Wednesday, June 13, 2012

ბოლო გასეირნება


სანტა კლაუსზე უკეთ შენმა დამ იცის როდის ხარ კარგი და ცუდი.”


  ნუ, რა შემიძლია ვთქვა ისეთ დღეზე, რომელსაც წინ უსწრებდა მსგავსი დიალოგი:
  - ხვალ დილით ადრე ადექი რა! აღარ გაჭიმო ფეი ათის ნახევრამდე.
  - რატომ?
  - რავიცი, დილიდან გავიდეთ ქალაქში, გავისეირნოთ, „კოფე“ დავლიოთ, ალსტერთან დავჯდეთ.
  - გედები ვნახოთ? ჰო, კარგი. ადრე ავდგები.
  ყველაფერი ეს, იმ შეგრძნებებსა და ემოციებში შედის, როგორებიცაა: ელბის ნაპირას წოლა, მზიანი ზეცა, ოკეანისმაგვარი აუზი.


  ვზივართ მე და მაკო Rathaus-ის წინ. მარჯვნივ მიზის, მზეც მარჯვნიდან გვანათებს. წინ დიდი საგამოფენო პავილიონია გაშლილი წარწერით: ”People help the people”.
  ყავას ვსვამთ. მე თხილის არომატიან კაპუჩინოს, მაკო - ვანილიანს. ყავა ნელ-თბილია, მსიამოვნებს მისი გემო და თხევადი  მდგომარეობა. 100 მეტრში ალსტერის გედები დაცურავენ. ჩვენს ირგვლივ ხალხი მოძრაობს.
  მაკომ ყავა ძირს დადგა, ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ქარს ბოლი ჩემსკენ მოაქვს და თავს მახვევს. ისე მსიამოვნებს ეს სუნი, ეს ყოფნა, ეს მდგომარეობა. ვეჭიდები მათ, ძალიან კარგად და ვიმახსოვრებ. თითქოს ამ სიგარეტსაც გამორჩეული სუნი აქვს. კარგად ვანსხვავებ დანარჩენებისგან. ყველაფერი ისე იდეალურია, რომ მინდა ასე, აქ სამუდამოდ დავრჩე. სივრცეს ვაბჯენ თვალებს. ვფიქრობ, რომ მეც ასეთი ვიქნები, როგორიც ჩემი დაა. დიდი თველაბით, წამწამებით, იშვიათი ხმის ტემბრით, რომელიც სიგარეტმა ოდნავ შეცვალა (თვითონ, რა თქმა უნდა, ვერ ამჩნევს).
  ოდესმე, როცა ის დაბერდება, მე ჩემი სიბერე მეცოდინება. თუმცა მანამდე, გააჩენს მეორე შვილს (გოგოს), რომელსაც ლანას დაარქმევს. მე კი, მეტსახელად „ადუვანჩიკს“ ანუ ბაბუაწვერას შევარქმევ. ის ჩემთვის ისეთივე პატარა განძი იქნება, როგორც უკვდავების წყარო. ან მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი დისთვის - მე. მეც ხომ ასე, 15 წლის მერე გავჩნდი?!
  აზრზე ისევ მაკოს მოვყავარ. თითქოს მთელი საათი გავიდა ასე ჯდომაში, მოწევასა და ყავის ერთად სმაში. არადა 5 წუთია რაც დავტოვეთ Starbuck-ის რიგები.
  - მე მაინც ვიყიდი იმ ზოლიან ზედას!
  - რაც ვნახეთ?
  - ჰო. მშვენიერია. იმ გოგოსაც აცვია. მერე რა, რომ მარტო 36 ზომაა დარჩენილი?!
  - ხო, რავიცი. - მე შეგრძნებებიდან გადმოსვლა მიჭირს. ჯერ არ გვაგვიანდება. ალბათ კიდევ რამდენიმე წუთი და გავალთ. ნამცხვრებიც საყიდელი გვაქვს.
  მაკომ სიგარეტი ჩააქრო. ყავისფერი ჩექმის ქუსლით გასრისა „ბიჩოკი“.
მე მეცინება. უცებ, გიორგიზე ვფიქრობ: „იმანაც ასე იცის. წიკივით აქვს სიგარეტის ფეხით სრესა.“
  ისე კარგად ვარ, ისე ლამაზად. თავი სექტემბრის ბოლო მზე მგონია. ასე ჰაერში მოფარფატე და მოტივტივე.
  არა! ანდაც ხე ვარ. სტაფილოსფერ-წითელ-ყვითელი ფოთლებით, რომლებიც სადაცაა უნდა დამცვივდეს.
  - ხომ კარგად ხარ აქ?! ხომ შენიცაა უკვე ჰამბურგი? - მეკითხება მაკო და გულში მიხუტებს.
  - კი. ძალიან, ძალიან. - აღფრთოვანებით ვპასუხობ, მაგრამ მინდა ვუთხრა: „როცა შენთან ვარ, ჰამბურგში, მგონია, რომ სეზონი ვარ - ყველაფრის!!“ , მაგრამ თავს ვიკავებ, არ ვეუბნები, რადგავ ღრმა დიალოგებს ასეთი მარტივი და ადვილად გასაგები მირჩევნია.
  ნელ-ნელა ვდგებით და მივდივართ. ჩავუარეთ პავილიონებს და ბოლოს, საგამოფენოდ დადგმული ღუზის წინ გავჩერდით.
  - რამხელაა, არა?! - მეკითხება მაკო.
  - ხოოო. - ავყურებ.
  - წარმოიდგინე ეს რომ თავში დაგეცეს.
  - რო მოწყდეს და ბუუჰ! თავში დაგეცეს. - ორივე ვიცინით.
  ”People help the people”. ისევ ამ სლოგანს ვკითხულობ. რაღაც სიგნალს იძლევა. ვცდილობ დავაშენო რაიმე, სალიტერატურო ღირსების მქონდე აზრები.
   ”თუმცა, ღმერთმა იცის რა იმალება სინამდვილეში ამ სუსტ და მთვრალ გულში. სიყვარული მომავალშია და ისეთი კონკრეტული, ისეთი ნამდვილი. ალბათ სადღაც, ოდესღაც ის მკაცრ სახიან, თავგადასავლებს მონატრებულ დედოფლებსაც ავატირებ. ღმერთმა იცის რა იმალება მათ სუსტ, გაბუტულ თვალებში. არავინ იცის აპირებენ თუ არა შურისძიებას. უხმო, ჯადოსნურ ანგელოზთა ბრბომ უსახსოვრა მათ სიყვარული.
... და დღეს თუ ვინმეა უსახლკარო, მე მათ ვუწვდი ხელს. მჯერა არ დავინგრევი. ვერაფერი ჩაგვითრევს უფსკრულისაკენ.”- გულში ვღიღინებ.
  ”რომ მქონოდა ტვინი, რომ მქონოდა ჭკუა. ვიქნებოდი ცივი, როგორც ქვა და მდიდარი, როგორც სულელი, უგრძნობი.
  ღმერთმა იცის რა იმალება ამ პატარა შედეგებიან სამყაროში, ცრემლებსა და ტყულებს მიღმა. ათასი ნელი მზის სიკვდილი და აი, მგონი მარტოობაც მომადგა კარს და მიკაკუნებს. ვის უნდა რომ იყოს მარტო?!  ამიტომ, გადამარჩინე.”- ნეტავ გესმოდეს ჩემი ღიღინი. Rathaus-ს ავყურებ. მზე მაჭყიტებს და ხელით ვიჩრდილავ.
  ღმერთმანი! რა ლამაზია. რა დიდი და ბუმბერაზი. როგორ მიყვარს მისი წვეტები, ჩუქურთმები, მწვანე სახურავები. მიყვარს ამ მოედანზე მუდამ ჩაგუბებული მდოგვიანი სოსისის სუნი.
  - იცი რა მახსენდება სულ? - მივდივართ და თან ვყვები. - პირველად რომ ჩამოვედით მე და დედა აქ. მაშინაც პირველი აქ წამოვედით. ალსტერის კიბეებზე ჩამოვჯექით და ტკბილკეტჩუპიანი პომესები ვჭამეთ.
  - ხომ არ გინდა ისევ ჩამოვჯდეთ? - მიღიმოდა.
  - არა. ამ იხვებს შეხედე, ბიძაჩვენი კლდეებზე დასდევს სანადიროდ და ესენი სად მოსულან?!..- ისევ ვიცინით, უფრო გულიანად.
  თმები ბოლოებში დაეხვა და მზეზე ის საოცარი ფერი გადაკრავდა, მე რომ ასე მიყვარდა - მოწითალო, ჟღალი.
  ჩავიარეთ ხილი, გავცდით ქანდაკებად ქცეულ ნამდვილ ქალს, ვაშლებით ხელში. გავუყევით ბარებიან ქუჩას, სადაც Hugo Boss-ისა და Bvlgari-ს მაღაზიებია.
  - შეხედე ერთი ამ ხალხს. სხვა საქმე კი არ აქვთ. ზიან დილიდან კაფეებში ყავასა და ნამცხვარზე და გაზეთებს კითხულობენ. პენსიონრები.
  - მოუთავებიათ თავისი საქმე უკვე, თუ პენსიონრები არიან.
  - ჰო, თითოს 3000 ევრო მაინც ექნება პენსია.
  - რა ქნეს ამისთანა, სამყარო იხსნეს? - უკმაყოფილოდ გადავხედე შეთეტრებულ მოხუცებს.

  მეტროში ვზივართ. ჩემი და ჩემს წინ დგას. მატარებლის ხმაური მის ხმას დროდადრო ახშობს.
  რამდენს ნიშნავს მაინც ზრუნვა, არა?! თუნდაც ელემენტარული სითბო, სიახლოვე. არადა, აუცილენელი სულაც არაა ყველასთან გქონდეს კარგი ურთიერთობა. ნუ ელოდები, რომ გითხრა, მხოლოდ ჩვენ ვართ შოკოლადის ჩიფსები.
ეს ქალაქი კი, მათავისუფლებს თითქოს რაღაც ამოუცნობი ტვირთისგან.
  ერთ-ერთ საკონდიტროში ნამცხვრებიც ვიყიდეთ და აი, მივუყვებით სახლისაკენ გზას. ზოგჯერ ვერც ვაანალიზებ ისე ვაშტერდები.
  ყოჩაღ ჩემს მშობლებს! პირველი ნამდვილად ყველაზე მაგარი გამოუვიდათ. პირველიც ისაა, შუაც და უკანასკნელიც.
  რამდენი საერთო მაქვს მასთან, ვიდრე ყველა სახვასთან. საკუთარი დის ასე სიყვარულიც მავნებელია? პარანოია? - თუმცა რა მნისჰვნელობა აქვს, მკიდია!
  - მაკო, იცი სადღაც წავიკითხე, ოდესმე პარიზში თუ მოხვდები, აუცილბლად უნდა გააკეთო 6 რამ:
1. ეიფელის კოშკი ნახო.
2. ფრანგული ყავა დალიო.
3. ცნობილი მხატვრების შემოქმედებას გაეცნო.
4. ბერეტი იყიდო.
5. ნუშის ნამცვრები ჭამო.
6. ძაან მაგარი ულვაში დაიბნიო ტუჩზე. - გაგვეცინა და მე ვიფიქრე, რომ ოდესმე პარიზში თუ წავალ, მხოლოდ მაკოსთან ერთად.
  - და კიდევ მაგ სიას დაუმატე მე-7: ზოლიანიც უნდა ჩაიცვა, ისე არ გამოვა.

  ეს ისეთ გასეირნებას გავდა, რომ იცი სხვა მსგავსი აღარ გექნება. ყელში ცრემლს რომ გაგჩრის, შეგძრავს ცოტას, გაცინ-გატირებს. მაინც რა ნაგლობაა ყველაფერი. კი არადა, არაც არაფერი არ ყოფილა ეს ყველაფერი....
  სულ იბრძვი რაღაც მიზნისთვის, რომ თუნდაც საკუთარი თავი იპოვნო, მაგრამ როცა გგონია მისია აღსრულდა, მაშინ ხვდები, ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, მისი შექმნაა. სიყვარული და მსგავსი ამბები მხოლოდ შემადგენელი ნაწილებია, როგორც ჰაერი.
  ვუყურებ ცოცხალ კონცერტებს, ვისმენ შესრულებებს და ხალხის ჯანსაღ ოვაციებს. მეც ასეთ გრანდიოზულ ქალაქში უნდა ვცხოვრობდე. ნიუ-იორკში, ლონდონში, ბერლინში, პარიზში, სტოკჰოლმში. როგორც მინიმუმ ატლანტაში ან დუბლინში მაინც.
„აქვე და ახლავე!“   აბა 30-40 წლის ასაკში ხომ არ დავიწყებ კონცერტებზე ხტუნვას?
თუმცა რატომაც არა?! მე ხომ ჩემი დასავით უნდა „დავბერდე?!“ - მეღიმება.