იყოს. – ერთიანად გადავკარი და ჭიქა მტვრიან მაგიდაზე დავდგი. კატებმაც მორიგეობით გადამირბინეს ფეხებზე და ეს ცუდად მენიშნა.
  მინდოდა თანაგრძნობის მიზნით მაინც მოვხვეოდი იუნონას, მაგრამ მხოლოდ ჰაერი თუ შემრჩებოდა ხელში.

  თენდებოდა სანთლის უაზრო ფიგურასთან ერთად რომ წამოვედი სახლისკენ. დროგამოშვებით ჩანთაში ჩავხედავდი. მეგონა სადაც იყო გაცოცხლდებოდა და მომახრჩობდა.  გამოსასვლელში იატაკს ჩავაშტერდი. თითქოს ერთი მტკაველიც არ იყო მოწმენდილი და საშინლად ვინანე აქ რომ მოვედი. მერე ტექსტის შედგენას შევუდექი. აბა შელოცვა ისე როგორ იქნებოდა?!
  „მზისა და ხმელეთის ძალა იქცეს წყლად. დიდებული იემანჟა მოწყალეა. უსულოს ჩაჰბერავს სულს და მწვანე შუქი იქცევა მელნისფრად. გახდება მისი ნაწილი. ოჰ, დიადო იემანჟა, მოხსენი ჩემი ცხოვრების ღერებზე მჯდომ მარტოობას მხიარულის ნიღაბი. მთვარის კიბოური ლაქები მიქციე სინათლის წყაროდ. აამღვრიე ზღვები, მდინარეები. მათ გაატანე ჩემი მარადისობა და სიცოცხლის მზარდი იმპულსი გაუგზავნე კაცს, რომელიც მიყვარს. კანალები სავსეა სისხლით, მიწაზე გვალვაა, მზე – ჩვეულზე მწველი. იემანჟა, აიშალე ქალღმერთული თმები და ისმინე ჩემი.“
  ლალიმ ტექსტი უხმოდ გადაიკითხა. ქაღალდებში გახვეულ სანთლის „ალეკოს“ ჩახედა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა გრამატიკული შეცდომები. ვისურვე გამეგო რა გაიფიქრა, იგრძნო თუ არა შიშის მოზღვავება. სახეზე არაფერი დაეტყო. მხოლოდ ის მითხრა, ეს ჩვენს შორის უნდა დარჩესო და საქმე განაგრძო. დალახვროს ეშმაკმა, რას გავიფუჭე ისედაც გართულებული საქმე? და კიდევ იგივე გაიმეოროს, რას დავიწყე საერთოდ იქ სამსახური?! ამას ჯობდა მალაიზიაში დამზადებული კალმებით მევაჭრა, ნიჰილიზმი მექადაგა სადარბაზოებში, რავიცი.

  იმ კვირაშიც არაფერი მომხდარა თვალში საცემი. წარმოვიდგინე, როგორ წაუკითხა იუნონას სანთლის ფიგურას ლალიკომ ჩემი ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი ტექსტი. როგორ მოიძია ალეკოს კორპორატიულ საღამოზე გადაღებული სურათი ძველ ალბომში. როგორ ამოჭრა სახე, როგორ დააკრა ფიგურის თავს და როგორ „იგრძნო“, რომ სულ ცოტათი მაინც „ეშველა“.
  ამასობაში, ნიკაც გულმოდგინედ მახვევდა თავს სავარაუდო ცოლობაზე და ბოლოს მეც ვკითხე:
–გინდა თუ არა, საბოლოოდ ჩამოყალიბდი.
–რა? – დაიბნა. არ ელოდა ჩემგან ამ გადაჭრას.
–ცოლად რომ მომიყვანო და გიყვარდე ბოლომდე, ყველაფრის მიუხედავად.
–მეღადავები?
–არა, მართლა.
–ჰო?! რავიცი. მინდა, მგონი.
–ეგ პასუხი არაა, ნიკ! კარგად მოიფიქრე რა გინდა. – მერე ავდექი. ჩემი ნამსახურები სხეული ავიტაცე ჰაერში და მივუტოვე ჩვეულ ბარში, ჩვეულ დროს, ჩვეულ მაგიდასთან ნახევრად დალეული ჩვეული მაგარი, შავი ყავა.

***
  უცნაურად დაემთხვა: ლალი ჩემთან მეტად გაშინაურდა. მეც მეფესავით ვგრძნობდი თავს. ნიკა სირცხვილით თვალს ვეღარ მისწორებდა. ლოლიტამ სომხურის სწავლა დაიწყო. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც პირველად „LD Union“–ში მოსვლისას დავგეგმე. ერთი მაშინებდა – ბატონმა ალეკომ, ანუ ლაპლანდიელმა სანტამ, ხველას უმატა.    დარწმუნებული ვიყავი, ამაზე ყურადღება ჩემს მეტს არავის გაუმახვილებია. უკვე ყოველი დეტალი მიფრთხობდა სიმშვიდეს. სინდისის ჭია მღრღნიდა. ოფისში სხვა ღირებულებები გაჩნდა: 1. ვივალდის წელიწადის დრონი. 2. სომხურ ენაზე დაყენებული „Facebook“–ი. 3. ნამდვილი რაჭული ვიჩინები. 4. ლენტურ–წერტილოვანი საფუძვლები.

  ამ ამბის კვანძი კი, 27 მარტს გაიხსნა. დილიდან საშინელ ფიქრებს ვყავდი გამოჭერილი. აღარც გაზაფხულის მოსვლა მიხაროდა. პირიქით, ერთიანად მძულდა ყველა სეზონი. მეზიზღებოდა მიცკევიჩის ქუჩა. მეზარებოდა ოფისის კარის შეღება, კომპიუტერის ჩართვა, ვოვიკას უაზრო ხუმრობებზე ნაძალადევი ღიმილი, ლოლას „ახლად–დამხეცებული“  Բարեւ Ձեզ – მოსმენა, რაც ჩვენებურად უბრალო მისალმება იყო. მერე, ლალის ერთგვარი შემობრძანება, რაც ჩემთვის „ვაი, შენს პატრონს. რა გეშველება“–ს უფრო ჰგავდა. რაღაცას აუცილებლად უნდა გადავერჩინე. არ ვიცი რომელ ღვთიურ ნიშანს. მთავარი იყო ეს ნიშანი ამომეცნო და მაგრად ჩავჭიდებოდი.
  მაინც მივედი. მოწყვეტით დავჯექი ფანჯარასთან და მზის სხივებს მივუშვირე სახე. ჩემს იქით სამყარო ფეთქავდა. მე მისგან გამოყოფილი მისივე ნაწილი ვიყავი. ნახევრად ღია კარში ალეკოს და ნიკას ხმა მომესმა.
–აქაა?
–ჰო. ახლა მოვიდა. მისმინე, ბოლო ოთხ პროექტს აგვიანდება, მაგრამ გზაშია. ვოვა და ლალიკო მალე დაამთავრებენ.
–ჰო, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. ახლა ევიტასთან უნდა შევიდე. – კარი ოდნავ შეირხა. ვიდექი და ველოდი.
–მისმინე ნიკ. უნდა გავიდე რა, ცოტა ხნით. ამ ბოლო დროს ვერ ვარ ჯანზე. ნემსი უნდა დავარჭო. ექვსისკენ მოვალ.
–კარგი, მიდი. მიხედე თავს. – კარი ისევ შეირხა და ოთახში ნიკა მეზღვაურივით შემოცურდა. ორი ნაბიჯი გადმოდგა და დადგა. ასე, ჩუმი გიჟივით მიყურებდა ერთ ხანს. მეც ვუყურებდი. ისევ ველოდი.
–ვიფიქრე და მივხვდი.
–რას, ნიკ?
–რომ მინდა ჩემი ცოლი გახდე. ოღონდ ცოლი და არა მომვლელი.
–ჰო?! იცი, სწორედ ამას ველოდი შენგან.
–ესე იგი, თანახმა ხარ? – ნიკას ხმაში მღელვარების ხრინწი გამოერია. არაფერი მიპასუხია. ისევ ფანჯრისკენ შევბრუნდი და ქუჩას მოვავლე თვალი. დავინახე ქალბატონი ლალი, რომელიც ავტობუსიდან ჩამოვიდა და მაღაზიაში შევიდა. ალბათ კრეკერების საყიდლად. ნიკა მომიახლოვდა. სახეზე დამაკვირდა.
–შენ რა, ლოცულობ?
–ჰო. – ვუპასუხე.
–ვისთვის? – გაეცინა.
–დამსხვრეული ღმერთებისათვის, ნიკ. შენთვის, ჩემთვის, იემანჟასთვის.
–იემანჟასთ...
–ჰო. თანახმა ვარ. – გავაწყვეტინე, რადგან ლალი გვიახლოვდებოდა და სწორედ ეს მენიშნა გამოსავლად და აქაურობის დასაუფლებლად. რაც მთავარია ჩემი ქმედების გასამართლებად.
  ქალბატონი ლალი რომ შემოვიდა, მე ნივთებს ვალაგებდი. ჩანთა ტუმბოზე დადო. ქურთუკი სკამს შემოაკიდა. ახალი კრეკერები „ჩაის ოთახში“ გაიტანა. მე ისევ ნივთებს ვალაგებდი.
–ევიტა, რა აკეთებ?
–აქედან მივდივარ, ქალბატონო ლალი.
–როგორც იქნა საბოლოოდ დარწმუნდი, რომ არაფრის მაქნისი და უსარგებლო ხარ ამ ფირმაში, არა? – გულიანად გაიცინა.
–არა. უბრალოდ, ვთხოვდები და მივდივარ! – მარჯვენა ხელზე წამომჯდარი ნიშნობის ბეჭედი ვაჩვენე. სახე მოეღრიცა. ნიკაო, ერთი ამოიძახა ღრმა შიგნიდან და სკამზე რეტიანივით დაჯდა. ყველაფრის ბოლოს კი, ისევ პირვანდელივით შემომხედა სათვალის ქვეშიდან. მაშინ მივხვდი, ეს მზერა ისეთივე იყო, როგორიც ლაგოდეხის ნაკრძალისა და ბულონის ტყის შედარება.


  წამოვედი. ორ კვირაში ხელი მოვაწერეთ. სამ დღეში სამოგზაუროდ წავედით. რა თქმა უნდა, პარიზში. ზემოთხსენებულ ბულონის ტყეშიც გავისეირნე, მაგრამ ერთხელაც არ გამხსენებია ჩემი ნაჯახირები ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა. მარტო იმას ვდარდობდი პენსიაში არ გასულიყო ქალბატონი ლალი, როცა საბოლოოდ დარწმუნდებოდა რა ავანტიურისტი ტიპიც გამოვდექი. თუმცა „LD Union”-ი ხომ  შ.პ.ს იყო და იქ ხალხს ასაკის გამო არ უშვებდნენ სამსახურიდან.
  წამოსვლის წინა დღეს ელ–ფოსტა შევამოწმე. სხვა მილოცვებთან ერთად ლალის წერილიც დამხვდა. არ გამკვირვებია, საიდან გაიგო ჩემი მისამართი. მეილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: Toodaloo. რისი მნიშვნელობაც მე – ეგრედ წოდებულმა, ინგლისურის თარჯიმანმა ძლივს გავარკვიე:  ქუჩური ჟარგონი. საშუალება, რომლითაც ძველი ხალხი ამბობდა – მშვიდობით! 

Sunday, March 17, 2013

ოცნებები


  ჩვენ ყველა გავურბივართ თვალების ფართოდ გახელას და აღიარებას: – „ ცხოვრება მშვენიერია.“ თუკი ქორწინება სამოთხეში შეიქმნა, მაშინ ეს დიდი ღმერთის საჩუქარია. ოდესღაც ოცნებებში მითხარი, რომ სიცოცხლეს ერთად გავლევდით. ის სასიყვარულო სიტყვები ვარსკვლავური ნათებისას ნათქვამს გავდა. შენ გჯერა მათი შინაარსის, თუ უაზრობა იყო?
  ასეთი უაზრო საუბარი მეტი ღირს, ვიდრე თვითონ ცხოვრება. ის ანგრევს სულს ჯერ კიდევ დაწყებამდე და რაც მესმის, ზოგჯერ ამსხვრევს სევდებსაც. შენი ტყუილი ძალზედ მხიარული მელანქოლიაა. შენი თვალები - უმნიშვნელოდ მოწყენილი. მიუხედავად მწუხარებისა, ჩვენ ახლაც ვკარგავთ კარგ დროებს.

  აქ არაფერს შუაშია სიკვდილი და სიყვარულით ჭკნობა. გინდა სიმართლე გითხრა? პირველად ბაღში გნახე და გავიფიქრე, მართლაც შესანიშნავი მამაკაცი დადგებოდა ჩემგან ცოტა რომ დამცლოდა. თეთრ ლილიებს რგავდი სახლის წინ. მე ფანჯარაში ვიდექი ყავის ჭიქით. მაწუხებდა სიცხე, უსიგარეტობა, ბედნიერების ამოწურვა. სწორედ მაშინ შევნიშნე შენი სტიმულით სავსე საქმიანობა. მაშინვე ყველაზე მეოჯახე და წყნარ არსებად მიგიჩნიე. უბრალო ჯინსით, მიწაში მკლავებამოსვრილი. მხარზე თითქოს უცნაური წარმოშობის პეპელა გეჯდა და რაღაცას გეჩურჩულებოდა სამყაროს ქარებზე. ჩემს თავს დავაკვირდი შიგნით და მივხვდი, შენმა გამოჩენამ მაგრძნობინა სიყვარულის საჭიროებაც. მომინდა კიდეც, რომ მიზეზი მქონოდა მოსასვლელად, შენი ყვავილების შესაქებად და გამოსალაპარაკებლად. საწერ მაგიდას გავხედე. მაინცდამაინც მაშინ მომხვდა თვალში არარსებული ოთახის მცენარეები. ეზოში გამოვედი ჩაუცმელი, დაუვარცხნელი და სიგარეტი გთხოვე. შენ თმებს შორის თაფლისფერი მზერა ამოაპარე და დამინახე. უკანა ჯიბიდან ღერი სიგარეტი ამოაძვრინე და თან დააყოლე: „აი, აიღეთ.“
  ასე მომეცი პირველი იმედი. ეს შენთან პირველი არშემდგარი დიალოგი იყო და მე უკვე ვიცოდი შენი ხმის ტემბრი. ვეცადე შემეგრძნო შენი სურნელიც, მაგრამ ჩემმა უმწეო მდგომარეობამ შემიშალა ხელი. ისიც საკმარისი იყო, რომ შემოდგომის საუცხოო ფოთოლცვენასა და მუქ ფერებს ეკუთვნოდი. ვაკვირდებოდი შენს ყურებს, ბოტოტა თითებს და ალბათ ადამიანი ძალიან ბრმა და დაუნახავი უნდა ყოფილიყო, რომ ვერ შეემჩნიე.
  საღამოს, ჭიქით ხელში გამოხვედი აივანზე და ჩამავალ მზეს დაუწყე მზერა. გამიადვილდა დაკვირვება. შენი შუაზე გადაწეული თმა და ლურჯი კაბა, შოკოლადისფერი კანი ისეთ ნეტარსა და სრულყოფილს გხდიდნენ, ვცადე ცოტა ხნით კიდევ დავტეულიყავი საკუთარ ტყავში. გამჭოლი მზერები მოავლე სახლებს და ვივარაუდე, ჩემი გახსენება სცადე. თავი რამდენჯერმა გადააქნიე. ვიცი, ჩათვალე შეშლილი ვიყავი.
  უფრო და უფრო გამსგავსებდი ვიღაც მშობლიურს. ადრე კლასიკად და კულტად რომ ითვლებოდა, ან ვინმე დიდ დედას, რომელსაც ჯერ ნაცრისფერი თვალები თანდათან გაუმწვანდა. შიშმა შემიბყრო, სულ მთლად შინ არ წასულიყავი. კაბა ნაკეცებად ჩამოგეშალა და სივრცეში ბროლივით ჩამოგემსხვრა მუხლებზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ თვითონ ხდებოდი მშობლიური.
  მალევე შევიტყვე, რომ დროის ცვლასთან ერთად, შენ საყვარლებს იცვლიდი. ბოლომდე არ მჯეროდა. იმედებს ვამყარებდი უმანკოებაზე. შენ ხომ ერთადერთი იყავი ჩემს ნაცნობებში, რომელიც ლილიებს რგავდა?! გამოჩნდი თუ არა, ჩემი შავ-თეთრი პალიტრა ფერებით აავსე. ჩემდაუნებურად, შენზე დამოკიდებული გავხდი. სევდა, სიხარული, სიმთვრალე და სიფხიზლე ძირითად ამინდს ქმნიდა ირგვლივ.
  რამდენიმე კვირაში შენი მოსაწვევი მივიღე თავისუფალ წვეულებაზე. წინასწარი ფუსფუსი მაშინვე დავიწყე. მინდოდა კიდევ ერთხელ დაგენახე და დაგმახსოვრებოდი. მთავარი იყო არ მედარდა, უაზრო ფიქრებს არ ავყოლოდი და არ გავყოლოდი სადღაც, ვეღარდასაბრუნებელში.
  კარი ღია დამიხვდა. ბევრი ხალხი ირეოდა. არავის მივსალმებივარ. მე შენი სახლის დათვალიერება გადავწყვიტე. საიდანღაც მუსიკის ხმა გავიგე და ხმას მივყევი. სიმღერა უჩვეულოდ მშვიდი და რითმული იყო. მეუცნაურა. შორს მდგომი სკამი შევარჩიე და დაველოდე. პირველად, ყურადღება წითელმა საყურეებმა მიიქციეს, ძალით დახვეულმა თმამ, მარცხენა მხარზე ჩამოგდებულმა მაისურმა. მოგიახლოვდი, მხარს შევეხე. შენ უხერხულობა დაგეტყო. არყით სავსე ჭიქას დაწვდი, სადღეგრძელოს მთქმელივით გაიღიმე და გადაკარი. თითქოს სკოლის მერხიდანვე გადაწყვეტილი გქონდა, რომ ამ დღეს ჩასახავდი. არაფერი გამკვირვებია. მერე გავუჩინარდი.
  სამი დღის შემდეგ აჩრდილივით აგედევნე. მიცურავდი ჰაერში ამაღლებული და თითქოს მხედავდი. თეთრ სავარძელში ჩაჯექი. არაამქვეყნიურ სამყაროს მისწვდი მზერით და გაიოცე. ფანჯრის მინას მოაწყდი და მომჩერებოდი ასე, ჩუმი გიჟივით. მეც თვალდაჭყეტილი გიყურებდი და უკვე გაღმერთებდი. ეჭვები მღრღნიდნენ, ნუთუ შენი რიგითი საყვარლის სანახავად მიიჩქაროდი?! გაჩდნენ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ შენთვის უნდა მეთქვა და მხოლოდ მე მიშველიდა. ჩვეულებრივად მოგყევი უკან. სივრცეებს ვარღვევდი და მოვიჩქაროდი. მეგონა, თუ დამინახავდი შენს წინ მდგომს, ყველაფერს მიატოვებდი და ჩემთან გამოიქცეოდი. მოისმენდი ჩემს ვერთქმულ სიტყვებს, იმოგზაურებდი მელნისფერ გზებზე. არ ვიცი. თვალზე ცრემლი გითამაშებდა და სურვილს მიჩენდა მომეხვია მკლავები. უფრო და უფრო გიახლოვდებოდი და მეტად მწამდა შენი ჩემობის. ვეღარ მხედავდი და გულს გწყვეტდა საზურგის იქით გადაკიდებული, მოდუნებული თავი, ანგელოზის ფრთებივით დაფენილი ხელები.
  შეუმჩნევლად ჩაგიარე გვერდით და დავინახე დახუჭული, სველი წამწამები. მე შემეძლო, ვიცი რომ შემეძლო შენთან ყოფნა, სანამ ჩემი ნაწერები ჩემსავე სულს არ ჩახედავდნენ თვალებში და არ დაინახავდნენ სიკდილს. სანამ ჩვენს ღამეებს შეეძლოთ თავის გასულელება. შემეძლო ვმდგარიყავი ასე გახევებული, თავიდან დაბადებული და შენს მაჯებზე მეწერა ჩემი სუნთქვა.
  მერე საყვარელიც გამოჩნდა. ხელი გადაგხვია და წაგიყვანა. ერთხელაც არ მოგიხედავს უკან. თითქოს უკან არც დავრჩი. მაშინ მივხვდი, სიმშვიდე ამ გახუნებულ მარტოობაშიც მიიღწევა. მას მერე იყო, რომ ვეცადე აღარც მეფიქრა შენზე.
  ასეც იყო, სანამ იმ დილით ისევ არ გნახე. სულ შემთხვევით, სანაპიროზე. დავრწმუნდი, რომ ცხოვრება იმედგაცრუებების მორიგი სერიაა. დაგინახე როგორ ჩამოგეღვარა შუბლზე გრილი წყალი. ტყუილად იფარებდი ხელებს სახეზე. წყლის უფერო სფეროებმა იწყეს მდინარეებად გორვა და სიცხის კორიანტელები წალეკეს. მინდოდა მზეს აერეკლა შენი ტუჩების სიწითლე, მესუნთქა იმავე ოთახის ჰაერი, რომელშიც შენ ცხოვრობდი, რომელშიც გეძინა. ყველაფერი უფრო შეუძლებლად მომეჩვენა. აღარ ჩნდებოდა კითხვები, რატომ არ შეიძლებოდა შეგყვარებოდი და გვეცხოვრა ჩვეულებრივი, მოკვდავური ცხოვრებით?!
  აზრზე რომ მოვედი, შენც მიყურებდი. ისევ ისეთი სადა და მტკიცე იყავი. მე კი ვიეჭვიანე წყალზე, რომელიც სახეს გბანდა. საბანზე, რომელიც ცივ ზამთარში გითბობდა სხეულს. იმდენად შესწავლილი მყავდი, რომ მე უკეთ ვიცოდი შენი შესაძლებლობების შესახებ. უხმოდ შეგიყვარე. ფანჯარაში გხედავდი. როგორ უმკლავდებოდი საოჯახო საქმეებს. აუთოვებდი საყვარლების პერანგებს. მერე ჩვეული გიტარით აყრუებდი ქუჩას.
  ...და მე არ ვიცოდი, რომ ამ ჩიხებიდან შეიძლებოდა თავის დაღწევა, რომ ოთახში დაგუბებული მარტოობის დამსხვრევის სურვილი მკლავდა, რომ სხეულში მობუზული სულის განამდვილება მეწადა და რომ მთელი ამ მალვით დაცხადებული ცხოვრების საბოლოოდ გადმოფურთხება მიშველიდა.
  მანამდე კი, რას ვიფიქრებდი, რომ ყელში ამოგივიდოდი, სახლშიც შემომეჭრებოდი და იარაღს მომიშვერდი?!
  -რა გინდა?- წყნარად მკითხე.
  -ცოტა გამბედაობა.
  -რაა?- გაგიკვირდა.
  -შენ რა გინდა?- კითხვა შემოგიბრუნე.
  -მე მინდა თავი დამანებო. ან მითხრა რა გინდა, რატომ დამყვები, რატომ იქეცი ჩემს ჩრდილად ცხადშიც და სიზმარშიც? - ხელი გიკანკალებდა. შენი არ მეშინოდა. იმ შენი ბაღის ლილიას გავდი. გაგიღიმე. იარაღი გიხდებოდა. ვიცი, შენც გრძნობდი როგორ ვეკუთვნოდით ერთმანეთს და იყო რაღაც დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ორ-ორ ადამიანს ესმით. ეშმაკური თვალებით მიმზერდი. თითებზე ბედნიერების ხარვეზები გეტყობოდა, რომლებიც კალცის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ის მზერა ჩემი იყო და ავად თუ კარგად, ძნელად თუ ბნელად, - უნდა შემერგო. გაიღიმე და თითქოს ტრანსში ჩავარდნილმა, დავთმე ტანჯვა, გავათავისუფლე სხეული ჭარბი წონისგან. ასე გავამართლე არსებობა ჩემი, სულის დაცემით ნაყლაპი მტვერი. ვიცოდი, სარკეში ჩახედვისას შენივე ხელების შიში დაგბზარავდა. მომინდა სხეულით აგფარებოდი. ახლოს იყო სუნთქვა და სახე. შენი სუნი კი, იყო მიწასა და ცას შორის. გრილი, როგორც ნავსაყუდელი. სადღაც შორს, წვიმის სუნიც რომ დაჰკრავს. ძველი, დარჩენილი და აღმოჩენილი. სხვებს რომ არასდროს დაემგვანება. რატომღაც დავუშვი, რომ შემეძლო შენთვის მეკოცნა. ხელებზე დაგხედე და გითხარი:
  -შენნაირ ადამიანებს დიდი ხელები უნდა ჰქონდეთ. შენ არ გავხარ მათ.
  -გეღიმება?
  -იარაღი რად გინდოდა? საშიში არ ვარ.
  -სამაგიეროდ, გიჟი ხარ! - ფეხზე ადექი და ასე დამტოვე ღია კარში.
   წახვედი და სულ თან წაიღე აი ეს სუყველაფერი. ზოგჯერ მგონია, ისევ მოდიხარ. ჩემს წინ ჯდები გაუხეშებულ მაგიდასთან. ჩაბნელებულ ოთახში ნათლად მიყურებ ძველი მზერებით. ერთი ხელის მოსმით სინათლეს აჩენ. თმა უწინდელივით გაქვს. თვალები - თაფლისფერი. წარმოვიდგენ როგორ წამოდგები და მაგიდის გარშემო დაიწყებ სიარულს. რაღაცას ბუტბუტებ. მიახლოვდები. ზურგზე მეკვრი და ჩამჩურჩულებ რაღაცეებს სამოთხეზე, პრემიებზე, მელოდიებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გვეცეკვა. სახე გისერიოზულდება და ფიქრის რითმებში მაბამ. ხელებს შლი, იცინი და არნახული ბედნიერება გეხვევა გარს. წარმოვიდგენ, როგორ მოათრევ მძიმე სკამს. არარსებულ ტყვიებს უშენ ჩემს ჭაღებს. უჩნარდები. მაგიდის ქვეშ კი, ორ ვაშლს მიტოვებ. ერთს მთელს, მეორეს - არა.
  შთაგონებული ვარ.
  ყოველ წუთს მინდოდა მოსულიყავი და თვალებით გვეთქვა ერთმანეთისთვის ის, რაც ვერ შევძელით. ატმისფერი დილის სურნელი გვესუნთქა მხოლოდ. მინდოდა ქუჩები, ბაღები, ეს ჩვენი ძველი სახლები.  მინდოდა! მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. გაივლის ოდესმე?! - არც კი ვიცი. მინდოდა ერთხელაც შემძლებოდა და მეთქვა: „შენი თანდაყოლილი უკმარისობა, ძვირფასო. გსუნთქავ - არ მყოფნი.“
  ჰო, არ შეგვეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ არანორმალურად მიგიჩნიე.
  ჩვენ ხომ ორივე ქალები ვიყავით.

Monday, January 21, 2013

Il était une fois il y avait N et S

  მაინც ყველამ ყველაფერი იცის უკვე. ინგლისის დედოფლიდან დაწყებული, მეძებარი ძაღლებით დამთავრებული. შენს გარდა. ჰოდა შენ(ც) გეტყვი:

  პირველად, როცა შენი წამწამები დავთვალე, შუა თითზე მეჭეჭი გამიჩნდა. შენ არ შეგინიშნავს. აქამდე მეგონა მსგავსი რაღაცეები ვარსკვლავების თვლის შედეგად ხდებოდა. ფეხზე მეკიდა შენი უსუსური ფიზიონომია, ნაკლები, უჟანგბადობით გაჩენილი ბუშტულები. თვალები უკანასკნელი მატყუარასავით გინათებდა.

და დალახვროს ეშმაკმა, ამას არასდროს ვიმჩნევდი. არც შენ, რადგან ძირფესვიანად გულქვა ადამიანობანას თამაში გიყვარდა.
  მე რავიცი, – მიგიღე. შენი 1001 ცოდვიანად შეგიყვარე. მაშინაც ზამთარი იყო. უფრო სწორად, თებერვალი. (ეს თვე არც ერთ სეზონს არ მიეკუთვნება). ერთნაირი რუსული ჩექმა გვეცვა და ორივეს ჩოლკა გვიფარავდა სუფთა შუბლებს. ახლა გვარიანად მეცინება ჩემს მომწვანოდ და შენს შავად შეღებილ თვალებზე. ჩემი ცხვირი ოდნავ დუდუკს ჩამოჰგავდა, შენი – ტყუილებისაგან წამოზრდილს.
  მაშინაც გრეიფრუტის სუნი ასდიოდა ჩემს ხელებს, სხვა კი არაფრის. 
მწიფე, ჩაშაქრებული სუნი. მახსოვს როგორ გიწვავდა ნესტოებს. კანს გითეთრებდა, სისხლზე რომ არაფერი ვთქვათ. რომელიღაც მაგარი სპექტაკლის ბილეთების რიგში ვიდექით და გვათოვდა. მახსოვს თეატრის ეზოში ორი დაკეცილი ქოლგა იდგა ერთმანეთის უკან. ერთი შეხედვით სიკვდილებს ჰგავდნენ. მანტიამოსხმულ, თავზე კაპიუშონწამოხურულ, ჰაკისფერ სიკვდილებს. მაშინ შენ თქვი, ასე ერთად მოვკვდებოდით. სხვაგვარად არა!!!
წესით, ქუდი უნდა გვხურებოდა ასეთ დროს. მე შენი, შენ – ჩემი. შავი ქუდები, მძღოლებს რომ ახურავთ ხოლმე. ერთმანეთიც უნდა დაგვჭირვებოდა უსარგებლო ღიმილით და კვამლით დასვრილი ჰაერივით. 
 შენ პეპლების საჭერით დასდევდი ჩრდილოეთის ქარებს, რადგან შენი ბოშურად თავისუფალი სული ვერ სცდებოდა თავგანწირვებს. მე შენს ზედმეტ სახელებს ვიმეორებდი მონაცვლეობით.
  მაშინ ღია წაბლისფერი თმა მქონდა. ეს ახლა შევიღებე მოწითალოდ, თორე ...
ჩემს თვალებს ძილი აწვა სიმძიმის ძალად. სერიოზულობა შთანთქავდა ხელებს. ფილტვები სავსე გვქონდა მიწით. შენ მაშინაც ორფერი ტუჩები გქონდა.
თამბაქოს სუნი ასდიოდა ჩემს დატოვებულ წერილებს. გასაღების ასხმასავით რომ ეკიდა დახლთან. სათითაოდ ასაღები ღრიჭოდან და ფრთხილად დასაყნოსი. თითქოს ჩემი თმა იყო მელანი და შენი გულის ფიცარი – გახუნებული, კუთხეებშემოფლეთილი ფურცელი.

  რავიცი, აქამდე მეგონა ბოლომდე ვიბრძოლებდი. ცხრა თაობა არმიაც ვერ შემაკავებდა. ზოგი გამგლიჯავდა, ზოგიც – უჩუმრად მომპარავდა დროს. მეგონა, ღამ–ღამობით საკუთარ თავსაც დავუწყებდი ლაპარაკს, რადგან ვერ გივიწყებ. ჩემი თვალები კი, გაგზავნიდნენ მესიჯს: "შეეშვი". მეგონა ძვლებამდე ჩააღწევდა შენი ნავსაყუდელობა. სიტყვები სისხლის წვეთებივით დამეღვრებოდა ფიქრებიდან და წამოვიდოდი სახლში. ახლა?! ახლა, რავიცი. რაღაცას ვითხოვ, ვითხოვ, ვითხოვ, ვითხოვ, პირდაპირ ღმერთისგან.
  აღარასოდეს შემოვბრუნდები. აღარ მოვსინჯავ კუნთებს. არ ავანთებ სინათლეს შენი ბრმა ლაქებისკენ. აღარ ვიკითხავ დროს მელასაგან მოტყუებული ბავშვივით.
ძვირფასო, არ მაინტერესებს როგორ დავილექე შენს ნათელ ფიქრებში.
ფაქტი (ბევრია) ერთია: ვჩქარობ და სულ ვაგვიანებ. ისევ ვცახცახებ როცა მირეკავ. ყოველ დღე ჯანდაბასავით მრუდდება გზა. ჩემი სხეული თავისთავადი ისტორიაა სამყაროს ტკივილსა და დიდებაზე.
აღარ მაინტერესებს–მეთქი როგორ ხარ? ისევ აიკიდე თუ არა ზამთრის სურდო. მივყვები კელაპტრის შუქებს. გავდივარ გვიან ქუჩებში, ვსეირნობ. ვეღარ ვპოულობ სანთლით საძებარ შენნაირებს და თითქოს ვიშლები. დალუქულია!!!
ერთ დღესაც, ვიღაც გაგიყრის ხელს ხელში და აღარ გაგახსენდება ჩვენი მარტივი ნატვრებივით ადვილად დავიწყებული ნაბიჯების ხმა.
  დაე, იყოს ყველაფერი შენი რიგ–რიგობით ნამღერი კუპლეტებივით გაშლილი.
ისე, კი დიდი სიამოვნებით გავკრავდი ახლა ასანთს. შევასრულებდი დიდი ხნის წინ მოცემულ პირობას. მერე მოვიდოდი შენთან მხრებში გამართული. თვალებს გაგისწორებდი და ამაყად გეტყოდი: "ყველა ხიდი დამწვარია".
არა! გატყუებ! შენთვის არანაირი პირობა არ მომიცია.
ჰოდა, ჯანდაბამდეც გზა გქონია, მერსედეს. შენი რძისფერი ხელები და ჩემი ქვები აღწევენ ზენიტს.

  არ ვიცი ამას ოდესმე თუ წაიკითხავ. არ ვიცი მიხვდები თუ არა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ბენგალური ცეცხლივით ჩაშუშხუნებას ჰგავს. არ ვიცი დაგენანება თუ არა დღეები, რომლებიც უნდა გაგვევლო ერთად. სიტყვები, რომლებიც უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის. მთავარი უბედურება იცი რაშია?! – საერთოდ აზრზეც არ ვარ რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით. ან რა აზრი აქვს, ან რა კვანძი უნდა გახსნას, ან რა ზე–ამოცანა უნდა ამოხსნას, მაგრამ ზოგჯერ ჰომ სულ ერთია ვინაა შენს გვერდით. მთავარია იყოს, გიმაგრებდეს ზურგს, ერქვას შენი "კრიშა", საკაიფოდ გაწყობდეს "ფირმაში" და მაინცდამაინც მაშინ არ იცინოდეს, როცა შენ ტირი. დანარჩენი უკვე სულ ერთია.