Tuesday, May 31, 2011

არაფერი ისეთი ......


ასე ახლოს, როგორც შენ.
ჩემს მხარზე გიდევს თავი და ცდილობ რაღაც უჩვეულო მაგრძნობინო, რომელიც აშკარად არ გამოგდის.
ვზივართ უბრალო მიკრო ავტობუსში და გაურკვეველი პუნქტიდან ისევ თბილისისკენ მოვემართებით. მძღოლი ცდილობს "მარშუტკა" ისე "იხმაროს", როგორც ხელთათმანი, მაგრამ იმასაც შენსავით არ გამოსდის. ტრანსპორტში დგას შემჭკნარი კომბოსტოს, დამდნარი შოკოლადის, დამპალი კარტოფილის სუნი.
ჩვენი "წასვლა" არ შედგა, რადგან ორივე უკან ვბრუნდებით. ეს მეც კარგად ვიცი და შენც!

რაღაც უღონო გაფართხალება და თითქოს მაჯაზე შენს თბილ გულისფეთქვას ვგრძნობ. თითები ცხელი გაქვს. ახლა უკვე საფეთქელზე მადებ გრძელთმიან თავს და ჩემს ფურცლებს ჩამოჰყურებ:

- თვალების დამუღამებას სწავლობ? - მეკითხები ჩემს ნახატებზე.
- როგორც ხედავ.

მელანქოლია მეძალება გულის არევამდე, თითქოს შერცხვენილი ვარ, დაკარგული, გულაჩუყებული, იარაღის მსგავსად საცრემლე ჯირკვლებ-გადატენილი.
მეწამული მიწის სუნი ასდის შენს თმას და იბადება კითხვა: "ახლა საკუთარი თავის ვერშეცნობა იქნებოდა, ჰაა?".....

ზუსტად ასე, გაუნძრევლად იწყებ თამაშს ჩემს მხარზე და თვალს თამამად აპარებ ფრაზებისკენ, სიტყვებისკენ. გვერდით ვიღაც ქალი საათს გეკითხება, შენ უშნოდ სწორდები, მარცხენა ლოყაზე ჩემი მხრებისა და ლავიწის შეჭმუჭნული კვალი გატყვია.

25 წუთის შემდეგ.
გატყუებ, რომ მძინავს. მზის სხივები სახეზე მითამაშებს. შენ თითქოს ჩემს აზრებს კითხულობ და ოდნავ ხმამაღლა ამბობ:
- ამ ფანჯრებს ფარდები არ უნდა?..
"ჰეჰ", მეღიმება, ფართო მაქვს ფანტაზიის არეალი. რასაც მინდა იმას გიზავ. თავს მოგკვეთ, ტყვიას გესვრი, ლინჩის წესით გაგასამართლებ.
მე კი, მახსენდები 2 დღის წინ დიდი მუხის ხეს ჩახუტებული, თვალდახუჭული. თითქოს მთელი სამყაროს ორგანულ-ცხოველური შემადგენელი იყავი, ხის შემადგენელი ნაწილი.
მაშინ გამიჭირდა შენი მიმიკების აღქმა და შეგეშვი.

ახლა აქ ვართ. შენ ჩემს მარჯვნივ ზიხარ და უმარტივესი ზრუნვებით ცდილობ მაგრძნობინო რაღაც უჩვეულო, რომელიც არც ახლა არ გამოგდის.
ალბათ ეს დღეები წვრილმანი ნატვრებივით დაგავიწყდება, ამიტომ თვალს ვახელ და გეუბნები:
- იცი? ასე მგონია ახლა ვიტირებ. აი თავისით წამოვა ცრემლები.
- გული აგიჩუყდა?
- არა. დავიგრუზე.
- რატომ, რომ ვერ წავედით?
- უბრალოდ, ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ.
შენ აღარაფერი მიპასუხე და მეც ჩავთვალე, რომ ყელში ამოგიყვანე ეს ჩემი მრავლისმთქმელი მზერები, გოდებები, ფიქრები. თავი მოგაბეზრე, გული გაგიწყალე,
შ ე გ ა ღ ო ნ ე.

მერე წარმოვიდგინე ისევ მუდამ აპრილისმომლოდინე ზეთისხილის ჭალები, ოქროსფერი ყანები, მთაზე ამოსული მერცხლების უმშვიდესი ბუდე. ამით თითქოს 1 ნაბიჯით გადაგისწარი და კარში გავედი...

Wednesday, May 25, 2011

წერილი #2


მეც არ ვიცი ამ ყველაფერს ახლა რატომ ვწერ, თან ისე, როგორც ერთ ეგზემპლარიანი ამბავი.
როგორც წესი ამბის დასაწყისს ხომ ბოლოში იხსენებენ და ალბათ ამიტომ...

ზუსტად არც ვიცი ეს ყველაფერი როდის დამთავრდა.. ალბათ 20 წლის, ან 20 თვის ან 20 დღის წინ. ამ ყველაფრის ყველაზე ნივთიერ მტკიცებულებას რომ ვუყურებ, მარტო მაშინ იგრძობა დროის უშნო ცვლილება..

მახსოვს ადრე ვიღაცამ ჩემზე გკითხა:
- რას ნიშნავს როცა ის იღიმის?...
შენ უპასუხე:
- წარმოდგენა არ მაქვს!.

მე არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ ხსნის ფიზიკისა და ქიმიის კანონები.
ჩვენ, როგორც კონუსისებური არსებები (მხოლოდ მე და შენ) მივემართებით ერთი უბრალო წერტილისაკენ. ვიცი, ჩემს მხედველობას მოსწყდები, სხეულს - არა.
მე ხშირად ვხედავ ცისებურ ზღვას და მასში გეძებ შენ. ამით ნაწილობრივ ვასრულებ ჩემს პირობას - ვიზრუნო ბნელი წვიმების ხმაშიც.
ზღვა დიდია, მისი ტალღები ჩემი დის თმების სიგრძეს იწონის.
გაურკვეველი მიზეზების გამო თავს არ ვიწუხებ შენი მოკვლევით. მხოლოდ ვლოცულობ გარდაუვალ მოვლენებზე და ამოუხსნელ ფაქტებზე.
ვიცი, რომ გიკვირს, თითქოს "ჩემნაირებს" "შენნაირების" გატანა არ შეუძლიათ.
არა!
პროტესტს ვუცხადებ შენს არეულ გონებას და დალექილ სულს!!!

ალბათ ეს იქნება ყველაზე თვითმყოფადი, დღევანდელი დღით არსებული მხოლოდ.
...
აქ ყოფნა, ცის ქვეშ თავის შეფარება, ჩვეულებრივი ადამიანი უარყოფდა მთელ სამყაროს, მთელ ქალაქს. ეს-ესაა ცივილიზაცია ემხობა ჩვენთვის (მხოლოდ მე და შენთვის), მაგრამ "იქ" ყოფნა და არაფრის ლოდინი უარესია აქ ყოფნაზე. ეს ტყის დაბლობები, დინებები, მზის სხივები ალვის ხეებზე, ისინი არასოდეს გაქრებიან, სანამ არ მოგვიღებენ ბოლოს... და სწორედ აქაა იმედი. 3 წამი: "დაბრუნდი. მე დაგელოდები." ეს არის შანსი, უბრალოდ შანსი უკან დასაბრუნებლად...

"I'm always thinking about you when things aren't going well"....

Saturday, May 21, 2011

რძისფერი ხელები .


არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად შენ გეხერხება საკუთარ თავზე ისე ისაუბრო, რომ ამას ვერავინ მიხვდეს.
საკვირველია, მაგრამ გამოგდის..

ყველაზე მეტი შენი პირველია. ფრაზა, რომელიც ყველაფერს ამბობს. მზერა, რომელიც ყოველთვის გიტოვებს რაღაც კვალს. მუდმივი სითბო, რომელსაც ვერ შეცვლის სიცივე.

ეს შენი ხელებია.. თითები - თხელი, თვალების მსგავსი. უცნაური, ჰაერის ჩამბერი. ორფერი, როგორც შენი ტუჩები.

მყუდრო, საამო, როგორც სიმშვიდე. ბენიერება - შენივე გული.
მაცდურად აპეხილი თითები, როგორც შენივე თმის ბოლოები.
თხილისფერი თვალები..

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც სიგიჟემდე მოსწონს თავისი ხელები.
ცხოვრებაშიც ალბათ ვერავინ ვერ დამემსგავსება ისე, როგორც "შენ"...
ალბათ იმიტომ, რომ მაინც ჩემი(ანი) ხარ. ერთის, მეორის...
ადრე ვფიქრობდი ჩემი შვილი-თქო (მომავალში), მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს სულ სხვაა.. აი, რაღაცნაირი!
შენნაირი სახეზე შეჭმუჭნული ღიმილივით, მარჯვნივ ლოყის გაჩვრეტასავით, წამებში, წუთებში, საათებში დატანილი ჟრუანტელებივით..
შენსავით (ალბათ) ვერავინ აბედნიერებს და შენსავით ვერავინ ტოვებს..
არავის ხელები ისე არ მოგენატრება (არასდროს), როგორც შენი, იმიტომ, რომ მხოლოდ შენია ასეთი, რძისფერი...
...და რომ კითხავ:
- საიდუმლოს გაგანდობ, გინდა?
შენ თავს დაუკრავ და თანხმობის გასამყარებლად შუბლს შუბლზე მიადებ.. მაგრამ ეს მხოლოდ 10 წლის შემდეგ..

ახლა, როცა სადღაც შორს მივდივარ (მე შენგან), ყველაფერი ლაგდება. ხელები ისე მჩატდება, მსუბუქი ხდება, მაგრამ ჭუჭყიანი.
ფიქრი...
მგონია, ვეღარ ვსუნთქავ, რომ ვიღუპები, ვკვდები. მერე, ვფიქრობ, უბრალოდ სახლში დავბრუნდები, ჩამოვირეცხავ ყველაფერს, დავისვენებ მთელი კვირა, დავივიწყებ რაც იყო.
უცებვე ვხვდები, მერე ვეღარ შევძლებ სახლიდან ისევ გასვლას.
.. მკითხავ:
- განმეორებულა თუ არა ეს კიდევ?...
მე გიპასუხებ:
- რა, შეგრძნება?..
უხერხული მზერით, უხერხულად შემოგიბრუნებ შეკითხვას:
- რას იზამდი რომ შემყვარებოდით?"
პასუხი:
- что угодна...
..მაგრამ ეს ყველაფერი 10 წლის შემდეგ.
ჯერ ყველაფერი ადრეა!!!

Wednesday, May 18, 2011

Air .


ადრე წყალქვეშ დიდი პერიოდით შემეძლო სუნთქვის შეკავება.
ჩავიძირებოდი სადმე, პატარა აუზში. არაფერი მესმოდა, გარდა ჩემი საკუთარი გულისცემისა, რომელიც წყლის საწინააღმდეგო ექოს გამოსცემდა.
შემეძლო მთელი ცხოვრება ასე წყალქვეშ დავრჩენილიყავი რომ არა შეგრძნება, თითქოს ვიღაც იაფფასიან ადგილას მელოდებოდა.
როცა ვიღაც გელოდება შ ე ნ მყვინთავ აუზთან, აუცილებლად უნდა ამოხვიდე - "ჰაერზე"...


ჩვენ ყველა პატარა ნემსიყლაპიები ვართ ყოველ დილით რომ წრეებს ვხაზავთ დილის ნიავში. წინ და უკან, მერე ისევ წინ და ისევ უკან.. ჩვენ ყველანი გარდავიქმენით ჩვენივე ახალგაზრდობიდან, ავმაღლდით წყალნაკლული ტბის ზევით, ახლა ზედმეტად ვციმციმებთ კონტრასტული ფერის ლაქებით დაფარულ მზის შუქში. ჩვენ ზიგზაგებივით გადავკვეთეთ საკუთარი თავის ანარეკლებს და მუდამ დავეძებთ ვინმე სულიერს.. ათასი მილის მოშორებით, სანამ საბოლოოდ გავფრინდებით გრაციოზულობით სავსე ტანდემში, სინათლესა და ბრწყინვალებაში, ისევ თავიდან ვიწყებთ ამ თავბრუდამხვევ პროცესს...


ერთ დღეს გავიღვიძებთ და მივხვდებით, რომ მთელი სამყარო გვეზიზღება. გვიჭირს "აქ" ყოფნა და ამიტომაც გავრბივართ. ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ჩავხედოთ საკუთარ თავს თვალებში და დავინახოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ. თავიდან ვიცილებთ კითხვებს, თუ რატომ ვერ ვიტანთ საკუთარ თავს ასე ძალიან...


ხალხი ამბობს, რომ სიმართლე ათავისუფლებს, - ეს ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ ტყუილი გვიცავს, ტყუილი გვიცავს სიმართლისაგან...


ყველაზე მეტად (მე) რაც მინდა, ესაა ვიყო უჩინარი. ეს უბრალო მოთხოვნაა. სხვას არავის არ ითრევს, არ აბამს, არავის ეხება. როცა ოთახში ვინმესთან ერთად ვარ, თავს ისე ვგრძნობ თითქოს მხოლოდ ნახევარი ვარ. როცა ოთახში 2 უცხოა, მაშინ ჩემი მხოლოდ მესამედია. როცა ოთახში 3 ადამიანია, მე მეოთხედი ვარ, ხოლო როცა ხალხით გადაჭედილ ადგილას ვხვდები, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ა რ ა ა ვ ი ნ!!!...


იყო უჩინარი, არაა მსოფლიოში ყველაზე ცუდი რამ. შეიძლება ვერავინ შეგამჩნიოს, მაგრამ შენ შეგიძლია დაეხმარო სხვას დანახვაში....
ერმმმმ....

Tuesday, April 26, 2011

წერილი #1


ჩემო ძვირვასო მეგობარო ლენა ჯი.

გწერ წერილს, რომელსაც სავარაუდოდ ვერასოდეს წაიკითხავ. სწორედ ეს მიზეზი მათამამებს უფრო და უფრო.
გვირილ, შენ ახლა სადღაც დასავლეთში ხარ. ორივე შორს ვართ ჩვენი ქვეყნისგან. მე შენამდე ოკეანე მაშორებს, შენ - ვიზა.
ვზივარ ახლა ჩაბნელებულ ოთახში და სანთლის შუქზე გწერ. ეს ის სანთელია, სულ ჩანთით რომ დამაქვს 90-იანი წლებისაგან აკიდებული "უშუქობის" შიშით.
იცი, გვირილ, როცა შენ ვერ იტევდი სინათლეს და ჟონავდი ვარსკვლავებად, როცა შენსავე ნაფეხურებზე იზრდებოდა შენნაირი ყვითელგულა გვირილები, მე მაშინ ვეუცხოვე ადამიანებს და გამრიყეს.
როცა მარტოობით სულს ვღაფავდი, ვტიროდი და მეგონა, რომ თუკი ვიტირებდი არ მოვკვდებოდი, არ მოვკვდი!
იცი, გვირილ, თუ არ ვჩანვარ, ეს არც ჩემი ბრალია და არც არავისი.
მივხვდი, რომ თუ გინდა ადამიანები ზამთარშიც გეყოს, შემოდგომაზე უნდა დააკონსერვო.
... და რა ხდება ახლა?...
ახლა ჩემი სუნთქვა ზედმეტად ჩუმია. უჩარჩოობა უკვე საზღვარს გასცდა და თოჯინებმაც შემაქციეს ზურგი. ახლა შენ შენი ცხოვრებით სუნთქავ. მე კიდევ შეგნებულად არ ვალაგებ უსწორმასწოროდ მიყრილ ადამიანებს, სულ ცარიელიც რომ არ მეგონოს ჩემივე სული.
ეს ღამეც სხვებივით რომ არ დაიკარგოს, მხოლოდ სიჩუმეს წვიმაში შევერევი.
წვიმა ხომ ზეციდან მორბის?!...
სიგიჟეა.
მე უკვე აღარავინ მიჯერებს, გვირილ!
ჩემზე ამბობენ, რომ მხოლოდ მთვარეების თვლა ვიცი გუბეებში და... ზეცის ხედვა ლურჯ ფერებში.
ლურჯი, გვირილ. შენ ხომ გიყვარს ლურჯი და შენი გამოგონილი სილურჯეები.
უკაცრიელი რომ არ მეჩვენოს სამყარო - სიჩუმე შევიყვარე "ლენ"!!!


ლონდონი. 2010.
R.

Sunday, April 10, 2011

my September


აქ რა მოსატანია, შუა გაზაფხულში, აპრილში, მაგრამ, რას იზამ?!..
სულ შემოდგომაზე, სულ სექტემბერზე მეფიქრებაა..

ისეთი უბრალო, სადა, მარტივი თვეა. შენგან ბევრს არც არაფერს მოითხოვს. ისიც კმარა, რომ გასცემს რაღაც ბარხატისებურს :)

2 დღის წინ ავტობუსში ვიჯექი. ალაგ-ალაგ მზეც ანათებდა. ფანჯარაში ხეებს ვაკვირდებოდი ისე, თითქოს პირველად ვუყურებდი სამყაროს. მერე, როგორც მჩვევია ხოლმე, რაღაც ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და გამოძიება დავუწყე..
დავასკვენი, რომ ასეთი სუნი მხოლოდ სექტემბერში აქვს სამყაროს და რომ ასეთი სუნი მხოლოდ სექტემბერს აქვს..

კიდევ.. სექტემბერი თმებს წააგავს. გრძელ, საყვარელი ადამიანის თმებს, რომელიც მათ კეფაზე არასდროს იკრავს.. დიდ, ხვეულ, წითურ თმებს..
ადამიანშიც ყველაზე მეტად თმა მიყვარს. პატარაობიდანვე ისეთი მეგობრები მყავდა, ვისაც გრძელი თმა ჰქონდა. რა საკვირველია მათთვის ეს ამბავი არასდროს მითქვამს. (როგორი მოსასმენია: "შენში ყველაზე მეტად შენი თმა მომწონს"..) არაეთიკურად მეჩვენებოდა.
ვიცი, უცნაური მოსასმენი თუ წასაკითხია. უცნაურად გასააზრებელი და იმასაც ბევრი იფიქრებს რომ უცნაური ვარ. უცნაური ასოციაციები და შეგრძნებები მაქვს..

ამის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ გუშინ ჩემი ნატალია ხელახლა "გადავიკითხე" და ბოლოს ისევ სექტემბერთან მივედი. ნატალიაც სექტემბერში დაიბადა. ჩემს ნაცნობებში ერთადერთი სექტემბრისტია.. ყველაზე გრძელი, ტალღოვანი წითელი თმა აქვს და მე ის მიყვარს ყველაზე მეტად..

ეს მუსიკა(ვიდეო) ისეთივე სადა, მარტივი და არაამქვეყნიურია, როგორც შემოდგომა, როგორც სექტემბერი...

"ჰო, დავბრუნდები. მე შენი თმები დამაბრუნებენ"..

Friday, April 1, 2011

ცხოვრების 3 წამი...


ძნელია სხვის სხეულში საკუთარი თავის პოვნა.. მაგრამ თუ ეს ერთხელ მაინც გამოგივიდა, მერე იმ-ადამიან-დამოკიდებული ხდები. გგონია რომ სამყაროს ყველა ძალა შენ გეკუთვნის, გგონია, რომ შენს ერთიბეწო მუჭში ცისარტყელის შვიდივე ფერმა მოიყარა თავი.
მაშინ ხდები თითქოს სრულყოფილი ყველას სიტყვის ყველა ბრუნვაში.

ესეთი პერიოდი ყველასთან დგება. ჰოდა, ჩემმაც არ დააყოვნა.
...

როცხვებს არ დავაწერ როცა მოხდა ეს ამბავი, იმიტომ, რომ ისინი მთავარი დამძველებელი და გამხუნებელია.
მოკლედ, ის ჩემს გრძელ თმებს თითებზე იხვევდა, ზოგჯერ შუაზე ყოფდა და წნავდა. თან მატანდა გამხმარ ბალახებს და ფოთლებს. მას ყველაზე გრძელი და გამოყვანილი თითები ჰქონდა. ის იდგა ზურგით ქარისკენ და სახით ჩემსკენ. იდგა ჩიტების ხმაურში,ზამთარშიც, გადახრილ ხეებში და ზოგჯერ განიცდიდა ჩემს მაგივრადაც, იბადებოდა ჩემს მაგივრადაც, ივსებოდა ჩემს მაგივრადაც.
თვალებში პროფილიდან მოუჩანდა სიცარიელეები და შინაგანი წაგრძელებებით ძველი ფილმის ძველ მსახიობს გავდა, კადრებად დაჭრილს.
..
მე მას წერილებს ვწერდი. წერილებში იყო ლექსებიც ზოგჯერ.
ის ამ წერილებს ჯერ კითხულობდა, მერე გადაწერდა და სხვას სჩუქნიდა, ისე თითქოს მისი დაწერილი ყოფილიყო.. ასე ვგრძელდებოდით მარადიულად.
მე ვერ ვიტანდი განშორებებს, ვერც ის.. ახლაც ასეა.
ამიტომაც ჩაკიდა ხელი თავის ყველა "მეს" და "გარდაიცვალა"...


ძებნის შედეგები

что угодна

"

Saturday, March 26, 2011

დაუმთავრებელი პოსტი.


ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს. ამისი თეთრი მუსიკაა. ამის თქმა აუცილებელია, რადგან თეთრი მუსიკა უცნაური მუსიკაა, ხანდახან საგონებელში ჩამგდებიც: ის მშვიდად უნდა დაუკრა და ნელა იცეკვო. თუ კარგადაა შესრულებული, ასე გგონია, სიჩუმეს უსმენ; ამ მუსიკაზე მოცეკვავეები ღმერთებს გვანან: უყურებ და გგონია, რომ არც კი იძვრიან. საშინლად რთულია თეთრი მუსიკა. ვერასდროს გაიგებ, რა მოხდა.

ეს ერთ-ერთი იმ ცხოვრებისეული კროსვორდთაგანია, რომლის ამოსახსნელადაც ჯობს ტვინი არ დაძაბო, იმიტომ, რომ მაინც ვერაფერს მოუხერხებ: როდესაც ნახატი ძირს ეცემა, როდესაც დილით იღვიძებ და ხვდები, რომ აღარ გიყვარს, როდესაც გაზეთს გადაშლი და წაიკითხავ, რომ ომი დაიწყო, როდესაც მატარებელს ხედავ და ფიქრობ, აქედან უნდა აახვიო, როდესაც სარკეში ჩაიხედები და აღმოაჩენ, რომ დაბერდი, ყველაფერს მოაშორებ თვალს და იტყვი: "მე ამ გემიდან მალე ჩავალ"..
დავშრი...

დღეს ვფიქრობდი ყველაზე: მაშკაზე, გაგაზე, ნატალიაზე, ნენესა და მის ცოლიან პროკურორზე, დინაზე, ჯენიზე, კანცელარისტზეც და ევაზე...

ბოლოს მივხვდი, რომ კარგი ვქენი როცა თავი დავანებე იმ თეთრი ლექსების წერას :) ...

ამით, ნაწილობრივ, სამყაროც "ვიხსენი", მგონი..

Sunday, March 13, 2011

დღე მეექვსე.....



- სიზმარში შევცურე და მთელი არსებით მივენდე დინებას...
წყალი იყო ყველაზე მზისფერი და ზედ ნაცრისფერი ნისლები ეკიდა ცრემლებად... სიზმრისხელა ზღვამ ტანი გამინორჩა. მკერდსა და მკლავებზე დამიწყო ტალღებმა ლოკვა. მერე ვიგრძენი, რომ იქ, შორს მწვანე შუქი მიცქერდა აუხდენელ ოცნებად. ზღვასაც უფრო მოვუნდი და ფეხქვეშ ფსკერი გამომიცალა..
თან თითქოს მე ვიყავი ყველაფერი: მზისფერი ზღვაც, ნაცრისფერი ცრემლნისლები და მწვანე შუქი... მე ვტივტივებდი ჩემს თავზე და მე ვუცქერდი ჩემს თავს ყველაზე მწვანედ.
ირგვლივ კი, სამყარო იყო ყველაზე ბნელი და სუბიექტური, მიკერძოვებული და ხარბი..შევცურე ყველაზე შორს..
და ვინატრე ცის გახსნა, იქიდან ნათელი შუქის ჩემზე მოფენა და ფრთების შესხმა ! მერე სიზმარმა ჩემი ზღვა თავი დიდ, მწვანე მდელოდ მიქცია. ისეთი ნამდვილი, ახლად ნახანძრალი და აღდგენილი, ისეთი რეალური ვიყავი, რომ....
მივრბოდი და ვგრძნობდი როგორ ვენანებოდი ჩემ მიერ ფეხდაბიჯებულ და გათელილ ყოველ ბალახს... ვენანებოდი მთელს სამყაროს, რომელიც თითქოსდა იყო ჩემიც... გვერდით ჩავურბინე ზამბარათმიან გოგოს, ჩემს ინგლისურის მასწავლებელს, მეზობლის უსახურ ორცხობილებს, დევ-გმირებს და გვირაბისბოლოს სინათლე რომ გამოჩნდება ჰოლმე, ისე გამოჩნდა ერთი ბიჭი, რომლისთვისაც პირველად უნდა მეკოცნა და რომელსაც უნდა მოეპარა ჩემი სასიყვარულო ტაბუ....
ბიჭი ნერწყვს მძიმედ ყლაპავდა, ჩემი ლოდინით დაღლილი ქრონიკულად, ხმის ჩახლეჩით ახველებდა. იყო სრულიად უბრალო სიზმრის მოქალაქე, მაგრამ ჩემი სიცხადის გუშაგი, ჩემი მუდამაპრილისმომლოდინე ზეთისხილის ჭალები.... კოცნაც ისეთი რეალური იყო, სველი და რბილი, როგორც აორთქლილი წყლის საცავად ქცეული ღრუბლის ხროვა !
სულ უფრო ახლოს იყო აუხდენელოცნებად ქცეული მწვანე შუქი. ყველაზე პარიზული, წითელი ქოლგისმაგვარი და ეიფელიდან გაფრენილი, გეღარ დასაბრუნებელი ბუშტები ! აზოტგაჟღენთილი, კოსმოსში გასახეთქი ჩემი იასამ.ნიი.სფერი კაბა შემომებერა, დამრგვალდა.. მერე ამიტანა ზევით, ამაფრინა... საიდანღაც ცისარტყელა გამოჩნდა უწვიმარ ცაზე. ფრთაშეუსხმული მივფრინავდი და თითქოს მივაბიჯებდი ცაში....
....და აიი, ჩავეშვი იმ მწვანე სიმშვიდეში, ზღვის გადაღმა, მდელოს იქით რომ მელოდა და მიცქერდა ზანტად, ხარბად და მოუზარებლად ! კაბა ჩაიჩუტა, არარსებული ფრთებიც წამერთვა... სამვარსკვლავიანი დავაბიჯებდი დიდ სიმშვიდეში, ჭრაქივით ბრიალებდა ლამპიონი. უეჭველი ტრიუმფი მელოდა, თუკი გვირაბისბოლო სინათლე კვლავაც აელვარდებოდა...
....მე მეგონა ერთ, დიდ ფორთოხლის ორგანიიძაციაში ვიმყოფებოდი და თურმე მორგივით გაყინული გუბე ყოფილა, ორღობეში გაჩხერილი მთვარით...
.....
გამეღვიძა..... მივხვდი, რომ ამწამს ყველაზე ფერადი ღამე მქონდა და ვიგრძენი, ეს ღამეები არ შეწყდებოდნენ, არამედ სერიებად განაგრძნობდნენ ჩემს მონუსხვას... მე კი, დაჰიპნოზებული, აკიდებული მატხოვარივით დავედევნები მომავალშიც იმ ჭლექიან ბიჭს... მას ჰომ ჩემი გულის ნახევარი აქვს?!.....

Saturday, March 12, 2011

Just a note to say Hi ..


მოკლედ, ესეც ახალი ბლოგი..
იყო კითხვები: "რატომ არ გაქვს?!"..
თხოვნები: "გააკეთე, რაა"..
..და მოთხოვნები: "გააკეთე-მეთქი"....
ჰოდა ასე...
იმედია ახლა სახეზეც შეგატყობთ კმაყოფილებაას :)