Monday, August 13, 2012

ცრურწმენები


ყველაფერი ტყუილია. ტყუილია ის, რომ ადამიანზე პირველივე დანახვისთანავე გექმნება წარმოდგენა, რომელიც მასთან ურთიერთობის ბოლომდე მიგყვება.
ტყუილია, რომ ადამიანს აქვს გარკვეული აურა, რომელიც იმაზე მძაფრად შესაგრძნებია, ვიდრე მისი მზერები. ხმამაღალი ტემბრი ან ხმა. ზოგჯერ მისი ასტრალური სხეული სასტიკად მოტყუებულს გტოვებს. სხვისი რჩევები და გამოცდილება ვერაფერს გიშველის, თუ თავად არ იქნები კრახგანცდილი, თუ თავად არ ისწავლე შეცდომებზე.

მონე:  პირველი, რაც აქ მოსვლისთანავე გავაკეთე, ეს გადაფასება იყო. არავინაა ჩემზე უფრო მკვეთრი და ხმამაღალი. არ ვიცი რა ძალის დამსახურებით აღმოჩნდა ჩემი სტაფილოსფერი ბაფთები აქ, მაგრამ ეს შინ მაბრუნებს. ძალას მმატებს, რომ ვიყო ყველაზე გამორჩეული და დასრულებული.
შეხედეთ იმ გოგოს, როგორ ეწევა. მთელს სახეს სიამოვნება უფარავს. ლამისაა სრულყოფილებისაგან გასკდეს. არ მესმის, როგორ შეიძლება საკუთარ თავს არ მიხედო. როგორ შეიძლება ასე ავნო შენს ქათქათა კანს, რძიფერ ფრჩხილებს. გაოგნებული ვარ!
ერთი კი უდავოა: ისეთი თვალები აქვს თითქოს რაღაც თამაშებით გითრევს ჭაობში. დარწმუნებული ვარ ცოცხალი ვერავინ გააღწევს აქედან. ვერავინ ვუშველით სულს. მთავარი ჩემი თავის თვითრეალიზაცია და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ანდაც, ის?! აი, გაუჩერებლად რომ იცინის. უკვე ამოუხსნელი სიცანცარე ეუფლება. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. ცოტა სარგებელი თუ არ ვნახეთ ერთმანეთისგან, ისე არაფერს აქვს აზრი. ამათგან რა უნდა ისწავლო? არც ერთი წუთი არ შეგერგბა.
ალბათ, აქ ყველაზე მეტად ჩემი გაზეპირებული ტექსტები, გამტკიცებული აღტაცება და უაზრო ფუსფუსი გაჭრის. თუ არ ვცადე, ვერც ვერასდროს შევიტყობ.
ნიკი:  ერთი ჩვევა მაქვს: ცას ავყურებ იმაზე ხშირად, ვიდრე საჭიროა. ახლაც ავხედე, მაგრამ მოთეთრო-მოოქროსფრო სინათლის მეტი ვერაფერი დავინახე. სასოწარკვეთილმა შევანთე თვალები ჩემს პირდაპირ მჯდომ გოგოს, მაგრამ იმან ხელების უაზრო მოძრაობით მომიშორა თავიდან. ალბათ, აქ ამგვარი საქციელი არასერიოზულია. დაწმუნებული ვარ ჩემზე ფიქრობენ, რომ ცანცარა ვარ, მაგრამ ყველას ვისაც არ მოვწონვარ, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. მე აქ სიკეთის საკეთებლად მოვედი. ყველა რაღაც კუთხით განსაკუთრებულია, ამიტომ ვცდილობ ყველას საუკეთესო გამოვძალო.
პირველად რომ მოვედით, ის ლურჯთვალება პანიკაში ჩავარდა. რაღაცას ყვიროდა, მეჩქარებაო. აქ ყველა დროებით ვართ.
ალბათ სიზმარში ვართ ყელამდე ჩაფლულნი. იქნებ სულაც, ლეთარგიაა. ეს მაშინებს. არ ვიცი სად ვმთავრდები და სად იწყება სხვა.
ვიღაცის გულის ცემა აღწევს აქამდე. თქვენც გესმით?! ძალიან რითმულია. აუღელვებელი. მე ასეთ დროს უცნაურ ჩხვლეტას ვგრძნობ მუცელში. ბუნებრივია, სამყაროს აკვნიდან ისე მომიტაცეს, არავინ მაცადა მეგრძნო ცხელი აგვისტოს უკვდავება.
... და მე ვნანობ.
კეთილი სამარიტელი:  ძალიანაც ბედნიერი ვარ. სხვების სახეზე ვერ ვატყობ კმაყოფილებას. ეს ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. აქ უკეთესია, ვიდრე სხვაგან, სადაც კი ვყოფილვარ. ყველა პირობას უსიტყვოდ უნდა შეეგუო. არაფერს მოგცემს ტყუილი ბრძოლა და ბევრი წუწუნი. ჩემი ღრმად პაციფისტური წარსული მეუბნება, რომ მალე გავალთ ფონს. ეს უფრო დიადი რამ იქნება, ვიდრე ლამაზი ცრემლები, აი, ჰოლივუდიც რომ ინატრებს, ისეთი.
უფროსობას ვესაუბრე. მითხრეს, მალე გაგვიშვებენ. შეიძლება იმაზე ნაკლები დროც დასჭირდეს ორგანიზებას, ვიდრე მგონია.
ისე, იმ გოგოს რაღაც აუცილებლად უნდა სჭირდეს. საუბრისას სახე ემანჭება. თითქოს ახლახანს გაკერილი ჭრილობა ქაჩავსო. ალბათ მოჭრილი კიდურის სინდრომის მაგვარია რამე. აი, სულ რომ გგონია გაქვს და შენ გეკუთვნის.
ხმასაც არ ამოვიღებ. ხელებს ოდნავ შევარხევ ჰაერში და მისახვედრად ვაგრძნობინებ ყველას ჩემს უპირატესობას. წადით თქვენი დედაც, მე გადავრჩები.
ევა:  სადაც მივდივარ, ყველგან თან დამაქვს პატარა მედალიონი, რომელშიც ჩემი გარდაცვლილი, პატარა დის სურათს ვინახავ. მეშინია, არ დამავიწყდეს ჩემი წართმეული „მილიონები“.
არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგერობაში. ეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია. ჩემი პოზიტიური განწყობა და მოლოდინები საცეცებივით წინდაწინ მოსინჯულმა თვალებმა იმსხვერპლა. ზურგს უკან რაღაც დამნათის. ჩავთვალოთ, რომ ეს ანტიბის მზეა.
იდუმალ, ცოტაც ჯადოქრულ მზერას ვგრძნობ. ანა ჰქვია მგონი. აი, ის გოგო, ყავისფერი თმა რომ აქვს. ჩემს პირდაპირ ზის. რაც მოგვიყვანეს ასეა, რაღაცაზე ოცნებას ვერ წყდება. თვალები ზღვასავით ლურჯი აქვს და მე ის უფრო მომწონს.
თავიდან ძალიან მარტოსულ ადამიანს მივამგვანე. შემეშინდა, ასეთ ადამიანს არასდროს შევხვდრივარ. რენტგენულად შემომხედა. ერთ ხანს მაკვირდებოდა. მერე ფარისევლური ღიმილით მოუკიდა სიგარეტს და ცოტა იქით გავიდა. ვიფიქრე კიდეც, რომ ჩემი ყურადღების ერთ მტკაველსაც არ იმსახურებდა და არც დამიწყია იმაზე ღელვა, რა იქნებოდა.
საკუთარ თავს ვატყობ, აქამდე ადამიანებზე ამგვარი დაკვირვებები არ მჩვეოდა. დეტალურად აღვიქვამ მათ იმპულსებს. ზოგის აურა ზედმეტად დაუკითხავად და ზეგავლენით იჭრება ჩემში. არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან უბრალო ადამიანებს ჰგვანან და ყურადღება არც მიმიქცევია.
ნერვებს მიშლის, რომ უაზროდ ვკარგავ ძვირფას დროს, რომელსაც მე არ ვაღიარებ. მთელი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე ვთვლი, რომ დრო არ არსებობს და ციფრების ერთიდან სამოცამდე ათვლა მარტივი თეორიაა დაბერებისთვის.
აქაური ბიჭები არაფრით ჩამოუვარდებიან ზებრებს.
მოსაწევად რომ გავედი, ანას შევეჩეხე. ისევ ისე მიყურებდა. მე ჩემი უსუსური ფიზიონომია ღიმილით გავამართლე. ძალიან მინდა აქ მყავდეს პირადი ფსიქოლოგი, რომელსაც წვრილ-წვრილ ამბებად მოვუყვები ჩემს შეგრძნებებს. მინდა ვესაუბრო ზოგად-საკაცობრიო თემებზე და ასე გადავარჩინო საკუთარი თავი.
სემი:  აქ ცივა. სხვები არ იმჩნევენ. მახსოვს, ბოლოს ლოგინში ვიწექი. დასაძინებლად ვემზადებოდი. მერე არ ვიცი. მგონი ვიღაცამ მომაკითხა. უცნაურ მუსიკას ღიღინებდა. ზუსტად იმას, ახლა მე რომ ვღიღინებ. თავიდან არ ამომდის. უცნობს სწორი ცხვირი ჰქონდა და რაღაცით სლავური წარმოშობისას ჩამოჰგავდა. არ მეცნო, არადა სახეებს ადვილად ვიმახსოვრებ. მერე აქ ამოვყავი თავი. ალბათ ეს ეტაპიც გასავლელია. მე ჩემს სათქმელს ვიტყვი. არამგონია ამით ვინმე გავაოცო.
სამწუხაროა, რომ არავისში არ დავტოვებ ღრმა ნაკვლევს, არადა ისეთი კარგი საყურებლები არიან ყველანი. დაფანტული წიწილებივით. ერთმანეთისთვის უცნობები. მომწონს ასე ჯდომა და მათი ყურება. არც ერთმა არ იცის რა მოხდა სინამდვილეში. შავი დღისთვის გადანახული ძალისხმევებით ინარჩუნებენ სიმშვიდეს.
ეს სულაც არაა უსაქმურობის გამოძახილი. სულ ერთია, სულ ერთია რა მომკლავს. უკვე შევკავშირდით ჩვენ ყველანი. ერთ თამაშში ვართ. ერთი წესები მოქმედებს ჩვენზე. ერთი მექანიზმი გვმართავს.
დარწმუნებული ვარ შინაგანი თავისუფლებით ამართლებენ აქ ყოფნას. ჩემთვის ყველა ერთია. კარგია ვინმეს თუ შერჩა იუმორის გრძნობა. მის გარეშე მთელი სამყარო ერთი „ეჰ“ იქნებოდა.
ანა:  პირველად აქ რომ მომიყვანეს, წარმოუდგენელი ისტერიკა მოვაწყვე ყველას თვალწინ. მათ ისე შემომხედეს, როგორც ამ დროს უყურებენ ხოლმე ჩემნაირებს. თუმცა, აი იმ ერთს თითქოს არ გაჰკვირვებია. თითქოს სრულიად ადეკვატური ვიყავი იმ მომენტში. საერთოდ არ შემოუხედავს.
აზრზეც არ ვარ აქ რას ვაკეთებ. ვიცი, სადღაც შორეთში ზღვა მელის. უჩემოდ იშლის ქალღმერთულ თმებს. ტალღებს ახეთქებს ნაპირებს. ბორგავს. როგორც მისი ერთადერთი ოქროს მაძიებელი, მე უნდა ვუთარგმნო მშვიდი ღელვები. აი, გესმით?! გესმით ზღვის ხმა? მიხმობს. დაუყოვნებლივ მოითხოვს მასთან გამოვცხადდე. მე მისი მესაიდუმლე ვარ. არავისში არ ვკარგავ იმდენს, რამდენსაც ზღვაში. სულაც, თვითონ ვარ ზღვა.
სულ ფეხზე მკიდია ვინ რას იფიქრებს ჩემზე. აქ ყოფნას არანაირი ღირებულება არ აქვს. აქაურობას არ ვეკუთვნი. რაღაც ხარვეზია, რომელიც დარწმუნებული ვარ მალე გამოსწორდება. მიზნები კი ყოველთვის არ ამართლებენ საშუალებებს. რა ვიცი. ამას ჯობდა მთვარის ანარეკლები მეთვალა გუბეში.
ვიცი, ადამიანებთან ურთიერთობებში ბევრი შეცდომა დავუშვი. ყველაფერს ვანიჭებდი გარკვეულ მნიშვნელობას. ჩემზე იძახდნენ კიდეც, რომ ვარ ვარსკვლავთმრიცხველი. ახლა ამან  ბევრი რამ გააადვილა. გართულდა მხოლოდ გამოღვიძება.
დარწმუნებული ვარ უკან რომ მოვიხედავ, ვეღარავის ვეღარ დავინახავ. აი, ხედავთ, ხედავთ როგორ მიბყრობს მოუსვენრობა?! ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები.
ჰო, კიდევ ის ვიღაც მაფორიაქებს. ძირს რომ ზის და თავის ხელებს დაჰყურებს. ერთხელაც რომ არ გამოუხედავს აქეთ, არადა მგონია კარგი დუეტი გამოვიდოდა ჩვენგან. შესაძლოა ის ყოფილიყო ჩემი ზღვა, მე კი - მისი გემი, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.
იქნებ მოვლენები დააჩქარონ, მელოდებიან. ბევრი მაქვს მოსასწრები.
ფისო:  აქ ყველას ისე გავეცანი, როგორც მერსედესი. არამგონია მათი ნაცნობობა მომავალში გამომადგეს. საერთოდ, ვერ ვხვდები რატომ არსებობენ ასეთი ადამიანების სახად. სახეზე აწერიათ, რომ რაღაც ძალიან სევდიანი გადახდათ თავს. მე პირიქით, ვცილობ სულ გავერთო. ახლა ასეთი დრო მიდგას. უკვე შეგნებული მაქვს ჩემი შესაძლებლობები.
ყველამ თავის თავს მიხედოს თუ შეიძლება. არ მახარებს ტრაგიზმში ცხოვრება. ყოველი წამი ძვირფასია და არ ვიცი რას გვიპირებენ, მაგრამ გამოცანები მხიბლავს. არ მინდა ამ ერთი შეხედვით ავადმყოფ ხალხში ვხარჯავდე. სამაგიეროდ, მე ყველაზე ჯანმრთელი ვარ. ჩემი შესხმული სისხლ-ხორცი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე აქ მყოფების ერთად აღებული. მთელი ცხოვრების მანძილზე ათას ავადმყოფობაზე გავიმარჯვე. რაღა ახლა მიმუხთლებს ბედი?!
გაოცება მხოლოდ იმ სტაფილოსფერ ბაფთებიანი გოგოთი მოვახერხე. ის უფრო ცოცხალია, ვიდრე სხვა ყველა.
ყველაფერში დადებითი უნდა დაინახო. აბა, იმის გამოციებულ თვალებს შეხედე! ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. ან ის, მეორე. პირდაპირ რომ ზის და ღერს ღერზე ეწევა. მისგან დიდი ინდიფერენტულობა მოდის. ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთები - არა.
ხომ გაგიგიათ ფრაზა: „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად აფერისტობა!“ ჩემი მოგონილია. (ისტერიული სიცილით).
აფერისტობა ჩემი მოგონილია. ყველგან ჭრის. აქაც გაჭრის, რაღა ესენი იქნებიან დიადი მისიონერები?! მათი სიახლოვე დამეხმარება თავის დაღწევაში და როცა აქედან გაგვიშვებენ, სადმე ძალიან მაღლა წავალ. მწვანეში. ყველაზე გემრიელ ტკბილეულს შევჭამ და მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას მივხედავ.
ძვირფასი რამეები ასე იოლად არ ავიწყდებათ. პირიქით, მისით ამაყობენ.