აქ რა მოსატანია, შუა გაზაფხულში, აპრილში, მაგრამ, რას იზამ?!..
სულ შემოდგომაზე, სულ სექტემბერზე მეფიქრებაა..
ისეთი უბრალო, სადა, მარტივი თვეა. შენგან ბევრს არც არაფერს მოითხოვს. ისიც კმარა, რომ გასცემს რაღაც ბარხატისებურს :)
2 დღის წინ ავტობუსში ვიჯექი. ალაგ-ალაგ მზეც ანათებდა. ფანჯარაში ხეებს ვაკვირდებოდი ისე, თითქოს პირველად ვუყურებდი სამყაროს. მერე, როგორც მჩვევია ხოლმე, რაღაც ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და გამოძიება დავუწყე..
დავასკვენი, რომ ასეთი სუნი მხოლოდ სექტემბერში აქვს სამყაროს და რომ ასეთი სუნი მხოლოდ სექტემბერს აქვს..
კიდევ.. სექტემბერი თმებს წააგავს. გრძელ, საყვარელი ადამიანის თმებს, რომელიც მათ კეფაზე არასდროს იკრავს.. დიდ, ხვეულ, წითურ თმებს..
ადამიანშიც ყველაზე მეტად თმა მიყვარს. პატარაობიდანვე ისეთი მეგობრები მყავდა, ვისაც გრძელი თმა ჰქონდა. რა საკვირველია მათთვის ეს ამბავი არასდროს მითქვამს. (როგორი მოსასმენია: "შენში ყველაზე მეტად შენი თმა მომწონს"..) არაეთიკურად მეჩვენებოდა.
ვიცი, უცნაური მოსასმენი თუ წასაკითხია. უცნაურად გასააზრებელი და იმასაც ბევრი იფიქრებს რომ უცნაური ვარ. უცნაური ასოციაციები და შეგრძნებები მაქვს..
ამის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ გუშინ ჩემი ნატალია ხელახლა "გადავიკითხე" და ბოლოს ისევ სექტემბერთან მივედი. ნატალიაც სექტემბერში დაიბადა. ჩემს ნაცნობებში ერთადერთი სექტემბრისტია.. ყველაზე გრძელი, ტალღოვანი წითელი თმა აქვს და მე ის მიყვარს ყველაზე მეტად..
ეს მუსიკა(ვიდეო) ისეთივე სადა, მარტივი და არაამქვეყნიურია, როგორც შემოდგომა, როგორც სექტემბერი...
"ჰო, დავბრუნდები. მე შენი თმები დამაბრუნებენ"..