Monday, January 14, 2013

ახალი წლის მაგიერ

 ბოლოს 6 თუ 7 წლის ვიყავი, როცა თოვლის ბაბუამ ბალიშის ქვეშ დასატოვებელი საჩუქარი მაჩუქა. ბოლო იმიტომ, რომ ჩემმა ახალი წლის დილასავით ლამაზმა დეიდაშვილმა თავისი თითებივით ბოტოტა ხმით მითხრა:
 – მართლა კი არ არსებობს თოვლის ბაბუა?! დედა და მამა გყიდულობენ საჩუქრებს.

 არ ვიცი ვიტირე თუ ვიყვირე. შესაძლოა თმითაც მეთრია, ან რაიმე რიტორიკული არგუმენტი მომეყვანა სამაგიეროდ. ჩემი ხასიათი რომ ვიცი, რაიმეს აუცილებლად მოვიმოქმედებდი. ასე ამ ამბავს არაფრის დიდებით არ დავტოვებდი.

 წლები გავიდა. მშობლები განგებ აღარაფერს მყიდულობდნენ. მე ხო უკვე ვიცოდი არარსებული თოვლის ბაბუისა და "სნეგუროჩკას" შესახებ?! არ მითხოვია არაფერი. საჩუქრების თვალსაზრისით ფანტაზიის ნაკლებობას მუდამ განვიცდიდი. უფრო სწორად, კი არ განვიცდიდი, უბრალოდ უხერხულობაში მაგდებდა. ახლა უფრო.
 წელს, სანამ 2013 დადგებოდა, 31 დეკემბერს, ძველმა მეგობარმა დამირეკა. ტელეფონის ეკრანზე რომ მისმა ინიციალებმა გამოანათა, ერთიანად განცვიფრებამ მომიცვა,– "მაინც რა ჯანდაბად გავახსენდი–მეთქი." წინასწარ მომილოცა, მთელი ოჯახით მომიკითხა და ბოლოსკენ "დამგესლა" კიდეც.
 – ამაღამ მე და მთელი ჩემი სადაქალო პლეხანოვზე მივდივართ, კაფეში. იქ შევხვდებით ახალ წელს.
 – ჰოო... კარგია.
 – წამოდი, არ გინდა? – აი აქ უკვე მივხვდი, რომ მთელი სატელეფონო საუბრის საიდუმლო ამ ზრდილობიან კითხვაში იმალებოდა.
 – არა, მადლობთ. კარგად გაერთე. – და მაშინვე გავუთიშე. თავი ვანუგეშე, შენ მაინც ყველაზე ფეხზე გკიდია ახალი წლის ფოთიალობები–მეთქი.

  წელს რატომღაც სურვილი არ ჩავიფიქრე. არც ფურცლის ნაგლეჯი დამიწვავს შამპანურის ჭიქაში ჩასაყრელად. აღარ მომიწამლია ჩემი უსუსური ფიზიონომია განსაკუთრებულის მოლოდინის ცრუმობილიზაციით.
 დილით მოლოცვების მთელი ჯარი დამიხვდა. ამ დროს ცოტა კი შემრცხვა, როგორ არავის მივულოცე–მეთქი, მაგრამ რა მექნა?!
 მერე მოვიდნენ სტუმრები, იმათ მოჰყვათ შვილები თავიანთი ისტორიებით. ჯერ მოთმინებით ვისმენდი ყველაფერს. მერე, ჩემი ჯერი რომ დადგა, აზრზე მოვედი. ტვინის ყოველი კუნჭულით გავაანალიზე, რომ არანაირი საახალწლო ისტორია არ გამაჩნია. დავღონდი, მაგრამ განა ეს მე ვიყავი?! ეს იყო ჩემი "მეფური" ტალანტი?!
 ყოვლადბანალური და ღიმილის მომგვრელი ტექსტი მოვჩმახე. მოვიგონე, როგორ დამინთეს ბიჭებმა ეზოში ცეცხლის გული. კვალი იმიტომ არ დარჩა, რომ.... უი, არ ვიცი რატომ არ დარჩა. უცნაურია, არა?! მერე როგორ შემოიარეს ჩემმა დაქალებმა და როგორ დავლიეთ მთელი ბოთლი საფერავი. (არადა როგორ არ მიყვარს ღვინო).
 საჩუქრებს რაც შეეხება. ჰო, კიდევ კარგი ორი თვის წინ მიწისქვეშა მაღაზიაში "ვითომ შანელის" წითელი პამადა ვიყიდე. კიდევ კარგი აქამდე უხმარი სამაჯური მედო ძველმანების ყუთში. კიდევ კარგი არავინ იცოდა ავტოპორტრეტების ხატვით რომ ვიყავი გატაცებული. (კიდევ ერთხელ ვლინდება რა "ჩემთავისტი", ნარცისი და ჰედონისტი ვარ.)
 საწოლზე მორიგეობით გადმოვალაგე: 
 – ეს შანელის პომადა, 19 ნომერი. ეს სამაჯური ჩემმა უახლოესმა დაქალმა მაჩუქა. ეს კი, იმ ბიჭებმა დაახატვინეს ჩემი პორტრეტი, გული რომ დამინთეს. მშობლებს რაც შეეხება, ამ კვირის ბოლოს ლეკვს მომიყვანენ. 
ჰო, ეს ის ლეკვია მე–11 კლასიდან რომ მაჩუმებენ,– აი სკოლას რომ დაამთავრებ გიყიდი. რომ ჩააბარებ – გიყიდი. პირველ კურსს რომ დახურავ – გპირდები, მართლა გიყიდი. (თქვენც იცით რამდენი კურსია უნივერსიტეტში). ლეკვი არა, მაგრამ დიდი შოკოლადის ტორტი კი მხვდებოდა ხოლმე სახლში. ძლივს დავიკელი ის ავად–სარკეში–ჩასახედი და თვალში–სასწაულად–მოსახვედრი 6 კილო.

 ჰოდა ახლა რომ გკითხავენ კიდე, რატომ არ გიყვარს ახალი წელიო, ძველმა წელმა რა მომცა ისეთი (თუ არ წამართვა), რომ ახალი მოვიდეს?! ჩვენ კიდევ ფენომენალური 2 ახალი წელი გვაქვს. უკაცრავად, ახალი და ძველი ახალი წელი.
 ასე !!!