Wednesday, August 1, 2012

წერილი მეგობრებს


                                                 

  ვზივართ კაფეში ოთხი ცხოვრებისგან მივიწყებული მეგობარი და იმედი გვაქვს, რომ ღმერთი მხოლოდ ნარდის თამაშით არ არის დაკავებული. მე, თაკო, ანი და ცოტნე. ცხელ ყავას კარამელის ნაყინს ვაყოლებთ. ჩუმად ვართ. არ ვიცით სიჩუმე როგორ დავარღვიოთ. უცებ თაკო იწყებს:
  - ნეტავ როგორი იქნება ჩვენი სამოთხე?
  - უჰ, მოუნდა გოგოს მწვანე მინდორზე სირბილი. - იცინის ანი და ცხელი ყავის ყლუპს ატანს. გაოცებულ თაკოს თვალებში უყურებს. - არაა გოგო სამოთხე ჩვენნაირებისათვის.
  - რატომაც არა?! ამ ცხოვრებაში ზედმეტად კარგად ვიცხოვრე ჯოჯოხეთისთვის.
  - ჩვენი ჯოჯოხეთი უფრო მაგარი იქნება. - საუბარში ეჭრება ცოტნე. - ადამიანის სისტემისგან და ძვლებისგან დამზადებული ციხე-კოშკები, სავარძლები და რამე, ყველაფერი. შუაში მოჩუხჩუხე სისხლის შადრევნებით. VIP ლოჟებიც თუ გინდათ და კედელზე რთული ქირურგიული ოპერაციების პორტრეტები.
  - არა, კაცო არა. ეგ ბოლო არ გვინდა. - ისევ იცინის ანი. - რაღაცნაირად, მთრგუნავს, მაკომპლექსებს.
  - ისე, ამბობენ ”იმას” ბავშვები და ცხოველები მაგრად ევასებაო. - ვერთვები მეც. -  ყველას მაგრად მოსწონსო.
  - ვინ ”იმას”?! - მიყურებს თაკო სრულიად გამოცარიელებული ლურჯი თვალებით.
  - ვინ ”იმას” გოგო, ჩვენებურად ეშმაკს!!! - კბილებში ვცრი.
  - ზნაჩიტ, მე ვარ ეგ თქვენი ”ის”! - უპრობლემოდ ასკვნის ანი. - წყალი არ გაუვა. შენ მამრი ხარ და ვერ იქნები. - ჯერ ცოტნეს ეუბნება. - შენ ბავშვები არ გევასება. - მერე მე. - შენ კიდე, - თაკოს უყურებს. - რავი ზედმეტად კარგად ვიცხოვრეო და.. გეუბნებით, მე ვარ! - იცინის. ყველა ვიცინით.
  - ცოტნე, რამე რელიგიური ანეკდოტი არ იცი? - უცებ მახსენდება.
  - აუ, არა შენ ძმობას ვფიცავარ. ახალი არაფერი. - თვალს სადღაც სივრცეს უსწორებს.
  - აუ ისე, რა პონტია. ყველა ღმერთი კაცი როა?!  - ინტერესდება თაკო. - მამა ღმერთი, ძე ღმერთი. ზევსი. ბუდა. ალაჰი. მუჰამედიც კი. სადღაც წავიკითხე, მგონი სული წმინდა არაა მამრობითი.
  - აბა, რა არის? სრედნი როდია?? - მე და ანი ვიცინით.
  - ოჰჰ, კაი რა თაკო. ეგეც მამალი მტრედია. - ამბობს ანი, მერე სიგარეტიანი ხელით პირჯვარს იწერს და ბოდიშსაც იხდის.
  - მე სულაც არ მინდა ჯოჯოხეთში მოხვედრა. - სრულიად გულწრფელად ვამბობ.
  - არც მე. არც სამოთხე არ მინდა. მინდა, რომ თავიდან დავიბადო. - ჩაფიქრდა თაკო. ამ აზრს ყველა ავყევით და დავასკვენით, თურმე როგორ გვყვარებია სიცოცხლე.
  - აუ, ეხლა სადღაც სივრცეში იჩითება კიდე სხვა ერა. ააეესე, დაბუუჟღაობენ ისინიც ისე, ვერ გვხედავენ. - აგრძელებს ცოტნე. თითს უტრიალებს თაკოს ცხვირწინ.
  - ზოგჯერ რომ ვფიქრობ, სხვაგან, სხვა გალაქტიკაში კიდევ არის ზუსტად ჩემნაირი. მეორე მე... მაჟრიალებს. - ვამბობ და მართლა მაჟრიალებს.
  - კიდევ კარგი „ყვითელი“ არაა ჩვენთან, თორე ასეთ თემაზე ვერ ვილაპარაკებდით. დაიწყებდა მორალისტობას. - ოთხივე ვიცინით, ისე, გულწრფელად.
  - მორალისტი ეძახე შენ. - სიბრძნეში გადამყავს უკვე საუბარი. 
  - აუ მაგან იცი რა თქვა? - მეუბნება ანი „ყვითელზე“.
  - რაა? - ვინტერესდები და ცხელ ყავას ვეტანები.
  - კარალიოკებზე და რამე. - თავს ვუქნევ, არ ვიცი-მეთქი. - მოკლედ, ბავშვმა შემოგვჩივლა მე და თაკოს, ჩემი ქმარი საწოლში სულ კარალიოკებს ჭამსო. ჰოდა, გოგოს აღარ სიამოვნებს მერე იმ ლოგინში წოლა. კარალიოკების სუნი ასდისო. - მაგრად ვიცინით. გაოგნებულები ეიფორიაში ვართ. გვცივა.
  - აუ წარმოიდგინე, მაგისი მსუქანი, ღიპიანი ქმარი. საბანმიფარებული და კარალიოკით ხელში.
  - ხო, რა იყო, ადამ და ევასავით, ოღონდ მაგათ ედემში სულ კარალიოკების ხეები დგას. - დასკვნა გამომაქვს. ცოტა ხნით ჩუმად ვართ. ძალიან და უცნაურად ჩუმად. სიჩუმე იძაბება, ყურში ხმაურობს. ყელში გვაწვება ყველას რაღაც მელანქოლია.
  - იქნებ მკვდრები ვართ? - ისევ თაკო იწყებს. მერე ისე იყურება, თითქოს ვიღაცას ეძებს, გამოჭერა უნდა.
  - ეგ რანაირად? - ნერვები ეშლება ცოტნეს. სკამზე სწორდება. სიგარეტიანი ხელი უკანკალებს.
  - რავი. აი, როგორც სხვები. - ახსნებს ვერ უძებნის მოსაზრებებს. - აი, ნუ როგორ გითხრა... მმმ... ვერ გადმოვცემ. ნუ, არ არიან სიტყვები ემოციებისათვის.
  - თაკ, როგორ ხარ მკვდარი, როცა შენს ორ ლურჯ თვალში სიცოცხლის ამხელა ნაპერწკლებს ვამჩნევ?! ამდენი წელია ერთად მოვდივართ და მსგავსი თემები არ განგვიხილავს. მერე, დავიშლებით, დავიკარგებით. ალბათ მისისიპშიც წავალთ. ვისწავლით ქალთევზების და ღუზების ხატვას და გგონია ამით ამოვწურავთ ჩვენს დანიშნულებას ამ ქვეყანაზე?!  არა, არ გაქვს უფლება, თუნდაც მოკვდე. მანამდე, - ხარ! - ცრემლები ყელში მებჯინება, თავს ძლივს ვიკავებ.
  - მომბეზრდა, გესმის? ყოველი დილა მომბეზრდა. - თაკოს ბოლო სიტყვებზე ცრემლები ასწრებს, მაგრამ თითებით მალავს. კოლოფიდან სიგარეტს იღებს, ორს. ერთს მაწვდის. ჯერ თვითონ უკიდებს, მერე მე მიკიდებს. ვცდილობ ასე, გვერდიდან წარმოვიდგინო, როგორები ვართ და როგორები ვიქნებით 30 – 40 წლის შემდეგ.
  სადღაც, მომავალში, ცხოვრობს ჩვები ბედნიერება და გველის. ანი ცოტნესკენ იხრება და ყურში უჩურჩულებს. სხვა დროს ამ ფაქტს გავაპროტესტებდით, მაგრამ ისე ვართ შეძრულები უაზროდ ფილოსოფიური თემებით, რომ გვკიდია. ისინი იცინიან. მე ვცდილობ არ გავირიყო, ამიტომ თავს უაზროდ ვაქნევ. ანი მამჩნევს და იცინის:
  - აუუ, ნიის შეხედეთ. არ გისმენთ ვაფშე, მარა თავს აქნევს. რა სახე ააქ?! - სამივე იცინიან. მე ვფხიზლდები. თაკო და ცოტნე ცხარე კამათში ებმებიან:
   - აუ, გიჟი ხარ თუ ვინ ხარ შენ?! - ხელებს უშლის თაკო. - აბა ერთი სტრუქტურა მითხარი ააეემ სამყაროსი.
   - რა საგანმანათლებლო  გაკვეთილები დამიწყე აქ! თუ რამეა თქვი და მოათავე რა!
   - თაკ, რა უნდა? - საუბარში ვერთვები.
  - აუ აზრობ? როჟა იმენა მზის სისტემას გალაკტიკას ეძახის. ბიჭო მისმინე, მთელი ეს პლანეტები, დედამიწაც და მზეც და რამე, სულ მზის სისტემაა, გაიგე?! ესეთი მზის სისტემებისგან შედგება გალაკტიკა. გალაკტიკებისგან - მეგა გალაკტიკა და აეე, ვინ მოთვლის კიდე. წადი, ”National Geografic”-ს უყურე. მარტო რემარკის კითხვა ვერ გიშველის.
  - რატო წავიდე ტოო?! აგერ არ მყავხარ ამხელა ენციკლოპედია? ჰოდა განმანათლე. - ცოტნე იცინის.
  - აუ, მიდი რაა! - თაკო ბრაზდება. მე ხელს ხელით ვუჭერ. ვიცინი. ამასობაში „ყვითელიც“ მოდის, გვიერთდება.
   ჩემი სიცილი „მის“ სიცილს გავს. უფრო სწორად, ხმა. ვიგინები.
  - ფუუ, ამის დედაც!. - გაოგნებული თაკო მიყურებს.
  - რა გჭირს?
  - მართალი ყოფილა რო ამბობენ, ემსგავსები იმას, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა გაქვს. - ვიცინით. - შეხედე ჩემს თითებს. ეს არაა ჩემი თითები. „მისია“. მისი კაცური ხელები. - ჩემი თავი მეცოდება. თითებგაფარჩხული ვზივარ.
  - რამდენი ხანია აღარ გინახავს? - მეკითხება „ყვითელი“.
  - ასე, 6 თვე იქნება. ხო, ასე 6 თვეა.
  - ყოჩაღ! ნახევარი წელი. – „ყვითელი“ ახლა თავს აქნევს.
მერე ანისთან ერთად ზედა სართულზე ავდივარ. კიბეზე ანი ცოტნეს კრიტიკას იწყებს, ჯანსაღ კრიტიკას. გულმოდგინედ ვისმენ და ვიცინი. აბა ვის გაუგია ანის და ცოტნეს ჩხუბი?! შორდებიან, რიგდებიან და ასე უსასრულოდ. აღარავის გვჯერა მათი უსიამოვნებები.  
  ისევ ვუბრუნდებით მაგიდას. ახლა უკვე მე, თაკო, „ყვითელი“, ანი და ცოტნე. ჩვენი ერთადერთი ბიჭი ამოუხსნელი ნაღველითა და სიფრთხილით ღაღადებს:
  - დედამიწა არასდროს არაა საკმარისად საიმედო. ყველაფერი იხვეწება ამქვეყნად, შენი ნაწერებიც იძენენ რაღაც სალიტერატურო ღირებულებას, - მე მეუბნება. - მაგრამ ამ საქმეს, ისევე როგორც ანის გაღუნულ ფეხებს (ყველა ვიცინით) არაფერი არ ეშველება. - კარგად იგრძნობა მსუბუქი ცინიზმი. - შემოგხედავთ კაცი და მშვენიერი, ლამაზი გოგოები ხართ. სამწუხარო  მხოლოდ ისაა, რომ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნიათ თქვენ-თქვენი თავები.
  - ჩემს თავს დიდი ხანია აღარც ვეძებ. - უზრდელივით ვაწყვეტინებ. - მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, შევქმნა საკუთარი თავი და შევინარჩუნო ის, რაც ვარ.
  - მერე, რატომ არ ხარ სრულქმნილი? - თითქოს გამომიჭირა.
  - იქნებ იმიტომ, რომ ჯერ სამაგისო ადგილი ვერ მიპოვნია?! - ამ სიტყვებმა გარკვეული ეჭვიც შეიტანა ცოტნეს სიტყვებში. - ცინიკოსო! - შეურაცხყოფასაც ვაყენებ.
  - იდეალისტო! - არც ცოტნემ დამაკლო. ნაწყენი ბავშვებივით მივეყუდეთ სკამებს. თუმცა რაღაცაში მაინც ვეთანხმებოდი ცოტნეს. მართლაც ვეძებდით ამოუხსნელ მიუწვდომლობას. პოვნის იმედი კი არასდროს მქონია.მთელი ცხოვრება მინდოდა მეპოვნა ის, ვინც ამ შეშლილ სამყაროს ოდნავ მაინც შეცვლიდა, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, ის ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თვითონვე ვყოფილიყავი.