Thursday, April 18, 2013

Toodaloo


  ასე იყო ეს ამბავი: პირველ დღეს ყვითელი ფურცელი მეკავა ხელში, რომელზეც ეწერა რიგითი კერძო არქიტექტურული ფირმის მისამართი, დამკვეთი – საქართველოში არსებული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  გერმანული ფილიალი, WWF და გაბედულად მივუყვებოდი კიბეს. იმ მომენტში მარტო ის აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი ჰონორარის სისქე. ამ თანხით შემეძლო მეყიდა პლეხანოვზე, მაღაზიაში ნანახი „ოქროს ქოშები“, თეთრი iPhone, თუ ჭკუა მეყოფოდა – გადამეხადა სწავლის საფასური და წვრილ–წვრილი ქველმოქმედებაც ჩამეტარებინა. მომემადლიერებინა გარშემომყოფთა უმანკო გულები.
  მოკლედ, „LD Union”–ის კართან შევჩერდი და ზარი ორჯერ დავრეკე. კარი მაშინვე გამიღეს და მეც სახე გამინათდა. უბადრუკებს რომ განეღებათ ხოლმე.
  შევედი ყოვლად ჩვეულებრივ 3–ოთახიან ბინაში. საძინებლებში მოწყობილი კაბინეტებიდან ჩამქვრალი მონიტორები მიმზერდნენ. თითქოს ყბა დაეღოთ. მისაღებში, გრძელ მაგიდასთან, გაბურძგნული და მსუქანი კაცი, კონსერვატიულ ქალთან ერთად იქექებოდა ფურცლებში. არც ერთს არ შემოუხედავს.
–ჩემზე დარეკეს. – დავიწყე გაბედულად. კაცმა სიგარეტს გაუკიდა და წამოიწია. ღიპმა ხელი რომ შეუშალა, გადაწყვიტა აღარ მომახლოვებოდა და ხელი შორიდან გამომიწოდა.
–დიახ, დიახ. ნიკამ დარეკა. – მითხრა შემდგომში ალეკოდ გაცნობილმა სანტამ. ნიკა ჩემი შეყვარებული იყო, მე კი – მისი წარგზავნილი მისიონერი, თუმცა ამის შესახებ (ჯერ ) არავინ იცოდა.
 –გთხოვთ დაბრძანდით. – ჩანთა იატაკზე დავდე და თეთრ ტილოებში გახვეულ სავარძელში მოვკალათდი.
–მე თარჯიმანი ვარ. ინგლისურად უნდა ვთარგმნო თქვენი სპეციფიკაციები. – და მომენტალურად წარმოვიდგინე შენობების საძირკველი, შავ–თეთრი კარკასები, კორპუსების ჩონჩხები, ელექტრო და წყლის გაყვანილობები.
–დიახ, დიახ. საქმის კურსში ვარ. როდიდან შეძლებთ დაწყებას? – მსუქან ალეკოს ფარულად შევცქეროდი დამტვერილ თმებზე, გაუპარსავ წვერზე და მეგონა ჩემს წინ ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა იჯდა, რომელიც ყველაფრის ბოლოს სოლიდური ჰონორარით დამასაჩუქრებდა. დანარჩენი თანამშრომლები, მის ფონზე, ელფებსა და ირმებს უფრო წააგავდნენ.
–იქნებ ჯერ ქართული ვარიანტი მაჩვენოთ. მაინც რომ ვიცოდე რა სახის ტექსტებია. წინასწარ იცოდეთ, არქიტექტურულ ტერმინოლოგიაში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. – ცოტაც და ჩემი თავი ყველაფრის ბატონ–პატრონი მეგონა. ჩემს დაკრულზე აცეკვდებოდა მთელი საპროექტო ჯგუფი.
–არც ისე რთულია. – ბოტოტა თითებით მომიჩოჩა ფურცლები, რომელიც ნაირფრად იყო აჭრელებული ნახაზებით. – ჩვენც დაგეხმარებით, რუსული ხომ იცით?! რუსულად შემიძლია ყველა ტერმინი განგიმარტოთ, არა ლალ?! – და გვერდით მჯდომ ქალს გახედა.      რატომღაც წარმოვიდგინე, რომ ეს კლასიკური, ჩარჩოებში მოქცეული ქალბატონი  ლალი ჩემი ახლადაღმოჩენილი თოვლის ბაბუის საყვარელი იყო. ქალმა ცხვირის წვერზე ჩამოსრიალებული სათვალის შიგნიდან გადმომხედა. აი, აქ ცოტა დავიბენი. მის მზერაში ვგრძნობდი ჩემს უსუსურობას. ალბათ გაიფიქრა: „ვინაა ეს თავში ავარდნილი, თვითდაჯერებული პატარა ბავშვი. ამან რა უნდა ქნას ჩვენი კომპანიისთვის?!“
სასწრაფოდ დავიწყე ჩემი თავის შინაგანად შესწავლა. არადა ცუდადაც არ გამოვიყურებოდი. მეცვა ჯინსის შარვალი, წითელი დუტის ქურთუკი, თმა უკან მქონდა აკრული და სრულიადაც კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
–ჰო, რა თქმა უნდა. – ნელა ჩაილაპარაკა ქალბატონმა ლალიმ და ამით თითქოს ჩემი ფიქრები დაადასტურა. ნახაზებს შორის გაკეთებულ წარწერებს შევავლე თვალი. მივხვდი უკვე საქმე რაშიც იყო.
–კი ბატონო. არანაირი პრობლემა არაა. ხვალიდან შემიძლია შევუდგე. – თავი არ ამიწევია. სახის იქით ვიგრძენი ალეკოს ქშენა და დროის ცვლილება. წამოვდექი და ჩანთას დავწვდი. ჯგუფის უფროსი ოთახში შემიძღვა და ჩემი ადგილი მაჩვენა. თეთრი ოთახი, რომელიც საავადმყოფოს მიმღებს უფრო გავდა.
  ჩემი გამოცილება არავის მოსვლია აზრად. კიბეზე გიჟივით დავეშვი. თავდაპირველი გამარჯვების ნაცვლად, შეთქმულების თანამონაწილედ გადაქცევის შეგრძნებას უფრო ვყავდი ატაცებული.

  მეორე დღეს, 11–ის ნახევარზე ოფისში გამოვცხადდი. კარი ვოვიკამ გამიღო, რომელსაც ჩემზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, რომ პროექტები ჰქონდათ სათარგმნი, არადა ერთ ოთახში ვისხედით. მივუახლოვდი იმ სამუშაო მაგიდას, რომელზეც „ვადაგასული“ და ჩამოწერილი კომპიუტერი ძლივსღა იმაგრებდა თავს. ვოვიკამ სიცილით მითხრა:
–მანდ ბავშვი ჯდება ხოლმე. თამაშებით აქვს გამოტენილი კომპიუტერი. იმიტომაც ჭედავს. – მერე ჩემი ფაილები მაჩვენა და ვიღაც სოფიასთან განაგრძო სტომატოლოგებისა და კბილის დაბჟენის შესახებ სატელეფონო განხილვა. გავუღიმე. შევიქმენი სამუშაო გარემო და განუცალკევებლად ყოფნის უსიამოვნება ვიგრძენი.
მას შემდეგ თავი აღარც ამიწევია. მთლად ჩავიძირე ელექრო გეგმებში, ძალოვანი გენერატორების კვების ბლოკებში, წყლის მომმარაგებელ ავზებსა და ფიქალისებული ქვებით მოკირწყლულ ფილებში. კარს იქით ყრუდ მოისმოდა ტელევიზორიდან მომკივანი რომელიღაც სერიალის გმირის მოურიდებელი აღიარება, რომ მამამისს მანქანების მთელი კოლექცია აქვს და თვითონ მაინც ტაქსით დადის. ამის გაფიქრებაზე კეფა რენტგენულმა მზერამ ამიწვა. მივხვდი, ქალბატონი ლალი მიახლოვდებოდა. რაღაც საშინელ მელოდიას ღიღინებდა. თითქოს ამით მაგრძნობინებდა, რომ ჩემი უფრო იყო. ამას ფონად დაერთო კარს იქით, ჩემი უფროსის უფროსის, ანუ ალეკოს ხველება ქრონიკული ჭლექიანივით. ალბათ ღერს ღერზე უკიდებდა.
–აბა, როგორ მიდის საქმე? – მკითხა რაღაცით გაბედნიერებულმა.
–ყველაფერი რიგზეა. – გავუღიმე და მაშინღა შევნიშნე, რომ ლალი სრულიადაც ლამაზი ქალი იყო. მაღალი, ტანადი, თეთრი და სიფრიფანა კანით, დიდი მწვანე თვალებით. მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა – გაუთხოვარი ქალის კომპლექსი. ჩემს უკან მაგიდას მიუჯდა და გაცხარებულ კაკუნს მოჰყვა კლავიატურაზე.
  დრო სასტიკად გარბოდა. მე ჯერ ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუკირკიტებდი და იმედს არ ვკარგავდი. ამასობაში კარი გაიღო და მკვეთრი მოძრაობით შემოქანდა ოთახში ვიღაც. ზედმეტი კითხვების გარეშე დაიწყო ანგარიშის ჩამბარებლური ქაქანი:
–ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანე, დავაბინავე, თაფლიანი პურები და ხელსაქმე დავუტოვე და მაშინვე აქეთ გამოვიქეცი. – თავი გაოგნებულმა ავწიე და თვალები შევაფეთე საოცრად გამხდარ, ირმისთვალება გოგოს.
–ლოლა, გაიცანი, ეს ევიტაა. – ლალიმ ჩემზე მოუთითა. – ჩვენი ახალი გოგოა. ინგლისურად გვითარგმნის პროექტებს. – ლალის ეღიმებოდა. მე კი ახალმა ფიქრმა გამიტაცა – „ჩვენი გოგო“.
–სასიამოვნოა. – მითხრა ლოლამ და მოწყვეტით დაეცა სკამზე. მე გავუღიმე. ერთხანს თვალგაშტერებული ვიყავი. მერე, მეც არ ვიცი საიდან მოსული გამბედაობით ვკითხე:
–უკაცრავად ლოლა, თქვენ სომეხი ხართ?
–არა. ბებიაჩემი იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი პორნო–ვარსკვლავი. –  მივხვდი, რომ მთელს ოფისს ვეჯავრებოდი.
–არ გაგიმართლათ.
–უარესებიც ხდება. – სადაც იყო ქალბატონი ლალი მწვდებოდა ყელში და ვერანაირი ჰუმანური კანონი ვერ გადაარჩენდა ჩემს წმინდა კარმას.
  ლალიმ ჩანთიდან კონტეინერში კოხტად ჩაწყობილი კრეკერები ამოიღო და ლოლა მბრძანებლური კილოთი დაპატიჟა ჩაიზე. სინამდვილეში ეს ჩემს მიმართ გამოხატული პროტესტი იყო. მე ვაჭუჭყიანებდი მათ ჰარმონიულ გარემოს და შემქონდა ქუჩიდან ახვეტილი მტვერი. კარს უკან ატეხილ ალიაქოთს ვიღაც შემოყვა ოთახში. ეს ნიკა იყო. 26 წლის ახლად გამომცხვარი არქიტექტორი, რომელმაც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა დააარსა. მან ჩვენი თეთრი ოფისი ერთიანი ფერებით აავსო. კარში გაჩერდა და ჩემი მისამართით, ჩემსავით „უტიფრად“ მკითხა:
– აქ  ხარ, ფერიავ? – გამეცინა და თავი დავუქნიე. ძალიან კარგიო მითხრა და სავარძელში მოკალათდა. იმედი გამიჩნდა, მარტო აღარ ვიყავი. წამში გავარდა ხმა ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე და აი, იქმნა ნათელი და მოეფინა იდუმალებით მოცულ ჩემს არსაიდან გამოჩენას. სულაც ფეხზე მეკიდა, თუკი იმ დღიდან ათასი ზედმეტი თვალი მიყურებდა და აფასებდა ჩემს ტანს, სიარულის მანერას, აღნაგობას. სამაგიეროდ, ჩემი კავშირები „საკაიფოდ“ მაწყობდნენ ფირმაში.
  მშვიდი საღამო ალეკოს ქრონიკულმა ხველამ დაარღვია.
–ღმერთო, როგორ გახველებს, ალიკ. გინდა ჩაი?
–არა ლალ. ყავა თუ გვაქვს იმას დავლევ.
–აი, ბოლო საარმატურე ბადეს მივაბამ და გაგიკეთებ.
–ჰო, მართლა. არ დაგავიწყდეს მანდ 0,8–იანი დასვი, თორემ გავიჭედებით.
–სუსტი დენებიც შესასწორებელია.
–სუსტი დენები რატომ?
–სატელევიზიო ქსელის მონაცემებშია ცდომილება.
–ოხ, ლალიკო, ლალიკო.
  კომპიუტერის ეკრანს მიშტერებული ლალიკოს კისკისს ალეკოს ბლაგვი ხველა ფარავდა მორიგეობით. „ოჰ, რა გენაღვლებათ, იცინეთ.“ – ვფიქრობდი და ისევ პირველ სპეციფიკაციას ვუსინჯავდი გვერდებს. ძალა მეცლებოდა. არადა პირველი დავალებაც არ მქონდა ბოლოში გაყვანილი. ასე უთუოდ დავიღუპებოდი. ისედაც ზედ არავინ მიყურებდა.
  სასწრაფოდ გადავწყვიტე რაიმე მეღონა.

  მესამე დილას ლალი ქუდით მოვიდა სამსახურში. თვალში მომხვდა და გავიფიქრე, ალბათ თმა აქვს დასაბანი–მეთქი.
  ისევ მომკითხა საქმეები. მე შევჩივლე, რამდენიმე ჭრილში საერთოდ ვერ შევდივარ–მეთქი. ამოიოხრა. თითქოს ელოდა კიდეც ამას და კიდურის მსუბუქი მოძრაობით გამიხსნა სექციები.
  ასე გაგრძელდა რამდენიმე საათს. ჩემი მიმართვა ჯერ „უკაცრავად“–ით იწყებოდა და „მადლობა“–თი მთავრდებოდა.
ეტყობა ნერვები მოეშალა. მომიბრუნდა და:
–ევიტა, ჭკუასუსტს არ ჰგავხართ.
–ეს იმიტომ, რომ ჭკუასუსტი არ ვარ.
–ეს საკითხი ჯერ კიდევ დასადგენია.
–ეჭვი გეპარებათ?
–უთუოდ. ნუთუ ძნელია ამდენჯერ ნაჩვენები ერთი მოძრაობის დამახსოვრება და თავად ცდა?
–ნუ გავიწყდებათ ქალბატონო ლალი, მე პირველად ვმუშაობ ამ პროგრამაში.
–ნუ გავიწყდებათ, ეს პროგრამები ინგლისურადაა შექმნილი, ხოლო თქვენ ინგლისურის სპეციალისტი ხართ. – პასუხი აღარ მქონდა და შევბრუნდი, ზურგი ვაქციე. როგორც გენებოსო, ჩაილაპარაკა და ისევ დაუწყო კაკუნი კლავიშებს. ამ მომენტში რაღაც გაწყდა ჩემში. არ ვიცი მოთმინების ძაფი იყო, პატივისცემის შეგრძნება თუ სხვა რამ. გულმა რაღაცნაირად ვეღარ გამიძლო და ვუთხარი:
–იცით, ეს შეუვალობა ჩემი ირლანდიური სისხლის ბრალია. – ლალიმ ქორივით გადმომხედა და ძალიან მინდოდა მთელი ქუჩის გასაგონად მეყვირა: „მე მოვკალი ძერა!!!!“
–ირლანდიური სისხლი რა შუაშია?
–წინაპარი მყავდა ახლანდელი ირლანდიის ტერიტორიიდან. როგორც იცით, მაშინდელ დროში სულ კუდიანები და ალქაჯები იყვნენ.
–ალბათ ამიტომაცაა თქვენი მზერა მშვილდოსნურად ამორძალური. – ეს ფრაზა ცოტა მეუცნაურა. ვერ გავიგე რაზე მიმანიშნებდა.
–არა ქალბატონო ლალი, მე ლომი ვარ. – ამ დროს ოთახში კატასავით შემოპარულ ლოლიტას ჩაეცინა. ორივე მას მივაშტერდით. ლოლამ სიტუაციის განსამუხტად კითხვა შემომიბრუნა:
–ლომი რა შუაშია?
–ლომი ცხოველთა მეფეა. მეც ღმერთი ვარ. აი, ქალბატონ ლალის კი ჩემზე მბრძანებლობა სწყურია. – ლალის თვალი თვალში გავუყარე. – მე ღმერთი ვარ, ქალბატონო ლალი. გინდაც არ მიწამოთ, მაინც ღმერთი ვარ და ვსუფევ. თქვენთვის ეს ალბათ ნეტარი დამაჩლუნგებლობა უფროა, მაგრამ სუფევა ბევრად უკეთესია. თქვენ აზრზეც არ ხართ ჩემს განსადიდებლად რომ ირჯებით.
–ყველაფერთან ერთად თავხედიც ყოფილხართ. – ყველანაირი ხიდი დაიწვა. საბოლოოდ შევუქმენი ჩემს თავს არანორმალურის შთაბეჭდილება.
  შუა დღეს ჩემი „გმირიც“ გამოჩნდა. წინა დღესთან შედარებით, უკეთ ემოსა. პირდაპირ მოვიდა ჩემთან. ჩვეულზე ახლოს და ყავაზე დამპატიჟა.
–დიდი სიამოვნებით, თუკი როგორმე გავიყვანე ბოლოში ეს სანტექნიკური სუსტი დენები.
–მაშინ ახლავე წავიდეთ და დღის ბოლომდე აღარ შეგიშლი ხელს, გპირდეპი. – პაუზა. –ჩვენს ბარში წავიდეთ, ყავაზე. – რაღაც ძალით ვიგრძენი როგორი შურით, ინტერესით და ცრუმობილიზაციით გვიგდებდა ყურს ლალი. ამან უფრო გამათამამა და მაშინვე დავწვდი ჩემს ნივთებს.
  ბარში შევედით. კუთხის #9 მაგიდასთან დავსხედით. ნიკამ ყავა შეუკვეთა.
–ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? – მკითხა.
–ალბათ ძალიანაც მჭირდება. ვერაფერი გავუგე ამ ავტოკადებს. – ჩაიცინა. – რა არის ფანქოილი? ან დასელვა? ან ანკერი? ან შვერილი?!
–ასეც ვიცოდი. – მერე ფურცელზე თავისი მეილი დამიწერა და მომცა. – დღეიდან ჩემი იმედი გქონდეს. ეს ჩვენი საიდუმლო იქნება!


  მომდევნო დღეებში ოფისის კარზე განუწყვეტლად ვრეკდი ზარს. ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. ახალ ფაილებს მიგზავნიდნენ, მე მათ ნიკას მეილზე ვგზავნიდი. ის ჩემს მაგივრად თარგმნიდა. შემდეგ უკან მიგზავნიდა. თან აყოლებდა ტექსტებს: „დღეს კარგად გამოიყურები. გიხდება კაბა. რა წვრილი წელი გქონია.“
 საქმე კარგად აეწყო. ლალიც ქუდს ქუდზე იცვლიდა და მეც მონაცვლეობით ვფიქრობდი: ცუდად აქვს თმა, ვაჟაზე წყლის მილი გასკდა, ღამის 4 საათამდე მუშაობდა და ვეღარ მოასწრო შხაპის მიღება.
  ჩვენი ფარული კამათებისა და ჩემი ნიკასთან სასიყვარულო ურთიერთობის გამოაშკარავების შემდეგ, ლალი სანთელივით მოიღვენთა, მუშაობის სურვილი წაერთვა (ნიკა ხომ ყველას უფროსიც იყო, მთლად). მხოლოდ ალეკოს ქრონიკული ხველა შეაფხიზლებდა და ჩაის მოსამზადებლად გაიქცეოდა.  აი,სწორედ მაშინ გაიღვიძა ჩემში უდიდესმა მატყუარამ და ჩემი ცნობისმოყვარეობის ველები გასცდა მთელს ქუჩას.
  ერთი კვირის თავზე, ნიკას ყურადღებით და ალეკოს მამა–შვილური თავაზიანობით გათამამებულმა, ლალის ანგარიშმიუცემლად ვუთხარი:
–მე შემიძლია დაგეხმაროთ! – ოთახში მხოლოდ მე და ის ვისხედით. კლავიატურაზე კაკუნი შეწყვიტა და მკითხა:
–როგორ? შენ რა შეგიძლია. საქმესაც ვერ ართმევ თავს.
–თქვენნაირებისთვის მიშველია. შემიძლია ვუდუს ფიგურა დაგიმზადოთ. ხომ იცით ვუდუ რაცაა?!  თქვენ შეულიცავთ იმ კონკრეტული ადამიანის სახელზე (თავი ზევით ავიქნიე), მის სურათს დააკრავთ ფიგურას და სულ ესაა პრინციპში. შეგიძლიათ მართოთ მთელი ცხოვრება. – არ დავთმე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამეების არაფერი გამეგებოდა. მერე მისკენ მივბრუნდი და ვანიშნე – „თუ არ გინდა, შენი საქმეა. როგორც გენებოთ!“
–ამას როგორ მოახერხებ?
–სათანადო კავშირები მაქვს. – სათვალის ქვემოდან ისე ჩამომხედა, როგორც პირველად. ისევ ვიგრძენი ჩემი 165 სანტიმატრიანი სიმაღლის უსუსურობა.
–სულ მთლად გაგიჟდით? ეს ხომ ცოდვაა?
–ტყუილში ცხოვრებაც ცოდვაა. ეს კი ჩემი მეთოდია. ერთგვარი გამოსავალი.
–და ამართლებს?
–100%–ით. – სიჩუმე ჩამოვარდა. – თქვენი საქმეა ქალბატონო ლალი. შეგიძლიათ სცადოთ. არაფერია დასაკარგი. – შინაგანი კარმით ვიგრძენი როგორ წამოეგო ჩემს ანკესზე. დიდმა ჟრუანტელმა დაუარა მის წუთებს, წამებს.
–არაფერი მაქვს დასაკარგი. – ყრუდ გაიმეორა. მერე ისევ ჩამომხედა. – როდის შეძლებთ იმ ფიგურის დამზადებას?
–ხვალისთვის.
–ასე მალე?
–ხომ გითხარით, მე ჩემი კავშირები მაქვს. შეგიძლიათ მენდოთ.
ამ დროს კარი ნიკამ შემოაღო და პირდაპირ დაიძახა:
–ცოლი უნდა მოვიყვანო ! – ერთიანად დავუბრუნდით რეალობას.
–ცოლი? კი მაგრამ ვინ ნიკა? ვინმე გყავს? – ისე კითხა ლალიმ ვითომ არც მე და არც ჩვენი დიალოგი არც არსებულიყო. პასუხს მეც დაველოდე. ნიკას არაფერი უთქვამს. მორცხვად შემომხედა.
–ცოლი თუ  მომვლელი? – სიცილით ჩავრთე.
–ცოლი. ცოლი! სიყვარული მინდა. მსურს. მთელი არსებით. – ამან ყველა ერთიანად გაგვამხიარულა. ნიკა კარგი ტიპი იყო. საყვარელი. სიმპათიური. ვეღარც ვმალავდი ალბათ, რომ ძალიან მომწონდა.
–ევიტა, იქით არ გავიდეთ?
–ხომ იცი, ჩაი არ მიყვარს. ოფისში მარტო ჩაის სვამენ.
–დღეს მენიუში ყავა გვაქვს. –თვალი ჩამიკრა.
  რამდენიმე წუთში ბარში ვისხედით, რომელშიც უკვე კარგად გვცნობდნენ. ბინდდებოდა და ასეთი დრო უფრო მეტად აღმიძრავდა ფიქრებს. ან საფიქრალსაც რა გამომილევდა, ის–ის იყო ისეთი რამ ჩავიდინე, რომელზეც ვერც პასუხს ვაგებდი, ვერც რაიმეს მოვიმოქმედებდი. მოკლედ, ნიკას სიტყვები ყრუ მძიმეებად აღწევდა ჩემს გონებაში.
–არ მისმენ?
–არა.
–რატომ? არაა საინტერესო შენთვის რასაც გეუბნები?
–არ ვიცი. არ მომისმენია.
–მე შენ მიყვარხარ. თანაც ძალიან. თუნდაც ამ შენი გულახდილობისთვის.
–მადლობთ. შენ ერთადერთი ხარ სამსახურში, ვისშიც მოწონება გამოვიწვიე.
–იქნებ შენ ხარ ჩემი მომავალი ცოლი?! – უფრო გამხიარულდა და საზურგეზე გადაწვა.
–რომელი ცოლი, ცოტა ხნის წინ რომ ყვებოდი? – მეც ავყევი.
–ჰო! წარმოიდგინე. ერთად ვივლით ოფისში. მე ჩუმად გითარგმნი ანოტაციებად ქცეულ სპეციფიკაციებს. შენი და ჩემი რამ გაყო.
–იდეა მომწონს. ვერ გეწინააღმდეგები. – ფიქრი მაინც ლალის, ვუდუს ფიგურას და საცოდავ ალეკოს დასტრიალებდა თავს. აზრზეც არ ვიყავი რა შედეგს გამოიღებდა ჩემი „მრავალჯერ ნაცადი მეთოდი“.

***
  „კლაპშტროსში“ რაც შეიძლება გვიან უნდა მივსულიყავი. დღის განმავლობაში ჭიშკარს კეტავდნენ და ძაღლებს უშვებდნენ. გვიანი 11 საათი იქნებოდა, რომ შევედი. შუქები ჩამქვრალი იყო. დამლაგებელი იატაკს წმენდდა და მე გულწრფელად შემშურდა მისი ნებისყოფის. უკანა კარიდან შემოსული ღამის ხმა აფრთხობდა ჩემს შიშს და მეგონა მარტოობით მიიღწევა სიმშვიდე, რომელიც უკანასკნელი 2 კვირა სანატრელი გამიხდა.
  უეჭველი იყო, ვიღაც შეეწირებოდა ამ საქმეს. შიდა კიბეს ავუყევი და კარზე ფორიაქით დავაკაკუნე. კარი იუნონამ გამიღო. ეს ჩემი ერთადერთი ავბედითი მეგობარი იყო, რომელსაც 3 კატა და ჭერში ჩამოკიდებული იისფერი ვარსკვლავი ჰქონდა.
  იუნონა ალქაჯს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. თხელი, გამჭვირვალე. წლობით მაკრატელმიუკარებელი თმა და ნესტიანი ხელები ჰქონდა. შევედი. უხმოდ გავიხადე და ვკითხე:
–სანთლები გაქვს?
–ჰო, რად გინდა?
–მიდი, წყალი დაადგი და დაადნე. ვუდუს ფიგურა უნდა დავამზადოთ.
–ხომ იცი, ამ სისულელის არ მჯერა.
–არც მე, მაგრამ მჭირდება.
–რა ჩაიდინე?
–სარეველა დავრგე ჩემს ბაღნარში. ახლა სასუქი უნდა ვუყარო და წყალი ვასხა. სხვანაირად აღარ გამომდის. – და სიგარეტს გავუკიდე.
–შენ რა, ეწევი?
–დღეიდან!
–მაშინ დავლიოთ. – თქვა აღტაცებულმა და ყავის ჩვეულებრივ ჭიქაში სკოჩი ჩამომისხა. ჭიქას ჩავხედე.
–შენ რა, სპირტიან სასმელებს ამით სვამ?
–სხვა არ მაქვს. თუ გინდა ქვემოდან ამოგიტან.
–არა, იყოს. – ერთიანად გადავკარი და ჭიქა მტვრიან მაგიდაზე დავდგი. კატებმაც მორიგეობით გადამირბინეს ფეხებზე და ეს ცუდად მენიშნა.
  მინდოდა თანაგრძნობის მიზნით მაინც მოვხვეოდი იუნონას, მაგრამ მხოლოდ ჰაერი თუ შემრჩებოდა ხელში.

  თენდებოდა სანთლის უაზრო ფიგურასთან ერთად რომ წამოვედი სახლისკენ. დროგამოშვებით ჩანთაში ჩავხედავდი. მეგონა სადაც იყო გაცოცხლდებოდა და მომახრჩობდა.  გამოსასვლელში იატაკს ჩავაშტერდი. თითქოს ერთი მტკაველიც არ იყო მოწმენდილი და საშინლად ვინანე აქ რომ მოვედი. მერე ტექსტის შედგენას შევუდექი. აბა შელოცვა ისე როგორ იქნებოდა?!
  „მზისა და ხმელეთის ძალა იქცეს წყლად. დიდებული იემანჟა მოწყალეა. უსულოს ჩაჰბერავს სულს და მწვანე შუქი იქცევა მელნისფრად. გახდება მისი ნაწილი. ოჰ, დიადო იემანჟა, მოხსენი ჩემი ცხოვრების ღერებზე მჯდომ მარტოობას მხიარულის ნიღაბი. მთვარის კიბოური ლაქები მიქციე სინათლის წყაროდ. აამღვრიე ზღვები, მდინარეები. მათ გაატანე ჩემი მარადისობა და სიცოცხლის მზარდი იმპულსი გაუგზავნე კაცს, რომელიც მიყვარს. კანალები სავსეა სისხლით, მიწაზე გვალვაა, მზე – ჩვეულზე მწველი. იემანჟა, აიშალე ქალღმერთული თმები და ისმინე ჩემი.“
  ლალიმ ტექსტი უხმოდ გადაიკითხა. ქაღალდებში გახვეულ სანთლის „ალეკოს“ ჩახედა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა გრამატიკული შეცდომები. ვისურვე გამეგო რა გაიფიქრა, იგრძნო თუ არა შიშის მოზღვავება. სახეზე არაფერი დაეტყო. მხოლოდ ის მითხრა, ეს ჩვენს შორის უნდა დარჩესო და საქმე განაგრძო. დალახვროს ეშმაკმა, რას გავიფუჭე ისედაც გართულებული საქმე? და კიდევ იგივე გაიმეოროს, რას დავიწყე საერთოდ იქ სამსახური?! ამას ჯობდა მალაიზიაში დამზადებული კალმებით მევაჭრა, ნიჰილიზმი მექადაგა სადარბაზოებში, რავიცი.

  იმ კვირაშიც არაფერი მომხდარა თვალში საცემი. წარმოვიდგინე, როგორ წაუკითხა იუნონას სანთლის ფიგურას ლალიკომ ჩემი ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი ტექსტი. როგორ მოიძია ალეკოს კორპორატიულ საღამოზე გადაღებული სურათი ძველ ალბომში. როგორ ამოჭრა სახე, როგორ დააკრა ფიგურის თავს და როგორ „იგრძნო“, რომ სულ ცოტათი მაინც „ეშველა“.
  ამასობაში, ნიკაც გულმოდგინედ მახვევდა თავს სავარაუდო ცოლობაზე და ბოლოს მეც ვკითხე:
–გინდა თუ არა, საბოლოოდ ჩამოყალიბდი.
–რა? – დაიბნა. არ ელოდა ჩემგან ამ გადაჭრას.
–ცოლად რომ მომიყვანო და გიყვარდე ბოლომდე, ყველაფრის მიუხედავად.
–მეღადავები?
–არა, მართლა.
–ჰო?! რავიცი. მინდა, მგონი.
–ეგ პასუხი არაა, ნიკ! კარგად მოიფიქრე რა გინდა. – მერე ავდექი. ჩემი ნამსახურები სხეული ავიტაცე ჰაერში და მივუტოვე ჩვეულ ბარში, ჩვეულ დროს, ჩვეულ მაგიდასთან ნახევრად დალეული ჩვეული მაგარი, შავი ყავა.

***
  უცნაურად დაემთხვა: ლალი ჩემთან მეტად გაშინაურდა. მეც მეფესავით ვგრძნობდი თავს. ნიკა სირცხვილით თვალს ვეღარ მისწორებდა. ლოლიტამ სომხურის სწავლა დაიწყო. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც პირველად „LD Union“–ში მოსვლისას დავგეგმე. ერთი მაშინებდა – ბატონმა ალეკომ, ანუ ლაპლანდიელმა სანტამ, ხველას უმატა.    დარწმუნებული ვიყავი, ამაზე ყურადღება ჩემს მეტს არავის გაუმახვილებია. უკვე ყოველი დეტალი მიფრთხობდა სიმშვიდეს. სინდისის ჭია მღრღნიდა. ოფისში სხვა ღირებულებები გაჩნდა: 1. ვივალდის წელიწადის დრონი. 2. სომხურ ენაზე დაყენებული „Facebook“–ი. 3. ნამდვილი რაჭული ვიჩინები. 4. ლენტურ–წერტილოვანი საფუძვლები.

  ამ ამბის კვანძი კი, 27 მარტს გაიხსნა. დილიდან საშინელ ფიქრებს ვყავდი გამოჭერილი. აღარც გაზაფხულის მოსვლა მიხაროდა. პირიქით, ერთიანად მძულდა ყველა სეზონი. მეზიზღებოდა მიცკევიჩის ქუჩა. მეზარებოდა ოფისის კარის შეღება, კომპიუტერის ჩართვა, ვოვიკას უაზრო ხუმრობებზე ნაძალადევი ღიმილი, ლოლას „ახლად–დამხეცებული“  Բարեւ Ձեզ – მოსმენა, რაც ჩვენებურად უბრალო მისალმება იყო. მერე, ლალის ერთგვარი შემობრძანება, რაც ჩემთვის „ვაი, შენს პატრონს. რა გეშველება“–ს უფრო ჰგავდა. რაღაცას აუცილებლად უნდა გადავერჩინე. არ ვიცი რომელ ღვთიურ ნიშანს. მთავარი იყო ეს ნიშანი ამომეცნო და მაგრად ჩავჭიდებოდი.
  მაინც მივედი. მოწყვეტით დავჯექი ფანჯარასთან და მზის სხივებს მივუშვირე სახე. ჩემს იქით სამყარო ფეთქავდა. მე მისგან გამოყოფილი მისივე ნაწილი ვიყავი. ნახევრად ღია კარში ალეკოს და ნიკას ხმა მომესმა.
–აქაა?
–ჰო. ახლა მოვიდა. მისმინე, ბოლო ოთხ პროექტს აგვიანდება, მაგრამ გზაშია. ვოვა და ლალიკო მალე დაამთავრებენ.
–ჰო, მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. ახლა ევიტასთან უნდა შევიდე. – კარი ოდნავ შეირხა. ვიდექი და ველოდი.
–მისმინე ნიკ. უნდა გავიდე რა, ცოტა ხნით. ამ ბოლო დროს ვერ ვარ ჯანზე. ნემსი უნდა დავარჭო. ექვსისკენ მოვალ.
–კარგი, მიდი. მიხედე თავს. – კარი ისევ შეირხა და ოთახში ნიკა მეზღვაურივით შემოცურდა. ორი ნაბიჯი გადმოდგა და დადგა. ასე, ჩუმი გიჟივით მიყურებდა ერთ ხანს. მეც ვუყურებდი. ისევ ველოდი.
–ვიფიქრე და მივხვდი.
–რას, ნიკ?
–რომ მინდა ჩემი ცოლი გახდე. ოღონდ ცოლი და არა მომვლელი.
–ჰო?! იცი, სწორედ ამას ველოდი შენგან.
–ესე იგი, თანახმა ხარ? – ნიკას ხმაში მღელვარების ხრინწი გამოერია. არაფერი მიპასუხია. ისევ ფანჯრისკენ შევბრუნდი და ქუჩას მოვავლე თვალი. დავინახე ქალბატონი ლალი, რომელიც ავტობუსიდან ჩამოვიდა და მაღაზიაში შევიდა. ალბათ კრეკერების საყიდლად. ნიკა მომიახლოვდა. სახეზე დამაკვირდა.
–შენ რა, ლოცულობ?
–ჰო. – ვუპასუხე.
–ვისთვის? – გაეცინა.
–დამსხვრეული ღმერთებისათვის, ნიკ. შენთვის, ჩემთვის, იემანჟასთვის.
–იემანჟასთ...
–ჰო. თანახმა ვარ. – გავაწყვეტინე, რადგან ლალი გვიახლოვდებოდა და სწორედ ეს მენიშნა გამოსავლად და აქაურობის დასაუფლებლად. რაც მთავარია ჩემი ქმედების გასამართლებად.
  ქალბატონი ლალი რომ შემოვიდა, მე ნივთებს ვალაგებდი. ჩანთა ტუმბოზე დადო. ქურთუკი სკამს შემოაკიდა. ახალი კრეკერები „ჩაის ოთახში“ გაიტანა. მე ისევ ნივთებს ვალაგებდი.
–ევიტა, რა აკეთებ?
–აქედან მივდივარ, ქალბატონო ლალი.
–როგორც იქნა საბოლოოდ დარწმუნდი, რომ არაფრის მაქნისი და უსარგებლო ხარ ამ ფირმაში, არა? – გულიანად გაიცინა.
–არა. უბრალოდ, ვთხოვდები და მივდივარ! – მარჯვენა ხელზე წამომჯდარი ნიშნობის ბეჭედი ვაჩვენე. სახე მოეღრიცა. ნიკაო, ერთი ამოიძახა ღრმა შიგნიდან და სკამზე რეტიანივით დაჯდა. ყველაფრის ბოლოს კი, ისევ პირვანდელივით შემომხედა სათვალის ქვეშიდან. მაშინ მივხვდი, ეს მზერა ისეთივე იყო, როგორიც ლაგოდეხის ნაკრძალისა და ბულონის ტყის შედარება.


  წამოვედი. ორ კვირაში ხელი მოვაწერეთ. სამ დღეში სამოგზაუროდ წავედით. რა თქმა უნდა, პარიზში. ზემოთხსენებულ ბულონის ტყეშიც გავისეირნე, მაგრამ ერთხელაც არ გამხსენებია ჩემი ნაჯახირები ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა. მარტო იმას ვდარდობდი პენსიაში არ გასულიყო ქალბატონი ლალი, როცა საბოლოოდ დარწმუნდებოდა რა ავანტიურისტი ტიპიც გამოვდექი. თუმცა „LD Union”-ი ხომ  შ.პ.ს იყო და იქ ხალხს ასაკის გამო არ უშვებდნენ სამსახურიდან.
  წამოსვლის წინა დღეს ელ–ფოსტა შევამოწმე. სხვა მილოცვებთან ერთად ლალის წერილიც დამხვდა. არ გამკვირვებია, საიდან გაიგო ჩემი მისამართი. მეილში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: Toodaloo. რისი მნიშვნელობაც მე – ეგრედ წოდებულმა, ინგლისურის თარჯიმანმა ძლივს გავარკვიე:  ქუჩური ჟარგონი. საშუალება, რომლითაც ძველი ხალხი ამბობდა – მშვიდობით!