მას შემდეგ რაც ჩემთვის ახლად აღმოჩენილმა მეგობრებმა,
ჩემთვის ყველაზე კარგ და ყველაზე ცუდ დღეს სამუდამოდ დაამჩნიეს თავიანთი კვალი, მე
დავრწმუნდი, რომ დახურულ კარს მიღმა ისევ იღება სხვა კარი და თუ სწორად მოიქცევი, შესაძლოა
ისეთ კარგ მეგობრებს გამოკრა ხელი, რომლებიც ათასი მზერით და სიტყვით დაგაბამენ ერთ
ადგილზე.
მას შემდეგ, რაც ელენემ და კატომ ჩემს 21 წლის დაბადების
დღეს გრანდიოზული სახე მისცეს, მე მივხვდი, რომ მათ სამუდამოდ დატოვეს გარკვეული კვალი
ჩემში. მე შეყვარებული ვიყავი მათში და ეს სრულიად ნორმალური იყო.
მას შემდეგ, 10 წელი გავიდა. ახლა ზუსტად ის დროა.
16 აგვისტო.
დილა: სამსახურში ვარ. მე ქალაქში ყველაზე დიდი გამომცემლობებიდან ერთ-ერთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ვარ. ვწერ და ვბეჭდავ რომანებს პოსტმოდერნიზებულ
სამყაროზე და მეცინება სხვა დანარჩენზე. მირეკავს კატო და მეუბნება, რომ ხვალ უნდა
მნახოს და სხვა ყველაფერს ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, რომ კიდია ჩემი ვერმოცლა და რომ
მოვენატრე და თითქოს 100 წელი გავიდა მას შემდეგ და ბოლოსდაბოლოს, ჩემი ნათლული მაინც
უნდა მომნატრებოდა ამდენი ხანი. გაღიმებული ვუთიშავ.
შუადღე: სახლში მივდივარ. ჩემს საყვარელ მუსიკას ვუსმენ.
ძალიან მაგრად ვარ. დღეს ბოლო დღეა ჩემი გაოცდაათების. ზუსტად ისე, როგორც 10 წლის
წინ იყო ბოლო დღე გაოცებების. ახლა აღარაფერი მაოცებს. ყველაფერი ისეა ახლართული საკუთარ
არსში. შუადღე მითრევს. გიჟია და ახალგაზრდა. 31 ძალიან გავს 21-ს. ვგრძნობ, პირადი
ფსიქოლოგი მესაჭიროება.
სახლში ყველაფერი არეულია. იატაკზე ყრია ურითმო მუსიკის დისკები. ჭაღზე ჩამოკიდულ დიდ ვარსკვლავს
ასტრალური მტვერი ადევს. მეზარება, ყველაფერი მეზარება, თითქოს ისევ პატარა გოგო ვიყო.
ვოცნებობ, ნეტავ, ვინმე ჩამიძვრენდეს სულში და აღარასდროს ამომიშვებდეს ჰაერზე. ტელეფონს
დავყურებ. ვიხსენებ, როგორ გაჩნდა ელენეს პირველი ინიციალებიანი მესიჯი ჩემს მობილურში
და არაამქვეყნიური ღიმილი მიფარავს სახეს.
ერთი გაფიქრება და უკვე შთაინთქა ცაზე მზის სხივები.
საღამო: ისევ ვერ გადამიწყვეტია დავრჩე თუ წავიდე. მერე
მახსენდება, როგორ ვუთხარი გოგონებს - არას გამო ფიქრი არასდროს ღირს-თქო და წავედი.
აგვისტოს ბუღი სიცოცხლეს მართმევს. მაღაზიაში შევდივარ.
დაღამება: ღამის
11 საათია. სამჯერ დავარტყი ელენეს სახლს კრუგი. ფანჯარაში ვიღაცის სილუეტს
ვხედავ. გვერდით ნამცხვრებიანი პარკი მიდევს. დავყურებ. ხელს ვკიდებ და მანქანიდან
გადმოვდივარ.
კიბეზე ავდივარ და დიდი, თეთრი კარის წინ ვჩერდები.
ერთხელ ვრეკავ ზარს. ასე მხოლოდ მე მჩვევია. ვიცი, რომ ის გრძნობს, კარს მიღმა ჩემს
არსებობას.
მიღებს. მარცხენა მხარით ეყრდნობა სახელურს და მიღიმის.
სამყაროს ცენტრი ჩემში ინაცვლებს. შიგნიდან მუქი იასამნისფერი შუქი და ბავშვების ხმა
გამოდის. ოდნავ გვერდით იწევა და სახლში მიშვებს. ეს ის ადამიანია, რომელიც წესით ამსიგრძე
სიყვარულისგან უნდა მომბეზრებოდა, მაგრამ არ მბეზრდება.
-1, 2, 3, 4. - ბავშვებს ვთვლი. მერე ვტრიალდები და
სიცილით ვამბობ. - არ დამვიწყნია მათი რაოდენობა. ისეთები არიან, როგორებიც მახსოვდნენ.
-კიდევ კარგი. - პაუზა. - მიხარია, რომ მოხვედი. - მიახლოვდება
და მეხუტება. სამზარეულოში გავდივართ. ნამცხვრებს ვაძლევ. ყავისფერ, მრგვალ მაგიდასთან
ვჯდები და საფერფლეს ახლოს მოვაჩოჩებ.
-კატო არ მოვა?
-მოვა. გზაშია.
ელენეს სახლი ძალიან დიდია. დამკარგავი. თეთრი კედლებით,
ცოტა ავეჯით. მისაღებში გავდივარ და თაროზე დახვავებულ სურათებს ვაკვირდები. მწვანე
ჩარჩოში ჩვენს სურათს ვპოულობ და ჩემს თავზე ვბრაზდები. 9 თვეა არც ერთი არ მინახავს
და ახლა ჩემი სტუმრობა გამოცხადებას გავს. სამზარეულოში ვბრუნდები და სიგარეტს ვუკიდებ.
ყავა მოდუღებულია, ბანანების მთელი კოლექცია - საჭმელად გამზადებული. მიკვირს, აქამდე
რომ არ დაავიწყდა რა მიყვარს და რა არა. არც კი მეკითხება შევეჩვიე თუ გადავეჩვიე უმისობას.
-რამეა? - ელენე მეკითხება. ისევ ისეთი გრძელი, ქერა
თმა აქვს.
-რა რამე?
-რა ხდება, მითხარი.
-ერაყშია ომი. - თავს ვისულელებ.
-შენს თავს რა ხდება?
-არაფერი.
-მართლა.
-გეფიცები.
-ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შეიცვალე.
-შენთვითონ შეიცვალე, თუ კარგია. - სიგარეტის კვამლში
ვარ გახვეული.
-მე შევიცვალე? მე, ჩემო კარგო, ისევ ის ქვაბიან-ტაფიან-ქმარ-შვილიანი
გოგო ვარ. - პაუზა.- ეგ რა არის? - და ჩანთაში თავამოყოფილ სქელ რვეულზე მითითებს.
-ეს ყველაფერია, ელე. მთელი კაიფი.
-რამეს წერ?
-ჰო.
-მაჩვენე. - ხელით ეტნება.
-არა, არა. საიდუმლოა მეგობარო.
- გარეკავ შენ, ნინა. - მე მხრებს ვიჩეჩავ. ბავშვები
უფრო ხმაურობენ. ელენე მათთან გადის, დასაძინებლად.
ალბათ, 5 წუთი ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ჩემს მუხლებს
ვაშტერდებოდი. გამახსენდა, ზუსტად ასე, 10 წლის წინ, საღამოს როგორ მომიწყო ჩვენი პირველი
„მეგობრული სპეკტაკლი“ ელენემ.
ბავშვების ოთახისკენ მივდივარ. კარის ღრიჭოში ვხედავ,
როგორ უკითხავს ელენე ბავშვებს ჩემს ზღაპრებს და გულზე სევდა მაწვება. სიხარულის სევდა.
ვუსმენ დ ვუყურებ მათ ჩაძინებამდე.
კარზე ისევ ზარია. ვაღებ. კატო შემორბის აჩქარებული
სუნთქვით. ვერ მამჩნევს. მერე აღმიქვამს და გაფართოებული თვალებით მიყურებს.
-შენ ცოცხალი ხარ?
-ჰო.
-სად იყავი აქამდე?
-სახლში, სამსახურში, სახლში, კაფეში, რავიცი. ამ პლანეტაზე.
-კაფეში? ვითან?
-ხან ვისთან, ხან ვისთან.
-ჩვენ?
-თქვენთანაც ვარ ახლა.
-სადაა ელენე?
-ბავშვებს აძინებს. - სამზარეულოში გავდივართ. კატო
მიჩვეულია აქაურობას. ხშირად არიან ის და ელენე ერთად ხან აქ, ხან იქ. ყავას იკეთებს
და ნამცხვრებს ეტანება. მე ისევ ვუკიდებ სიგარეტს. საათს დავყურებ. 11:28 ...
ელენე შემოდის. მისი და კატოს თვალები ერთმანეთს ხვდება.
მე მიყვარს მათი ყურება და დაკვირვება, როგორც მაშინ. რაღაცას გაუჩერებლად ლაპარაკობენ.
აღარ მესმის, წამიღო ფიქრმა.
უცებ ჩემს წინ პატარა, ლურჯი ნამცხვარი ჩნდება, ზემოდან
ერთი, ფოსფორისფერის სანთლით. კატო სანთელს უკიდებს და ორივე ერთად, ანგელოზებივით
მიმღერიან Happy Birthday-ს.
საათს ავყურებ ისევ. თორმეტის ნახევარია. მე 31-ედ დავიბადე.
გავინაბე. თითქოს ზღვად გადავიქეცი. ერთმანეთს შევყურებთ მადლიერების გრძნობით აღვსილები
და უხმოდ ვსწავლობთ მიმიკებს.
სიგარეტის კოლოფს მოვაჩოჩებ და გაკვირვებების გარეშე
ვკითხულობ ფრაზას:
„მოწევა კლავს“.
„მე უკვდავი ვარ“. - მე
„მეც“. - ელენე.
„Yes,
of course“.
- კატო.