Thursday, April 18, 2013

Toodaloo


  ასე იყო ეს ამბავი: პირველ დღეს ყვითელი ფურცელი მეკავა ხელში, რომელზეც ეწერა რიგითი კერძო არქიტექტურული ფირმის მისამართი, დამკვეთი – საქართველოში არსებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  გერმანული ფილიალი, WWF და გაბედულად მივუყვებოდი კიბეს. იმ მომენტში მარტო ის აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი ჰონორარის სისქე. ამ თანხით შემეძლო მეყიდა პლეხანოვზე, მაღაზიაში ნანახი „ოქროს ქოშები“, თეთრი iPhone, თუ ჭკუა მეყოფოდა – გადამეხადა სწავლის საფასური და წვრილ–წვრილი ქველმოქმედებაც ჩამეტარებინა. მომემადლიერებინა გარშემომყოფთა უმანკო გულები.
  მოკლედ, „LD Union”–ის კართან შევჩერდი და ზარი ორჯერ დავრეკე. კარი მაშინვე გამიღეს და მეც სახე გამინათდა. უბადრუკებს რომ განეღებათ ხოლმე.
  შევედი ყოვლად ჩვეულებრივ 3–ოთახიან ბინაში. საძინებლებში მოწყობილი კაბინეტებიდან ჩამქვრალი მონიტორები მიმზერდნენ. თითქოს ყბა დაეღოთ. მისაღებში, გრძელ მაგიდასთან, გაბურძგნული და მსუქანი კაცი, კონსერვატიულ ქალთან ერთად იქექებოდა ფურცლებში. არც ერთს არ შემოუხედავს.
–ჩემზე დარეკეს. – დავიწყე გაბედულად. კაცმა სიგარეტს გაუკიდა და წამოიწია. ღიპმა ხელი რომ შეუშალა, გადაწყვიტა აღარ მომახლოვებოდა და ხელი შორიდან გამომიწოდა.
–დიახ, დიახ. ნიკამ დარეკა. – მითხრა შემდგომში ალეკოდ გაცნობილმა სანტამ. ნიკა ჩემი შეყვარებული იყო, მე კი – მისი წარგზავნილი მისიონერი, თუმცა ამის შესახებ (ჯერ ) არავინ იცოდა.
 –გთხოვთ დაბრძანდით. – ჩანთა იატაკზე დავდე და თეთრ ტილოებში გახვეულ სავარძელში მოვკალათდი.
–მე თარჯიმანი ვარ. ინგლისურად უნდა ვთარგმნო თქვენი სპეციფიკაციები. – და მომენტალურად წარმოვიდგინე შენობების საძირკველი, შავ–თეთრი კარკასები, კორპუსების ჩონჩხები, ელექტრო და წყლის გაყვანილობები.
–დიახ, დიახ. საქმის კურსში ვარ. როდიდან შეძლებთ დაწყებას? – მსუქან ალეკოს ფარულად შევცქეროდი დამტვერილ თმებზე, გაუპარსავ წვერზე და მეგონა ჩემს წინ ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა იჯდა, რომელიც ყველაფრის ბოლოს სოლიდური ჰონორარით დამასაჩუქრებდა. დანარჩენი თანამშრომლები, მის ფონზე, ელფებსა და ირმებს უფრო წააგავდნენ.
–იქნებ ჯერ ქართული ვარიანტი მაჩვენოთ. მაინც რომ ვიცოდე რა სახის ტექსტებია. წინასწარ იცოდეთ, არქიტექტურულ ტერმინოლოგიაში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. – ცოტაც და ჩემი თავი ყველაფრის ბატონ–პატრონი მეგონა. ჩემს დაკრულზე აცეკვდებოდა მთელი საპროექტო ჯგუფი.
–არც ისე რთულია. – ბოტოტა თითებით მომიჩოჩა ფურცლები, რომელიც ნაირფრად იყო აჭრელებული ნახაზებით. – ჩვენც დაგეხმარებით, რუსული ხომ იცით?! რუსულად შემიძლია ყველა ტერმინი განგიმარტოთ, არა ლალ?! – და გვერდით მჯდომ ქალს გახედა.      რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ეს კლასიკური, ჩარჩოებში მოქცეული ქალბატონი  ლალი ჩემი ახლადაღმოჩენილი თოვლის ბაბუის საყვარელი იყო. ქალმა ცხვირის წვერზე ჩამოსრიალებული სათვალის შიგნიდან გადმომხედა. აი, აქ ცოტა დავიბენი. მის მზერაში ვგრძნობდი ჩემს უსუსურობას. ალბათ გაიფიქრა: „ვინაა ეს თავში ავარდნილი, თვითდაჯერებული პატარა ბავშვი. ამან რა უნდა ქნას ჩვენი კომპანიისთვის?!“
სასწრაფოდ დავიწყე ჩემი თავის შინაგანად შესწავლა. არადა ცუდადაც არ გამოვიყურებოდი. მეცვა ჯინსის შარვალი, წითელი დუტის ქურთუკი, თმა უკან მქონდა აკრული და სრულიადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
–ჰო, რა თქმა უნდა. – ნელა ჩაილაპარაკა ქალბატონმა ლალიმ და ამით თითქოს ჩემი ფიქრები დაადასტურა. ნახაზებს შორის გაკეთებულ წარწერებს შევავლე თვალი. მივხვდი უკვე საქმე რაშიც იყო.
–კი ბატონო. არანაირი პრობლემა არაა. ხვალიდან შემიძლია შევუდგე. – თავი არ ამიწევია. სახის იქით ვიგრძენი ალეკოს ქშენა და დროის ცვლილება. წამოვდექი და ჩანთას დავწვდი. ჯგუფის უფროსი ოთახში შემიძღვა და ჩემი ადგილი მაჩვენა. თეთრი ოთახი, რომელიც საავადმყოფოს მიმღებს უფრო გავდა.
  ჩემი გამოცილება არავის მოსვლია აზრად. კიბეზე გიჟივით დავეშვი. თავდაპირველი გამარჯვების ნაცვლად, შეთქმულების თანამონაწილედ გადაქცევის შეგრძნებას უფრო ვყავდი ატაცებული.

  მეორე დღეს, 11–ის ნახევარზე ოფისში გამოვცხადდი. კარი ვოვიკამ გამიღო, რომელსაც ჩემზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, რომ პროექტები ჰქონდათ სათარგმნი, არადა ერთ ოთახში ვისხედით. მივუახლოვდი იმ სამუშაო მაგიდას, რომელზეც „ვადაგასული“ და ჩამოწერილი კომპიუტერი ძლივსღა იმაგრებდა თავს. ვოვიკამ სიცილით მითხრა:
–მანდ ბავშვი ჯდება ხოლმე. თამაშებით აქვს გამოტენილი კომპიუტერი. იმიტომაც ჭედავს. – მერე ჩემი ფაილები მაჩვენა და ვიღაც სოფიასთან განაგრძო სტომატოლოგებისა და კბილის დაბჟენის შესახებ სატელეფონო განხილვა. გავუღიმე. შევიქმენი სამუშაო გარემო და განუცალკევებლად ყოფნის უსიამოვნება ვიგრძენი.
მას შემდეგ თავი აღარც ამიწევია. მთლად ჩავიძირე ელექრო გეგმებში, ძალოვანი გენერატორების კვების ბლოკებში, წყლის მომმარაგებელ ავზებსა და ფიქალისებული ქვებით მოკირწყლულ ფილებში. კარს იქით ყრუდ მოისმოდა ტელევიზორიდან მომკივანი რომელიღაც სერიალის გმირის მოურიდებელი აღიარება, რომ მამამისს მანქანების მთელი კოლექცია აქვს და თვითონ მაინც ტაქსით დადის. ამის გაფიქრებაზე კეფა რენტგენულმა მზერამ ამიწვა. მივხვდი, ქალბატონი ლალი მიახლოვდებოდა. რაღაც საშინელ მელოდიას ღიღინებდა. თითქოს ამით მაგრძნობინებდა, რომ ჩემი უფრო იყო. ამას ფონად დაერთო კარს იქით, ჩემი უფროსის უფროსის, ანუ ალეკოს ხველება ქრონიკული ჭლექიანივით. ალბათ ღერს ღერზე უკიდებდა.
–აბა, როგორ მიდის საქმე? – მკითხა რაღაცით გაბედნიერებულმა.
–ყველაფერი რიგზეა. – გავუღიმე და მაშინღა შევნიშნე, რომ ლალი სრულიადაც ლამაზი ქალი იყო. მაღალი, ტანადი, თეთრი და სიფრიფანა კანით, დიდი მწვანე თვალებით. მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა – გაუთხოვარი ქალის კომპლექსი. ჩემს უკან მაგიდას მიუჯდა და გაცხარებულ კაკუნს მოჰყვა კლავიატურაზე.
  დრო სასტიკად გარბოდა. მე ჯერ ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუკირკიტებდი და იმედს არ ვკარგავდი. ამასობაში კარი გაიღო და მკვეთრი მოძრაობით შემოქანდა ოთახში ვიღაც. ზედმეტი კითხვების გარეშე დაიწყო ანგარიშის ჩამბარებლური ქაქანი:
–ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანე, დავაბინავე, თაფლიანი პურები და ხელსაქმე დავუტოვე და მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. – თავი გაოგნებულმა ავწიე და თვალები შევაფეთე საოცრად გამხდარ, ირმისთვალება გოგოს.
–ლოლა, გაიცანი, ეს ევიტაა. – ლალიმ ჩემზე მოუთითა. – ჩვენი ახალი გოგოა. ინგლისურად გვითარგმნის პროექტებს. – ლალის ეღიმებოდა. მე კი ახალმა ფიქრმა გამიტაცა – „ჩვენი გოგო“.
–სასიამოვნოა. – მითხრა ლოლამ და მოწყვეტით დაეცა სკამზე. მე გავუღიმე. ერთხანს თვალგაშტერებული ვიყავი. მერე, მეც არ ვიცი საიდან მოსული გამბედაობით ვკითხე:
–უკაცრავად ლოლა, თქვენ სომეხი ხართ?
–არა. ბებიაჩემი იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი პორნო–ვარსკვლავი. –  მივხვდი, რომ მთელს ოფისს ვეჯავრებოდი.
–არ გაგიმართლათ.
–უარესებიც ხდება. – სადაც იყო ქალბატონი ლალი მწვდებოდა ყელში და ვერანაირი ჰუმანური კანონი ვერ გადაარჩენდა ჩემს წმინდა კარმას.
  ლალიმ ჩანთიდან კონტეინერში კოხტად ჩაწყობილი კრეკერები ამოიღო და ლოლა მბრძანებლური კილოთი დაპატიჟა ჩაიზე. სინამდვილეში ეს ჩემს მიმართ გამოხატული პროტესტი იყო. მე ვაჭუჭყიანებდი მათ ჰარმონიულ გარემოს და შემქონდა ქუჩიდან ახვეტილი მტვერი. კარს უკან ატეხილ ალიაქოთს ვიღაც შემოყვა ოთახში. ეს ნიკა იყო. 26 წლის ახლად გამომცხვარი არქიტექტორი, რომელმაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა დააარსა. მან ჩვენი თეთრი ოფისი ერთიანი ფერებით აავსო. კარში გაჩერდა და ჩემი მისამართით, ჩემსავით „უტიფრად“ მკითხა:
– აქ  ხარ, ფერიავ? – გამეცინა და თავი დავუქნიე. ძალიან კარგიო მითხრა და სავარძელში მოკალათდა. იმედი გამიჩნდა, მარტო აღარ ვიყავი. წამში გავარდა ხმა ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე და აი, იქმნა ნათელი და მოეფინა იდუმალებით მოცულ ჩემს არსაიდან გამოჩენას. სულაც ფეხზე მეკიდა, თუკი იმ დღიდან ათასი ზედმეტი თვალი მიყურებდა და აფასებდა ჩემს ტანს, სიარულის მანერას, აღნაგობას. სამაგიეროდ, ჩემი კავშირები „საკაიფოდ“ მაწყობდნენ ფირმაში.
  მშვიდი საღამო ალეკოს ქრონიკულმა ხველამ დაარღვია.
–ღმერთო, როგორ გახველებს, ალიკ. გინდა ჩაი?
–არა ლალ. ყავა თუ გვაქვს იმას დავლევ.
–აი, ბოლო საარმატურე ბადეს მივაბამ და გაგიკეთებ.
–ჰო, მართლა. არ დაგავიწყდეს მანდ 0,8–იანი დასვი, თორემ გავიჭედებით.
–სუსტი დენებიც შესასწორებელია.
–სუსტი დენები რატომ?
–სატელევიზიო ქსელის მონაცემებშია ცდომილება.
–ოხ, ლალიკო, ლალიკო.
  კომპიუტერის ეკრანს მიშტერებული ლალიკოს კისკისს ალეკოს ბლაგვი ხველა ფარავდა მორიგეობით. „ოჰ, რა გენაღვლებათ, იცინეთ.“ – ვფიქრობდი და ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუსინჯავდი გვერდებს. ძალა მეცლებოდა. არადა პირველი დავალებაც არ მქონდა ბოლოში გაყვანილი. ასე უთუოდ დავიღუპებოდი. ისედაც ზედ არავინ მიყურებდა.
  სასწრაფოდ გადავწყვიტე რაიმე მეღონა.

  მესამე დილას ლალი ქუდით მოვიდა სამსახურში. თვალში მომხვდა და გავიფიქრე, ალბათ თმა აქვს დასაბანი–მეთქი.
  ისევ მომკითხა საქმეები. მე შევჩივლე, რამდენიმე ჭრილში საერთოდ ვერ შევდივარ–მეთქი. ამოიოხრა. თითქოს ელოდა კიდეც ამას და კიდურის მსუბუქი მოძრაობით გამიხსნა სექციები.
  ასე გაგრძელდა რამდენიმე საათს. ჩემი მიმართვა ჯერ „უკაცრავად“–ით იწყებოდა და „მადლობა“–თი მთავრდებოდა.
ეტყობა ნერვები მოეშალა. მომიბრუნდა და:
–ევიტა, ჭკუასუსტს არ ჰგავხართ.
–ეს იმიტომ, რომ ჭკუასუსტი არ ვარ.
–ეს საკითხი ჯერ კიდევ დასადგენია.
–ეჭვი გეპარებათ?
–უთუოდ. ნუთუ ძნელია ამდენჯერ ნაჩვენები ერთი მოძრაობის დამახსოვრება და თავად ცდა?
–ნუ გავიწყდებათ ქალბატონო ლალი, მე პირველად ვმუშაობ ამ პროგრამაში.
–ნუ გავიწყდებათ, ეს პროგრამები ინგლისურადაა შექმნილი, ხოლო თქვენ ინგლისურის სპეციალისტი ხართ. – პასუხი აღარ მქონდა და შევბრუნდი, ზურგი ვაქციე. როგორც გენებოსო, ჩაილაპარაკა და ისევ დაუწყო კაკუნი კლავიშებს. ამ მომენტში რაღაც გაწყდა ჩემში. არ ვიცი მოთმინების ძაფი იყო, პატივისცემის შეგრძნება თუ სხვა რამ. გულმა რაღაცნაირად ვეღარ გამიძლო და ვუთხარი:
–იცით, ეს შეუვალობა ჩემი ირლანდიური სისხლის ბრალია. – ლალიმ ქორივით გადმომხედა და ძალიან მინდოდა მთელი ქუჩის გასაგონად მეყვირა: „მე მოვკალი ძერა!!!!“
–ირლანდიური სისხლი რა შუაშია?
–წინაპარი მყავდა ახლანდელი ირლანდიის ტერიტორიიდან. როგორც იცით, მაშინდელ დროში სულ კუდიანები და ალქაჯები იყვნენ.
–ალბათ ამიტომაცაა თქვენი მზერა მშვილდოსნურად ამორძალური. – ეს ფრაზა ცოტა მეუცნაურა. ვერ გავიგე რაზე მიმანიშნებდა.
–არა ქალბატონო ლალი, მე ლომი ვარ. – ამ დროს ოთახში კატასავით შემოპარულ ლოლიტას ჩაეცინა. ორივე მას მივაშტერდით. ლოლამ სიტუაციის განსამუხტად კითხვა შემომიბრუნა:
–ლომი რა შუაშია?
–ლომი ცხოველთა მეფეა. მეც ღმერთი ვარ. აი, ქალბატონ ლალის კი ჩემზე მბრძანებლობა სწყურია. – ლალის თვალი თვალში გავუყარე. – მე ღმერთი ვარ, ქალბატონო ლალი. გინდაც არ მიწამოთ, მაინც ღმერთი ვარ და ვსუფევ. თქვენთვის ეს ალბათ ნეტარი დამაჩლუნგებლობა უფროა, მაგრამ სუფევა ბევრად უკეთესია. თქვენ აზრზეც არ ხართ ჩემს განსადიდებლად რომ ირჯებით.
–ყველაფერთან ერთად თავხედიც ყოფილხართ. – ყველანაირი ხიდი დაიწვა. საბოლოოდ შევუქმენი ჩემს თავს არანორმალურის შთაბეჭდილება.
  შუა დღეს ჩემი „გმირიც“ გამოჩნდა. წინა დღესთან შედარებით, უკეთ ემოსა. პირდაპირ მოვიდა ჩემთან. ჩვეულზე ახლოს და ყავაზე დამპატიჟა.
–დიდი სიამოვნებით, თუკი როგორმე გავიყვანე ბოლოში ეს სანტექნიკური სუსტი დენები.
–მაშინ ახლავე წავიდეთ და დღის ბოლომდე აღარ შეგიშლი ხელს, გპირდეპი. – პაუზა. –ჩვენს ბარში წავიდეთ, ყავაზე. – რაღაც ძალით ვიგრძენი როგორი შურით, ინტერესით და ცრუმობილიზაციით გვიგდებდა ყურს ლალი. ამან უფრო გამათამამა და მაშინვე დავწვდი ჩემს ნივთებს.
  ბარში შევედით. კუთხის #9 მაგიდასთან დავსხედით. ნიკამ ყავა შეუკვეთა.
–ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? – მკითხა.
–ალბათ ძალიანაც მჭირდება. ვერაფერი გავუგე ამ ავტოკადებს. – ჩაიცინა. – რა არის ფანქოილი? ან დასელვა? ან ანკერი? ან შვერილი?!
–ასეც ვიცოდი. – მერე ფურცელზე თავისი მეილი დამიწერა და მომცა. – დღეიდან ჩემი იმედი გქონდეს. ეს ჩვენი საიდუმლო იქნება!


  მომდევნო დღეებში ოფისის კარზე განუწყვეტლად ვრეკდი ზარს. ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ახალ ფაილებს მიგზავნიდნენ, მე მათ ნიკას მეილზე ვგზავნიდი. ის ჩემს მაგივრად თარგმნიდა. შემდეგ უკან მიგზავნიდა. თან აყოლებდა ტექსტებს: „დღეს კარგად გამოიყურები. გიხდება კაბა. რა წვრილი წელი გქონია.“
 საქმე კარგად აეწყო. ლალიც ქუდს ქუდზე იცვლიდა და მეც მონაცვლეობით ვფიქრობდი: ცუდად აქვს თმა, ვაჟაზე წყლის მილი გასკდა, ღამის 4 საათამდე მუშაობდა და ვეღარ მოასწრო შხაპის მიღება.
  ჩვენი ფარული კამათებისა და ჩემი ნიკასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამოაშკარავების შემდეგ, ლალი სანთელივით მოიღვენთა, მუშაობის სურვილი წაერთვა (ნიკა ხომ ყველას უფროსიც იყო, მთლად). მხოლოდ ალეკოს ქრონიკული ხველა შეაფხიზლებდა და ჩაის მოსამზადებლად გაიქცეოდა.  აი,სწორედ მაშინ გაიღვიძა ჩემში უდიდესმა მატყუარამ და ჩემი ცნობისმოყვარეობის ველები გასცდა მთელს ქუჩას.
  ერთი კვირის თავზე, ნიკას ყურადღებით და ალეკოს მამა–შვილური თავაზიანობით გათამამებულმა, ლალის ანგარიშმიუცემლად ვუთხარი:
–მე შემიძლია დაგეხმაროთ! – ოთახში მხოლოდ მე და ის ვისხედით. კლავიატურაზე კაკუნი შეწყვიტა და მკითხა:
–როგორ? შენ რა შეგიძლია. საქმესაც ვერ ართმევ თავს.
–თქვენნაირებისთვის მიშველია. შემიძლია ვუდუს ფიგურა დაგიმზადოთ. ხომ იცით ვუდუ რაცაა?!  თქვენ შეულიცავთ იმ კონკრეტული ადამიანის სახელზე (თავი ზევით ავიქნიე), მის სურათს დააკრავთ ფიგურას და სულ ესაა პრინციპში. შეგიძლიათ მართოთ მთელი ცხოვრება. – არ დავთმე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამეების არაფერი გამეგებოდა. მერე მისკენ მივბრუნდი და ვანიშნე – „თუ არ გინდა, შენი საქმეა. როგორც გენებოთ!“
–ამას როგორ მოახერხებ?
–სათანადო კავშირები მაქვს. – სათვალის ქვემოდან ისე ჩამომხედა, როგორც პირველად. ისევ ვიგრძენი ჩემი 165 სანტიმატრიანი სიმაღლის უსუსურობა.
–სულ მთლად გაგიჟდით? ეს ხომ ცოდვაა?
–ტყუილში ცხოვრებაც ცოდვაა. ეს კი ჩემი მეთოდია. ერთგვარი გამოსავალი.
–და ამართლებს?
–100%–ით. – სიჩუმე ჩამოვარდა. – თქვენი საქმეა ქალბატონო ლალი. შეგიძლიათ სცადოთ. არაფერია დასაკარგი. – შინაგანი კარმით ვიგრძენი როგორ წამოეგო ჩემს ანკესზე. დიდმა ჟრუანტელმა დაუარა მის წუთებს, წამებს.
–არაფერი მაქვს დასაკარგი. – ყრუდ გაიმეორა. მერე ისევ ჩამომხედა. – როდის შეძლებთ იმ ფიგურის დამზადებას?
–ხვალისთვის.
–ასე მალე?
–ხომ გითხარით, მე ჩემი კავშირები მაქვს. შეგიძლიათ მენდოთ.
ამ დროს კარი ნიკამ შემოაღო და პირდაპირ დაიძახა:
–ცოლი უნდა მოვიყვანო ! – ერთიანად დავუბრუნდით რეალობას.
–ცოლი? კი მაგრამ ვინ ნიკა? ვინმე გყავს? – ისე კითხა ლალიმ ვითომ არც მე და არც ჩვენი დიალოგი არც არსებულიყო. პასუხს მეც დაველოდე. ნიკას არაფერი უთქვამს. მორცხვად შემომხედა.
–ცოლი თუ  მომვლელი? – სიცილით ჩავრთე.
–ცოლი. ცოლი! სიყვარული მინდა. მსურს. მთელი არსებით. – ამან ყველა ერთიანად გაგვამხიარულა. ნიკა კარგი ტიპი იყო. საყვარელი. სიმპათიური. ვეღარც ვმალავდი ალბათ, რომ ძალიან მომწონდა.
–ევიტა, იქით არ გავიდეთ?
–ხომ იცი, ჩაი არ მიყვარს. ოფისში მარტო ჩაის სვამენ.
–დღეს მენიუში ყავა გვაქვს. –თვალი ჩამიკრა.
  რამდენიმე წუთში ბარში ვისხედით, რომელშიც უკვე კარგად გვცნობდნენ. ბინდდებოდა და ასეთი დრო უფრო მეტად აღმიძრავდა ფიქრებს. ან საფიქრალსაც რა გამომილევდა, ის–ის იყო ისეთი რამ ჩავიდინე, რომელზეც ვერც პასუხს ვაგებდი, ვერც რაიმეს მოვიმოქმედებდი. მოკლედ, ნიკას სიტყვები ყრუ მძიმეებად აღწევდა ჩემს გონებაში.
–არ მისმენ?
–არა.
–რატომ? არაა საინტერესო შენთვის რასაც გეუბნები?
–არ ვიცი. არ მომისმენია.
–მე შენ მიყვარხარ. თანაც ძალიან. თუნდაც ამ შენი გულახდილობისთვის.
–მადლობთ. შენ ერთადერთი ხარ სამსახურში, ვისშიც მოწონება გამოვიწვიე.
–იქნებ შენ ხარ ჩემი მომავალი ცოლი?! – უფრო გამხიარულდა და საზურგეზე გადაწვა.
–რომელი ცოლი, ცოტა ხნის წინ რომ ყვებოდი? – მეც ავყევი.
–ჰო! წარმოიდგინე. ერთად ვივლით ოფისში. მე ჩუმად გითარგმნი ანოტაციებად ქცეულ სპეციფიკაციებს. შენი და ჩემი რამ გაყო.
–იდეა მომწონს. ვერ გეწინააღმდეგები. – ფიქრი მაინც ლალის, ვუდუს ფიგურას და საცოდავ ალეკოს დასტრიალებდა თავს. აზრზეც არ ვიყავი რა შედეგს გამოიღებდა ჩემი „მრავალჯერ ნაცადი მეთოდი“.

***
  „კლაპშტროსში“ რაც შეიძლება გვიან უნდა მივსულიყავი. დღის განმავლობაში ჭიშკარს კეტავდნენ და ძაღლებს უშვებდნენ. გვიანი 11 საათი იქნებოდა, რომ შევედი. შუქები ჩამქვრალი იყო. დამლაგებელი იატაკს წმენდდა და მე გულწრფელად შემშურდა მისი ნებისყოფის. უკანა კარიდან შემოსული ღამის ხმა აფრთხობდა ჩემს შიშს და მეგონა მარტოობით მიიღწევა სიმშვიდე, რომელიც უკანასკნელი 2 კვირა სანატრელი გამიხდა.
  უეჭველი იყო, ვიღაც შეეწირებოდა ამ საქმეს. შიდა კიბეს ავუყევი და კარზე ფორიაქით დავაკაკუნე. კარი იუნონამ გამიღო. ეს ჩემი ერთადერთი ავბედითი მეგობარი იყო, რომელსაც 3 კატა და ჭერში ჩამოკიდებული იისფერი ვარსკვლავი ჰქონდა.
  იუნონა ალქაჯს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. თხელი, გამჭვირვალე. წლობით მაკრატელმიუკარებელი თმა და ნესტიანი ხელები ჰქონდა. შევედი. უხმოდ გავიხადე და ვკითხე:
–სანთლები გაქვს?
–ჰო, რად გინდა?
–მიდი, წყალი დაადგი და დაადნე. ვუდუს ფიგურა უნდა დავამზადოთ.
–ხომ იცი, ამ სისულელის არ მჯერა.
–არც მე, მაგრამ მჭირდება.
–რა ჩაიდინე?
–სარეველა დავრგე ჩემს ბაღნარში. ახლა სასუქი უნდა ვუყარო და წყალი ვასხა. სხვანაირად აღარ გამომდის. – და სიგარეტს გავუკიდე.
–შენ რა, ეწევი?
–დღეიდან!
–მაშინ დავლიოთ. – თქვა აღტაცებულმა და ყავის ჩვეულებრივ ჭიქაში სკოჩი ჩამომისხა. ჭიქას ჩავხედე.
–შენ რა, სპირტიან სასმელებს ამით სვამ?
–სხვა არ მაქვს. თუ გინდა ქვემოდან ამოგიტან.
–არა, იყოს. – ერთიანად გადავკარი და ჭიქა მტვრიან მაგიდაზე დავდგი. კატებმაც მორიგეობით გადამირბინეს ფეხებზე და ეს ცუდად მენიშნა.
  მინდოდა თანაგრძნობის მიზნით მაინც მოვხვეოდი იუნონას, მაგრამ მხოლოდ ჰაერი თუ შემრჩებოდა ხელში.

  თენდებოდა სანთლის უაზრო ფიგურასთან ერთად რომ წამოვედი სახლისკენ. დროგამოშვებით ჩანთაში ჩავხედავდი. მეგონა სადაც იყო გაცოცხლდებოდა და მომახრჩობდა.  გამოსასვლელში იატაკს ჩავაშტერდი. თითქოს ერთი მტკაველიც არ იყო მოწმენდილი და საშინლად ვინანე აქ რომ მოვედი. მერე ტექსტის შედგენას შევუდექი. აბა შელოცვა ისე როგორ იქნებოდა?!
  „მზისა და ხმელეთის ძალა იქცეს წყლად. დიდებული იემანჟა მოწყალეა. უსულოს ჩაჰბერავს სულს და მწვანე შუქი იქცევა მელნისფრად. გახდება მისი ნაწილი. ოჰ, დიადო იემანჟა, მოხსენი ჩემი ცხოვრების ღერებზე მჯდომ მარტოობას მხიარულის ნიღაბი. მთვარის კიბოური ლაქები მიქციე სინათლის წყაროდ. აამღვრიე ზღვები, მდინარეები. მათ გაატანე ჩემი მარადისობა და სიცოცხლის მზარდი იმპულსი გაუგზავნე კაცს, რომელიც მიყვარს. კანალები სავსეა სისხლით, მიწაზე გვალვაა, მზე – ჩვეულზე მწველი. იემანჟა, აიშალე ქალღმერთული თმები და ისმინე ჩემი.“
  ლალიმ ტექსტი უხმოდ გადაიკითხა. ქაღალდებში გახვეულ სანთლის „ალეკოს“ ჩახედა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა გრამატიკული შეცდომები. ვისურვე გამეგო რა გაიფიქრა, იგრძნო თუ არა შიშის მოზღვავება. სახეზე არაფერი დაეტყო. მხოლოდ ის მითხრა, ეს ჩვენს შორის უნდა დარჩესო და საქმე განაგრძო. დალახვროს ეშმაკმა, რას გავიფუჭე ისედაც გართულებული საქმე? და კიდევ იგივე გაიმეოროს, რას დავიწყე საერთოდ იქ სამსახური?! ამას ჯობდა მალაიზიაში დამზადებული კალმებით მევაჭრა, ნიჰილიზმი მექადაგა სადარბაზოებში, რავიცი.

  იმ კვირაშიც არაფერი მომხდარა თვალში საცემი. წარმოვიდგინე, როგორ წაუკითხა იუნონას სანთლის ფიგურას ლალიკომ ჩემი ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი ტექსტი. როგორ მოიძია ალეკოს კორპორატიულ საღამოზე გადაღებული სურათი ძველ ალბომში. როგორ ამოჭრა სახე, როგორ დააკრა ფიგურის თავს და როგორ „იგრძნო“, რომ სულ ცოტათი მაინც „ეშველა“.
  ამასობაში, ნიკაც გულმოდგინედ მახვევდა თავს სავარაუდო ცოლობაზე და ბოლოს მეც ვკითხე:
–გინდა თუ არა, საბოლოოდ ჩამოყალიბდი.
–რა? – დაიბნა. არ ელოდა ჩემგან ამ გადაჭრას.
–ცოლად რომ მომიყვანო და გიყვარდე ბოლომდე, ყველაფრის მიუხედავად.
–მეღადავები?
–არა, მართლა.
–ჰო?! რავიცი. მინდა, მგონი.
–ეგ პასუხი არაა, ნიკ! კარგად მოიფიქრე რა გინდა. – მერე ავდექი. ჩემი ნამსახურები სხეული ავიტაცე ჰაერში და მივუტოვე ჩვეულ ბარში, ჩვეულ დროს, ჩვეულ მაგიდასთან ნახევრად დალეული ჩვეული მაგარი, შავი ყავა.

***
  უცნაურად დაემთხვა: ლალი ჩემთან მეტად გაშინაურდა. მეც მეფესავით ვგრძნობდი თავს. ნიკა სირცხვილით თვალს ვეღარ მისწორებდა. ლოლიტამ სომხურის სწავლა დაიწყო. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც პირველად „LD Union“–ში მოსვლისას დავგეგმე. ერთი მაშინებდა – ბატონმა ალეკომ, ანუ ლაპლანდიელმა სანტამ, ხველას უმატა.    დარწმუნებული ვიყავი, ამაზე ყურადღება ჩემს მეტს არავის გაუმახვილებია. უკვე ყოველი დეტალი მიფრთხობდა სიმშვიდეს. სინდისის ჭია მღრღნიდა. ოფისში სხვა ღირებულებები გაჩნდა: 1. ვივალდის წელიწადის დრონი. 2. სომხურ ენაზე დაყენებული „Facebook“–ი. 3. ნამდვილი რაჭული ვიჩინები. 4. ლენტურ–წერტილოვანი საფუძვლები.

  ამ ამბის კვანძი კი, 27 მარტს გაიხსნა. დილიდან საშინელ ფიქრებს ვყავდი გამოჭერილი. აღარც გაზაფხულის მოსვლა მიხაროდა. პირიქით, ერთიანად მძულდა ყველა სეზონი. მეზიზღებოდა მიცკევიჩის ქუჩა. მეზარებოდა ოფისის კარის შეღება, კომპიუტერის ჩართვა, ვოვიკას უაზრო ხუმრობებზე ნაძალადევი ღიმილი, ლოლას „ახლად–დამხეცებული“  Բարեւ Ձեզ – მოსმენა, რაც ჩვენებურად უბრალო მისალმება იყო. მერე, ლალის ერთგვარი შემობრძანება, რაც ჩემთვის „ვაი, შენს პატრონს. რა გეშველება“–ს უფრო ჰგავდა. რაღაცას აუცილებლად უნდა გადავერჩინე. არ ვიცი რომელ ღვთიურ ნიშანს. მთავარი იყო ეს ნიშანი ამომეცნო და მაგრად ჩავჭიდებოდი.
  მაინც მივედი. მოწყვეტით დავჯექი ფანჯარასთან და მზის სხივებს მივუშვირე სახე. ჩემს იქით სამყარო ფეთქავდა. მე მისგან გამოყოფილი მისივე ნაწილი ვიყავი. ნახევრად ღია კარში ალეკოს და ნიკას ხმა მომესმა.
–აქაა?
–ჰო. ახლა მოვიდა. მისმინე, ბოლო ოთხ პროექტს აგვიანდება, მაგრამ გზაშია. ვოვა და ლალიკო მალე დაამთავრებენ.
–ჰო, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. ახლა ევიტასთან უნდა შევიდე. – კარი ოდნავ შეირხა. ვიდექი და ველოდი.
–მისმინე ნიკ. უნდა გავიდე რა, ცოტა ხნით. ამ ბოლო დროს ვერ ვარ ჯანზე. ნემსი უნდა დავარჭო. ექვსისკენ მოვალ.
–კარგი, მიდი. მიხედე თავს. – კარი ისევ შეირხა და ოთახში ნიკა მეზღვაურივით შემოცურდა. ორი ნაბიჯი გადმოდგა და დადგა. ასე, ჩუმი გიჟივით მიყურებდა ერთ ხანს. მეც ვუყურებდი. ისევ ველოდი.
–ვიფიქრე და მივხვდი.
–რას, ნიკ?
–რომ მინდა ჩემი ცოლი გახდე. ოღონდ ცოლი და არა მომვლელი.
–ჰო?! იცი, სწორედ ამას ველოდი შენგან.
–ესე იგი, თანახმა ხარ? – ნიკას ხმაში მღელვარების ხრინწი გამოერია. არაფერი მიპასუხია. ისევ ფანჯრისკენ შევბრუნდი და ქუჩას მოვავლე თვალი. დავინახე ქალბატონი ლალი, რომელიც ავტობუსიდან ჩამოვიდა და მაღაზიაში შევიდა. ალბათ კრეკერების საყიდლად. ნიკა მომიახლოვდა. სახეზე დამაკვირდა.
–შენ რა, ლოცულობ?
–ჰო. – ვუპასუხე.
–ვისთვის? – გაეცინა.
–დამსხვრეული ღმერთებისათვის, ნიკ. შენთვის, ჩემთვის, იემანჟასთვის.
–იემანჟასთ...
–ჰო. თანახმა ვარ. – გავაწყვეტინე, რადგან ლალი გვიახლოვდებოდა და სწორედ ეს მენიშნა გამოსავლად და აქაურობის დასაუფლებლად. რაც მთავარია ჩემი ქმედების გასამართლებად.
  ქალბატონი ლალი რომ შემოვიდა, მე ნივთებს ვალაგებდი. ჩანთა ტუმბოზე დადო. ქურთუკი სკამს შემოაკიდა. ახალი კრეკერები „ჩაის ოთახში“ გაიტანა. მე ისევ ნივთებს ვალაგებდი.
–ევიტა, რა აკეთებ?
–აქედან მივდივარ, ქალბატონო ლალი.
–როგორც იქნა საბოლოოდ დარწმუნდი, რომ არაფრის მაქნისი და უსარგებლო ხარ ამ ფირმაში, არა? – გულიანად გაიცინა.
–არა. უბრალოდ, ვთხოვდები და მივდივარ! – მარჯვენა ხელზე წამომჯდარი ნიშნობის ბეჭედი ვაჩვენე. სახე მოეღრიცა. ნიკაო, ერთი ამოიძახა ღრმა შიგნიდან და სკამზე რეტიანივით დაჯდა. ყველაფრის ბოლოს კი, ისევ პირვანდელივით შემომხედა სათვალის ქვეშიდან. მაშინ მივხვდი, ეს მზერა ისეთივე იყო, როგორიც ლაგოდეხის ნაკრძალისა და ბულონის ტყის შედარება.


  წამოვედი. ორ კვირაში ხელი მოვაწერეთ. სამ დღეში სამოგზაუროდ წავედით. რა თქმა უნდა, პარიზში. ზემოთხსენებულ ბულონის ტყეშიც გავისეირნე, მაგრამ ერთხელაც არ გამხსენებია ჩემი ნაჯახირები ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა. მარტო იმას ვდარდობდი პენსიაში არ გასულიყო ქალბატონი ლალი, როცა საბოლოოდ დარწმუნდებოდა რა ავანტიურისტი ტიპიც გამოვდექი. თუმცა „LD Union”-ი ხომ  შ.პ.ს იყო და იქ ხალხს ასაკის გამო არ უშვებდნენ სამსახურიდან.
  წამოსვლის წინა დღეს ელ–ფოსტა შევამოწმე. სხვა მილოცვებთან ერთად ლალის წერილიც დამხვდა. არ გამკვირვებია, საიდან გაიგო ჩემი მისამართი. მეილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: Toodaloo. რისი მნიშვნელობაც მე – ეგრედ წოდებულმა, ინგლისურის თარჯიმანმა ძლივს გავარკვიე:  ქუჩური ჟარგონი. საშუალება, რომლითაც ძველი ხალხი ამბობდა – მშვიდობით! 

Sunday, March 17, 2013

ოცნებები


  ჩვენ ყველა გავურბივართ თვალების ფართოდ გახელას და აღიარებას: – „ ცხოვრება მშვენიერია.“ თუკი ქორწინება სამოთხეში შეიქმნა, მაშინ ეს დიდი ღმერთის საჩუქარია. ოდესღაც ოცნებებში მითხარი, რომ სიცოცხლეს ერთად გავლევდით. ის სასიყვარულო სიტყვები ვარსკვლავური ნათებისას ნათქვამს გავდა. შენ გჯერა მათი შინაარსის, თუ უაზრობა იყო?
  ასეთი უაზრო საუბარი მეტი ღირს, ვიდრე თვითონ ცხოვრება. ის ანგრევს სულს ჯერ კიდევ დაწყებამდე და რაც მესმის, ზოგჯერ ამსხვრევს სევდებსაც. შენი ტყუილი ძალზედ მხიარული მელანქოლიაა. შენი თვალები - უმნიშვნელოდ მოწყენილი. მიუხედავად მწუხარებისა, ჩვენ ახლაც ვკარგავთ კარგ დროებს.

  აქ არაფერს შუაშია სიკვდილი და სიყვარულით ჭკნობა. გინდა სიმართლე გითხრა? პირველად ბაღში გნახე და გავიფიქრე, მართლაც შესანიშნავი მამაკაცი დადგებოდა ჩემგან ცოტა რომ დამცლოდა. თეთრ ლილიებს რგავდი სახლის წინ. მე ფანჯარაში ვიდექი ყავის ჭიქით. მაწუხებდა სიცხე, უსიგარეტობა, ბედნიერების ამოწურვა. სწორედ მაშინ შევნიშნე შენი სტიმულით სავსე საქმიანობა. მაშინვე ყველაზე მეოჯახე და წყნარ არსებად მიგიჩნიე. უბრალო ჯინსით, მიწაში მკლავებამოსვრილი. მხარზე თითქოს უცნაური წარმოშობის პეპელა გეჯდა და რაღაცას გეჩურჩულებოდა სამყაროს ქარებზე. ჩემს თავს დავაკვირდი შიგნით და მივხვდი, შენმა გამოჩენამ მაგრძნობინა სიყვარულის საჭიროებაც. მომინდა კიდეც, რომ მიზეზი მქონოდა მოსასვლელად, შენი ყვავილების შესაქებად და გამოსალაპარაკებლად. საწერ მაგიდას გავხედე. მაინცდამაინც მაშინ მომხვდა თვალში არარსებული ოთახის მცენარეები. ეზოში გამოვედი ჩაუცმელი, დაუვარცხნელი და სიგარეტი გთხოვე. შენ თმებს შორის თაფლისფერი მზერა ამოაპარე და დამინახე. უკანა ჯიბიდან ღერი სიგარეტი ამოაძვრინე და თან დააყოლე: „აი, აიღეთ.“
  ასე მომეცი პირველი იმედი. ეს შენთან პირველი არშემდგარი დიალოგი იყო და მე უკვე ვიცოდი შენი ხმის ტემბრი. ვეცადე შემეგრძნო შენი სურნელიც, მაგრამ ჩემმა უმწეო მდგომარეობამ შემიშალა ხელი. ისიც საკმარისი იყო, რომ შემოდგომის საუცხოო ფოთოლცვენასა და მუქ ფერებს ეკუთვნოდი. ვაკვირდებოდი შენს ყურებს, ბოტოტა თითებს და ალბათ ადამიანი ძალიან ბრმა და დაუნახავი უნდა ყოფილიყო, რომ ვერ შეემჩნიე.
  საღამოს, ჭიქით ხელში გამოხვედი აივანზე და ჩამავალ მზეს დაუწყე მზერა. გამიადვილდა დაკვირვება. შენი შუაზე გადაწეული თმა და ლურჯი კაბა, შოკოლადისფერი კანი ისეთ ნეტარსა და სრულყოფილს გხდიდნენ, ვცადე ცოტა ხნით კიდევ დავტეულიყავი საკუთარ ტყავში. გამჭოლი მზერები მოავლე სახლებს და ვივარაუდე, ჩემი გახსენება სცადე. თავი რამდენჯერმა გადააქნიე. ვიცი, ჩათვალე შეშლილი ვიყავი.
  უფრო და უფრო გამსგავსებდი ვიღაც მშობლიურს. ადრე კლასიკად და კულტად რომ ითვლებოდა, ან ვინმე დიდ დედას, რომელსაც ჯერ ნაცრისფერი თვალები თანდათან გაუმწვანდა. შიშმა შემიბყრო, სულ მთლად შინ არ წასულიყავი. კაბა ნაკეცებად ჩამოგეშალა და სივრცეში ბროლივით ჩამოგემსხვრა მუხლებზე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ თვითონ ხდებოდი მშობლიური.
  მალევე შევიტყვე, რომ დროის ცვლასთან ერთად, შენ საყვარლებს იცვლიდი. ბოლომდე არ მჯეროდა. იმედებს ვამყარებდი უმანკოებაზე. შენ ხომ ერთადერთი იყავი ჩემს ნაცნობებში, რომელიც ლილიებს რგავდა?! გამოჩნდი თუ არა, ჩემი შავ-თეთრი პალიტრა ფერებით აავსე. ჩემდაუნებურად, შენზე დამოკიდებული გავხდი. სევდა, სიხარული, სიმთვრალე და სიფხიზლე ძირითად ამინდს ქმნიდა ირგვლივ.
  რამდენიმე კვირაში შენი მოსაწვევი მივიღე თავისუფალ წვეულებაზე. წინასწარი ფუსფუსი მაშინვე დავიწყე. მინდოდა კიდევ ერთხელ დაგენახე და დაგმახსოვრებოდი. მთავარი იყო არ მედარდა, უაზრო ფიქრებს არ ავყოლოდი და არ გავყოლოდი სადღაც, ვეღარდასაბრუნებელში.
  კარი ღია დამიხვდა. ბევრი ხალხი ირეოდა. არავის მივსალმებივარ. მე შენი სახლის დათვალიერება გადავწყვიტე. საიდანღაც მუსიკის ხმა გავიგე და ხმას მივყევი. სიმღერა უჩვეულოდ მშვიდი და რითმული იყო. მეუცნაურა. შორს მდგომი სკამი შევარჩიე და დაველოდე. პირველად, ყურადღება წითელმა საყურეებმა მიიქციეს, ძალით დახვეულმა თმამ, მარცხენა მხარზე ჩამოგდებულმა მაისურმა. მოგიახლოვდი, მხარს შევეხე. შენ უხერხულობა დაგეტყო. არყით სავსე ჭიქას დაწვდი, სადღეგრძელოს მთქმელივით გაიღიმე და გადაკარი. თითქოს სკოლის მერხიდანვე გადაწყვეტილი გქონდა, რომ ამ დღეს ჩასახავდი. არაფერი გამკვირვებია. მერე გავუჩინარდი.
  სამი დღის შემდეგ აჩრდილივით აგედევნე. მიცურავდი ჰაერში ამაღლებული და თითქოს მხედავდი. თეთრ სავარძელში ჩაჯექი. არაამქვეყნიურ სამყაროს მისწვდი მზერით და გაიოცე. ფანჯრის მინას მოაწყდი და მომჩერებოდი ასე, ჩუმი გიჟივით. მეც თვალდაჭყეტილი გიყურებდი და უკვე გაღმერთებდი. ეჭვები მღრღნიდნენ, ნუთუ შენი რიგითი საყვარლის სანახავად მიიჩქაროდი?! გაჩდნენ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ შენთვის უნდა მეთქვა და მხოლოდ მე მიშველიდა. ჩვეულებრივად მოგყევი უკან. სივრცეებს ვარღვევდი და მოვიჩქაროდი. მეგონა, თუ დამინახავდი შენს წინ მდგომს, ყველაფერს მიატოვებდი და ჩემთან გამოიქცეოდი. მოისმენდი ჩემს ვერთქმულ სიტყვებს, იმოგზაურებდი მელნისფერ გზებზე. არ ვიცი. თვალზე ცრემლი გითამაშებდა და სურვილს მიჩენდა მომეხვია მკლავები. უფრო და უფრო გიახლოვდებოდი და მეტად მწამდა შენი ჩემობის. ვეღარ მხედავდი და გულს გწყვეტდა საზურგის იქით გადაკიდებული, მოდუნებული თავი, ანგელოზის ფრთებივით დაფენილი ხელები.
  შეუმჩნევლად ჩაგიარე გვერდით და დავინახე დახუჭული, სველი წამწამები. მე შემეძლო, ვიცი რომ შემეძლო შენთან ყოფნა, სანამ ჩემი ნაწერები ჩემსავე სულს არ ჩახედავდნენ თვალებში და არ დაინახავდნენ სიკდილს. სანამ ჩვენს ღამეებს შეეძლოთ თავის გასულელება. შემეძლო ვმდგარიყავი ასე გახევებული, თავიდან დაბადებული და შენს მაჯებზე მეწერა ჩემი სუნთქვა.
  მერე საყვარელიც გამოჩნდა. ხელი გადაგხვია და წაგიყვანა. ერთხელაც არ მოგიხედავს უკან. თითქოს უკან არც დავრჩი. მაშინ მივხვდი, სიმშვიდე ამ გახუნებულ მარტოობაშიც მიიღწევა. მას მერე იყო, რომ ვეცადე აღარც მეფიქრა შენზე.
  ასეც იყო, სანამ იმ დილით ისევ არ გნახე. სულ შემთხვევით, სანაპიროზე. დავრწმუნდი, რომ ცხოვრება იმედგაცრუებების მორიგი სერიაა. დაგინახე როგორ ჩამოგეღვარა შუბლზე გრილი წყალი. ტყუილად იფარებდი ხელებს სახეზე. წყლის უფერო სფეროებმა იწყეს მდინარეებად გორვა და სიცხის კორიანტელები წალეკეს. მინდოდა მზეს აერეკლა შენი ტუჩების სიწითლე, მესუნთქა იმავე ოთახის ჰაერი, რომელშიც შენ ცხოვრობდი, რომელშიც გეძინა. ყველაფერი უფრო შეუძლებლად მომეჩვენა. აღარ ჩნდებოდა კითხვები, რატომ არ შეიძლებოდა შეგყვარებოდი და გვეცხოვრა ჩვეულებრივი, მოკვდავური ცხოვრებით?!
  აზრზე რომ მოვედი, შენც მიყურებდი. ისევ ისეთი სადა და მტკიცე იყავი. მე კი ვიეჭვიანე წყალზე, რომელიც სახეს გბანდა. საბანზე, რომელიც ცივ ზამთარში გითბობდა სხეულს. იმდენად შესწავლილი მყავდი, რომ მე უკეთ ვიცოდი შენი შესაძლებლობების შესახებ. უხმოდ შეგიყვარე. ფანჯარაში გხედავდი. როგორ უმკლავდებოდი საოჯახო საქმეებს. აუთოვებდი საყვარლების პერანგებს. მერე ჩვეული გიტარით აყრუებდი ქუჩას.
  ...და მე არ ვიცოდი, რომ ამ ჩიხებიდან შეიძლებოდა თავის დაღწევა, რომ ოთახში დაგუბებული მარტოობის დამსხვრევის სურვილი მკლავდა, რომ სხეულში მობუზული სულის განამდვილება მეწადა და რომ მთელი ამ მალვით დაცხადებული ცხოვრების საბოლოოდ გადმოფურთხება მიშველიდა.
  მანამდე კი, რას ვიფიქრებდი, რომ ყელში ამოგივიდოდი, სახლშიც შემომეჭრებოდი და იარაღს მომიშვერდი?!
  -რა გინდა?- წყნარად მკითხე.
  -ცოტა გამბედაობა.
  -რაა?- გაგიკვირდა.
  -შენ რა გინდა?- კითხვა შემოგიბრუნე.
  -მე მინდა თავი დამანებო. ან მითხრა რა გინდა, რატომ დამყვები, რატომ იქეცი ჩემს ჩრდილად ცხადშიც და სიზმარშიც? - ხელი გიკანკალებდა. შენი არ მეშინოდა. იმ შენი ბაღის ლილიას გავდი. გაგიღიმე. იარაღი გიხდებოდა. ვიცი, შენც გრძნობდი როგორ ვეკუთვნოდით ერთმანეთს და იყო რაღაც დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ორ-ორ ადამიანს ესმით. ეშმაკური თვალებით მიმზერდი. თითებზე ბედნიერების ხარვეზები გეტყობოდა, რომლებიც კალცის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ის მზერა ჩემი იყო და ავად თუ კარგად, ძნელად თუ ბნელად, - უნდა შემერგო. გაიღიმე და თითქოს ტრანსში ჩავარდნილმა, დავთმე ტანჯვა, გავათავისუფლე სხეული ჭარბი წონისგან. ასე გავამართლე არსებობა ჩემი, სულის დაცემით ნაყლაპი მტვერი. ვიცოდი, სარკეში ჩახედვისას შენივე ხელების შიში დაგბზარავდა. მომინდა სხეულით აგფარებოდი. ახლოს იყო სუნთქვა და სახე. შენი სუნი კი, იყო მიწასა და ცას შორის. გრილი, როგორც ნავსაყუდელი. სადღაც შორს, წვიმის სუნიც რომ დაჰკრავს. ძველი, დარჩენილი და აღმოჩენილი. სხვებს რომ არასდროს დაემგვანება. რატომღაც დავუშვი, რომ შემეძლო შენთვის მეკოცნა. ხელებზე დაგხედე და გითხარი:
  -შენნაირ ადამიანებს დიდი ხელები უნდა ჰქონდეთ. შენ არ გავხარ მათ.
  -გეღიმება?
  -იარაღი რად გინდოდა? საშიში არ ვარ.
  -სამაგიეროდ, გიჟი ხარ! - ფეხზე ადექი და ასე დამტოვე ღია კარში.
   წახვედი და სულ თან წაიღე აი ეს სუყველაფერი. ზოგჯერ მგონია, ისევ მოდიხარ. ჩემს წინ ჯდები გაუხეშებულ მაგიდასთან. ჩაბნელებულ ოთახში ნათლად მიყურებ ძველი მზერებით. ერთი ხელის მოსმით სინათლეს აჩენ. თმა უწინდელივით გაქვს. თვალები - თაფლისფერი. წარმოვიდგენ როგორ წამოდგები და მაგიდის გარშემო დაიწყებ სიარულს. რაღაცას ბუტბუტებ. მიახლოვდები. ზურგზე მეკვრი და ჩამჩურჩულებ რაღაცეებს სამოთხეზე, პრემიებზე, მელოდიებზე, რომლებიც ჩვენ უნდა გვეცეკვა. სახე გისერიოზულდება და ფიქრის რითმებში მაბამ. ხელებს შლი, იცინი და არნახული ბედნიერება გეხვევა გარს. წარმოვიდგენ, როგორ მოათრევ მძიმე სკამს. არარსებულ ტყვიებს უშენ ჩემს ჭაღებს. უჩნარდები. მაგიდის ქვეშ კი, ორ ვაშლს მიტოვებ. ერთს მთელს, მეორეს - არა.
  შთაგონებული ვარ.
  ყოველ წუთს მინდოდა მოსულიყავი და თვალებით გვეთქვა ერთმანეთისთვის ის, რაც ვერ შევძელით. ატმისფერი დილის სურნელი გვესუნთქა მხოლოდ. მინდოდა ქუჩები, ბაღები, ეს ჩვენი ძველი სახლები.  მინდოდა! მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. გაივლის ოდესმე?! - არც კი ვიცი. მინდოდა ერთხელაც შემძლებოდა და მეთქვა: „შენი თანდაყოლილი უკმარისობა, ძვირფასო. გსუნთქავ - არ მყოფნი.“
  ჰო, არ შეგვეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ არანორმალურად მიგიჩნიე.
  ჩვენ ხომ ორივე ქალები ვიყავით.

Monday, January 21, 2013

Il était une fois il y avait N et S

  მაინც ყველამ ყველაფერი იცის უკვე. ინგლისის დედოფლიდან დაწყებული, მეძებარი ძაღლებით დამთავრებული. შენს გარდა. ჰოდა შენ(ც) გეტყვი:

  პირველად, როცა შენი წამწამები დავთვალე, შუა თითზე მეჭეჭი გამიჩნდა. შენ არ შეგინიშნავს. აქამდე მეგონა მსგავსი რაღაცეები ვარსკვლავების თვლის შედეგად ხდებოდა. ფეხზე მეკიდა შენი უსუსური ფიზიონომია, ნაკლები, უჟანგბადობით გაჩენილი ბუშტულები. თვალები უკანასკნელი მატყუარასავით გინათებდა.

და დალახვროს ეშმაკმა, ამას არასდროს ვიმჩნევდი. არც შენ, რადგან ძირფესვიანად გულქვა ადამიანობანას თამაში გიყვარდა.
  მე რავიცი, – მიგიღე. შენი 1001 ცოდვიანად შეგიყვარე. მაშინაც ზამთარი იყო. უფრო სწორად, თებერვალი. (ეს თვე არც ერთ სეზონს არ მიეკუთვნება). ერთნაირი რუსული ჩექმა გვეცვა და ორივეს ჩოლკა გვიფარავდა სუფთა შუბლებს. ახლა გვარიანად მეცინება ჩემს მომწვანოდ და შენს შავად შეღებილ თვალებზე. ჩემი ცხვირი ოდნავ დუდუკს ჩამოჰგავდა, შენი – ტყუილებისაგან წამოზრდილს.
  მაშინაც გრეიფრუტის სუნი ასდიოდა ჩემს ხელებს, სხვა კი არაფრის. 
მწიფე, ჩაშაქრებული სუნი. მახსოვს როგორ გიწვავდა ნესტოებს. კანს გითეთრებდა, სისხლზე რომ არაფერი ვთქვათ. რომელიღაც მაგარი სპექტაკლის ბილეთების რიგში ვიდექით და გვათოვდა. მახსოვს თეატრის ეზოში ორი დაკეცილი ქოლგა იდგა ერთმანეთის უკან. ერთი შეხედვით სიკვდილებს ჰგავდნენ. მანტიამოსხმულ, თავზე კაპიუშონწამოხურულ, ჰაკისფერ სიკვდილებს. მაშინ შენ თქვი, ასე ერთად მოვკვდებოდით. სხვაგვარად არა!!!
წესით, ქუდი უნდა გვხურებოდა ასეთ დროს. მე შენი, შენ – ჩემი. შავი ქუდები, მძღოლებს რომ ახურავთ ხოლმე. ერთმანეთიც უნდა დაგვჭირვებოდა უსარგებლო ღიმილით და კვამლით დასვრილი ჰაერივით. 
 შენ პეპლების საჭერით დასდევდი ჩრდილოეთის ქარებს, რადგან შენი ბოშურად თავისუფალი სული ვერ სცდებოდა თავგანწირვებს. მე შენს ზედმეტ სახელებს ვიმეორებდი მონაცვლეობით.
  მაშინ ღია წაბლისფერი თმა მქონდა. ეს ახლა შევიღებე მოწითალოდ, თორე ...
ჩემს თვალებს ძილი აწვა სიმძიმის ძალად. სერიოზულობა შთანთქავდა ხელებს. ფილტვები სავსე გვქონდა მიწით. შენ მაშინაც ორფერი ტუჩები გქონდა.
თამბაქოს სუნი ასდიოდა ჩემს დატოვებულ წერილებს. გასაღების ასხმასავით რომ ეკიდა დახლთან. სათითაოდ ასაღები ღრიჭოდან და ფრთხილად დასაყნოსი. თითქოს ჩემი თმა იყო მელანი და შენი გულის ფიცარი – გახუნებული, კუთხეებშემოფლეთილი ფურცელი.

  რავიცი, აქამდე მეგონა ბოლომდე ვიბრძოლებდი. ცხრა თაობა არმიაც ვერ შემაკავებდა. ზოგი გამგლიჯავდა, ზოგიც – უჩუმრად მომპარავდა დროს. მეგონა, ღამ–ღამობით საკუთარ თავსაც დავუწყებდი ლაპარაკს, რადგან ვერ გივიწყებ. ჩემი თვალები კი, გაგზავნიდნენ მესიჯს: "შეეშვი". მეგონა ძვლებამდე ჩააღწევდა შენი ნავსაყუდელობა. სიტყვები სისხლის წვეთებივით დამეღვრებოდა ფიქრებიდან და წამოვიდოდი სახლში. ახლა?! ახლა, რავიცი. რაღაცას ვითხოვ, ვითხოვ, ვითხოვ, ვითხოვ, პირდაპირ ღმერთისგან.
  აღარასოდეს შემოვბრუნდები. აღარ მოვსინჯავ კუნთებს. არ ავანთებ სინათლეს შენი ბრმა ლაქებისკენ. აღარ ვიკითხავ დროს მელასაგან მოტყუებული ბავშვივით.
ძვირფასო, არ მაინტერესებს როგორ დავილექე შენს ნათელ ფიქრებში.
ფაქტი (ბევრია) ერთია: ვჩქარობ და სულ ვაგვიანებ. ისევ ვცახცახებ როცა მირეკავ. ყოველ დღე ჯანდაბასავით მრუდდება გზა. ჩემი სხეული თავისთავადი ისტორიაა სამყაროს ტკივილსა და დიდებაზე.
აღარ მაინტერესებს–მეთქი როგორ ხარ? ისევ აიკიდე თუ არა ზამთრის სურდო. მივყვები კელაპტრის შუქებს. გავდივარ გვიან ქუჩებში, ვსეირნობ. ვეღარ ვპოულობ სანთლით საძებარ შენნაირებს და თითქოს ვიშლები. დალუქულია!!!
ერთ დღესაც, ვიღაც გაგიყრის ხელს ხელში და აღარ გაგახსენდება ჩვენი მარტივი ნატვრებივით ადვილად დავიწყებული ნაბიჯების ხმა.
  დაე, იყოს ყველაფერი შენი რიგ–რიგობით ნამღერი კუპლეტებივით გაშლილი.
ისე, კი დიდი სიამოვნებით გავკრავდი ახლა ასანთს. შევასრულებდი დიდი ხნის წინ მოცემულ პირობას. მერე მოვიდოდი შენთან მხრებში გამართული. თვალებს გაგისწორებდი და ამაყად გეტყოდი: "ყველა ხიდი დამწვარია".
არა! გატყუებ! შენთვის არანაირი პირობა არ მომიცია.
ჰოდა, ჯანდაბამდეც გზა გქონია, მერსედეს. შენი რძისფერი ხელები და ჩემი ქვები აღწევენ ზენიტს.

  არ ვიცი ამას ოდესმე თუ წაიკითხავ. არ ვიცი მიხვდები თუ არა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ბენგალური ცეცხლივით ჩაშუშხუნებას ჰგავს. არ ვიცი დაგენანება თუ არა დღეები, რომლებიც უნდა გაგვევლო ერთად. სიტყვები, რომლებიც უნდა გვეთქვა ერთმანეთისთვის. მთავარი უბედურება იცი რაშია?! – საერთოდ აზრზეც არ ვარ რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით. ან რა აზრი აქვს, ან რა კვანძი უნდა გახსნას, ან რა ზე–ამოცანა უნდა ამოხსნას, მაგრამ ზოგჯერ ჰომ სულ ერთია ვინაა შენს გვერდით. მთავარია იყოს, გიმაგრებდეს ზურგს, ერქვას შენი "კრიშა", საკაიფოდ გაწყობდეს "ფირმაში" და მაინცდამაინც მაშინ არ იცინოდეს, როცა შენ ტირი. დანარჩენი უკვე სულ ერთია.

Monday, January 14, 2013

ახალი წლის მაგიერ

 ბოლოს 6 თუ 7 წლის ვიყავი, როცა თოვლის ბაბუამ ბალიშის ქვეშ დასატოვებელი საჩუქარი მაჩუქა. ბოლო იმიტომ, რომ ჩემმა ახალი წლის დილასავით ლამაზმა დეიდაშვილმა თავისი თითებივით ბოტოტა ხმით მითხრა:
 – მართლა კი არ არსებობს თოვლის ბაბუა?! დედა და მამა გყიდულობენ საჩუქრებს.

 არ ვიცი ვიტირე თუ ვიყვირე. შესაძლოა თმითაც მეთრია, ან რაიმე რიტორიკული არგუმენტი მომეყვანა სამაგიეროდ. ჩემი ხასიათი რომ ვიცი, რაიმეს აუცილებლად მოვიმოქმედებდი. ასე ამ ამბავს არაფრის დიდებით არ დავტოვებდი.

 წლები გავიდა. მშობლები განგებ აღარაფერს მყიდულობდნენ. მე ხო უკვე ვიცოდი არარსებული თოვლის ბაბუისა და "სნეგუროჩკას" შესახებ?! არ მითხოვია არაფერი. საჩუქრების თვალსაზრისით ფანტაზიის ნაკლებობას მუდამ განვიცდიდი. უფრო სწორად, კი არ განვიცდიდი, უბრალოდ უხერხულობაში მაგდებდა. ახლა უფრო.
 წელს, სანამ 2013 დადგებოდა, 31 დეკემბერს, ძველმა მეგობარმა დამირეკა. ტელეფონის ეკრანზე რომ მისმა ინიციალებმა გამოანათა, ერთიანად განცვიფრებამ მომიცვა,– "მაინც რა ჯანდაბად გავახსენდი–მეთქი." წინასწარ მომილოცა, მთელი ოჯახით მომიკითხა და ბოლოსკენ "დამგესლა" კიდეც.
 – ამაღამ მე და მთელი ჩემი სადაქალო პლეხანოვზე მივდივართ, კაფეში. იქ შევხვდებით ახალ წელს.
 – ჰოო... კარგია.
 – წამოდი, არ გინდა? – აი აქ უკვე მივხვდი, რომ მთელი სატელეფონო საუბრის საიდუმლო ამ ზრდილობიან კითხვაში იმალებოდა.
 – არა, მადლობთ. კარგად გაერთე. – და მაშინვე გავუთიშე. თავი ვანუგეშე, შენ მაინც ყველაზე ფეხზე გკიდია ახალი წლის ფოთიალობები–მეთქი.

  წელს რატომღაც სურვილი არ ჩავიფიქრე. არც ფურცლის ნაგლეჯი დამიწვავს შამპანურის ჭიქაში ჩასაყრელად. აღარ მომიწამლია ჩემი უსუსური ფიზიონომია განსაკუთრებულის მოლოდინის ცრუმობილიზაციით.
 დილით მოლოცვების მთელი ჯარი დამიხვდა. ამ დროს ცოტა კი შემრცხვა, როგორ არავის მივულოცე–მეთქი, მაგრამ რა მექნა?!
 მერე მოვიდნენ სტუმრები, იმათ მოჰყვათ შვილები თავიანთი ისტორიებით. ჯერ მოთმინებით ვისმენდი ყველაფერს. მერე, ჩემი ჯერი რომ დადგა, აზრზე მოვედი. ტვინის ყოველი კუნჭულით გავაანალიზე, რომ არანაირი საახალწლო ისტორია არ გამაჩნია. დავღონდი, მაგრამ განა ეს მე ვიყავი?! ეს იყო ჩემი "მეფური" ტალანტი?!
 ყოვლადბანალური და ღიმილის მომგვრელი ტექსტი მოვჩმახე. მოვიგონე, როგორ დამინთეს ბიჭებმა ეზოში ცეცხლის გული. კვალი იმიტომ არ დარჩა, რომ.... უი, არ ვიცი რატომ არ დარჩა. უცნაურია, არა?! მერე როგორ შემოიარეს ჩემმა დაქალებმა და როგორ დავლიეთ მთელი ბოთლი საფერავი. (არადა როგორ არ მიყვარს ღვინო).
 საჩუქრებს რაც შეეხება. ჰო, კიდევ კარგი ორი თვის წინ მიწისქვეშა მაღაზიაში "ვითომ შანელის" წითელი პამადა ვიყიდე. კიდევ კარგი აქამდე უხმარი სამაჯური მედო ძველმანების ყუთში. კიდევ კარგი არავინ იცოდა ავტოპორტრეტების ხატვით რომ ვიყავი გატაცებული. (კიდევ ერთხელ ვლინდება რა "ჩემთავისტი", ნარცისი და ჰედონისტი ვარ.)
 საწოლზე მორიგეობით გადმოვალაგე: 
 – ეს შანელის პომადა, 19 ნომერი. ეს სამაჯური ჩემმა უახლოესმა დაქალმა მაჩუქა. ეს კი, იმ ბიჭებმა დაახატვინეს ჩემი პორტრეტი, გული რომ დამინთეს. მშობლებს რაც შეეხება, ამ კვირის ბოლოს ლეკვს მომიყვანენ. 
ჰო, ეს ის ლეკვია მე–11 კლასიდან რომ მაჩუმებენ,– აი სკოლას რომ დაამთავრებ გიყიდი. რომ ჩააბარებ – გიყიდი. პირველ კურსს რომ დახურავ – გპირდები, მართლა გიყიდი. (თქვენც იცით რამდენი კურსია უნივერსიტეტში). ლეკვი არა, მაგრამ დიდი შოკოლადის ტორტი კი მხვდებოდა ხოლმე სახლში. ძლივს დავიკელი ის ავად–სარკეში–ჩასახედი და თვალში–სასწაულად–მოსახვედრი 6 კილო.

 ჰოდა ახლა რომ გკითხავენ კიდე, რატომ არ გიყვარს ახალი წელიო, ძველმა წელმა რა მომცა ისეთი (თუ არ წამართვა), რომ ახალი მოვიდეს?! ჩვენ კიდევ ფენომენალური 2 ახალი წელი გვაქვს. უკაცრავად, ახალი და ძველი ახალი წელი.
 ასე !!!