Wednesday, November 7, 2012

ამბავი 1


  როცა ერთმანეთისგან შორს ვართ, ვგრძნობ როგორ ვენატრები. როგორ ვეღარ ეტევა საკუთარ კანში და როგორ ენატრება ჩემი წლობით მაკრატელმიუკარებელი თმა. უბრალოდ ვუღიმი, როცა სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამალებული ეძებს ჩემს ნომერს ცნობიერების მენიუში და ღამეული მესიჯებით მიცხრილავს ცას.
  როცა ერთად ვართ, მაიგნორებს. მე ამას სიყვარულის გამოვლინების ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ ფორმად ვთვლი. თუმცა, ორ მეტრშიც იგრძნობა ის დაძაბულობა, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმის.
  ამას წინათ ყავა გადავასხი ქათქათა პერანგზე. გინებით ამიკლო, მაგრამ მისი განრისხებული სახე სულაც არ ჰგავდა შეჩვეულს. პერანგი გაიხადა და იქვე სკამზე მიაგდო. მას მერე ერთიც აღარ შემოუხედავს ჩემთვის.
  გადავწყვიტე რაიმე მეღონა. დღის ბოლომდე, სრულიად დაუკითხავად, სრულიად შეუმჩნევლად ავაცალე ჩემი გაფუჭებულ–ნამოქმედარი სკამიდან და სახლში გულის ფანცქალით წავიღე. თითქოს რაიმე წმინდა ნივთი მივაბრძანე ბინაში და იქაურობას წამში ეკურთხა მადლი. საკუთარი ხელით გავრეცხე, გავაშრე და გავაუთოვე.
  მეორე დღეს ადრე მივედი სამსახურში და იმავე სკამზე ისე შემოვკიდე პერანგი, თითქოს არავის ეხლო ხელი. დროის არაღიარების გამო, ვერ მოვახერხე მისი პირველი რეაქციებისთვის თვალის შევლება.
  სადღაც შუაში, როცა მეგონა ყველაფერი განელდა, თანამშრომელმა მითხრა, რომ „ის თავისთან“ მიხმობდა. არა სამუშაო მაგიდასთან, არამედ – ტუალეტში.
  წავედი და თან გავიფიქრე: „ტუალეტში?! კი მაგრამ იქ რა გვინდა?! იქ რა მინდა მასთან ერთად?! სიყვარულის ახსნის რაიმე ახალი მეთოდია და მე ტენდეციებს ჩამოვრჩი?!“  შევედი თუ არა, სარკის წინ მოფუსფუსე მისი სილუეტი დავინახე. პერანგი ეცვა, შემობრუნდა და მკითხა:
  –მიხდება?
  –კი, ძალიან. – გავუღიმე.
  –მოდი, გაკოცო. – მე ლოყა მიმუშვირე. მან სახე სულ სხვა რაკურსით მომართა და შუბლზე გაბედულად მაკოცა.
  –ოღონდ ეს არა. – ჩავილაპარაკე. – შუბლზე დებილებს კოცნიან.
  –სამაგიეროდ, ბევრ სხვა პირველ კოცნას სჯობს. – გამიღიმა და თავდაჯერებული წავიდა.