Wednesday, August 22, 2012

ინსომნია – უძილობის ზღაპარი


  ღამე ყველაზე ცუდი დროა, რომ ვიყო ცოცხალი. ღამის ოთხმა საათმა ყველა ჩემი საიდუმლო იცის.
  ზოგჯერ, დილით ფეხის ხმა ჩამესმის. ეს უძილობის ამოძახილია, რომელიც მაწუხებს და ამას ხელოვნების გუშაგად ყოფნას ვაბრალებ. ოდესღაც ნიცშემ თქვა: „ძილი არ ნიშნავს ხელოვნებას: მისი გულისთვის ვიღაც მუდამ უნდა ფხიზლობდეს“. ინსომნია ყველაზე კარგი შთაგონებაა, მისით დაღლა კი, – საუკეთესო ბალიში.
  უძილობის ზღაპრის საიდუმლო ფანჯრიდან ვხედავ მეზობელ გოგოს გრძელი ყავისფერი თმით. უკანასკნელი 3 თვეა, რაც ტაისია ჩემი ღამეული კოშმარების სამფლობელოში გადმოვიდა და ცხოვრობს მეტისმეტი ხმაურით. მისი ცხოვრება სრულიად უკომპლექსო, მაგრამ ხელოვნურია.
  ვხედავ როგორ მიდის დიდი ჩანთით და საღამოს ისევ იმავე ფანჯარაში ველოდები. ტაისია სახეზე უზადოდ ეღებეჭდება დღის ემოციები: დაღლა, ჩამოშლილი თმები მხრებზე, ფეხების ტკივილი, მაგრამ ჭრელი ყვავილები, ოვაციები და ნახევრად მოუშორებელი გრიმი. ის ვერც მამჩნევს ჩაკეტილს, რადგან სულ თავდახრილი დადის. თუმცა არასდროს არის ჩემსავით ღმერთო–შენ–მიშველემდე მარტო.
  აქ მხოლოდ ორნი ვცხოვრობთ, ერთმანეთის პირდაპირ, მაგრამ მე ტაისიაზე ბევრი არაფერი ვიცი. ის დაახლოებით ბათუმში დაიბადა. 5 წლის უკვე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მდიდარი მამის დახმარებით აიწყო მომავალი. ის იმ სოფისტების უმცირესობას განეკუთვნება, რომლებიც სიტყვაძუნწები არიან. მაგრამ ჯერაც, ძალიან უყვართ სიტყვებით თამაში.
  ყოველ დღე, როცა მეზობლის ხმაურიანი სახლიდან გასვლა იწყება, მე აბაზანას პირამდე ვავსებ. მერე ფრთხილად ვწვები შიგნით. ასეთ რამეს აქამდე არასდროს ვაკეთებდი. მხოლოდ ფილმებში თუ მენახა.
  ნელა ვიძირები წყალში. ვირინდები და კარგად ვიგებ საკუთარ გულის ცემას. ის ძალიან რითმული და სასიამოვნოა. წამით მგონია კიდეც, რომ მთელი ჩემი სხეული უცნობი მონსტრის მოლოდინშია, რომელიც ორგანიზმში უნდა შემიძვრეს.
  ღამ–ღამობით ხშირად ვგრძნობ უცნაურ შეხებებს. თითქოს თეძოზე ვიღაც ხელს მკრავს და მიბიძგებს. ჩემს გვერდით კი, სიცარიელეს სძინავს. მე – არა.
  უკანასკნელი 3 თვეა უძილობას ვებრძვი და ჩემი აზრით, ინსომნია ნიშანია. ვიცი, არც ტაისიას სძინავს. ხშირად მგონია კიდეც, ჩვენს საერთო კედელს ეხება ხელის გულებით. მაგრად აწვება, თითქოს შემოაღწევს.
  ... და როცა კიბეზე ნაცნობ ფეხის ხმას ვისმენ, წყლიდან გიჟივით წამოვვარდები. არადა ვიცი, თავს არავინ წამადგება აჩრდილივით. ხელებს შევათამაშებ, წყალი ახმაურდება. ღიად დატოვებულ კარში ივლისის ჩიტების ჟღურტულიც მესმის. თვალები მიციმციმებს გაურკვეველი ბედნიერებისაგან.
  აბაზანის კუთხეში დადებულ სიგარეტსა და სანთებელას დავწვდები. ერთსაც ვუკიდებ. წყალი ზედმეტად ცხელიც მეჩვენება. თითქოს ვიხარშები. სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები ენერგო–ვამპირივით მართმევენ უკანასკნელ ძალებს. ეს გამოწვევაა.
ყურთან ვიღაცის სუნთქვასაც ვგრძნობ. რაღაც ჩურჩულიც მოჰყვება თან. სიგიჟე მიდგას თვალებში. აბაზანიდან ნელა გადმოვდივარ. გონებაში ვანელებ კადრებს. პირსახოცს მაგიდიდან მივათრევ და მკვრივ სხეულზე ვიხვევ. ეს უქონელის შემოსვას გავს.
  ოთახებსაც დავივლი თვალდაშტერებული. რაღაცას ვეძებ თითქოს. მარტოობა სულ უფრო მეტმასნება მხრებზე. ბოლოს სავარძელში ვეშვები და ვტირი. საკუთარ ცრემლებს ვერც ახლა ვიტან, რადგან ისინი მუდამ დაუპატიჟებელი სტუმრებია.
  ყურთან ისევ ჩამესმის ჩურჩული, ვიღაც ჩემს სველ სხულს ეხება კიდეც. მთელი ხმით ამოვთქვამ. ვგრძნობ როგორ ცდილობს უხილავი არსება ტანზე მოხვეული პირსახოცის მოგლეჯას.
  –ღმერთო ჩემო, რა მატირებს?! –სივრცეს ვავსებ არაადამიანური ღრიალით. –საკუთარ თავს აღარ ვგავარ!
  თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ და ჩასაცმელად გამზადებულ ჭრელ კაბას წავადგები თავს. ჩიტების ხმა არ წყდება. ეს უკეთესია, ვიდრე უხილავი მონსტრის გაცხადებები.
არც ის ვიცი, რომ სწორედ ის და არავითარ შემთხვევაში სხვა, წიგნის დიდ–პატარა კოშკებივით აკიდებულ ოცნებებს მიკიდებს  საძინებელში. კედლებზე ჩამომხრჩვალი კატებივით. ესაა ოცნებების მთელი სამყარო.
  ... და მინდება ლურჯ ზღვად ყოფნა, ან ოკეანედ. მინდება ადამიანებს უყვარდებოდეთ და ისვენებდნენ ჩემში, როგორც დაბადების დღის დავიწყებული ნატვრები.
მინდება ვიცოდე ფრენა. ნამდვილი ფრენა. ანგელოზობაც მინდება, თეთრი ან ღია მწვანე.
  
  ერთი კვირის თავზე ტაისია ცხინვალში გაუშვეს გასტროლებზე. მერე ომი დაიწყო და გზები ჩაიკეტა. ტაისიას დასიც ჩარჩა. მე გული შემეკუმშა, ჩემი წარმოების დაუსრულებლობის შიშმა გამტანჯა. დიდხანს მივაწყდი კედლებს და მივხვდი, ინსომნია ბევრად სჯობია ანესთეზიას.
  სამი თვე უშედეგოდ ვეცადე მოვლენებისათვის ნამდვილი სახელის დარქმევას. ტაისია არ ბრუნდებოდა. არც დაბრუნდებოდა.
...
  20 ივლისის ღამე რომ მიიწურა, დღე, როცა პირველად აღმოვაჩენე მაჯებზე გაჩენილი უცნაური ნაკვალევი, თავი ხან სტიგმატად შევირაცხე, ხან უცნობი მოჩვენების მიერ დასმულ ნაკაწრებად მივიჩნიე. ქვეცნობიერში იმგვარი ფიქრიც დავუშვი, რომ უცნაური არსება შეყვარებულია ჩემში და მთელი შავ–ბნელი არსებით სურს დაუფლება.
  ისინი სწრაფად გამრავლდნენ, გაიზარდნენ და თვალში საცემნი გახდნენ. ზოგი უვნებელი პარაზიტის ნაკბენს დაემგვანა, ზოგიც დიადი ჭრილობისგან დარჩენილ ნაწიბურს. ზოგი ადამიანი ხომ სიყვარულს აგრესიასა და მოჭარბებულ ვნებაში გამოხატავს?! ეს კი, შესაძლოა არც ყოფილიყო ცოცხალი.
  ღია ფანჯრებიდან შემოსული ქუჩის უცნაური გუგუნი შეწყდა. კლასიკური დალენჩების ნიშნებმა იჩინეს თავი.
  წარმოვიდგინე როგორ იცხოვრა ტაისიამ მიწის თხრილში. როგორ ესროლეს ფრონტის წინა ხაზზე გასულებს და როგორ ათრია თავისი რეჟისორის, ისააკის გვამი მტრის ღრმა ზურგამდე. მერე ისიც მოკლეს.
  მოკლეს პეპლებით, დაკიდებული ოცნებებით. სადღაციდან დონდლო სახიანი კატაც გამოტყვრა და უძრავ სხეულზე შეაჯდა. დაკრძალეს ისევ თხრილში. აწოწილ მუხის ხეებთან მიაყარეს მიწა. შორიახლოს ერთადერთმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაუნათა ძვლები. დახუჭულ თვალებს კი, ჩემმა ცრემლებმა ჩამობანეს ქვიშა.
  არაფერი კურნავს უძილობას ისე, როგორც იმ აზრთან შეგუება, რომ დროა ფეხზე წამოდგე. მეც ნელ–ნელა მოვშორდი სამყაროს. გადავინაცვლე მაღლა, მწვანეში, სადაც ვეწევი და მხოლოდ სიზმრებზე ვფიქრობ. ვზივარ ღრუბლებზე. სიზმრისმაგვარი სიჩუმე ისადგურებს. ფეხები ცაში მაქვს გადმოკიდული მზის სხივებად. ყველაზე წითური თმა მიფარავს დამწვარ მხრებს.
  ყურთან, უცნობი ჩურჩული არ წყვეტს ოცნებას. ყველა ისინი, კი სახლის მარტოსულ სარეცელზე ეკიდებიან დამხრჩვალ კატებად.
  არსად მეჩქარება, აღარ ვარ დილით „ადრე ასადგომი“.
  –ესეც ჰომ ცუდია?! –ვეკითხები ჩემს თავს. ქვევით ვიხედები და ვაანალიზებ რამხელაზე დავკარგე ადგილი სამყაროში. უძილობა ერთადერთი ოაზისია ამხელა უდაბნოში.
  მერე უცებ, ვიღაც მომაკითხა. ანგელოზი მეგონა, თან ნაცნობი ჩურჩული ახლდა. მაჯაზე უცნაურმა ნაკვალევმა თავი შემახსენა ჩუმი გაქრობით და ყველაფერს მივხვდი.
სხივებად ჩაკიდული ფეხები ავწიე. წითური თმა წელამდე დავიფინე. იმ ანგელოზად ქცეულ მონსტრს ხელს ჩავკიდე და უკანმოუხედავად გავყევი სადღაც.