Monday, June 30, 2014

განცხადება #911.0

  გაზეთი XX
  რუბრიკა : დაკარგულები
  რედაქტორი და რუბრიკის ხელმძღვანელი: გ.ს.ტ
  
  გაზეთში პირველად ვწერ და ვღელავ. ხელები მიკანკალებს. თუმცა დარწმუნებული არც ვარ რომ ეს ჩემი პირველი განცხადებაა. იქნებ აქამდეც არაერთხელ მიმიმართავს ვინმესთვის, ანონიმურად მაინც. სამწუხაროდ არ ვიცი, არ მახსოვს. ახლაც ამიტომ ვწერ. ჩემს დაკარგულ მეხსიერებას ვეძებ. ნახევარ წელზე მეტია უშედეგოდ ვწვალობ, წელებზე ფეხს ვიდგამ. თავს ვაძალებ. მაინც იძულებული გავხდი, საჯაროდ განვაცხადო.
  ვიცი, რომ ძალიან გასაკვირია. ფაქტი პირდაპირ მიუნიშნებს ჩემს წინდაუხედაობას, მაგრამ ჩვენს დროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია?! ტვინის უკანასკნელი კუნჭულით მახსოვს, რომ გუშინ ჩემმა მეზობელმა საკუთარი ნერვები გამოსდო ქუჩის კუთხესთან მდგომი საკიდის ხვეულას. ერთ წამში დაცვივდა თმა. რავიცი, იქნებ მეზობელი არც იყო.
  ჩემი მეხსიერება, სავარაუდოდ, ჭრელი უნდა იყოს. პირველი დანახვისთანავე მიხვდება კაცი, რომ მონატრება და სევდა სჭარბობს. ექიმები ამბობენ, არც ამნეზიაა და არც სკლეროზი. სავარაუდოდ, გადატვირთვაა. ან - არა. ზუსტად არ მახსოვს სად გამომეყო და დამშორდა, მაგრამ თვალებით მახსოვს სიმწვანე, სიმაღლე და ეშმაკის ბორბალი. სხვებისთვის ალბათ უცნობი და საშიში ფენომენია. არავისთვის მოუტანია სიკეთე. არც ჩემთვის. ამიტომაც ვჩქარობ, ვიპოვნო. მაინც მიჩვეული და შეგუებული მყავს. ნანახი და ღრმად ჩაბეჭდილი აქვს მკვდარი კატა და მთელი მუჭა დამწვარი ჭიამაიები. მუდამ მოლოდინის რეჟიმშია. ბოლო სიჩქარეზე დაყენებული მექანიზმივით ელის რაღაცას. თან რომ არც იღლება?! - სასაცილოა პირდაპირ. ოთხივე კუთხით კედლები აქვს შემოსაზღვრული. ეს ზუსტად მახსოვს, მე და მან ერთად შევქმენით. ჩვენი ერთგვარი გარიგებაა. მე მას (მოგონებებს) ვიცავ, ის - აღარ მრავლდება.
 მინასავითაა. სწრაფად იმსხვრევა, მაგრამ მისი ნამსხვრევები ბასრია და ღრმად შიგნით ჭრის. დამიჯერეთ, ვერაფერში წაგადგებათ მისი თქვენთან დატოვება. ზოგადსაკაცობრიო, მეცნიერულ ან ტექნოლოგიურ ცოდნას სულაც არ შეიცავს საკმარის დონეზე. პიროვნულია. მით უმეტეს, არც ჩემი პერსონაა დიდად საინტერესო. მხოლოდ ბლომად მხატვრული პროზის წიგნების, ამოჩემებული სიმღერის ტექსტების მარაგს ინახავს. (სულაც არ მინდა ყოველმა მეორე მპოვნელმა გამშიფროს).
  მასში ყველაზე მეტი, დავიწყების შიშია. ალბათ ეს ლოგიკურიცაა. ეშინია, რომ დაივიწყებს და ვეღარასდროს დაიბრუნებს ბავშვობის შავ-ნათელ ანარეკლებს. დაივიწყებს ყველა ამხდარ წინასწარმეტყველებას და ნაჭუჭივით ცარიელი გახდება. ბევრჯერ დაუმალავს (როცა საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი), რომ გასული დღეების, თვეების, წლების სანაცვლოდ გრანდიოზული შურისძიება სწყუროდა. არა, ასეთი ბოროტიც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური შესაძლებლობა ჰქონდა დაეკმაყოფილებინა სურვილები. ჩემს მეხსიერებას საოცრებათა ქვეყანაც შეიძლება ეწოდოს. ერთი შეხედვით, რომ გიზიდავს. ჰიპნოზით გაბამს. სინამდვილეში, ტყუილების, იმედგაცრუებების, დამსხვრეული პირობების, მონატრებების, უპასუხო სიყვარულის და დაკლებული სითბოს მორიგი სერიაა. ჰო, ცოტა მოსაბეზრებელიც. ამდენი გადატანილის შემდეგ დეფორმაციას კიდევ განიცდის.
  ადრე რომ დამეკარგა სასწრაფო წესით მოვძებნიდი სხვა ადამიანებისა და მის გამო. ჩვევა ჰქონდა: როგორც კი ახალ ორგანიზმს იგრძნობდა, წამში შემოახვევდა მარწუხებს. ისე ეკვროდა, როგორც ტკიპა და კარგად დამუშავებული ხრიკებით იმორჩილებდა. ცბიერიც იყო. ათგზის ნაცადი ფოლადივით ტყუილები ჰქონდა გამზადებული. სწორედ ჩვენმა შეცდომებმა დაგვიტოვეს საუკეთესო მოგონებებიც. მე რომ მეტი სიფრთხილე და გონიერება გამომეჩინა, სულ არ დავკარგავდი „თავს“, „მეორე მეს“, „მრავალგზის ეგოს“, „პარტნიორს კრიმინალში“. ახლა გახურებულ მუშაობაში ვიქნებოდით. არც თქვენ მოგაწყენდით თავს ამდენი ვედრებით და წუწუნით.
  ...მაგრამ ახლა მის გამო აღარ ვეძებ ასე გამწარებული. აღარ აქვს იმდენი ბრძოლის ძალა. ახლა ჩემს გამო ვეძებ. მის გარეშე არაფერი ვარ. ფუტურო, როგორც უბავშვო სახლი. უკაცო სოფელი. უყვავილო მდელო. უმზეო ცა და უვარსკვლავო ღამე. არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი ჩვენს ადამიანურ დამოკიდებულებას მეხსიერებისადმი. იქნებ ამასობაში ჩემი სიტყვათა მარაგიც იკლებს?! დრო გადის და უფრო მშორდება. აი, რაღაც ისე რომ არა გაქვს. მოგონებები ამქვეყნად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. თუ ისინი არ გაქვს, - არაფერი გაქვს, არავინ ხარ.
...
  გთხოვთ, სადმე მსგავსი აღწერილობისა და ნიშნების უცნაურ სხეულს თუ წააწყდებით, შემატყობინოთ. მწვანე სახლში ვცხოვრობ რკინიგზასთან. თუმცა სადგურის სახელი და ნომერი არ მახსოვს. ისევ ამავე გაზეთის რედაქციით მოძებნა სჯობს. გახსოვდეთ, რომ მეჩქარება და ყოველი წამი გადამწყვეტია ჩემთვის. იმისათვის, რომ ჩემი ინდივიდი (იდენტობა) სულ არ წაიშალოს.

დიდი მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
ა.რ.ა

ვ.ი.ნ