Saturday, June 30, 2012

Carpe Diem


...

კარგი ადამიანები მიყვარს, ოღონდ მაინც, ცოტათი უკეთესები.

მიყვარს მოსმენა და საზოგადოდ, მოსმენის უნარიანი კარგზე ცოტათი უკეთესი ადამიანები.

თამაში მიყვარს. ყველაფრის. ყველგან.

მიყვარს ხმამაღალი ემოციები, მძაფრები, შეუკავებლად გადმომხეთქავები.

მიყვარს ლურჯი ფერი და სილურჯეში ვულგარულად ჩაღვრილი მეწამული.

მიყვარს მსუყედ ცისფერი ცა და ხის ძირას ამოსული, გვაჯი სოკოები.

მიყვარს ხელის თითები, ადამიანების მიმიკის უხმოდ ყურება და მკვახე ალუჩა.

დახატული ყვავილები მიყვარს, ნამდვილები - არა.

მიყვარს დილით, ადრე, ადრე გაღვიძება და ნედლ მზეში სენტიმენტალური პოეზიის კითხვა, ღერი სიგარეტით.

მიყვარს წყლიანი თვალები და კარამელის გელი. ჟოლო, საღამო და ორთქლიანი ფანჯრებიც მიყვარს.

მიყვარს დამწვარი გოგირდის სუნი, მოცვის ორბიტი და წითელი აგურები.

ალუბლებით სავსე წყლიან ჯამში მიყვარს ხელის ფათური და ამქვეყნიურ ამაოებაზე ცინიკური ნახევარ-იუმორი.

შოკოლადის მუსი მიყვარს, და პურის დაბრაწული ყუა.

მყუდრო ფანჯრის რაფები და ლიმნიანი ჩაი - თავისთავად.

უხმარი ფუნჯების მხრებზე ხიცინი მიყვარს, რუსული რომანსები და ოფლიანი როკი.

მიყვარს ლამაზი, გულუბრყვილო ტყუილები და დემაგოგია, თავისუფალ დროს.

მიყვარს სხვისი ინტელექტით დაჩრდილული ადამიანები, ცისარტყელები და ჩაფუშული ბუშტების ჭმუჭვნა.

მიყვარს პინცეტების ხმა, მანდარინის გამხმარი ნაფცქვენები და თმაში არარსებული ჭაღარები.

სავსე აბაზანა, დაღლილობისგან დახუჭული თვალები და რკინის ნებისყოფა.

მიყვარს სექსუალური დაძაბულობები, მხოლოდ ორ-ორ ადამიანს ძალიან რომ ესმის.

მიყვარს ფორთოხლების გაფცქვნის პროცესი, მოუხარშავი ბრინჯი და მოხუცები.

მიყვარს არაუხერხული სიჩუმეები და რომანტიული უხამსობები.

დაუნახავების დანახვა მიყვარს და უთქმელი ჭეშმარიტებები.

ლამაზი ადამიანები მიყვარს, დაღლილ თვალებში არეკლილი ქვასავით სიყვარულით.

მიყვარს შეჭმუჭნული ღიმილები, ბავშვებს რომ ემსგავსებიან.

გრძნობები მიყვარს, ყველანაირები, ძლიერები და ნამდვილები.

მიყვარს დაუმსახურებლად მოსული ბედნიერებების დაფასება, უთქმელად.

ნიჭიერი ადამიანები მიყვარს, დაუმადლებლად და გულწრფელად.

სულისშემძვრელი ყოველდღიურობები და უძეგლო გმირობები.

მიყვარს ჯანსაღი იუმორი და ჟრუანტელები, გამომდინარეობით.

უბრალო სიტყვებით ახსნილი ღვთაებრივი სინამდვილეები მიყვარს.

ჭიქა წყალივით მიყვარს უბრალოება, თვალებს რომ არ მოგჭრის.

გამთბარი კლავიშები მიყვარს, ზოლიანი მაისურები და დახუჭულ თვალებზე ცერა თითით, ნაზად მოფერება.

ფერადი სიზმრების მერე დილით გაღვიძება და ყოველდღიურობის დაფასება მიყვარს.

დაძველებულ ემოციებში ქექვა მიყვარს და წითელი ღვინის გემრიელი ყლუპი.

ჰაერი მიყვარს, სიგარეტით და ღიმილით შეზავებული, ჭუჭყიანი, მერე რა.

ყურადღება მიყვარს, უყურადღებო ადამიანებისგან.

სუნთქვა მიყვარს, ღრმად და ხმაურით.

ტუშის კალმები მიყვარს და ტკბილი, ტკბილი სარკაზმი.

ცხოვრება მიყვარს, ხანდახან - უფრო.

მიყვარს მარწყვის ნაყინი და პუანტები.

გადალახული სიძნელეები მიყვარს, და წეროები.

წერა მიყვარს, ხანდახან სიმშვიდე და ცალყბა ღიმილების არპატიება.

Friday, June 22, 2012

Frankenfish - ფრანკენთევზა


        ავინიონი, საფრანგეთი - პროდიუსერ ჯონ ალაგიას  მოპირდაპირე  სახლის აივანი „აბაზანების ქუჩაზე“.


   მოკლესი ამბავი.
   ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მიგრძვნია თავი ასე უბედურად. ეს იმიტომ, რომ საწადელის მიღწევა მიჭირს. ერთ დროს ჩემი იუმორით სავსე ცხოვრება ახლა სევდამ შეცვალა.
   ჩემი დიდების ნიღბის ქვეშ სისადავისა და ამაოების ჯერი დგებოდა.
   ის-ისაა პრესაში ჩემზე ახალმა სკანდალმა იფეთქა, ის-ისაა უნდა შემსრულებოდა 34 წელი. მე კი, ჩემი თავი სულ უფრო და უფრო უბადრუკი  მეჩვენება.
   ეს ჩემი ბოლო საქმე და ბოლო შანსია საკუთარ კარიერაში წარუშლელი კვალის დატოვების. თუმცა რეალობა სულ უფრო და უფრო ”იკბინება”: – ეს პროექტი და მისი მთავარი გმირი ერთადერთი ოაზისია ამხელა უდაბნოში.
 
   გავიღვიძე საოცნებო სამყაროს სულ სხვა ბოლოს, სადაც უცხოპლანეტელი ბონ ჯოვი რგავს და აშენებს ფეთქებად ნივთიერებებს, კარადაში თხზავს სქემებს, რომლებიც საბოლოოდ მასიურ დატბორვას გამოიწვევს. წარმოვიდგინე, როგორ გამიმართლა იმ ხალხში, რომლებიც ჩახლართულია ამ საქმეში.
გადავწყვიტე, რომ მჭირდებოდა ყავა და (ნუ, კარგი! სიგარეტიც მჭირდებოდა). ხელი დავტაცე ჩემს გასაღებს, სტუდიიდან გამოვედი და ქალაქში გავეშურე.
    როცა ვამბობ სტუდიას, ვგულისხმობ ალაგიას სახლს, რომელსაც თითქმის მთელი კვირა შევალიეთ სტუდიად გარდაქმნაში. დავტვირთეთ მოწყობილობებით, ნაქირავები მიკროფონებით, ხმის გამაძლიერებლებით, გიტარებით და გრანდიოზული ფორტეპიანოთი, რომელიც იდგა თვით ალაგიას საძინებელში (სწორედ ამ ფორტეპიანოს ჟღერადობა იყო შესაბამისი).
    მიკროფონები, თავდაპირველად, საშხაპეში დავაბინავეთ, რათა გარკვეული ბუნებრივი აკუსტიკა მიგვეღო. ამ პროცედურას ვერასდროს ვიტანდი და რა თქმა უნდა აივანი, სადაც ხშირად ჩანაწერებს ვაკეთებდი - უკანასკნელი წინასწარწარმოების სცენა აქ დასრულდა.
   დასარტყამი ინსტრუმენტები, რომლებიც ლუდის მუყაოს კარდონისგან დამზადებულ ქეისებში ინახებოდა და დამუშავებულ სანაგვე ყუთებში თევზებივით ჩალაგებული - ჩელოები, ბატის ბუმბულებისგან დამზადებულ ზონარებში გახვეული. ასე ვვარაუდობდით, რომ არ გასრიალებულიყო იატაკზე. ახალი ”დაპროექტებული” იყო მარშმალოუს მსგავსი აღმართულობა ტექსტების მაგიდასთან და ასე შემდეგ.
   მოკლედ, ”ფირმაში” გვარიანად მოვეწყვეთ. შემეძლო სტუდიად გამომეყენებინა შთაბეჭდილებათა წრე 79.95 დოლარად პატარა ტბორ ბატისტზე  და მადლობა მამიკო ბურგერ-შემოწირულობისთვის!!! შეგროვებული თანხა, რომელიც მამაჩემმა გადადო ჩემი ქორწილისათვის, მოხმარდა გარკვეულ კილომეტრებზე წინ და უკან ფრენას. (იმედიც აღარავის ჰქონდა ჩემს დაოჯახებაზე იმდენად სახელგავარდნილი მექალთანე ვიყავი).
   სამუშაოების დაწყებამდე შევფუთე ჩემი მანქანა, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს თვეების წინ სავსე იყო საჰაერო ბალიშებით, (გამოუსადეგარი) ბოტებით, თოვლით და რა თქმა უნდა, ჩემი სახელგანთქმული საძილე ტომრით - 8 კაციანი ბანანის ფორმის, ყვითელი მონსტრიკი.
   საძილე ტომარაში ზოგჯერ მეძინა კიდეც. ასე ვცდილობდი გამეწმინდა პირადი სივრცის ნახევარი მაინც, როგორც კი ვტოვებდი მშვენიერი მუსიკოსებით სავსე სახლის ჩემეულ ოთახს.
   სტუდიაში ვრეკავ, სადაც ფრანგი, არც ისე ცნობილი მომღერლის მორიგ ალბომზე ვმუშაობთ. უნდა ვაღიარო, განსხვავებული ადამიანთა წრეა ჩემს გარშემო.
   ალბომი ჯერ უსახელოა, რადგან მისი მუსიკის ერთობლიობა არანაირ სიგნალს არ იძლევა. ეს ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემთვის. ვზივარ, ვჭამ თუ დავდივარ, მუდამ ვბუტბუტებ, რა შეიძლება ვუწოდო. ეს უფრო უმწეოს მხდის, რადგან ძნელია გავზომო მაძილი ჩემი მაჯებიდან მის ღიმილამდე.
   სწორედ ის მპასუხობს. კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. არ ვუჩივი ყოველ შემთხევაში. ხშირად გვეძაბება სიტუაცია, თუმცა არის ამაში რაღაც სექსუალურიც.
   საყიდლების სია გადავამოწმებინე. არ მომისმინა, ყურმილი დაკიდა, 10 წუთში მანდ გავჩნდებიო.
   ამ ხაფანგში მე თვითონ გავები. მთლად გულზე არ მეხატება მისი ინდი/ალტერნატიული მუსიკა. თანამშრომლები ჩემს ახირებულობას სიყვარულსაც კი აბრალებენ, თუმცა არამგონია ასე იყოს. ერთადერთია ჩემს ქალ კლიენტებს შორის, რომელთანაც (ჯერ) არ ვწოლილვარ. ის ლამაზია, მკაცრი სილამაზის. უყვარს ძველებური ნივთები. ჭირვეულია და ზოგჯერ უცნაურიც. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ წელამდე უღვთოდ გრძელი, სწორი ყავისფერი თმა აქვს. ალბომის პოპულარიზაციისთვის და მომავალში დაგეგმილი ფოტოსესიებისათვის უამრავჯერ ვთხოვეთ 25 სანტიმეტრით მაინც შეემოკლებინა, მაგრამ ეს დაუძლეველი აღმოჩნდა. (მაინც როგორ გაიზარდა ასე ღმერთო-შენ-მიშველემდე გრძელი?!)
   თითქოს განვითარებული აქვს განცალკევებულობის შეგრძნება, ამიტომაც ხშირად ეუფლება მარტოობის განცდები. ასეთ დროს კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება. ძნელად ექცევა გავლების ქვეშ. ყველაფერს ისე მიერეკება, როგორც სჯერა. ამაყი და მიზანსწრაფულია. მხიარულიც, ძალიან, თუმცა იშვიათად გამოთქვამს თავის აზრებს. ამას იმით ხსნის, რომ სრულიად გვენდობა. ჩემთან აქვს პირადი თხოვდა: ალბომს მოვუძებნო რაც შეიძლება შესაფერისი და ლაკონური სახელი. ზოგჯერ, რასაც ის აკეთებს იმდენად ხმამაღალია, რომ არ მესმის რას ამბობს.
   სიყვარული?! სიყვარული იშვიათად აკმაყოფილებთ ასეთებს, რადგან ისეთ კატეგორიებს მიეკუთვნებიან, რომლებიც მომთხოვნები არიან და არა - დამყოლები. ასეთები ცდილობენ ცხოვრებას მეტი გამოსძალონ, რადგან იციან თავიანთი ღირებულებები.
   ზოგჯერ თავდავიწყებითაც უყვარდებათ. ამ დროს მთელი მათი სამყარო ინგრევა. სიყვარული უსაზღვროა. მოწოდებად ქონდა ქცეული მძიმე სიტუაციების შექმნა. ძალიან კეთილი და სანდოა. მუდამ ინარჩუნებს სულის სიმტკიცეს, იმედს, რწმენას. პატარ-პატარა სურვილების დაკმაყოფილებას ურჩევნია ერთი დიდი სიამოვნება განიცადოს. ამაში ვგავართ. საერთოდ, ბევრ რამეში ვგავართ. სწორედ ამიტომ მგონია მისი ალბომი ძალიან ახლო, ჩემეულ სახელს უნდა ატარებდეს.
   ახლა ვიცი მათხოვარივით ვლაპარაკობ, თავი ქვიშაში მაქვს ჩარგული. კლაუდია მარიამ ხელი გამომიწოდა. მუჭში ფული ქონდა ჩაკუჭული.
   - ეს რა არის?
   - ფერადი ქაღალდია, ფულს ეძახიან. - ხელში ძალით ჩამიდო. ოჰ, ღმერთო ახლა რა ბედნიერი ვარ. ეს სამოთხეა. ზეცაში ვარ. ფულით ბედნიერებას ვერ ვიყიდდით, სამაგიეროდ უბედურად ცხოვრება ბევრად გაგვიადვილა.
   ავინიონი - ყველაზე მშვენიერი ქალაქია მსოფლიოში. მდინარე რონზე გემები ისე დასრიალებენ, როგორც სინათლის პატარა ბუშტუკები.
   კლაუდია მარია მიყურებს, მათვალიერებს და მეკითხება ჩემს ამბებს.
   - სულ მოგიყვე?
   - აბა ნაწილ-ნაწილ რაში მაინტერესებს?! - თან მივდივართ იქ, სადაც მუსიკა უკრავს. სადაც საქმის დასაწყებად საჭირო ბოლო დეტალებს შევიძენთ. ვყვები.
   - იცი, თავი არ გიყვარს. - მეუბნება კლაუდია მარია. - ერთი შეგაქეს და ჭკუა დაკარგე. - თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ. მარცხენა ხელს ვაკვირდები, როგორ აქვს გამოწეული, ტანისგან გამოცალკევებული და სიგარეტი უჭირავს. ვბრაზდები.
   - სიგარეტს სიგარეტზე რატომ ეწევი? კიბო დაგემართება.
   - მერა რა, მე უკვდავი ვარ. - მპასუხობს.
   - ჰო?! - დავცინი.
   - შენ გეშინია, ყველაფრის გეშინია. ადამიანებისაც, საკუთარი თავისაც. ზღარბივით ხარ მობუზული და ცახცახებ.
   - კლაუდია, აქ რისთვის მოხვედი?! რომ გეთქვა ზღარბი ხარო?!
   - მე შენ გეხმარები, ნიკ.
   -სულ ესაა?
   - რა, ცოტაა?
   - აბა რით განსხვავდები ფსიქო-ანალიტიკოსისგან თუ იცი?!
   - 100 ევრო არ გაქვს გადასახდელი!
სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ გააგრძელა.
   - ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, ნიკ. თითქოს მე შენი ანარეკლი ვარ, შენი ხატება. ჩვენ ერთნი ვართ.
   - შენ გინდა თქვა, რომ მე 169 სანტიმეტრი სიმაღლის ქალი ვარ?
   - ხარ! სანახევროდ მაინც. შენ უფრო ქალი ხარ, ვიდრე კაცი. კაცები მონადირეები არიან. შენ კი, კაცური საწყისებიდან ყველაზე ცუდი თვისებები შეგხვდა: სიცრუე, ამბიციები, შიში არ დამარცხდე. თუმცა შიგნიდან კარგი პიროვნება ხარ. - მიღიმის.
   - კიდევ კარგი რაღაც მაინც შემრჩენია კარგი.
   - გარეგნობის პრობლემაც გაქვს. შეხედე რას გავხარ, ნიკ! ბინძური. მგონი ყარხარ კიდეც. - იწევა და მყნოსავს. მე უკან ვქანდები.
   - მართალი ხარ, მაპატიე! ვერ მოვასწარი გაპარსვა, მაგრამ არ ვყარვარ.
   - მაგას ეშველება. - ჩანთიდან სარკე ამოაძვრინა და გამომიწოდა. - ჩაიხედე. რას ხედავ?
   - არ ვიცი.
   - კარგია, რომ დაეჭვდი. შიგნიდან თავისუფალი ხარ.  ეგ სიცარიელე უნდა შეავსო რამით. ასე ვერ დატოვებ.
   - მაინც რით? სიყვარულით?
   - ჰო, თუნდაც. მითხარი გიყვარვარ?
   - რა? - გავიკვირვე.
   - არ გიყვარვარ?
   - არა. როგორ არა, მაგრამ ეს მგონი უფრო მეგობრობას უნდა გა... - გამაწყვეტინა.
   - გიყვარვარ თუ არა?!
   - ჰო. მგონი. - დაბნეული ვიყავი.
   - ძალიან კარგი. მეც მიყვარხარ. აი, სიყვარულიც მიიღე! შენ ჩემი პრდიუსერი ხარ. ნომერ პირველი პროდიუსერი. შენ მე მომცემ იმას, რაც მინდა. ახლა წავიდეთ.
   მივდივართ კიდეც. პაპის სასახლეს ვუვლით გარს და ხეივანზე გავდივართ.
   - შენს თავზე რას იტყვი? - ახლა ვეკითხები.
   - კარგად ვარ. - არ მიყურებს ისე მიღიმის.
   - ეგ კარგად ყოფნა გაწყვეტინებს სხვებისთვის მორალის კითხვას?
   - იცი საერთოდ რა არის მორალი? - მიბრუნდება. ვჩერდებით.
   - ვიცი. შეიძლება ძალიან დიდი სისულელეა, მაგრამ ჯერ ამაზე კარგი განმასხვავებელი კარგსა და ცუდს შორის არ  გამოუგონიათ. - იცინის. ნერვები მეშლება. - რატომ იცინი?
   - იმიტომ რომ თევზივით ყველა სატყუარაზე ეგები. - სიარულს აგრძელებს. მე უკან ჩამოვრჩი. ნერვებს მიშლის ეს ერთი ბეწო, ჩემზე 10 წლით უმცროსი, 24 წლის თავქარიანი და ქარიზმატული გოგო. ვფიქრობ რა ვუთხრა ისეთი, რომ სიტყვა გავუშრო. შემეძლოს, ახლავე მივატოვები მის ალბომზე მუშაობას, მაგრამ ეს ეგოისტურ სიამოვნებას მანიჭებს.
წამოვეწიე. შეკემათება ვცადე, მაგრამ თვითონ დაიწყო.
   - ნიკ, შენ იმ ადამიანს გავხარ ჯერ პურს რომ იღებს, რომ მერე ყველი აიღოს, შემდეგ ისევ პური აიღოს და ასე, დაუსრულებლად. ფრანგები ამას ღვინოსაც აყოლებენ და მერე უკვირთ რატომ უსხედან დილამდე მაგიდებს.
   - კლაუდია, სხვების დამცირებით შენ ვერ ამაღლდები. - თვალებში ძალიან ღრმად ვუყურებ.
   - ნიკ, ჩვენ ერთად ყოფნისათვის ვართ გაჩენილები.
   - ჩვენ იმისთვის ვართ გაჩენილები, რომ მოვკვდეთ. სხვა არაფერი ვიცი. - და ახლა მე გავასწარი.

   საყიდლების მერე ისევ სტუდიას მივაშურეთ. ხელახლა შევუერთდით ალაგიას სტუდიად ქცეულ სახლს. აქ ხალხი ოთახში ფრთხილად სწირავდა თავიანთ საუკეთესოს იმას, რაც მე ვაკეთე მთელი ამ პროცესებით. ვინ იფიქრებდა, ჩვენ შევძელით ერთად შეგვეყარა ეს „მრავალჯერადი“ მუსიკოსები ერთ ოთახში უკვალო, თვითმყოფადი ეგოებით. ეს არის „დიდი ვარდისფერი“ დრამა, აღმართული სამზარეულოში. ამართლებს კიდეც „ბანაკის“ ყოველ იდეას. როცა ბენდმა გადაწყვტა შეესრულებინა ერთ-ერთი ნომერი იმ ათი ”საოცარი” სინგლიდან, სულ არ მიგრძვნია ტემპი, რომელიც 3 საათში აიკინძა. ისინი ზრუნავდნენ ამაზე.
   აქ ყველაფერი მზად იყო უკვე: მრგვალი წყალსადენი და ჰაერის მოშურნე, მოგზაურობები მიზნისაკენ, გასაბერი აუზები, რომლებიც მას შემდეგ ინახებოდა სტუდიაში, რაც მოსავალი შეინახეს ბეღელში.
   მუსიკოსები, რომლებიც შესანიშნავად უკრავენ ჩემი ოცნების გუნდია. ადამიანები, რომლებიც ავიყვანე წლების წინ ისტორიის შესაქმნელად.
   ჩვენ ხშირად ვამბობთ:
 „ამ ოთახში ბევრი სიყვარულია“ და ასეც უნდა იყოს სამუშაო გრაფიკისა და საერთო მანქანის რიგრიგობით გამოყენების ცხრილის მოწესრიგებისათვის - ნებისმიერი რამ, რაც დაეხმარებოდა მთავარ პროდიუსერს (მე) დროში ზუსტად გაეწერა თავისი მომავალი კარიერა, სავსე სულის შეხუთვებით.
   ვიქტორ ინდრიცო (ჩემი მერჯვენა ხელი) 1 კვირა ისვენებს  წინა გასტროლებიდან გამომდინარე და როცა ის არ ალაგებს კლაუდია მარიას ყველაზე საშინლად და მოსაბეზრებლად მოსასმენ სიმღერებს, როგორც მიყრილ თეფშებს, ყველაფერი ქარიშხალს ემსგავსება. ვგრძნობდი, მის გარეშე უკვე როგორ მიჭირდა.
   ევა ბატჩერსს უკვე გაეთვალა ჰარმონიათა მეტოქეობის ხარისხები სხვა ბენდებთან. დანარჩენები საბერძნეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ეს ჩემი ბოლო ალბომი იყო.
   არასდროს მინდოდა გავმხდარიყავი ”სხვა” ყველაფერი, რადგან როცა ისინი მიდიან, მე აღარაფერი მრჩება. და აი, სიმართლე ითქვა, მე ჩუმად ვხმარობ მზის სათვალეს პიჟამოებზე J .
   ტომმა გიტარა მოიმარჯვა. შავი, დაჟინებული სამოსი მოსავს მხოლოდ.
   თითქოს ესაა საუკეთესო ოთახი სახლში.
   სალემი (Dumptruck, Yo La Tengo) ისევ დამატებითი მეტროპოლიტენის პროდუქცირების მეოცნებეა. პაკისტანში მას სუპერვარსკვლავები ისე მოიხსენიებენ, როგორც ოლი კლაუსს.
   ნიუ-იორკში - იგივე სახელი (ოლი კლაუსი), რომელიც ერთხელ ჩემს მეგობართან 8 წლის წინ კონცერტზე გამოიკვეთა, მაშინ ვთქვი: „ოდესმე მეც ასე დავუკრავ სიმებზე“, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია...
  ... და რა თქმა უნდა ნინა ფრენდი, რომელიც მუდამ იქნება ცნობილი, როგორც ზღვის ვარსკვლავი, იმის გამო თუ როგორ ნებივრობს საწოლში - არა როგორც ზრდასრული ქალები იზიარებენ სამყოფელს. მას შეუძლია გატიროს, როცა უკრავს.
   აქ, ამ საქმეში არაა არანაირი იარლიყი - მხოლოდ ჩემი საკუთარი A&R და მე თითქმის დარწმუნებული ვარ, ამ ალბომის ნამუშევართა ესკიზები კამერაშიც კარგად აღიბეჭდება. ევა, ნინა და ჩავესი ისხდნენ მმართველის პოზიციებზე.
   მათ გვერდით დავდექი. ევა გადმოიხარა და მკითხა:
   - სახელი უკვე მოუფიქრე?
   - ვის? - მიჭირს ცნობიერების მენიუში ახალი კითხვის მიღება.
   - ვის კი არა, შენი პატარა ფრანგი საყვარლის ალბომს?! - ირონიულად მიცინის.
   - ჯერ არა, ვმუშაობ. - ისე ვუპასუხე არც შემიხედავს.
   - კლაუდიაზე თუ ალბომზე. - ცინიზმი ზენიტში იყო.
   - ორივეზე! - მტკიცედ ვუპასუხე. ევას ხმა ჩაუვარდა. ორჯერ ჩაახველა და თვალები ნერვიულად გადაატრიალა. არ დაიბნა და გააგრძელა.
   - საუზმეზე იყავი?
   - ჰო. - ევამ უცნაური მოძრაობა გააკეთა. ჩემი ქურთუკი დასუნა და მითხრა:
   - რასაც ჭამ, იმას გავხარ! - ირონია, რა თქმა უნდა, ვიგრძენი. ტუჩები ყურთან მივუტანე და ვუპასუხე.
   - არა, არ შეიძლება მე კლაუდია მარია ვიყო. - ევას სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა. ასე ემართებოდა მოულოდნელი ნერვიულობისას და ეჭვიანობისას. მას კარგად ვიცნობდი. დიდი ხანი ვმუშობდით ერთად და დიდი ხანი ვიყოფდით ერთ საწოლს. ის, რომ ევა აქამდე მოვიდა, ჩემი დამსახურებაა.
   ასეც იქნებოდა ოდესმე. მე გადავწვდი ჩემს კამპანიას. წინასწარ ვიგრძენი მისი კარმა. სწრაფად მივაღწიე მიზანს და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩემს საოცარ მეგობრებს, ასევე ჩემს ნაგიჟარ, დამოუკიდებელ ფოლკ გუნდს ამ ალბომის სრულყოფისათვის. უნდა აღვნიშნო, ნელ-ნელა მოვცურეთ აქამდე.
   დარწმუნებული ყოველთვის ვიყავი სტრუქტურაში და მთელ ამ ქოხში ვარ ყველაზე იღბლიანი, რომელიც ასრულებს შესანიშნავ გარდამავალ პერიოდებს შემოქმედებით სპონტანურობაში. ვფიქრობ, ეს ბევრისთვის სიურპრიზი იქნება.  
   ხალხი მეკითხება, თუ რატომ ვქმნი ამდენ ალბომს სიყვარულზე, გატეხილ გულზე. ჰოდა მაშინ გადავწყვიტე გამეკეთებინა რაიმე სხვაგვარი. ვაკეთებ კიდეც, ამას... სიკვდილზე... J
   კლაუდია მარიას სიმღერები ღრმაა, მაგრამ სევდით სავსე. აქაა იუმორის გრძნობა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ დაგეუფლოს, თუკი გძინავს კარავში და მხედველობაში მიიღებ ჯერ უსახელო ალბომს.
   ნახევარგზაზე გასულ ჩანაწერს მოვუწყვეთ ბარბიქიუს საღამო, სადაც ერთმა პიროვნებამ თქვა, რომ სიმღერები ისე ჟღერდნენ, თითქოს მე ჩემი ცხოვრება მაკონტროლებს. ვფიქრობ, ის მართალია.
  იმ საღამოს დავინახე როგორ გავიდა ტერასიდან კლაუდია მარია. შევიდა შუშებში და კარი ღია დატოვა. თეთრ კაბას თავისი თმებივით მიარხევდა. კიდევ ერთი ჭიქა ტეკილა გადავკარი და ვიგრძენი როგორ ამეწვა ყურები. მერე ალაგია მომიახლოვდა და გამშიფრა:
  - ნიკ, მგონი ეს პირველი გოგოა, რომელიც ასე ადვილად ვერ დაიმორჩილე.
  - რას გულისხმობ, ჯონ?
  - ლოგინში შეთრევას!
  - ის 24 წლისაა.
  - და შენ ის სიგიჟემდე მოგწონს.
  - ... - თქმა კი დავაპირე რაღაცის, მაგრამ ვერ მოვასწარი.
  - მოგწონს მისი გრძელი თმა და მისი ჯიუტი ხასიათი. მოგწონს, რომ ვერაფრით დავიყოლიეთ თმის 25 სანტიმეტრით შემოკლებაზე. არა, კი არ მოგწონს, გაგიჟებს. მისი ფეხები გაგიჟებს, მარცხენა წარბთან რომ ეძარღვება სიმღერისას.
   - ჯონ, გასაგებია რომ დაკვირვებული ბებერი ხარ. არ გააგრძელო!
   - რას ელოდები ნიკ? ის იქ შენ გელოდება. - სტიმული მომეცა. კიდევ ერთი ჭიქა გადავკარი და შუშებში შევედი. ზედა სართულზე ავედი და ოდნავ ღიად დატოვებულ კარში შევიხედე. კლაუდია  მარია სარკესთან იდგა და კაბის უკანა ღილების შეკვრას ცდილობდა. უცებ დამიძახა.
   - ნიკ, ქალის კარიდან თვალთვალი ძალიან საბრალო საქციელია. - კარში შევედი.
   - იცი, სახელწოდება ჯერაც ვერ მოვიფიქრე. - მოვიმიზეზე.
   - ეგ არაფერი. უბრალოდ მითხარი, რომ ახლა აქ ამის სათქმელად არ შემოსულხარ. - კლაუდიას თვალები ითხოვდნენ ჩემგან და მე მივხვდი რასაც.
   ჩემსკენ მოვაბრუნე და  ტუჩებში ვაკოცე. მანაც მიპასუხა. ძლივს შეკრული ღილები გავუხსენი. წამებში ჩემს კალთაში მოექცა. . .
ყველაფერი იმაზე უკეთ მოხდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს საოცრება იყო.
   გამომეღვიძა და კლაუდიას საწოლში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. სიგარეტს გავუკიდე და ფიქრი დავიწყე:
   ”თვალებში რომ ვაშტერდები, ის ყოველთვის იცინის და არასდროს ტირის. მისი კანი ხესავითაა. თვალები - სასტიკი. თმა უნაკლოდ სწორი აქვს ყურებთან. ლამისაა განმგმიროს.
   თუმცა, გოგო, მის შიგნით, ის სულ სხვაა. არაა მსგავსი. ის გრძნობს სიყვარულს, ვნებიან სურვილს, სირცხვილს. მიაბიჯებს ცაში, მაგრამ ვერ წვდება ვარსკვლავებს. სამყაროს ისე უცქერს, თითქოს გადადის მის თვალებში. თმა არეული აქვს. ტანს მთლად უფარავს ლაქები. ვერ იტანს თავის სხეულს და როცა ვერავინ ამჩნევს, ის აფრქვევს თავის სევდას. გადმოღვრის ცოდვებს, გაურკვევლად და სწრაფად აღწერს ფაქტებს. ცდილობს, კარგად შეინახოს სიძულვილი თავის ყოველ ნაწილზე, თავიდან - ფეხის თითებამდე. ინახავს ფიქრებს და არავის უმხელს. სანამ გოგონა სარკეში ვერ გრძნობს ტკივილს, უყვარს ყოველი მტკაველი მისი, ყველა ერთნაირად. თუმცა უცებ რეფლექსები: ეს მოწმენდილი ცა დამემოწმება, გოგონა სარკეში, გამუდმებით რომ ვხედავ, ჩემი წარმოსახვითაა შექმნილი. და ნეტავ იყოს.”
   ძალიან ნელა გავედი სააბაზანოსკენ და სარკის წინ მდგარ, შიშველ კლაუდია მარიას დავაკვირდი. დიდი სურვილი აქვს ჰქონდეს უფრო გრძელი თითები. კმაყოფილია რაღაცით. თვითდაჯერებული და მშვიდად ამბობს: ”მე ის მიყვარს.”
მერე ონკანი მოუშვა და თევზივით შეცურა წყალში. მაშინ ვიგრძენი ჩემზე 10 წლით პატარა ფრანგის გემო და თავში აზრი ჩამიფრინდა: ”ჩვენ ამ ალბომს ფრანკენთევზას დავარქმევთ!!!”
   საძინებელში დავბრუნდი, სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარაში მზედ ქცეულ ბურთებს გავხედე. ეს იყო აბაზანების ქუჩა. რამდენიმე წუთში კლაუდია მარიაც შემოვიდა და ჩემი სიგარეტის დანახვაზე შეცბა.
   - ისევ დაიწყე მოწევა?
   - გგონია მიზეზი არ მაქვს მოსაწევად? - კითხვა შევუბრუნე.
   გვერდით მომიჯდა და მისი უღვთოდ გრძელი, სწორი, ფრანგული თმა შიშველ ზურგზე ისე დამეფინა, როგორც მოსასხამი.
   თავი პირველად ვიგრძენი ჩევულებრივ ადამიანად. ყოველგვარი დიდების, სკანდალის, შუქების გარეშე. პირველად შევიგრძენი სიმშვიდე და მომინდა საბოლოოდ შემეღწია მის სიღრმეში. არ ვიცოდი ეს რამდენად დიდხანს გასტანდა, მაგრამ არ მინდოდა დამთავრებულიყო. კლაუდია მარიას მშვიდი მოძრაობა სივრცეში, მისი მყარი და სტაბილური მზერა მიქმნიდა ყოველივე ამას. პირველი სართულის ხალხივით დავიწყე ფორიაქი შიგნით. შესაძლოა ვინმემ თქვას, სამყარო ისევე გამოიყურება, როგორც წითელი თვალები. ჩემთვის კი, მტვრიანი იატაკია, რომელიც არასდროს მაძლევს მასზე დაცემის საშუალებას. დასასრული კი, არსადაა. მივივიწყებდი ჩემს ყველაზე საშინელ და მატერიალურ გეგმებს. წესებს, რომლებიც ფიქრს მიკრძალავს. ვინ ვარ თავი რომ გავისულელო?! ალბათ კლაუდიაც დაიღალა ჩემი მისამართით უშედეგო მიზიდულობის ძალების ცდაში.
   ერთმანეთისგან მეტს არ მოველით. აი, ახლა ვართ ყველაზე ნამდვილები.
   თუ ვცდები?!
   ჩვენ შევიქმენით სიყვარულით სავსე ოთახში (ტეკილათი). ისევე როგორც „ფრანკენთევზი“, რომელსაც შეუძლია გაცუროს და გაისეირნოს ჩემი უცნაური ჯოჯოხეთიდან ამოსულ მიწაზე.
   ეს შესაძლოა ჯადოქრობაცაა.