Wednesday, October 10, 2012

ანნა


  ღამეა. ვზივარ როიალთან. მუსიკალური სკოლის საუკეთესო ოთახში და ჩემს შოპენს ვუკრავ. აქ არ არიან მომღიმარი ხეები, არც სახლები, არც ადამიანები. შვიდად ვარ, რადგან მარტო ვარ. მესმის მუსიკასთან ერთად როგორ ჩქარდება ჩემი სუნთქვა. თითქოს სხვის არსებობასაც ვგრძნობ.
  კარის სახელურს ვიღაც აწვალებს. ვნელდები, ვიშლები, სახე მერევა. ისევ მომაგნეს. კარს აღებს უბრალო, სადა გოგო. მიღიმის მოუსალმებლად. არც რამეს ამბობს, არც ვინაობას ადგენს. კარში დგას და მიღიმის. დაკვრას ვწყვეტ და ღამეში მთვარისფრად ანთებულ ლურჯ თვალებში ვაშტერდები. ვხედავ როგორ ტოვებს ღიას ყველა სარკმელს. მიახლოვდება და მშვიდად მთხოვს:
  –როიალს დამითმობ?
  –არა! – ერთიანად გავბრაზდი.
  –ხვალ ღია კონცერტი მაქვს. ძალიან მჭირდება.
  –აქ ათასობით ინსტრუმენტია. –ოთახს თვალს ვავლებ. ის ისევ მშვიდად დგას.
  –მაგრამ არცერთი არაა ასეთი. – მუშტებს ვკარავ. არაფერს ვამბობ. ის კიდევ უფრო ახლოს მოდის. კიდევ უფრო იღიმის. ჩემს ხელს იღებს და თითებზე მკოცის. მერე მაკვირდება და სიცილით მეუბნება:
  –ისეთივე ფერმკრთალი, პატარა და თხელი თითები  გაქვს, როგორც მოხუც ქალს. – ხელიდან ხელს ვტაცებ. ნოტებს ვიღებ და გარეთ გამოვდივარ. თან მომყვება მისი თვალების შუქი. თავს შეურაცყოფილად ვგრძნობ. ვიღაც უცნობმა დაარღვია ჩემი სამარისებური სიმშვიდე. მერე მახსენდება, რომ მეც მასავით ხვალ მაქვს კონცერტი და კიდევ უფრო ვბრაზდები საკუთარ თავზე.

  ფარდის უკან მხოლოდ თვალს ვაპარებ. დარბაზში არც თუ ისე ბევრი ხალხია. მინდა მალე დამთავრდეს ეს ამბავი. მინდა ვუყურო სეირს, როგორ დაუკრავს ის უცნობი თავის კომპოზიციას. ჩემს სახელს და გვარს აცხადებენ. კიდევ უფრო ვიბნევი. ეს შეგრძნება წააგავს საუბრის მანერას, რომლითაც ცდილობ იპოვნო გზა. თუნდაც იმისთვის, რომ რამე თქვა, მაგრამ უსიტყვოდ. გინდა ვინმემ დახმარების ხელივით გამოგიწოდოს სიტყვები, რომლებიც არაფერს ამბობენ და თვალები, რომლებიც მზერით გაგცემენ. ალბათ, ვიქნები ოდესმე ყველაზე ნამდვილი და შემოქმედი. არა, როგორც პროფესიონალი მატყუარა. ჩემი ქმედება დაემსგავსება უბრალო ბაქანზე მდგომ მამაკაცს. მერე შიშის ნარჩენებიც გაიფანტება და ვინმე დამამარცხებს თანმდევი გულწრფელობით. ვიცი, არასწორია ახლა შუა სცენაზე სიკვდილი, მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც შევინარჩუნო. არადა როგორი დიდი და ბუმბერაზი სიამოვნებით ვიქნებოდი სადღაც სამხრეთში. ვიქნებოდი ცარიელი, ლურჯი ყუთი. გული უცნაურად მიცემს. ეს ნაცნობი და შეჩვეული ფეთქვაა, მაგრამ მანამდე...
  იმ უცნობის მზერას ვგრძნობ. ის ყველგანაა, სუყველაფერში. ვხედავ. ძალით ვეძებ. მასთან ვაკავშირებ მოძრაობებს, მას ვაბრალებ სულის ფორიაქს. ვაყოვნებ დროებს. ის კი, უფრო და უფრო მესისხლხორცება.
   ...და სულ ფეხზე მკიდია, თუკი ეს წამი ხდება ჩემი ყველაფერი. ფეხზე მკიდია, თუკი მტკივა ის, რაც მახარებს. ვიცი, რომ მან იცის. როიალთან ვჯდები. თითებს ვახებ მის ყველა კლავიშს. მხრებში უჩვეულოდ ვიშლები და იწყება:
  –მე ანა ვარ.
  –სასიამოვნოა.
  –კარგად უკრავ.
  –შენც. – ვუღიმი და მიკვირს. თმა ბალერინასავით აქვს კეფაზე აკრული. ერთად გავდივართ მაისის მზეში. რატომღაც მგონია, რომ ყველა ვალი გასტუმრებული მაქვს. რატომღაც მგონია, რომ მან იცის ჩემზე ყველაფერი. მიყურებს ისევ ლურჯი თვალებით და ჰგონია ვერ ვამჩნევ.
  იმ წუთიდან გადავწყვიტე ცხოვრება რეალობად მექცია და არა ტყუილ ოცნებად. ჩავლილი ქუჩის ბოლოს ბრუნდება და ხელს მიწვდის. დავყურებ.
  –ნუ გეშინია. მე ძალიან მომწონს შენი თითები. – თბილი და მზრუნველი ხმით ამობობს.
 „–თავხედი. თავი ჩემი ახლობელი ჰგონია უკვე.“ – ვფიქრობ და ხელს ვართმევ. ერთმანეთს ვშორდებით, მაგრამ არა დიდი ხნით. ყველას ცხოვრებაში მოდის ადამიანი, რომელიც ბოლომდე გვცვლის. არ აქვს მნიშვნელობა გაგვახარა, თუ ტკივილი მოგვაყენა. ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ისეთები აღარასდროს აღარ ვიქნებით. მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩემთან ასეთი ბევრი მოსულა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჯერ არავის არ შევხვედრივარ ასე განსაკუთრებულს.

  –უკაცრავად, როიალს დამითმობთ, თუ არა?! – მაფხიზლებს ხმა, რომელსაც არ აქვს სუნი. ყველაფერი წარმოდგენა იყო.
  –დიახ. დაბრძანდით. – ვპასუხობ ჩემს მირაჟებს და შენობას ვტოვებ. დრო სადღაც ჩვენს შორის მიედინება და შუაზე გვყოფს. ვიცი, რომ მხედავს. ყველაფერი იღუპება და ნაცრისფრდება. უფრო და უფრო ვახდენ ფოკუსირებას მის სახეზე. ამხელა სიცარიელეში მხოლოდ მისი ხმა მესმის. მე ერთადერთი ვარ, რომელიც ებრძვის დროს, რომ „ის“ დაიბრუნოს.

  აქ ყველა ასეა!  ჩვენც ორნი ვართ. როცა ღამით სიზმრის ზღვაში გავდივართ, მე მის ნავს ყელზე თოკით ვიბამ, რომ არსად დამეკარგოს. თვალებს ვიხვევ მისი გრძელი თმით. ის მუჭით წყალს ტუჩზე ისხამს.
  როცა ვიღვიძებ, მე მას ხვედავ. ორი ზღვა თვალებს უფარავს. მგონია, ვიძირებით.
  - რატომ ვიძირებით? - მეკითხება ანა. სინამდვილეში ნაპირისაკენ მივცურავთ. შუბლზე ხელებს მისვამს, რომ დავიძინო. მანამდე, მის სახეს ავყურებ და ვფიქრობ, რა არის მაინც ასეთი მასში.
  უპროპორციო ტუჩები, პატარა ცხვირი, ძალიან კაცური თითები.
  არ უხდება ანას ფერადი ფრჩხილები.
  არ თენდება. საცოდავი, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ღამეა. მაკლია იაფფასიანი ვარდის სურნელი, გლასგოვური მუსიკის დისკები, ანას ფათური ჩემს სახეზე. ვცდილობ წარმოვიდგინო ჩემი თავი. როგორ ვზივარ, როგორია ჩემი თეთრი სიშიშვლეები. მიხდება თუ არა ჩვეულებრივი 9 სართულიანი კორპუსის სევდა..
  ერთი გაფიქრება და თითქოს თავში ქარბორბალა ტრიალებს.
  ვუყურებ ჩემი ერთადერთი ნამდვილი ადამიანის ახელილ თვალებს და ვტირი. ვტირი არა  მის გამო, არამედ ჩემ გამო. მეცოდება ის, ვინც გამოკეტილია ჩემს შიგნით, ვისაც მუდამ ცალი ფრთა აქვს გაშლილი გასაფრენად.