Saturday, June 30, 2012

Carpe Diem


...

კარგი ადამიანები მიყვარს, ოღონდ მაინც, ცოტათი უკეთესები.

მიყვარს მოსმენა და საზოგადოდ, მოსმენის უნარიანი კარგზე ცოტათი უკეთესი ადამიანები.

თამაში მიყვარს. ყველაფრის. ყველგან.

მიყვარს ხმამაღალი ემოციები, მძაფრები, შეუკავებლად გადმომხეთქავები.

მიყვარს ლურჯი ფერი და სილურჯეში ვულგარულად ჩაღვრილი მეწამული.

მიყვარს მსუყედ ცისფერი ცა და ხის ძირას ამოსული, გვაჯი სოკოები.

მიყვარს ხელის თითები, ადამიანების მიმიკის უხმოდ ყურება და მკვახე ალუჩა.

დახატული ყვავილები მიყვარს, ნამდვილები - არა.

მიყვარს დილით, ადრე, ადრე გაღვიძება და ნედლ მზეში სენტიმენტალური პოეზიის კითხვა, ღერი სიგარეტით.

მიყვარს წყლიანი თვალები და კარამელის გელი. ჟოლო, საღამო და ორთქლიანი ფანჯრებიც მიყვარს.

მიყვარს დამწვარი გოგირდის სუნი, მოცვის ორბიტი და წითელი აგურები.

ალუბლებით სავსე წყლიან ჯამში მიყვარს ხელის ფათური და ამქვეყნიურ ამაოებაზე ცინიკური ნახევარ-იუმორი.

შოკოლადის მუსი მიყვარს, და პურის დაბრაწული ყუა.

მყუდრო ფანჯრის რაფები და ლიმნიანი ჩაი - თავისთავად.

უხმარი ფუნჯების მხრებზე ხიცინი მიყვარს, რუსული რომანსები და ოფლიანი როკი.

მიყვარს ლამაზი, გულუბრყვილო ტყუილები და დემაგოგია, თავისუფალ დროს.

მიყვარს სხვისი ინტელექტით დაჩრდილული ადამიანები, ცისარტყელები და ჩაფუშული ბუშტების ჭმუჭვნა.

მიყვარს პინცეტების ხმა, მანდარინის გამხმარი ნაფცქვენები და თმაში არარსებული ჭაღარები.

სავსე აბაზანა, დაღლილობისგან დახუჭული თვალები და რკინის ნებისყოფა.

მიყვარს სექსუალური დაძაბულობები, მხოლოდ ორ-ორ ადამიანს ძალიან რომ ესმის.

მიყვარს ფორთოხლების გაფცქვნის პროცესი, მოუხარშავი ბრინჯი და მოხუცები.

მიყვარს არაუხერხული სიჩუმეები და რომანტიული უხამსობები.

დაუნახავების დანახვა მიყვარს და უთქმელი ჭეშმარიტებები.

ლამაზი ადამიანები მიყვარს, დაღლილ თვალებში არეკლილი ქვასავით სიყვარულით.

მიყვარს შეჭმუჭნული ღიმილები, ბავშვებს რომ ემსგავსებიან.

გრძნობები მიყვარს, ყველანაირები, ძლიერები და ნამდვილები.

მიყვარს დაუმსახურებლად მოსული ბედნიერებების დაფასება, უთქმელად.

ნიჭიერი ადამიანები მიყვარს, დაუმადლებლად და გულწრფელად.

სულისშემძვრელი ყოველდღიურობები და უძეგლო გმირობები.

მიყვარს ჯანსაღი იუმორი და ჟრუანტელები, გამომდინარეობით.

უბრალო სიტყვებით ახსნილი ღვთაებრივი სინამდვილეები მიყვარს.

ჭიქა წყალივით მიყვარს უბრალოება, თვალებს რომ არ მოგჭრის.

გამთბარი კლავიშები მიყვარს, ზოლიანი მაისურები და დახუჭულ თვალებზე ცერა თითით, ნაზად მოფერება.

ფერადი სიზმრების მერე დილით გაღვიძება და ყოველდღიურობის დაფასება მიყვარს.

დაძველებულ ემოციებში ქექვა მიყვარს და წითელი ღვინის გემრიელი ყლუპი.

ჰაერი მიყვარს, სიგარეტით და ღიმილით შეზავებული, ჭუჭყიანი, მერე რა.

ყურადღება მიყვარს, უყურადღებო ადამიანებისგან.

სუნთქვა მიყვარს, ღრმად და ხმაურით.

ტუშის კალმები მიყვარს და ტკბილი, ტკბილი სარკაზმი.

ცხოვრება მიყვარს, ხანდახან - უფრო.

მიყვარს მარწყვის ნაყინი და პუანტები.

გადალახული სიძნელეები მიყვარს, და წეროები.

წერა მიყვარს, ხანდახან სიმშვიდე და ცალყბა ღიმილების არპატიება.