Monday, March 27, 2017

სოლარიან

  ნოო . ნაწილი I

  სიტე და ვაკი სიამის ტყუპებივით იყვნენ, სანამ ერთი სინამდვილე არ გახდა, ხოლო მეორე - პარტნიორი. სიტეს უამრავი სახე ჰქონდა: თოვლის ქალის, მელიის, ენოტი ძაღლის, ზოგჯერ საოჯახო ნივთისაც. ზუსტად ისე, როგორც ნიღაბი. ის ძალიან ლამაზი იყო. მთელი სხეული ოქროსფერი მინდვრით ჰქონდა დაფარული. მის ფონზე ვაკი მწვანე ფიჭვის ხეს ჰგავდა, რომელიც სამოთხის ნიმფებმა საკუთარი ხელით აღმოაცენეს. მათი ყოფა ოთხ ბოძზე იდგა. უფარდოდ, უდეკორაციოდ. გაქვავებული სახეებით შესცქეროდნენ ერთმანეთს და ყოველდღიურად ინიშნავდნენ საერთო ჭიპლარის სანტიმეტრებს. 
ვაკი ხშირად ტიროდა. ძმობილი კი, ანუგეშებდა, რომ „აუმ, დიდება იემანჟას! ყველაფერი გაივლის!“ 
სიტე კალიგრაფიის ოსტატი იყო. ნარინჯისფერ კარავში ჯდებოდა ხოლმე და წიგნის თვეებს ხატავდა. ამ დროს ვაკი უფრო მეტად ეხვეოდა დიდების მახეში და ფლეიტისა და დოლის შეუწყობელ ხმაურს წარმოიდგენდა.
  ერთ ღამეს, როცა ცაზე განსაკუთრებულად მისტიკური მთვარე ამოვიდა, სიტე და ვაკი სიბნელეში თავიანთ შემქმნელებს შეხვდნენ. დასაწყისში, აბსურდულ სიშავეში ამოყვეს თავი. თითქოს ღიმილნარევი კლოუნის მოწყობილ ცოფში შეცურეს. ყორნისფერი არარაობა გრძელი, ტალღოვანი და სქელი აღმოჩნდა. შემდეგ, სიტემ იმარჯვა და კანისფერ ვიწრო ბილიკზე გავიდნენ. მოშიშვლებულ სუფთა დაფაზე იდგნენ. ირგვლივ კარგა ხანს აღარაფერი ჩანდა. სივრცე საკუთარ სინათლეს ირეკლავდა. ასე მიადგნენ სწორ წყალგამყოფ ქედს. მის მარჯვნივ ადამიანური ნაღვლისაგან გამწვანებული ტბა დახვდათ. უეცრად მოვარდნილი, მომეტებული წვიმისაგან კალაპოტს გადაცდენილი. გამჭვირვალე გველივით მიიკვლევდა გზას ქვედა ხრამისკენ. სიტეს მოეჩვენა, რომ წყლის ზოლი მის ყოფიერებასაც სერავდა. მარცხნივ - უშველებელი სიღრმის ქარვისფერი ვულკანი ელავდა. ვაკი ნელა მიხოხდა ღრმულთან და თავი შიგნით ჩაჰკიდა. სიცხეს კარგა ხანს გაუძლო. შემდეგ, ძმობილის ხმა მოესმა: „აუმ, არ აფეთქდეს. რა იცი რა გადმოხეთქავს შიგნიდან?!“ ხელის უაზრო ფათურით ჩაუყვნენ უსწორმასწორო კიბეს და გამხმარ ლავებს შორის აღმოცენებულ ბაღნარზე გავიდნენ. აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ყვავილები მათ სიცრუეზე მრავლდებოდნენ?! სიტე დაიხარა და ხაოიანი ენით ფრთხილად ალოკა ჟოლოსფერი ყვავილის ფურცლები. ფაფუკი თაფლის წვენი ჩაეღვარა პირში. სიტემ ვაკის მოხედა და მტკიცედ განუცხადა, რომ „აუმ, მსგავსად გაშლილი კონსტრუქცია და მასშტაბი აოცებს და აუთვალავებს. აქ მალე სივრცისა და ფუნქციის ტრანსფორმაციის კანონები გადაკვეთენ ერთმანეთს და საერთოდ, რა რიტორიკა და ავანგარდია ეს ზღვაში მოცურავე ქალაქი?!“ ვაკიმ სიბნელეს ისე შეხედა, თითქოს არქიტექტორთა და ურბანისტთა გაერთიანებული სული წამოადგათ თავს მთავარი ღმერთკაცივით.
  ამ დროს ბაღნარს მშვიდმა ნიავმა სუნთქვასავით გადაუარა და ყვავილები მლოცველის ხელებივით გადაიხარნენ მარჯვნიდან მარცხნივ. სიტემ და ვაკიმ გასავლელი გზის გაგრძელებას დაუწყეს ძებნა. ამ ყველაფერს ცუდი პირი უჩანდა. გადაწყვიტეს, რომ სიბნელის იქით პირდაპირ ნემსას მთა დაუხვდებოდათ. პარტნიორის ხელებში გაუგებრად აფრთხიალდა პატარა, ლურჯზოლა ჩიტი. მიტყუპებული მაჯები სიტეს გაუწოდა და თვალებიდან ცრემლები წასკდა. სიტემ ჩიტი ხელში აიყვანა და მის მკერდზე მიმაგრებული მეტალის მონეტა გადაატრიალა. მერცხალი დაჭრილივით ფრთხიალებდა და მოუხერხებელი მოძრაობით უსერავდა ხელისგულებს. სიბნელიდან ხმა მოისმა. სიტყვებს მათი შემქმნელები ამბობდნენ, თუმცა ამის შესახებ არც ერთმა არაფერი იცოდა. დაკარგულ დროში სულელი და მყიფე ხერხემალი გამოჩნდა. სამყარო იმ ატლასად იქცა, რომელიც სიტესა და ვაკის არასდროს ეკუთვნოდათ. ლუსკუმში ჩასხმულებივით შეეხუთათ სული. მიხვდნენ, ეს რბოლა ისევ მათი ძვლების სიმშვიდეს თუ მოემსახურებოდა. მხოლოდ ასე მიაგნებდნენ ადგილს, რომელიც თავშესაფარსა და სიმშვიდეს აჩუქებდა. საერთო ფენები გადაიქცეოდნენ შაქრის ლერწმებად. ყოველი შტოდან ახალი ხე აღმოცენდებოდა. მათი შვილები კი, მათივე განსახიერებები იქნებოდნენ. ეს იყო არეულობა, რომელიც მათ გავლილ გზაზე რჩებოდა.
  სიტე (სიახლოვე): „სრული სიბნელისა და სინათლის გავლით ვუახლოვდებით დანიშნულების ადგილს. ვაკის აჩრდილებისა და ტყუილების ნიღაბი ჩამოუფხატავს. შინაგანი სიბნელე ჩემს კანს ცხელი შხაპივით უხდება. ჩვენი სიცოცხლის ომს კი, ვერც ერთი ვერ ვიგებთ. დაკარგული ნაწილების ბრძოლაში გამოვიმუშავე გამოუთქმელი ტანჯვისაგან გამორეცხილი გონება. თუმცა, როგორც კი ვაკის სიმართლე გამოაშკარავდება, ვინატრებ, ეს მომენტი არასდროს მეცხოვრა.“
  ვაკი (სიშორე): „დისტანციები საყვარელ ადამიანთან, ნამდვილ მესთან. ოცნების მნიშვნელობების სიშორე. ჩვენი სახლი სადღაც სამხრეთში დარჩა. სიტეს წინ ვდგავარ, მაგრამ მგონია სულაც მარტო ვარ. ნუთუ ბევრს ვითხოვ?! თავისუფლებაც ისე შორსაა. თითქოს წარსულის ხშირი სტუმარი ვიყო. მომავალი კი, - მიუწვდომელი და ბუნდოვანია. ვინმე ხელს მაგრად რომ ჩაგვჭიდებდეს, ამ სიბნელიდანაც გამოვალთ და ახალ იმედსაც ვიპოვნით. ძველებურად ვივლით გვერდიგვერდ. აღარც საიდუმლო სამარხები იარსებებს. ალბათ, მხოლოდ ასე თუ ვიპოვნით ტკივილისაგან თავშესაფარს.“
  თუკი ადამიანები დაბადებამდე არ იყოფიან და ერთი მთლიანები არიან. თუკი არ არსებობს სქესი და არსებობს მხოლოდ უსასრულობა (წრე). თუკი დაბადებაა მიზეზი, რატომაც სული ორ არათანაბარ ნაწილად ტყდება და შემდეგ მოუშუშებელ იარად გარდაიქმნება, მაშინ სწორედ ასე დაიბადა ერთი სული ორ სხეულში. სიმძიმემ საერთო ჭიპლარი ორ არათანაბარ ნაწილად გაწყვიტა. სიტეს დაუსრულებელი ღამეები ერგო წილად, ვაკის - საცოდავი დილები. დაივიწყეს ნარინჯისფერი კარავი და ისლანდიური მუსიკის ჰანგები.
  სიტემ ოქროს მინდვრები ფეხით გადასერა. რამდენიმე მეტრის დისტანციებში შესაძლო ბომბები ფეთქდებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ქარვის ღრმულში. თავისუფალი და ლაღი მირბოდა. სახეს სინათლის დინებას უშვერდა  და ალუბლის ხეებში იკვლევდა გზას. თითქოს სამყაროს ემალებოდა და არ სწამდა ოქროს ხანის დასასრულის. ვაკი თოვლში ცეკვავდა. ხელებგაშლილი, თვალდახუჭული. გაყინული წყლის წვეთებს, ქარის ქროლვას გრძნობდა. არა, არ სჯეროდა, რომ ეს სინათლე ოდესმე დატოვებდა. არც მას სურდა ოქროს ხანის დასასრული. ზარის ხმას უგდებდა ყურს. ის განუწყვეტლივ რეკავდა, როგორც გადაჭრილი კარების ზღურბლის ჭრიალი. ოცნებობდა დილით მონატრებულ მზეზე, ქუჩაში მოწყობილ სათამაშო მოედნებზე. ძილის კუნძულის ნეტარება ეზმანებოდა და ავიწყდებოდა ამდენი „ომი“. აღარავის სიტყვებს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, გარდა თავისუფლებისა.
  როცა ოქროს ხანა მართლა დასრულდა, თითქოს ენერგიის წყარო შეივსო და საყვირების ხმა გაისმა. ყველაფერი ამაღლდა, გაორმაგდა. სიტე ნავში ჩაჯდა და სანამ ნიჩბებს მოიმარჯვებდა, ვიღაცამ დასარტყამ საკრავს შემოჰკრა. მის ნავში სადღაციდან ვაკი გაჩნდა. საერთო ჭიპლარის ხვეულა აზიდეს და შუაში ისე ჩაჩურთეს, როგორც სამყაროს თვალ-ყურისაგან გადასამალი სამხილი. ერთმანეთის სიმძიმე მხრებზე დააწვათ. წყალი ძალიან სუფთა და მომწვანო იყო. ნავმა გაცურა და ნელი ტალღები გააჩინა. უხმოდ უსვამდა სიტე ნიჩბებს. ვაკიც უხმოდ უყურებდა დაკუნთული მკლავების მუშაობას. თეთრ ფარდებიან ქოხს ჩაუარეს. ქოხის სახურავი მლოცველის ხელებივით გადახრილიყო მარჯვნიდან მარცხნივ. როიალის ხმა მოისმა. ისეთი მსუბუქი, როგორც სურნელოვანი სპირტის ანაქროლი. ამასობაში ჩიტებიც ამღერდნენ. ერთისთვის ზაფხული იყო, მეორისათვის - ზამთარი. ქოხის თავზე დამაგრებულ მიმართულების ისარს სიო აქანავებდა. მისი ჭრიალი ადამიანობასავით იჭრებოდა სივცეში. სათამაშო მოედანს მიუახლოვდნენ, სადაც ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ეს ხმები მხოლოდ დამატება იყო, კლავიშები; ვიოლინო. დანარჩენი ყველაფერი ერთობაში შთაინთქა. სიტეც ამ ერთობას მიაშტერდა გაუგებარი მზერით, უფიქრო თავით. აზრზე საბეჭდი მანქანის ხმამ მოიყვანა. წარმოიდგინა, როგორ უზის მაგიდას ვინმე მწერალი. პირში სიგარეტგარჭობილი და როგორ ეყრება ფერფლი ახლად გამოყვანილ ასოებს. მწერალს მარჯვენა მხარზე თეთრი მაისური აქვს გადაღეღილი და დროდადრო, შუბლზე ჩამოყრილ თმას ნერვიული ხელით უკან იწევს. წყლის ხმა იკარგება. ვიოლინო ზოგჯერ პოზიციებს თმობს. ვაკი წმინდა ნერვებს უკან იყრის. მისი რხევა ზანზალაკებს ჰგავს. სიტესათვის ეს ნამდვილი ჯადოსნობაა. უნდა, რომ მუსიკამ მოუმატოს. სიცხესავით ავარდეს ბოლო გრადუსზე. ან დაბმული ძაღლები გამოცვივდნენ და ნაპირიდან ყეფა დაიყწონ. ის კი, მაინც მშვიდად გააგრძელებს ნიჩბების სმას. მუსიკა და ძაღლების ყეფა ყურებზე საცობებივით გადაეკვრებიან და ვაკის წკრიალი უყურადღებოდ დარჩება. ქარი უმატებს, რადგან ოქროს ხანის დასასრულია და ციცინათელები იწყებენ გამოჩენას. სიტე თვალებს ხუჭავს. ახსენდება, რომ შესაძლოა ახლა ვაკის წინ მჯდარიყო ნარინჯისფერ კარავში. ვაკი ისლანდიურ, ურითმო მუსიკას დაუკრავდა ცრემლიანი თვალებით. ერთმანეთს სიცოცხლეს უსაჩუქრებდნენ. ახლა კი, ვაკი ჯიუტად არ აშორებს დაკუნთული მკლავების მუშაობას თვალს. ამას თან ერთვება ჯოხების წკაპუნი, რომელიც პინცეტები ხმას უფრო ჰგავს. თითქოს მზე ახლოვდება. სულ ცოტაც და მთლად დაადნობს მათ შორის არსებულ ხილულ ძაფს. სინათლე აბრმავებთ. ქარვისფერი შუქი აქრობს ყორნისფერ ნერვებს. დასარტყამი საკრავების ხმა მონოტონური და ხანგრძლივი ხდება. ეს აღარაა მათი სამყარო. შორს კრუიზში წასული გემების სიგნალი ისმის. ხიფათისა და ხაფანგის სუნი ტრიალებს ჰაერში. აღარაფრის ფონზე, პირველი შემთხვევაა, როცა ორივეს უნდა, მათ შორის არსებული ყოველი ხიდი გადაუწველი დარჩეს. ერთმანეთის პირისპირ სხედან. ასე იყო შემქმნელის აპარტამენტებში შეცურვის ბოლო მომენტამდე, სანამ ნემსას მთა გამოჩნდებოდა.
  ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა მიხვდნენ - მოგონებები უფრო ძვირფასია, ვიდრე ცოცხალი ორგანიზმები. სინათლეში სიტე და ვაკი შემქმნელებს შეხვდნენ. ირგვლივ სრული დაბრმავების წამი იდგა. ეგონათ, სადაცაა ფეხი დაუცდებოდათ და უფსკრულში გადაეშვებოდნენ. არადა, კიდევ უფრო სწვავდათ სითეთრე. საერთო შინაგანი ხმა ანცად ხტოდა და ბრმის როლის სათამაშოდ იწვევდათ. ნამდვილ დაბნელებამდე ორი გამოსახულება დაინახეს. 
  ხელში მონეტაჩაბღუჯული ბიჭი, რომელიც სარეველებში იპოვნეს. ბოლო სიჩქარეზე დაყენებულმა მექანიზმმა გაუბედავ მოსახვევში წკიპურტი ჰკრა და იმ წამს შემქმნელებმა სამყაროს წრე დატოვეს. წამყვანი ჟურნალების გვერდებსა და ტყვიებზე დაბეჭდეს დაბადების ამბები.
  ჩიტიანი გოგონას თოვლში პოვნისას, აფრიალდა მისი თეთრი კაბა. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ შემქმნელებმა მისი თვალები მხოლოდ დაბადების ტირილისათვის შექმნეს. ბიჭი ფეხზე წამოდგა და მონეტა ჯიბეში ჩაიტენა. მბორგავ ზღვას შეჰფიცა, რომ შემოივლიდა მთელ სამყაროს, გაივლიდა ყოველი ადამიანის გატკეპნილ გზას. მაგრამ იმ თვალებს მაინც იპოვნის, რომელშიც მასში დაწყებული მთელი ეს ამბავი მთავრდება.