სადღაც
ამოვიკითხე, რომ მდინარემ თქვა:
„-არ ვარ დარწმუნებული
რა
ხდება
ჩვენს
შორის,
აღარ
ვიცი
„რა“
ვართ
მაგრამ
მე მომწონს „ჩვენ“
და
შემიძლია ამასთან შეგუება.“
მინდა შემდეგ ცხოვრებაშიც ისეთები ვიყოთ, როგორებიც
ახლა ვართ
და ერთად მივუყვებოდეთ „კარისაკენ“ გზას.
ზრდილობიანად ვჩხუბობდეთ.
შენი მეგობარი მინდა ვიყო.
მინდა შენ გრძელი, ქერა თმა გქონდეს, მე კი – მომწვანო
თვალები.
მინდა ყოველ დღე მეუბნებოდე კომპლიმენტებად რა ჭკვიანი
და უცნაური ვარ.
მე ამ ყველაფერს განსხვავებულობასთან ვაკავშირებდე და
შემდეგ, უფრო ვხვდებოდე რა ხელ–ფეხ მოცარული ტიპი ვარ.
ყველაფერი ოქროსფერი მინდა იყოს.
შენ – ძალიან
ლამაზი კრიმინალი, მე – პროფესიონალი მატყუარა.
მინდა ძალიან ცხელოდეს, ცვილი დნებოდეს ხეებზე. მე მოვცოცავდე
შენს აივნებზე და თან მომქონდეს ათასი ჩიტის გალობა.
მინდა შემთხვევით დაგეწვას საწოლი
და მას შემდეგ ღია ცის ქვეშ გვეძინოს.
მინდა წვიმა ერთნაირად გვაწვიმდეს თავზე და შოკოლადის
ფილებით ვკვებავდეთ ერთმანეთს.
ერთად მინდა ვეწეოდეთ: ჯერ შენ და ბოლოს მე.
ერთი მიზანი მინდა გვქონდეს და ამ მიზანში სულ ვეცილებოდეთ
ერთმანეთს.
წერილებს მინდა ღებულობდე ჩემგან და ვერც კი ხვდებოდე.
ყოველ ღამე აღტაცებით მიკითხავდე ყურით მოთრეულ ფრაზებს
და მერე წარმოსახვებში ხაზავდე უცნობ კონტურებს.
16 წლის რომ გავხდებით, მინდა აქამდე უჩვეულოდ გადაგარჩინო
ბუმბერაზი ეშმაკის ბორბლისგან და ასე გამოვისყიდო ცოდვები.
მერე მშვიდად დაგითმო გზა „კარისაკენ“ და გავუჩინარდე.
მინდა შენს წარმოსახვაში ნელა და მტკივნეულად გარდავიქმნა
უსქესო, უსახო ადამიანად, რომელიც არაფრით განსხვავდება უცხოპლანეტელისაგან.
ეს კი, ექსტრავაგანტულ განცხრომას განიჭებდეს.
მინდა ცოცხალი დარჩე კიდევ დიდ ხანს და გრძნობდე, როგორი
უსუნო ხდება უჩემოდ ქალაქი.
შემდეგ, უბრალო ფიქრმა შეგაწუხოს და „კაცურად“ მომიარო,
სინამდვილეში შენს უპასუხოდ დარჩენილ წერილებს მიხედო.
ჩემი არყოფნის სიმშვიდე და სითბო მინდა იგრძნო.
არ დაგესიზმრები და არც თავს წაგადგები ხელშესახები
მონსტრივით.
...
რატომ ვერ „დამაბი“ სამუდამოდ შენთან სუნთქვებით?!
რავიცი, ალბათ ყოველ დღე ვუსვამდი ჩვენს არსებობას იმაზე
მკვეთრ ხაზებს, ვიდრე შეგეძლო.