Monday, July 30, 2012

სპრი


If you forget me, Miss blue Sunday…



   ლანას ყოველთვის უყვარდა ძნელად დასამახსოვრებელი დღეები. ისეთი დღეები, თან რომ არაფერი სდევს. უმუსიკო, უემოციო, უ-ყველა-ფერო. შეუმჩნევლად რომ ჩაივლიან ღრუბლებივით ცაზე.
    რახანია გაიარა 3 საათიანი ავტობანი ბერლინისაკენ.
სახლი, რომელშიც დასახლდა, გარედან სტაფილოსფრად იყო შეღებილი. შიდა ეზოში კი, უცნობი ფრანგის მოხატული კედლები დაუხვდა უცნაური ფარდულებით.
  პირველი იმედგაცრუება მაშინ იგრძნო, როცა მასპინძელი, მსუქანი, კარგად მოვლილი და ჩატუნტულებული ევა გაიცნო. მის „უმწიკვლო“ წარმოსახვებში ევა მხოლოდ ის ქალი იყო, რომელიც ედემის ბაღში შიშველი დატანტალებდა და შიგადაშიგ ადამს უგორებდა მაცდურ ვაშლებს.  ახლა ეს წარმოსახვები კეთილმა დიასახლისმა, ბერლინის კედელივით, შტურმით აიღო.
  სახლი მორთულ-მოკაზმული დაუხვდა, მაგრამ კედლებიდან უცნაური ჭუჭყი იმზირებოდა. თითქოს მშობლიურ ქოხსაც წააგავდა.
  ევასთვის თავის ასარიდებლად, გასეირნება ისურვა.
სამწუხაროდ, ბრანდერბურგის კარიბჭის სახელწოდება ვერაფრით გაიხსენა. გაიძახდა, ენაზე მადგასო, მაგრამ აბა ვინ დაუჯერა?! პირველივე შთაბეჭდილებებში ჩაფლავდა.
  სივრცე, შეგრძნებები, მიახლოვებული სტილი. მწვანე სახურავები და ალაგ-ალაგ ამოჩრილი კოშკურები.
  მანქანა ცენტრალურ პარკთან გააჩერა და გზას ფეხით გაუყვა რაიხსტაგისაკენ.
  აი, მისი უდიდებულესობა გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ხალხისათვის მიძღვნილი „მთავრობის სასახლე“, მის წინ გაშენებული მწვანე მინდორი, გამჭვირვალე და მრგვალი სახურავი, მის შიგნით ჭიანჭველებივით მობუჟღავე ტურისტები. ნეტავ, მათ თუ ამცნობდნენ გიდები, რომ თავის დროზე ქართველები იყვნენ პირველები, რომლებმაც შეძლეს დროშით შეემკოთ გუმბათი.
  მარჯვენა მხარეს მოწყობილი საკონტროლო პუნქტი წააგავდა აეროპორტის შემმოწმებელ კაბინას. ზუსტად მის გვერდით კი, მემორიალური დაფები იმ გერმანელებისათვის, რომლებმაც 44-45 წლებში პარტიის დატოვებით, ომის წაგებამდე უღალატეს ჰიტლერს.
  გზა განაგრძო თუ არა, მოედანზე მოხვდა, რომელმაც წამსვე მისი თავისუფლების მოედანი ამოუტივტივა, წმინდა გიორგის ოქროს მონუმენტით. რა თქმა უნდა, გერმანული ელსა, რომელიც ასევე ოქროს ფრთოსან ქალღმერთს წარმოადგენდა, გაცილებით მაღალი და დიდებული იყო.
  „პატარა ჰიტლერის“ დიადი გეგმის ნაწილიც ეს იყო: ელსას ყოველი მხრიდან სხვადასხვა ქუჩა უერთდებოდა, ყველა ერთად კი, მოედანზე გადიოდა. ამ გზით ყველა თავს იყრიდა იქ სადაც ”გენერალი” სიტყვით გამოდიოდა.
  მოინახულა ყველაზე მასშტაბური და მისთვის ყველაზე სანახაობრივი ბრანდერბურგის კარიბჭე.
  - ნეტავ, გერმანელებს ქალღმერთები ასე ძაან რატომ ევასებათ? - ჰკითხა სიცილით თავის თავს, როცა კარიბჭის თავს ახედა.
   ელსაც ფრთიან-სკიპტრიანი ქალღმერთი და აგერ ბრანდერგურგსაც ცხენიან-ეტლიანი ქალი აჯდა ალქაჯივით. გაეცინა, მხრები აიჩეჩა, რავიციო. სხვა არაფერი.
   ლანამ იგრძნობ, რომ თუკი ბედნიერებას ეძებ, აუცილბლად უნდა მოხვდე ბერლინში, აუცილებლად ნახო ბრანდერბურგის კარიბჭე და ეს ყოველივე მხოლოდ იმისთვის, რომ მის მიღმა დამალულ პარიზის მოედანს მიადგე. 
   იქაურობა პატარა სამოთხეს ჰგავდა. ბერავდნენ უდიდეს საპნის ბუშტებს, აფრიალებდნენ სხვადასხვა დროშებს, დგამდნენ სპექტაკლებს კომუნისტებზე, ვარსკვლავურ ომებზე, ბერლინის დათვებზე. იქვე დახეტიალობდა 2 ეტლი, რომლიბიც მე-18-19 საუკუნეების გადმონაშთს გავდა. რა თქმა უნდა, ამან ორმაგად მოაწონა იქაურობა, ვინაიდან თავიდანვე თვლიდა, რომ წინა ცხოვრებაში სწორედ ასეთ ხანაში იცხოვრა: დიდი კაბები, რენესანსები, ეტლები, კაბარეები, ფლირტები.
ამან ერთიანად გაახალისა კიდეც და თან წარმოსახვითი ფანტაზია გაუმრავლა.
   ზოგჯერ ისეთი გრძნობაც ეუფლებოდა, ისევ მშობლიური ქვეყნის ქუჩებში დააბიჯებდა, რადგან უამრავი საბჭოთა სახლი და შენობა დაუხვდა, პატარა, ოთკუთხა ფანჯრებით. სწორედ ამის გამო თავი ისე იგრძნო, როგორც სახლში.
   ცენტრალური ბაღის გადავლით მიადგა მემორიალურ დაფას ებრაელებისათვის. არც გაჰკვირვებია. ყველაზე მეტად ერთ-ერთ ძეგრლზე მიწერილი რუსული სიტყვები იყო, რომლებიც დიდი ამბითა და ენის მტვრევით წაუკიკითხა საკუთარ თავს.
   ძალიან გაუჭირდა ემოციებიდან გამოსვლა, რადგან რაც უფრო ბერლინის გულში შედიოდა, მით უფრო შემოდიოდა ქალაქი მასში და უმძაფრებდა გასული საუკუნეების შეგრძნებებს.
  სწორედ ასეთი იყო ალექსანდრეს მოედანი. ჩვენებური ძველი ვაგზალი. მატარებლები, ლიანდაგები. ბევრი ხალხი. გასაყიდად გამოტანილი შემჭკნარი კომბოსტოები, ინდური ზღაპრების წიგნები. ბერლინის ანძა, რომელიც მზის შუქისგან გამლღვალ ბურთს გავდა და ბოლოს ბუმბერაზი საათი, სადაც ყველა ქალაქი იყო აღნიშნული თავისი დროის მიხედვით.
  თბილისი არც თუ ისე ადვილად იპოვნა. მისი დროით 6 საათზე, თბილისში 9
ხდებოდა.
  „- რა არის რააა. - გულში დაიწუწუნა. - რა უშნო ქალაქების გვერდით ვწერივათ? ნიშნი ნოვგოროდი, ერევანი, ვოლგოგრადი და ბაქო.“ თვალს არ აშორებდა და ისევ ფიქრით ეღიმებოდა. „მარა მაინც მაგარია, რომ ვართ. T i f l i s. – ორჯერ დამარცვლით წაიკითხა. მერე წვიმამ მოუსწრო.
  ჩამობნელდა. ევროპულად ჩამოწვა ღამე ცაზე. ვარსკვლავებიც ააბრჭყვრიალა. ცას ახედა და თავისი ვარსკვლავთ-მრიხველური წინასწარმეტყველებებით კარგი ამინდი ივარაუდა. არადა რა იცოდა, რომ სტაჟიანი ამინდის პროგნოზები ხვალაც წვიმას ვარაუდობდნენ?!
   ქუჩისთვის ზედმეტად განფენილი მიდიოდა პატარა, ხიდქვეშა რესტორნისაკენ, სადაც ტრადიციული  გერმანული საჭმელი უნდა ეჭამა. 
   ცოტა ხანიც და პატარა ლუდხანაში იჯდა, სახელად: ”მთვრალი თხა.” ხის მაგიდასთან ხის სკამზე დაჯდა. თეთრი სანთელი ელავდა. ირგვლისვ ბავშვები ცელქობდნენ. თან ეძინებოდათ, თან შიოდათ და საერთოდაც, არ მოსწონდათ იქ ყოფნა. კარი გაიღო და ევაც შემოვიდა. უფრო მოწესრიგებული, ვიდრე დაუხვდა. შავ  საღამოს კაბაში. ყვავილებიანი ჩანთით, შავი ფანქრით თვალებზე. უხდებოდა, ვერაფერს იტყოდი. ვახშამი შეუკვეთეს. ცოტა შვედური მაკარონი და ყველიანი სტეიკი, ცოტა გემანული სპეციალიტეტი, ცოტა სოკოს სოუსიანი კლასიკური სამკუთხა კარტოფილები. მანამდე დრო ქონდათ სასაუბროდ.
  ჯერ ევას მოაყოლა ბერლინზე, რომ იქ იაფად იშოვიდი სახლს, მაგრამ ძალიან ძნელად იყიდდი პატარა საცხოვრებელ ვაგონს  (ბერლინში მოდაში იყო ისეთ ვაგონებში ცხოვრება). იყვნენ ძალიან ბევრი უმუშევრები, უსაქმურები იმათზე მეტი. ქალაქს უჭირდა, მაგრამ ჰაერი სავსე იყო ბედნიერებით, თავისუფლებით, მულტი კულტურით. როგორიც იყავი, ისე გიხაროდა. არანაირი ოკეანის სინდრომი არ გაწუხებდა (იცი, რომ გაქვს დასაწყისი და დასასრული ანუ ფსკერი და ზედაპირი).
ევამ მოუყვა თავის ყოფილ შეყვარებულებზე. ერთმა როგორ ჩამიყვანა ბერლინში, ხოლო მეორემ კინაღამ როგორ გამოაგდო. შთაბეჭდილებები შეეცვალა. ახლა კრეატიული, უცნაური ევა იჯდა მის გვერდით, რომელსაც ძალიან აინტერესებდა არქიტექტურა. ერთადერთი ევა, რომელიც ბებიის ბოსტნად გადაქცეულ ბაღს უვლიდა.  ყველაფრის მიუხედავად, უნივერსიტეტიც დაამთავრა ენების განხრით, სადაც ქართველი გოგო გაუცვნია, რომელიც 12 ენას საუბრობდა. ლანა ყოველ მომდევნო ისტორიას ღრუბელივით ისრუტავდა.
  სადღაც, ჰორიზონტზე ალბათ ირეკლებოდა მხიარული, ჩვეულზე მეტი ღიმილით, გამჯდარი ამქვეყნიერებით. ასე გვერდიდან შეხედა საკუთარ თავს და უთხრა: ”დარჩი”!!!

  შეკვეთა მალევე მიუტანეს. შორიდანვე დაუჯერებლად მოსჩანდა პორცია, რომელიც ”მთვრალმა თხამ” გათვალა მხოლოდ ერთი კაცისთვის. ამით მგონი მთელი ოჯახის გამოკვებას შეძლებდა ქართველი კაცი. გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, თეფში რომ დაუდგეს. ევასას გადავხედა და სიცილი ამუტყდა. მოეჩვენა თუ მართლა, ყველაზე სავსე ლანას თეფში იყო.
  - ეს ქალი მედიუმია? - თქვა მიმტანზე. გაეცინათ. 
   რა თქმა უნდა, ვახშამი არავის დაუმთავრებია ბოლომდე. სახლში მალე წამოვიდნენ. დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა. მანქანაშივე მოითათბირეს, რომ მისვლისას სახლის სახურავზე გაკეთებულ ვერანდაზე ავიდოდნენ და ცოტა პროსეკოს დალევდნენ.
 
  ბოლო სართული გადაკეთებული იყო ზაფხულის კინო-თეატრად, წვეულებისა და დაბადების დღის ადგილად. კედლებზე ლურჯი თევზები და იისფერი ღრუბლები ეხატა. ლანამ იქვე კარალიოკისფერი პიანინოც იპოვნა, მაგრამ ჩაკეტილი დაუხვდა. ხედავდა მთელ ქალაქს და ეგონა ჰაერი ორმაგი დოზით ჩასდიოდა ფილტვებში. განათებული ქუჩები, ანძა, ალაგ-ალაგ ამოჩრილი ეკლესიათა გუმბათები. მაშინ რაღაც ხმამ პირველად ჩასჩურჩულა ყურში, რომ ამ ქალაქს, სინამდვილეში, მარწყვის სუნი აქვს.
   დაღლილზე ალკოჰოლი უფრო მოეკიდათ. სახლისკენ ძლივს დაეშვნენ. ეგონათ ამ დაღლილობის შეგრძნებისგან ვეღარასოდეს გათავისუფლდებოდნენ. სამზარეულოში ლურჯ კოპლებიან სკამზე ჩამოჯდნენ და ჭიქებს დაუწყეს წვალება. ამ დროს კარზე ზარი გაისმა. ვინ შეიძლებოდა ასე გვიან ყოფილიყო?
  2 წუთის შემდეგ ევა ნამცხვრის თეფშით დაბრუნდა. ეს იყო ზედა მეზობლის ნახელავი, რომლის უმცროს ვაჟს დაბადების დღე ჰქონდა.
  - There is a little sad story about this woman. She had two boys. 20 years old. His name was Will and 16 years old Matty. Will killed hisself. – ევამ ეს თქვა და თვალები მაგიდას ჩააშტერა.
  - Whaaat?? Oh, my god! How? - ლანა ერთიანად გაოვფხიზლდა.
  - He jumped out of the bridge. - ასეთი ამბები მხოლოდ მოესმინა, ან ფილმებში თუ ენახა.
  - But why? - გულის ფანცქალით იკითხა.
  - No one knows why. He was such a good boy. - ევაც ისეთი სევდიანი იყო.
  - Did he left something like letter for his family?
  - No. Absolutely nothing left from him. Thay say he was drunk and was crying.
  - Who was with him at that moment?
  - No one.
  - Than how they know was he drunk or not? Even if he cried?! - ეჭვის შეტანაც კი გაბედა ისტორიაში.
  - There is only one eyewitness. The man was crossing the street while Will was standing on the brigde and he was confused. He didn’t know what to do. That man said, he was screaming at him: “Hey, boy, Don’t do that! Don’t do that!” and Will was like… He was looking at the watter, than at the ground. Then he jumped. - ისიც კი დაუშვი, რომ თვითმხილველ კაცს სულ ცოტა 5 % წვლილიც მიუძღვოდა ბიჭის სიკვდილში. მისი ყვირილი და თხოვნები, ასეთ მომეტში მყოფ ადამიანს უფრო ანდომებს ხოლმე სიკვდილს.
  - What about his parents? Brother? School or University?
  - His parents are divorced but they have great relationship. Because of their children, woman’s ex-husband rented a flat next to them. Will had not any  stresses in University.
  - It’s tragedy.
  - Yes. I knew him and he was so cute. Very handsome with big blue eyes, curly red-brown hair and freckles on his face.
  - Bad example for his little brother. - გაჩუმდნენ. ჩავფიქრდნენ. ლანას ორმაგად დასწყდა გული, რადგან ჩათვალა, ისიც ”სხვანაირი” იქნებოდა. ალბათ გაუჭირდებოდა ”აქაურობასთან” (ადამიანობასთან) შეგუება. ადამიანებმა კი, სიცოცხლე უფრო შეიყვარეს. ერთმანეთს უფრო მაგრად დაუკავშირდნენ და გადავწყვიტეს, მსგავსი ტკივილი არასდროს არავის მიეყენებინათ.
   კიდევ 2 წუთი და ეს საუბარი აღარავის ახსოვდა. გრადუსში მყოფები სახალისო ამბებით ართობდნენ ღამეს. ლანას თავში წამოჭრილი კითხვის ნიშნებიც გაირიყნენ, გაიყინნენ ცხელი ლავასავით. ერთი გაფიქრება, ეგონა ის ბიჭი დასტრიალებდა თავს და ყურთან უჩურჩულებდა: “Don’t forget me, Miss blue Sunday”! … მუქი ლურჯი, თითქმის შავი კვირა დღე თენდებოდა.
  საბოლოოდ, ძილმა უკანასკნელი მრავალწერტილიც გააქრო ცნობიერებიდან და შეატოვა ცხარე სიზმრები.
 
  ერთი კვირის შემდეგ ფოსტით ლანას მისამართზე ბერლინის ჭრელი სურათები მოვიდა. ღიმილით და სიხარულით ჩაუჯდა. გაახსენდა ბერლინის პუტკუნა დათვი, მზისფერი ანძა, საბჭოთა შენობები, ძველი ჩუქურთმები. ავსტრალიელი ფოტოგრაფის, ნიუტონის საგამოფენო სურათები და ევას მოხატული სახლი. ამ სურათის დანახვისას ისევ ვილის ისტორია გაახსენდა.
  წარმოიდგინა შავ-ბნელი, გაუთენებელი ღამე. წვეულება, რომლიდანაც ის გამოიპარა და ხელს ერთი ბოთლი ბურბონიც გამოაყოლა. სკულპტურებიანი ხიდი უნივერსიტეტის გვერდით, რომლის ქვეშაც მოიგრაგნება ბლაგვი მდინარე. წარმოიდგინა, როგორ გაუჭირდა ვილს ხიდზე აძრომა, მაგრამ რიგით რომელიღაც ანგელოზი დაეხმარა თავისი შუბით. ქუთუთოატკივებული დგას ბერლინის ყველაზე დიადი, ყველაზე ლამაზი ხიდის წვერზე და თავის დროს უცდის. ისევ მთვარიან-ვარსკვლავიანი ღამეა. ქვევიდან ქარს ნესტის სუნი ამოაქვს, ალბათ ბევრიც შეიწირა ამ მდინარემ. მისი ბლანტი დენა ზღვას ახსენებს. ისიც ხომ ოკეანეში წვეთია?! ჰოდა, სადაცაა შეერწყმება დიდ ერთობას. ეგოისტია, დიახაც! არ ფიქრობს ოჯახზე, მეგობრებზე, მომავალზე. თავის თავს მხოლოდ იქ ხედავს, ზეცაში.
  ერთხელაც გამოხედავს ცარიელ ქუჩას. აქედან კარგად მოსჩანს ნიკოლაუსის ეკლესია, ბერლინის დომი, უნივერსიტეტი, რამდენიმე უცნობი მუზეუმი, ბიბლიოთეკა.
  დიდია ქალაქი. დამკარგავი. ბუმბერაზი. მისთვის სულ ერთი ხარ, ის მაინც ასე დიდხანს იდგება. მედგრად გადაიტანს გადასატანებს, სახადებსაც მოიხდის, კიდევ რამდენიმე თაობას გამოიცვლის.
  აი, ფეხის ხმაც ისმის. ვიღაც მოდის. ვილს მხოლოდ ახლა შეუძლია გადახტეს. მისი სიკვდილი კვალს დატოვებს, მაგრამ არა ლეგენდებად. ის, რისი თქმაც ერთგულებით ვერ შეძლო, ახლა ღალატით განაცხადებს. რამეს დაამტკიცებს. კაცი ყვირის, სიცოცხლეში აბრუნებს.
  ბოლო ყლუპი. სიცოცხლის საბოლოო შეგრძნება, ამოუხსნელი ფაქტები, პასუხგაუცემელი კითხვები და უყველაფროდ გასატარებელი დღეები, ყველაფერი თან გაიყოლა. მარტოობის მატარებელს ჩააბა ვაგონებივით.
  წყალი ახმაურდა. მან მიიღო ახალი სიცოცხლე, გამხიარულდა. მიწას აჯობა კიდევ ერთხელ. მომწვანო ფერში თეთრი ქაფი გამოაჩინა, საპნის ბუშტებივით დაიბერა მრავალი ხელ-ფეხი და მჭიდროდ მიეტმასნა ჯერ ცოცხალ სხეულს. მთვარიან-ვარსკვლავიანმა ღამემაც  ჩააყოლა სხივები სინათლისათვის, მაგრამ ნელ-ნელა უძრავი სხეული უფრო ფსკერისკენ იწევდა. მოთეთრო-მოცისფრო ბედნიერებებს თანდათან, კიბესავით ფანტავდა.
  ზემოთ დარჩა ყველაფერი. შიგნით კი, შენელებულ კადრებად დაიშალა უკვე უსულო სხეული. თვალების ბოლო დახამხამება, წამწამების საბოლოო შეხება. ასეთ დროს კარგად იგრძნობა ხელის გულები, თითის ბალიშები. მოთმინებითა და კარგად ნათქვამი ყოველი სიტყვა, სიკეთითა და წონასწორობით სავსე სიკვდილი. მტრედივით მშვიდი.
  ...
  ლანა წამოხტა და უაზროდ დაიწყო იქით-აქეთ ყურება. თითქოს ცუდი სიზმრიდან გამოერჩია. რაღაცამ შეაწუხა.  ცუდად ნათქვამი სიტყვების გამოსწორებას რომ ლამობენ, შუქის ხელ-მეორედ აკიაფებას. ზოგჯერ ფიქრებიც რა ზედმეტია გრძნობებისავით. კომპიუტერთან მივიდა და ძიებაში ბერლინის მდინარე ჩაწერა. Google-მაც დიდი პატივისცემითა და მოწიწებით შეატყობინა: “Berlin River Spree”.